90 წლის ლანა ღოღობერიძე ჩოგბურთს თამაშობს – რას ყვება ცნობილი რეჟისორი თავის დიდ სიყვარულზე

90 წლის ლანა ღოღობერიძე ჩოგბურთს თამაშობს - რას ყვება ცნობილი რეჟისორი თავის დიდ სიყვარულზეცნობილი კინორეჟისორი, 90 წლის ლანა ღოღობერიძე ვერის პარკის კორტებზე ჩოგბურთს თამაშობს. ფოტოს სოციალურ ქსელში მისი შვილი ნუცა ალექსი-მესხიშვილი ავრცელებს.

ლანა ღოღობერიძემ მომავალი მეუღლე, ლადო ალექსი-მესხიშვილი ბაკურიანში გაიცნო – ცოლშვილიანი, 13 წლით უფროსი, ცნობილი არქიტექტორი, მრავალი საინტერესო შენობის ავტორი, მათ შორის სპორტის სასახლისაც. ლადო ალექსი-მესხიშვილი გამორჩეული გარეგნობისა გახლდათ, ამიტომ ქუჩაში გასული უმალ ხალხის ყურადღებას იპყრობდა.

ცნობილი რეჟისორი ,,კვირის პალიტრასთან” თავის დიდ სიყვარულზე ყვება:

90 წლის ლანა ღოღობერიძე ჩოგბურთს თამაშობს - რას ყვება ცნობილი რეჟისორი თავის დიდ სიყვარულზე-ის უკვე საკმაოდ შეჭაღარავებული კაცი იყო, იღლიაში რამდენიმე უზარმაზარი პლანშეტი ჰქონდა ამოჩრილი, მოხდენილად ადგამდა ფეხებს, მოდიოდა საოცრად შეკრული, ამავე დროს თავისუფალი ნაბიჯებით.

მისი სილამაზე, მიხრა-მოხრა, ზამბარასავით შეკრული ტანი ისეთ ენერგიას და სიცოცხლისადმი სწრაფვას ასხივებდა, რომ მე და გული (ლანას მეგობარი-ავტ.) სუნთქვაშეკრულნი დავედევნეთ და იქამდე ვდიეთ რუსთაველის ხალხით სავსე გამზირზე, ვიდრე მთელი ეს პლანშეტები ხელიდან არ დასცვივდა.

გააფთრებულმა აქეთ-იქით მიმოიხედა, თითქოს დამნაშავეს ეძებსო, ჩვენ კი, გულგახეთქილები, ხეს ამოვეფარეთ და თან სიცილით ვიფხრიწებოდით, რადგან მართლაც დამნაშავედ მიგვაჩნდა თავი – ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ის ჩვენმა დაჟინებულმა მზერამ წააბორძიკა…

20 წლის ასაკში თავს დამატყდა მთელი ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი დიდი, ყოვლისმომცველი და საკვირველი გრძნობა…

ის უკიდურესობების ადამიანი იყო. თუ უხაროდა, უხაროდა ისეთი თავდავიწყებული სიხარულით, რომ გარშემო ყველას სხივი ეფინებოდა, თუ დადარდიანდებოდა, მის გვერდით მყოფსაც გადაედებოდა მისი ნაღველი. შეეძლო, რამდენიმე დღე და ღამე თავი არ აეღო და 2000 ესკიზი დაეხატა, ქეიფიც თავდავიწყებული იცოდა, თამადობაც, მაგრამ თუ მობეზრდებოდა. შეეძლო უცებ ამდგარიყო სუფრიდან და თამადობაც კი მიეტოვებინა.

საერთოდ, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ძლებდა… ზღვაში რომ შევიდოდა, გამოსვლა აღარ იცოდა. ისე შორს მიცურავდა, ჰორიზონტზეც კი აღარ ჩანდა ხოლმე. ზამთარი ისე არ გავიდოდა, ბაკურიანში არ წასულიყო. მთიდან დაშვებისას თხილამურებით ზედიზედ რამდენიმე სალტოს აკეთებდა – სპორტის ეს უძნელესი სახეობა სულ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა მსოფლიოში.

დილას 6 საათზე დგებოდა, ჯერ კუს ტბაზე აირბენდა, იქიდან უძოზე აქანდებოდა და მერე კლდე-ღრეზე თავქვე დაეშვებოდა სირბილით, თან უსათუოდ მინდვრის ყვავილები, ზამთარში კი ნაირ-ნაირი ტოტები მოჰქონდა.  წლების განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა. რამდენჯერმე გადავწყვიტეთ, რომ უნდა დავშორებულიყავით – ამდენი ჭორი, ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირეოდა და ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენზე ძალიან მოქმედებდა. თანაც ვატყობდი, რომ ლადოსთვის არ იყო იოლი ოჯახიდან წამოსვლა.

არადა მეც და მასაც გვიჭირდა ცალ-ცალკე ყოფნა. დაშორება იმასთან, ვინც შენი ცხოვრების ნაწილია, უსაშველოდ, აუტანლად მტკივნეულია. სიცოცხლე უცებ კარგავს აზრს, საშინელი სიცარიელე გეუფლება. ლადოს გარეშე ვიყავი გამომშრალი, როგორც წვიმას მოწყურებული მიწა…

გადიოდა დრო და ჩვენ ისევ ვრიგდებოდით. ერთ-ერთი ხანგრძლივი დაშორების შემდეგ საბოლოოდ მივედით იმ დასვნამდე, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია, თავის მოტყუებას აზრი არ აქვს და ჩვენც შევუღლდით… მერე გაჩდნენ ქეთი და ნუცი.

ლადო უამრავ დროს უთმობდა თავის პატარა შვილებს. დილაობით მთებში დაჰყავდა. 2-3 წლის ქეთის მხარზე გადაიკიდებდა ხურჯინივით და ისე აჰყავდა უძოზე. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, სიხარულით დაჰყვებოდნენ მამას. მე თუ გადაღება მქონდა, ლადოს მარტო მიჰყავდა ქეთი-ნუცა ზღვაზეც და მთაშიც. ვისაც ისინი ერთად უნახავს, ყველა აღტაცებული მიამბობდა, რა კარგი სანახავი იყო – კოხტაგორიდან როგორ მოჰქროდა  სპორტული აღნაგობის კაცი და მას უკან როგორ მოსდევდნენ კვიცებივით პატარა გოგოები; ან ზღვაში როგორ მიაპობდა სამივე ერთად ლურჯ ტალღებს… ვინ იცის, იქნებ ლადო გრძნობდა, რომ განგების ძალით, სულ ცოტა დრო რჩებოდა ბავშვებთან ურთიერთობისთვის და მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება თავისი უმცროსი შვილებისადმი ამითაც იყო განპირობებული. მძაფრად მგრძნობიარე ადამიანის წინათგრძნობა ხომ ერთ-ერთი ისეთივე აუხსნელი ფენომენია, როგორიც ბევრი სხვა რამ ჩვენს სამყაროში.