მეგი ვიბლიანი: „სიცოცხლის მოსპობით მემუქრებიან ვაჭრები“
დევნილობა, წარმატება და მართლმადიდებლად მონათლული ჩინელი ქმარი _ ქართველი მოდელის ამბავი

მეგი ვიბლიანი: „სიცოცხლის მოსპობით მემუქრებიან ვაჭრები“„სარკე“, ლიკა ოსაძე

მოდელმა მეგი ვიბლიანმა ახლახან გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ „მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან ვაჭრები“. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ახლახან გაავრცელა ვიდეო. 

დევნილთა საერთო საცხოვრებლიდან მრავალმილიონიან აუდიტორიამდე _ მოდელმა მეგი ვიბლიანმა ჩვენს ჟურნალს რამდენიმე ხნის წინ თავის ცხოვრებისეულ გზაზე უამბო.

მის ცხოვრებაში იყო წინააღმდეგობები და მოულოდნელი შემობრუნებები. ის უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრებამ იმ ადამიანად ჩამოაყალიბა, რომელზეც დღეს სიამაყით შეუძლია საუბარი.

9 წლის წინ მეგიმ ჩინელ ზაკი იანზე იქორწინა. მათ ერთი შვილი ჰყავთ _ გაბრიელი. მეგისა და ზაკის წყვილი სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია. თუ როგორია ქართველი მოდელისა და ჩინელი ბიზნესმენის ოჯახური ცხოვრება, ამ და სხვა თემებზე მეგი „სარკეს“ უამბობს.

_ მეგი, როგორ ცხოვრობდით, სანამ ზაკს შეხვდებოდით და თქვენს ცხოვრებაში დიდი სიყვარული შემოვიდოდა?

_ ჩემი ოჯახი აფხაზეთიდან არის დევნილი და დევნილთა საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. ხუთი და-ძმა ვართ ოჯახში, ყველაზე უფროსი მე ვარ. და-ძმა ჩემი გაზრდილია. დედას ყველთვის ვეხმარებოდი, 17 წლიდან ვმუშაობ.

ბავშვობიდანვე მინდოდა, ჟურნალისტი გამოვსულიყავი. „საქართველოს უნივერსიტეტში“ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ბაბუამ წინასწარ გამოიტანა თავისი პენსია და სწავლის საფასურის ნაწილი გადამიხადა. მხოლოდ ერთი სემესტრი ვისწავლე, მერე გადასახდელი თანხა რომ აღარ გვქონდა, სწავლას თავი დავანებე. შემდეგ გერმანული ენის შესწავლა დავიწყე და გერმანიაში სამუშაოდ წავედი. იქ ოჯახში ძიძად ვმუშაობდი, სამ ბავშვს ვუვლიდი. დაახლოებით 9 თვე ვიცხოვრე იქ.

საქართველოში რომ ჩამოვედი, ერთ-ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. ჩინეთში გასაგზავნად მოდელებს არჩევდნენ. მითხრეს, თუ ჩინეთში წავიდოდი, ანაზღაურება უფრო მეტი მექნებოდა. მეც დავთანხმდი. ასე მოვხვდი ჩინეთში. დაახლოებით 2 წლის შემდეგ კი ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი.

_ მოდელობა მოულოდნელად გადაწყვიტეთ?

_ ჩემი ოცნება იყო, მოდელი გამოვსულიყავი. სულ მინდოდა, ეკრანზე ვყოფილიყავი, ფოტოსესიები მქონოდა. ოცნება ამიხდა. ჩემი მეუღლის ჰობია კამერა, რაც ძალიან მეხმარება. ის ყველაფერში გვერდში მიდგას. ჩემთან ერთად არის ბრენდებისა და კომპანიების რეკლამების გადაღებებზე. ჩინეთში 2 წელიწადში ძალიან ცნობილი გავხდი.

_ მომავალი მეუღლე რა ვითარებაში გაიცანით?

_ 2017 წლის ზაფხულში გავიცანი ჩემი მეუღლე, ზაკი იანი. გაცნობიდან დღემდე სულ ერთად ვართ. საერთო მეგობრები  გვყავდა და ასე გავიცანით ერთმანეთი. სიმართლეს გეტყვით, დანახვისთანავე არ მომეწონა, მაგრამ ისეთი ყურადღებიანი და კარგი ადამიანი აღმოჩნდა, რომ თავი შემაყვარა. ზაკის გაცნობიდან საქრთველოში მალე ჩამოვედი. ჩინეთში 2 თვის შემდეგ დავბრუნდი, რატომღაც გამიჭიანურდა წასვლა. თბილისში რომ ვიყავი, მივხვდი, ძალიან მიყვარდა. პირველად კარგად არ ვიცნობდი, მერე აღმოჩნდა, რომ კარგ ადამიანს შევხვდი.

_ რას საქმიანობს თქვენი ქმარი?

