გურამ დოჩანაშვილის ქალიშვილი: ,,როცა ჩემი ძმა გარდაიცვალა, ოჯახი დაგვეშალა, მაგრამ პატრიარქი დაგვეხმარა და ცოცხლები გადავრჩით” – მწერლის ქარტეხილებიანი 82 წელი

გურამ დოჩანაშვილის ქალიშვილი: ,,როცა ჩემი ძმა გარდაიცვალა, ოჯახი დაგვეშალა, მაგრამ პატრიარქი დაგვეხმარა და ცოცხლები გადავრჩით" - მწერლის ქარტეხილებიანი 82 წელი,,სარკე”

,,იმ ძნელ ხეს სულში ამოყვანა უნდა, ადამიანებო, თქვენს კლდოვან სულში!”, “,ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია”, “დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით”, ,,შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი…” – წელიწადში არის ერთი დღე, 26 მარტი, როცა სოციალური ქსელი გურამ დოჩანაშვილის სიტყვებით ლაპარაკობს, მისი ფრაზებით, მისი ნააზრევით სავსეა ვირტუალური სივრცე.

,,სარკემ” ჩვენს თანამედროვე კლასიკოს მწერალს, გურამ დოჩანაშვილს, 82-ე წელი მიულოცა, რამდენიმე დღის შემდეგ კი, სამწუხაროდ, მასთან დამშვიდობება მოგვიხდა. დღეს, 3 აპრილს გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა.

– მე მწერლობისთვის ორი ძვირფასი დარგი დავთმე. ეს არის ჯერ მუსიკა. მე ვიოლინოს კლასი მაქვს დამთავრებული. მუსიკოსობას ვაპირებდი, მაგრამ მერე აღარ გავყევი. ამის გამო მასწავლებელი აღარ მელაპარაკებოდა. მეორე იყო არქეოლოგია – ძველი ქვის ხანა. ,,ძველი ქვის ხანა” – ეს ცოტა ჩამორჩენილივით კი ჟღერს, მაგრამ გაცილებით მეტი იცოდა იმ ადამიანმა, ვიდრე ჩვენ გვგონია. ნახატები აქვს ისეთი, რაც ღვთის უდიადესი წყალობაა. ისეთი ხარი ჰყავს დახატული, დიადი მხატვრები რომ სიამოვნებით მოაწერდნენ ხელს…

რა უცნაურია, არა? 20-25 წლისას მკითხეს, როგორი უნდა იყოს ყოველი მიმართულების ხელოვანიო. მეგონა, კარგი რამ მოვიფიქრე და ვუპასუხე, მისი ყოველი ნაწარმოების მოსმენის, დანახვის ან წაკითხვის შემდეგ ადამიანი უნდა გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის-მეთქი. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მთელი ბიბლია სწორედ ამაზეა – ადამიანი გახდეს უკეთესი, – ამბობს გურამ დოჩანაშვილი სხვადასხვა ინტერვიუებში და მის შემოქმედებაში ყოველი სტრიქონიც სწორედ ამაზეა – ადამიანი გახდეს უკეთესი.

რაც შეეხება მუსიკას, ის სულ არის მის ცხოვრებაში. ,,მუსიკა ჰაერივით სჭირდება. ბოლო ხმაზე აქვს ჩართული და ისე უსმენს ხოლმე ოპერას”, – ამბობს მწერლის ქალიშვილი, ფილოლოგი ქეთევან დოჩანაშვილი.

,,და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?

– ყაყაჩო!

– არა, ჩქარა ჭკნება!

– ენძელა!

– ნაზია ძალზე…

– გეორგინი!

– გაფოფრილია…

– ვარდი?

– შაბლონურია…

– აბა, რა?

– და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა და, აი, ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ, როგორ მი-ყვარხართ…”

“ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს” ოღონდ უნებურად, როგორც დევნილი… ან მდევარი… და როცა მოვა, როდესაც მოვა და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს – დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი… ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე – მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ…” – გურამ დოჩანაშვილი, ,,სამოსელი პირველი”.

გურამ დოჩანაშვილის ,,ნამდვილი ქალი”

გურამ დოჩანაშვილის ქალიშვილი: ,,როცა ჩემი ძმა გარდაიცვალა, ოჯახი დაგვეშალა, მაგრამ პატრიარქი დაგვეხმარა და ცოცხლები გადავრჩით" - მწერლის ქარტეხილებიანი 82 წელიგურამ დოჩანაშვილის და ნათელა სეფიაშვილის “სიყვარულის კაქტუსი” 50 წელზე მეტი ხნისაა. როგორც ქალბატონი ნათელა ყვება, გურამ დოჩანაშვილი სცენაზე ვიოლინოთი ხელში რომ დაინახა, მიხვდა, ის აუცილებლად რაღაცას შექმნიდა. ეს ,,რაღაც” კი შედევრები აღმოჩნდა. ხუთი ათეული წელია, მისი მყარი კედელია. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ქარტეხილი შეხვდა, ყველაფერი გააკეთა, რომ ქმრისთვის ეს კედელი მყიფე არასოდეს გამხდარიყო.

