მარიამ ბაშარული: “ელენეს დედა არც სიცოცხლეში აკითხავდა, მიცვალებულთანაც მხოლოდ ნახევარი საათით მოვიდა…”

მარიამ ბაშარული: "ელენეს დედა არც სიცოცხლეში აკითხავდა, მიცვალებულთანაც მხოლოდ ნახევარი საათით მოვიდა..."28 სექტემბერს, ღამის 11 საათისთვის რუსთავში შემზარავი ავარია მოხდა. დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა არასრულწლოვან გოგონას და მის ძაღლს დაეჯახა. მოზარდი და მისი ოთხფეხა მეგობარი ადგილზევე დაიღუპნენ.

გარდაცვლილი 16 წლის ელენე ბაშარულია, მძღოლი კი, რომელიც ძაღლთან ერთად მოსეირნე გოგონას დაეჯახა – გრიგოლ ჯუდაშვილი.

ელენე ბაშარული თვეების იყო, დედამ რომ მიატოვა და ზრდიდა მამიდა, რომელიც 6 წლის წინ გარდაიცვალა. ამის შემდეგ ელენეს დედობა მამიდაშვილმა, მარიამ ბაშარულმა, იტვირთა. ელენე მას დედას ეძახდა. მარიამი ელენეს ხანმოკლე ცხოვრებაზე, მის შეწყვეტილ ოცნებებსა და უკანასკნელ დღეებზე “სარკეს” მოუყვა.

მარიამ ბაშარული: ელენე ჯერ რუსთავის 21-ე სკოლაში სწავლობდა, მერე ძველ რუსთავში გადმოვედით საცხოვრებლად და მე-16 საჯარო სკოლაში დადიოდა. ძალიან კარგად არ სწავლობდა, მაგრამ მასწავლებლებს ძალიან უყვარდათ, რადგან საოცრად თბილი ბავშვი იყო.

ძაღლი, რომელსაც ელენე იმ საბედისწერო დღეს ასეირნებდა, წელს, 31 იანვარს, მოვიდა ჩემთან. ჰასკი იყო. ზოგი სოციალურ ქსელში წერდა, ის ავარია ძაღლის ბრალი იყოო. არადა ძაღლის ბრალი არ ყოფილა, პირიქით, ძალიან ჭკვიანი იყო. ვიდეოსაც ვუყურე, რა როგორ მოხდა… ელენე გზაზე ჩვეულებრივად გადადის. სავარაუდოდ, ხედავს, რომ მანქანა მოქრის და ფეხს უჩქარებს, მაგრამ ვერ ასწრებს.

იმ საღამოს სამსახურში ვიყავი, ელენემ რომ დამირეკა და მითხრა, შეიძლება გარეთ გავიდე, ძაღლსაც გავასეირნებო. ვუთხარი, კარგი, გადი-მეთქი. ცოტა ხანში რეკვა დავიწყე, მაგრამ არ მპასუხობდა. მერე ვიღაც პასუხობდა და ხმას არ იღებდა…

ხუჭუჭა, ლამაზთმიანი, მწვანეთვალება, მაღალი, ლამაზი, უზომოდ თბილი… ისე უცებ გაიზარდა, ჩემზე მაღალი იყო და უცხო გარეგნობა ჰქონდა. მეგობრები ეუბნებოდნენ, ბრაზილიელს ჰგავხარო.

– რაიმე წინათგრძნობა თუ ჰქონდა, ხასიათის ცვლილებას ამჩნევდით?

– არა, პირიქით, სულ ბედნიერი და კარგ ხასიათზე იყო. ,,აიფონის” ტელეფონი უნდოდა და კი არ მეუბნებოდა, მიყიდეო, ამბობდა, მეგობარს უყიდეს, იმასაც უყიდეს… ამ შემთხვევამდე 5 დღით ადრე ვუყიდე, რომელი ტელეფონიც უნდოდა და უზომოდ ბედნიერი იყო. ყველას აჩვენებდა, ფოტოებს იღებდა და ჭკუაზე არ იყო.

– ელენე განიცდიდა, მშობლების გარეშე რომ იზრდებოდა?

– დედას არც ახსენებდა. ყველას ეუბნებოდა, რომ მისი დედა მე ვიყავი. მამასთან კი ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა გარემოების გამო ცხოვრობდნენ  ერთმანეთისგან შორს. დედამისი კი არც სიცოცხლეში აკითხავდა. ახლა მიცვალებულთან ნახევარი საათით მოვიდა მხოლოდ…

რუსუდან ადვაძე, სარკე