22 წლის ნიკა კვარაცხელია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, გუშინ ვერაზე ჩაცხრილეს. ის დღეს დილით გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულს ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
ნიკას მამა გაიოზ (გია) კვარაცხელიაა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ,,კანონიერი ქურდია”, მაგრამ მის შვილს კრიმინალთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ის ტექნოლოგიების სფეროში მუშაობდა და ბევრი გეგმა ჰქონდა.
,,ამბები.ჯი”-ის წყარო უყვება:
,,ის ძალზე განათლებული და ნაკითხი კაცია, თავის დროზე დაუპირისპირდა სოხუმელ ,,კანონიერ ქურდებს” – ძმებ ჯანგველაძეებს, რომლებიც ტარიელ ონიანის სამეგობროს წარმოადგენდნენ. მის მტრებს შორისაა ძველი სოხუმელი ქურდი კაკო კოხია, რომლის შვილიც იურა ლაკობამ მოკლა. როგორც ვიცი, კვარაცხელია დუდუ დადიანის პანაშვიდზეც იყო. გია კვარაცხელია ხმაურიან საქმეებში დიდად არ ყოფილა გახვეული. სავარაუდოდ, მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური.
რა გახდა მკვლელობის მოტივი, არავინ იცის, დიდი ალბათობით, შურისძიებასთან გვაქვს საქმე. შეიძლება შვილის მოკვლა არც უნდოდათ, დაჭრა, ან შეშინება იყო მიზანი. გიამ შვილი ყველაფერს გააარიდა, მამის კვალს რომ არ გაჰყოლოდა, ძალიან ზრუნავდა მის მომავალზე, მიაღწია კიდეც, ნიკა ძალზე წარმატებული ახალგაზრდა იყო, ძალიან დასანანია მისი ასე ნაადრევად წასვლა ამ ქვეყნიდან…“
ასევე ,,ამბები.ჯი”-ის წყაროს ინფორმაციით, გია კვარაცხელიამ წალენჯიხაში თავისი უზარმაზარი და ლამაზი სახლი საპატრიარქოს გადასცა საჩუქრად. 2007 წელს კი სააკაშვილის მთავრობამ სახლი საპატრიარქოს ჩამოართვა და მასში პოლიცია გახსნა. გია კვარაცხელია 2003 წლიდან უცხოეთში ცხოვრობს, საქართველოში არ ჩამოსულა.