_ ბიზნესმენია. ქალაქ ჰარბინში სამი საკუთარი ბარი აქვს. არაფერი ვიცოდი მისი ფინანსების შესახებ. ერთხელ ზაკმა საუბრის დროს ჩემს მეგობარსაც კი უთხრა, მეგიმ საერთოდ არ იცოდა, რა ქონებას ვფლობდიო.

ისე გავიზარდე, რომ ჩემთვის ფინანსები არასდროს ყოფილა პირველ ადგილზე. გაჭირვებული ოჯახიდან ვარ, მაგრამ არასდროს არაფერი გამკვირვებია. ორ წელიწადში მილიონნახევარი ლარი გამოვიმუშავე. უცხოელებმა რობოტი შემარქვეს, რამდენს მუშაობსო. ყოველთვის ვმუშობდი და ვმუშაობ. მე და ჩემს მეუღლეს საერთო ბარათი გვაქვს, ჩემი თანხები მასთან მიდის. არც კი დამითვლია, სად რა იხარჯება. ფინანსებისადმი სულ სხვანაირი მიდგომა მაქვს.

_ ამდენი ფული როგორ გამოიმუშავეთ?

_ გადაღებების დროს. ყოველდღიურად ფორმაში ვიყავი და  რეკლამებში მიღებდნენ. ჩინური ენაც შევისწავლე. სულ ვცდილობდი, მაქსიმალური შედეგი დამედო და მივაღწიე კიდეც. საკუთარი თავით ძალიან ვამაყობ. ჩემს პროფესიაში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ.

ახლა ვაჭრობაშიც ვარ, ჩემი გამომწერების თხოვნით დავიწყე ახალი საქმე. საქართველოში ვაგზავნი ყველაფერს, რაც ჩინურ ბაზარზე კარგი და ხარისხიანია.

_ თქვენმა ოჯახმა როგორ მიიღო ჩინელი სასიძო? მშობლები თანახმა იყვნენ,  უცხოელს გაჰყოლოდით ცოლად?

_ როცა მამას ვკითხე აზრი, მითხრა, თუ გიყვარს და მის გრძნობებშიც დარწმუნებული ხარ, წინააღმდეგი არ ვარ, ჩემთვის მთავარია, შენ გვერდით იყოს ის ადამიანი, რომელიც გეყვარებაო. წინააღმდეგი დედა იყო. უცხოელი სიძე არ უნდოდა. ახლა გადასარევი სიძესიდედრობა აქვთ. ზაკი ძალიან უყვარს.

_  ჩინეთში იქორწინეთ?

_ კი. 2018 წლის 22 მაისს დავქორწინდით. ქორწილი არ გვქონია, მინდა, საქართველოში გადავიხადოთ.

_ დღეს როგორია თქვენი ცოლქმრობა, რა ღირებულებებზე ააგეთ ოჯახური ცხოვრება?

_ მეცხრე წელია, რაც ერთად ვართ. ჩემს მეუღლეს დღემდე არ უთქვამს უხეში ან უზრდელური სიტყვა. დღემდე უდიდეს პატივს მცემს. ზაკი ჩემზე 9 წლით უფროსია, მაგრამ ეს ხელს არაფერში გვიშლის, სრულ ჰარმონიაში ვართ.  მეუღლისგან ძალიან დიდ პატივისცემას ვგრძნობ და ისიც ანალოგიურად ძალიან დიდ პტივისცემას გრძნობს ჩემგან.

ჩვენი სიყვარული ურთიერთპატივისცემამ და ნდობამ გააღრმავა და გააძლიერა. ჩემზე სულ ზრუნავს, ყურადღებიანია. ჩინეთში ყოფნის დროს, სანამ შევუღლდებოდით, კბილი მქონდა დაჩირქებული, ცუდად ვიყავი. ზაკმა სადარბაზოსთან წამლები მომიტანა. ძალიან შემაყვარა თავი. ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარულია. სულ იმას ვამბობ, ათასჯერ რომ მომიწიოს გადაწყვეტილების მიღება, ათასჯერვე ჩემს მეუღლეს ავირჩევდი ჩემი ცხოვრების თანამგზავრად, რადგან ზაკი სამყაროს საჩუქარია.

_ ხშირად მოგზაურობთ?

_ არა, არ ვმოგზაურობთ. როცა არჩევანი მაქვს, ვიმუშაო თუ ვიმოგზაურო, სულ ვმუშაობ. მუშაობის გარეშე არ შემიძლია. ჩვეულებრივი რობოტი ვარ. მინდა, ჩემი საყვარელი ადამიანის გვერდით შემდგარი და სრულყოფილი ქალი იდგეს.

ჩინელებს ასეთი წესი აქვთ: როგორც კი გაგიცნობენ, მაშინვე იმას გეკითხებიან, ხელფასი რამდენი გაქვს, რა შემოსავალი გაქვს. ამას იმიტომ გეკითხებიან, გაიგონ, საქმეში, სამსახურში რამდენად წარმატებული, დაფასებული ხარ. ამის მერე გეტყვიან  გამარჯობას.

_ ჩინეთში ზაკის მშობლებთან ცხოვრობთ თუ ცალკე?

