ლალი ბადურაშვილი: ”ერეკლე სასწრაფოს რომ საავადმყოფოში გადაეყვანა, ახლა ცოცხალი იქნებოდა”

ლალი ბადურაშვილი: ”ერეკლე სასწრაფოს რომ საავადმყოფოში გადაეყვანა, ახლა ცოცხალი იქნებოდა"რუსუდან ადვაძე, სარკე

მრავალ განსაცდელგამოვლილ ცნობილ ქალბატონს, მსახიობ ლალი ბადურაშვილს, ცოტა ხნის წინ დიდი ტრაგედია დაატყდა თავს – მისი ვაჟი, რეჟისორი და სცენარისტი, ერეკლე ბადურაშვილი, 57 წლის ასაკში სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა.

ულამაზესი ქალი, რომელიც თავის დროზე თავად კონსტანტინე გამსახურდიამ შეარჩია “დიდოსტატის მარჯვენაში” შორენა კოლონკელიძის როლზე, ამბობს, რომ სიცოცხლე მისთვის გაუსაძლისი გახდა. თვითონაც უკვირს, როგორ გაუძლო მისმა გულმა ამ დიდ ტრაგედიას.

ერეკლე ბადურაშვილი სიცოცხლის ბოლოს ფილმ “ხიდზე” მუშაობდა, რომელსაც თურქ კოლეგებთან ერთად იღებდა. ერთი კვირის გადაღებები ჰქონდა დარჩენილი, როდესაც მისი სიცოცხლე შეწყდა. “ხიდი” მისმა მეგობრებმა დაასრულეს. ფილმში მთავარ როლს ერეკლეს ქალიშვილი, მომღერალი ნინი ბადურაშვილი და თურქი მსახიობი ემრე კიზილიმრაკი თამაშობენ.

ლალი ბადურაშვილი “სარკესთან” შვილის უკანასკნელ დღეებს იხსენებს:

– იცით, რა მიკვირს? როგორ უძლებს გული ასეთ ამბავს?! ეს უპასუხოდ დატოვებული კითხვაა. ასეთი რამ რომ დაგემართება და გაიგებ, არ ვიცი, როგორ არ სკდება იმ წუთში გული და როგორ ძლებს კიდევ. მერე იძულებული ხარ, იცხოვრო, მაგრამ მაინც სულ მიკვირს, როგორ არ სკდება, რადგან შვილის სიკვდილთან შეგუება შეუძლებელია. როგორ უძლებენ?!.. სულ წამლებზე ვარ. საათს ვუყურებ, რის მერე და რა დროს რა უნდა დავლიო.

– ერეკლე ავადმყოფობდა თუ ყველაფერი მოულოდნელად მოხდა?

– არაჩვეულებრივი ჯანმრთელობის პატრონი იყო. ბოლოს თურქულ-ქართულ პოექტს ახორციელებდა. თურქეთში იყო, იქ ზედ გადაჰყვნენ. მერე თურქები აქ უნდა ჩამოსულიყვნენ და მათთვის მასალას ამზადებდა – მთაწმინდის ტრამვაიდან რაღაც ხედებს იღებდა.

იმ დღეებში ქარი იყო. გადაღებიდან რომ მოვიდა, აჟრიალებდა, სიცხე ჰქონდა. თქვა, ალბათ ამ საშინელ ქარიან ამინდში გავცივდიო. ვუთხარი, მთაწმინდაზე რაღა ამ ქარში ახვედი-მეთქი. აბა, რა ვქნა, ხომ უნდა დავახვედრო მასალაო, მიპასუხა.

მერე სიცხე მისცა. სასწრაფო გამოვიძახეთ… მეორე დღესაც მისცა სიცხე და მაშინ უკვე სასწრაფოს ექიმმა უთხრა, აუცილებლად საავადმყოფოში ხართ გადასაყვანი, ფილტვები არ მოგვწონსო. ეს ნათქვამი არაფრად ჩააგდო, ასეთი გრიპებია და ამათ ყველა გადაჰყავთ საავადმყოფოშიო.

მესამე, მეოთხე დღესაც იგივე განმეორდა – ყოველდღე სიცხეს აძლევდა. მეხუთე დღეს სუნთქვა გაუჭირდა. მითხრა, დედა, მგონი, ვიხრჩობიო. სასწრაფომ წაიყვანა. თურმე უკვე ფილტვების ორმხრივი ურთულესი ანთება ჰქონდა. ეს მდგომარეობა კი იქ ურტყამს ორგანიზმს, სადაც სუსტი ადგილი აქვს. მას თირკმლები ჰქონდა ნაოპერაციევი. თირკმლები გაუთიშა და ვეღარაფერი უშველეს.

ორი დღით ადრე რომ წაჰყოლოდა სასწრაფოს და დაწოლილიყო საავადმყოფოში, გადარჩებოდა. აპარატზე ჩართავდნენ და გადაარჩენდნენ. მეც გავითიშე და საავადმყოფოში რომ გადამიყვანეს, იქ ვნახე, ბრგე-ბრგე ბიჭები რომ მოჰყავდათ ფილტვების ასეთი ურთულესი ანთებით. იმ წუთში აპარატზე რთავდნენ და გონზე მოჰყავდათ.