– გურამი უნივერსიტეტში გავიცანი. მე პირველ კურსზე ვიყავი, გურამი – მესამეზე. მთელ მათ კურსს ვიცნობდი, მაგრამ ჩემთვის გურამის გაცნობას ერიდებოდნენ, რადგან არეული ბიოგრაფია ჰქონდა. მაშინ უკვე ორჯერ იყო ციხეში ნაჯდომი ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად პროკლამაციების გაკვრისთვის. ძალიან ცუდი მუხლით იყო გასამართლებული. გურამი დაჭრილიც იყო.

მერე ოფიციალურად გამაცნეს მეგობრებმა და კონცერტზე დამპატიჟა. მისვლა დავაგვიანე. რომ მივედი, მხატვარ თემო ჯაფარიძის ცოლი გამოიქცა ჩემკენ, ლამის ჩაიშალა კონცერტიო. თურმე გურამი თვითონ უკრავდა ვიოლინოზე – პირველი ნომერი ჰქონდა და მე რომ არ მივედი, დაკვრას არ იწყებდა. ძლივს აუყვანიათ სცენაზე.

გურამი მაშინ ხშირად სვამდა. ამბობდა, რომ მეორე დაპატიმრების შემდეგ ცხოვრებაზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული – ადამიანების აღარ მჯერა, გულგატეხილი ვარ და არავის დანახვა მინდაო. დეპრესიულ მდგომარეობაში იყო. იმ პერიოდში გამომიგზავნა თავისი ნაწერი და მთხოვა, წამეკითხა – თუ მოეწონება, წერას გავაგრძელებ, თუ არა და – არაო. რა თქმა უნდა, მომეწონა.

5 წელი დაჭერობანა ვითამაშეთ – თუ დალევდა, აურევდა ხოლმე რაღაცებს და მერე ხმას აღარ ვცემდი. შემდეგ ეწყებოდა გამოსწორებისა და პირობების დადების პერიოდი. ბოლოს, სანამ შევუღლდებოდით, აღარც სვამდა, აღარც ეწეოდა. 1964 წლიდან ერთად ვართ უღელში, – იხსენებს ნათელა სეფიაშვილი ,,სარკესთან”.

– დედა ამბობს, პირველად წიგნებით ხელში დამინახა და ამის მერე გადაწყვიტა, წერა დაეწყოო. მამა ამაზე იცინის. არ ეთანხმება, მაგრამ წერა მართლა მაგ დროს დაიწყო. დედა ეუბნება, წერა მე გასწავლეო. მამა კი აშაყირებს, ა და ბ როგორ იწერება, დამავიწყდა და გამახსენეო, – ყვება ,,სარკესთან” ქეთევან დოჩანაშვილი.

ცუდ-კარგი კაცები

,,ცხოვრებაში ძალიან ძნელია, კაცი რომ გამოიცნო, ლიტერატურაში კი, იცოცხლე, გაგიხარია – გმირი ან ცუდია, ან კარგი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმცირესობაა მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი, უმრავლესობა კი ცუდ-კარგია… ამ ცუდ-კარგებს კი მოფერება უნდა, გაგება უნდა, დაყვავება; გაწყრომაც კი უნდა ხანდახან, დარიგებაც – მთავარია, უშუალო იყო…”

“შეხედავ კაცს – მოგეწონება, გაიცნობ – მოგეწონება, დაგელაპარაკება – მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ – უიმე, მტრისას… შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და… პირიქითაცაა: შეხედავ – აგბურძგლავს, გაიცნობ – დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს – დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და… არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია – არაა ცუდი.

მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ – კარგია, გაიხედავ – ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ – ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ – მაინც ცუდი… წარმოგიდგენია? – ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც…” – გურამ დოჩანაშვილი, “იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი”

,,სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს, არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე – სიცოცხლეა… ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს…” – გურამ დოჩანაშვილი, ,,სამოსელი პირველი”

გურამ დოჩანაშვილის და ნათელა სეფიაშვილის ცხოვრებაში ბევრი სირთულე იყო, მაგრამ ერთმა ტრაგიკულმა დღემ ყველაფერი გადაწონა და ყველაფერი შეცვალა. 31 წლის წინ, საბედისწერო 7 აგვისტოს, შვილი, ირაკლი, დაკარგეს.