_ ცალკე. ზაკი დედისერთაა. დედამისი ბიზნესვუმენია. არისტოკრატული   ოჯახიდან არის. ზაკის ოჯახი ძალიან კარგად შემხვდა. დედამთილმა, როგორც შვილი, ისე მიმიღო. როგორზეც ვოცნებობდი, ზუსტად ისეთი დედამთილი მყავს. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ვაჭარბებ, მაგრამ იდეალური ქალია და ძალიან მიყვარს. თბილისშიც იყო ჩამოსული. ძალიან მოეწონა საქართველოც და ქართველებიც.

ჩემი შვილი 40 დღის რომ იყო, თბილისში მოვნათლეთ და სწორედ მაშინ ჩამოვიდა ჩემი დედამთილიც. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე მართლმადიდებელი ქრისტიანია. სანამ გავიცნობდი, მანამდე იყო მონათლული მართლმადიდებლად. ზაკს მამა ბუდისტი ჰყავს, დედა კი _ ათეისტი.

_ თქვენს შვილზეც გვიამბეთ.

_ შეუღლებიდან 7 წლის მერე შეგვეძინა გაბრიელი. ძალიან გააზრებულად და დაგეგმილად მოხდა ეს. ზაკი სულ იმას მეუბნებოდა, ჯერ პატარა ხარო. მალე ჩვენი გაბრიელი წლისა და 10 თვის გახდება. 9 აპრილს არის დაბადებული.

_ შვილს სახელი თქვენ შეურჩიეთ თუ ზაკმა?

_ მძიმე მშობიარობა მქონდა. ფიზიოლოგიურად ვერ ვიმშობიარე, მერე საკეისრო კვეთა გამიკეთეს. მშობიარობა რომ გართულდა, წმინდა გაბრიელს შევთხოვე, რომ თუ ჩემი შვილი მშვიდობით დაიბადებოდა, მის  სახელს დავარქმევდი. მართლაც, მისი წყალობით, ასე მოხდა. წინასწარ შერჩეული კი მქონდა ხუთი სახელი, მაგრამ მერე გაბრიელი დავარქვი.

_ როცა ოჯახში ჩვილი იბადება, ჩინელებს თუ აქვთ რაიმე წესი ამ დროს?

_ კი, აქვთ. 100 დღის განმავლობაში ქალი მზრუნველობის ქვეშ არის. მედდა ეხმარება ყველაფერში. როგორც კი ბავშვი იბადება, მედდასაც მაშინვე აიყვანენ, რომ დედას შვილის მოვალში დაეხმაროს.

მე ვიმშობიარე საქართველოში, რადგან მინდოდა, ჩემი შვილი საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო. გაბრიელი სრულწლოვანი რომ გახდება, თავად გადაწყვეტს, ქართული პასპორტი ენდომება თუ ჩინური. ჩემს აზრს მეუღლეც იზიარებს.

_ ბავშვის აზღრდაში ახლა ვინ გეხმარებათ?

_ ჩემი ოჯახი. მეუღლემ მითხრა, ძალიან მომწონს, ჩვენი შვილი კაცურად რომ იზრდებაო. ბავშვი რომ დაიბადა, ჩემი დედამთილი ჩამოვიდა და იქაური წესის მიხედვით ოქროს სამაჯური აჩუქა.

_ რა ტრადიციები აქვთ ჩინელებს უფროსებთან, მშობლებთან  ურთიერთობაში?

_ ჩინეთში ძალიან დიდ პატივს სცემენ მშობლებს. ზაკი ჩემი მშობლების მიმართ ყოველთვის ყურადღებიანია. მეც ასეთი დამოკიდებულება მაქვს მისი მშობლებისადმი. ზაკი ამბობს ხოლმე, სადაც დედაჩემია, იქ არის ჩემი ახალი წელიო, ამიტომ დედასთან ერთად აღნიშნავს ყოველ ჩინურ ახალ წელს. წელს აქ არის, რადგან მარტში ჩინეთში მივდივართ.

ზაკი დედამისს ტელეფონით რომ ესაუბრება, ფეხზე დგება. გიჟდება დედაზე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ზაკმა დედამისი გვიან გამაცნო, შეუღლებიდან 2 თუ 3 წლის შემდეგ.

_ ყველაზე ძალიან რა გაგიჭირდათ ჩინეთში, როცა იქ ცხოვრება დაიწყეთ?

_ თავიდან ჩინურ სამზარეულოს ვერ მივეჩვიე. არის კერძი, რომელსაც დღემდე ვერ ვჭამ და ეს გახლავთ ტოფუ.

_ ჩინეთში როგორ გხვდებიან, როგორი დამოკიდებულება აქვთ უცხოელებისადმი?

_ ჩინელებს რატომღაც რუსი ვგონივარ. ჩინეთში ვინემე თუ მკითხავს, რუსი ხარო, ზაკი ბრაზდება. ერთხელ მითხრა, ჩემთვის მიუღებელია, რუსს რომ გეძახიან, რადგან ეს იგივეა, მე იაპონელი დამიძახონო. ოკუპანტებს ვერ იტანს.