ერეკლეს კრეატინინი, რომლის ნორმა 50-ია, 700-ზე ჰქონდა ავარდნილი. ადრე, როცა ახალგაზრდები იყვნენ, გიო ხუციშვილს და ერეკლეს სმა უყვარდათ. ამან თირკმლებს დაარტყა და მაშინ საოპერაციო გახდა. ახლა კი გრიპმა გაუთიშა თირკმელი. ამბობენ, ხელოვნური გრიპებია შემოგდებულიო…

– ექიმმა რომ უთხრა, საავადმყოფოში ხარ გადასაყვანიო, არც თქვენ დაიჟინეთ, რომ წაჰყოლოდა თუ არც თქვენ დაგიჯერათ?

– კი, ვუთხარი, წავიდეთ-მეთქი, მაგრამ ძალიანაც არ ჩავაცივდი, რადგან ჩემს დას ჰქონდა ასეთი გრიპი და ჩემს სიძესაც – 7 დღე 40 გრადუსი სიცხით. ვფიქრობდი, გაივლის-მეთქი. ერეკლეს მეგობარი, მერაბ თევზაძე, ექიმია. მას გადაურეკა, მერაბ, ასეთი რამ მჭირსო. მერაბმაც უთხრა, ასეთი გრიპებია და გაივლისო. ამ ამბავს ცოტა იოლად შევხედეთ. არც მე მიფიქრია, რომ რამე მოხდებოდა. ჩავარდნილი არ იყო, სიცხე კი ჰქონდა, მაგრამ ფეხზე იდგა, ლაპარაკობდა.

– როცა შვილზე ფიქრობთ, რა მოგონებები მოდის? გვიამბეთ, როგორი პიროვნება იყო, დედის თვალით.

– ერეკლე არაჩვეულებრივი, მგრძნობიარე და ძალიან მოსიყვარულე ადამიანი იყო და ასეთივე არაჩვეულებრივი მამა გახლდათ. ნინის ამიტომაც უჭირს ასე. 40 დღე ყოველდღე სასაფლაოზე ადიოდა და პარაკლისს უხდიდა. პატარა გოგოს, ჩემს შვილთაშვილ ელენეს, რომლის ბაბუაც იყო, ისე უვლიდა, დავცინოდი, შენ ბაბუა კი არა, ბებია ხარ-მეთქი. როგორც ძიძა, ისე უვლიდა – ბანდა, თმას უწნიდა…

თვითონ სპორტული იყო და ნინიც ასე გაზარდა – წყლის თუ მთის თხილამურებზე მან დააყენა. ნინი ამიტომაც ამბობს, მის გარეშე მიჭირს, რადგან არამხოლოდ მამა, მეგობარიც დავკარგე, ვისაც ყველაფერს ვუყვებოდიო.

ჩვენც ძალიან გადაბმული დედა-შვილი ვიყავით. ჯერ ერთი, კინო გვაერთიანებდა, საერთო წრე გვქონდა და სტუდიაშიც ერთად ვიყავით. კიდევ ბევრი რამ გვაერთიანებდა. შეიძლება ერთი ექიმი იყოს და მეორე ინჟინერი, მაგრამ სულ სხვაა, როცა ერთ სტუდიაში დილიდან საღამომდე ერთად ხართ და გადაღებებიდან დაწყებული ყველაფერი საერთოა.

– ქარში მოხვდა, მერე გრიპი დაემართა… როგორ ფიქრობთ, ეს მისი ბედისწერა იყო?

– აბა, რა იყო?! ბედისწერაა ყველაფერი. თვითონ ეს სიტყვა ამბობს ყველაფერს – ბედი წერიაო. ქართული ენა ხომ თავად გკარნახობს, რა რა არის.

– რაიმე წინათგრძნობა არ გქონიათ? დედებს ხომ გამახვილებული აქვთ ეს გრძნობა და კარგს თუ ცუდს, რაც შვილის ცხოვრებაში უნდა მოხდეს, ხანდახან წინასწარ ხედავენ.

– არანაირი. ჯანმრთელი იყო და ამხელა გადაღებებს აწარმოებდა. თურქეთიდან ჩამოვიდა და მთელი სტამბული გადაიღო. მხოლოდ ერთი კვირის გადაღება ჰქონდა დარჩენილი. ბოლო 4-5 დღე სახლიდან გარეთ აღარ გასულა, მაგრამ არც ჩაწოლილა. ოფლიანობა აწუხებდა, თორემ არც მივარდნილი ყოფილა და არც სისუსტე ჰქონია.

– ფილმში მისი ქალიშვილი, ნინი, მონაწილეობს. როგორი როლი აქვს მას?

– ნინი ფაქტობრივად საკუთარ თავს თამაშობს. ის თურქებმა აარჩიეს. მისი გმირი მომღერალი და ჟურნალისტი გოგონაა. ნინი ცხოვრებაში ერთიც არის და მეორეც. ფილმში მონაწილეობენ ნინი, ანრი ჯოხაძე, სოფო ხალვაში.