“ეს 1990 წელს მოხდა. ყველაფერი თავზე ჩამოგვექცა, ოჯახი ფაქტობრივად დაგვეშალა. პატრიარქი დაგვეხმარა ძალიან და მისი წყალობით გადავრჩით ცოცხლები. რაც თავი მახსოვს, მამა სულ მარხულობდა, მაგრამ ჩემი ძმის დაღუპვის მერე საოცრად მორწმუნე გახდა. ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველა დროებით ვართ ამქვეყნად და ამით ვუძლებ ამ ტრაგედიას. მამას ნაწარმოებებშიც აისახა ეს ყველაფერი”, – ყვება ქეთევან დოჩანაშვილი.

ქალბატონი ნათელა ,,სარკესთან” იმ უბედურ დღეს ასე იხსენებს:

– ეს ამბავი 7 აგვისტოს მოხდა. მე ამ თარიღს მივიჩნევ ირაკლის გარდაცვალების დღედ. გურამი კი თვლის, რომ 18 აგვისტოს გარდაიცვალა, როცა ის აპარატიდან გამორთეს. ეს იყო 1990 წელს. ირაკლი მაშინ 22 წლის იყო, 2 მეტრი სიმაღლის. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვიცოდი, რომ აღარ იცოცხლებდა. არც გვიკითხავს, რა მოხდა და არც გვაინტერესებს. რა მნიშვნელობა აქვს?! საზარელი წლები იყო – უამრავი ახალგაზრდა მოკლეს…

ირაკლის გარდაცვალებამდე მე გახლდით ცუდად. ფაქტობრივად მკვდარი ვიყავი და ირაკლი დარბოდა წამლებზე, სისხლზე. სიმსივნური წარმონაქმნი ამომაჭრეს მუცლიდან. ვფიქრობდი, რომ მივდიოდი ამქვეყნიდან და კმაყოფილი ვიყავი, რადგან ჩემს ორივე შვილს უმაღლესი დავამთავრებინე, გურამი მწერალი გახდა…

7 აგვისტოს დილით დავურეკე მათ, ვინც მე გადამარჩინა და მადლობა ვუთხარი. სწორედ იმ ადამიანების ხელში აღმოჩნდა იმ საღამოს ირაკლი. ერთი დღეც არ მაცალა განგებამ.

ადამიანი ბევრ რამეს უძლებს. გურამს ეკლესია დაეხმარა. მაშინ ვუთხარი, განგებამ მე გადამარჩინა შენ მოსავლელად და მოგაცილა შვილი, რომელსაც შენ ვერ მოუვლიდი-მეთქი.

ირაკლიმ სამსახურისთვის რომ გადაიღო ფოტო, ტელევიზიაში უნდა მიეტანა. რომ მაჩვენა, იცით, რამ გამიელვა? ნეკროლოგისთვის ხომ სამსახურიდან იღებენ ფოტოებს-მეთქი. რამ მაფიქრებინა ეს? გაზეთები რომ მოიტანეს, გადავშალე და ის ფოტო არ იყო გამოქვეყნებული ირაკლის ნეკროლოგში?! საოცარი ხილვა, წინასწარი გრძნობა იყო ეს.

ირაკლი რომ გარდაიცვალა, მაშინ გურამი წერდა მოთხრობას ,,ჩვეული ბედნიერებანი”. როცა ირაკლი დავასაფლავეთ და სახლში მივედით, გურამი რომ ემოციებს ჭკუიდან არ გადაეყვანა, ჩავრთე ტელევიზორი და ჭრელაჭრულა ტანსაცმელი ჩავიცვი.

აგვისტო იყო და ფანჯრები ღია გვქონდა. ხალხმა ალბათ იფიქრა, გიჟების ოჯახიაო, რადგან შვილი დავასაფლავეთ და ჩვენი სახლიდან ჯაზის ხმა გადიოდა. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ გურამს თავისი ,,ჩვეული ბედნიერებანი” დაემთავრებინა, თორემ რომელი დედა იზამდა ასე?! ყველას ავუკრძალე წუწუნი და შავების ჩაცმა, რომ გურამს ემუშავა…

რასაც გურამი წერს, ყველაფერი განცდილი აქვს ბავშვობიდან. ჩემთვის მთავარი იყო, გურამს დაეწერა და ის გამოქვეყნებული მენახა. ამის იქით არაფერი მაინტერესებდა და არც ახლა მაინტერესებს. საბედნიეროდ, მისი არც ერთი სიტყვა დარჩენილა გამოუქვეყნებელი, მიუხედავად ათასი პრობლემისა.