დათო ლიკლიკაძე: „ბევრი ქალბატონი მაია გოგოლაშვილობდა, ყველა მას ბაძავდა”
ვინ იყო ლამაზმანი, რომელიც მთელმა ქუთაისმა დაიტირა

დათო ლიკლიკაძე: „ბევრი ქალბატონი მაია გოგოლაშვილობდა, ყველა მას ბაძავდა"„სარკე“, რუსუდან ადვაძე

ქუთაისში ყველაზე ლამაზი ქალი გარდაიცვალა – ამბობენ ქუთაისში ექიმი ქალის, მაია გოგოლაშვილის, ამქვეყნიდან წასვლაზე.

„ქუთაისში ყველა თაობის უსვეცკესი და ულამაზესი ქალი მაია გოგოლაშვილი, რომელზეც ყველა ქალაქელს ჰქონდა სწორება, გარდაცვლილა. ყველა ნაღდი თბილისელი და ყველა კარგი ქუთაისელი ქალიან-კაციანად ეტრფოდა მაია გოგოლაშვილს.

მისი მომაჯადოვებელი ხმა, გარეგნობა, ინტელექტი არავისში განმეორდება. მაია გოგოლაშვილის გარდაცვალება რანაირად შეიძლებოდა?! ღმერთო, როგორ მომწონდა და როგორ ჩუმად მიყვარდა, ისე, რომ ვერ ვუბედავდი თქმას. მაია გოგოლაშვილი იყო ყველაზე ლამაზი და ყველაზე სვეცკი თბილისელ-ქუთაისელი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.

თქვენ ზეცაში იქნებით, ძვირფასო ქალბატონო, რანაირად შეიძლება თქვენი გარდაცვალება…”, – დაწერა ქუთაისელმა ჟურნალისტმა, დათო ლიკლიკაძემ, სოციალურ ქსელში.

ქუთაისის მშვენებაზე, განუმეორებელ მაია გოგოლაშვილზე ის „სარკეს” უამბობს.

– ქუთაისში ძალიან უყვართ ასეთი გამოთქმა – “სვეცკი”. რასაც “სვეცკი” ჰქვია ქუთაისური გაგებით, სწორედ ეს იყო მაია გოგოლაშვილი. მართლა ძალიან ლამაზი ქალი იყო ფიზიკურად და კარგი გემოვნება ჰქონდა – ძალიან კარგად იცვამდა. ცოტა ქუთაისური კუდაბზიკა ლაპარაკი კი გამომდის, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რა ბრენდის ეცვა, როგორ ეცვა, რადგან სწორება იყო მაია გოგოლაშვილზე!

მაიას როგორი ვარცხნილობაც ჰქონდა, ისეთს იკეთებდა მერე მთელი ქუთაისი და ეს ხდებოდა არა მხოლოდ მის თაობაში, არამედ ყველა თაობაში, მათ შორის – ჩემს თაობაშიც. სწორება იყო მაია გოგოლაშვილზე ყოველთვის და ყველაფერში. ძალიან ლამაზი ქალი ხომ იყო და ხმა ჰქონდა არაჩვეულებრივი, მომაჯადოებელი! რომ საუბრობდა, უკვე დატყვევებული ჰყავდი. ფიზიკურობა, ჩაცმის სტილი, გემოვნება… შეიძლება თამამად ითქვას, რომ მაია გოგოლაშვილი იყო გემოვნების საზომი ჩვენს ქალაქში.

სამწუხაროდ, დიდხანს არ ცხოვრობდა ჩვენს ქალაქში. მერე თბილისში გადავიდნენ და იქაც ძალიან დიდი სამეგობრო ჰყავდა. აქაც და იქაც ნამდვილი ქალაქელების წრეში ტრიალებდა.

ამასთანავე გახლდათ უთბილესი, უკარგესი, საოცარი ადამიანი. უღიმოდა ყველას და ეს ღიმილი საოცრად უხდებოდა. ყველასთან მეგობრობდა.

ექიმი გახლდათ პროფესიით. ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა., ყველას აჯადოებდა, ქალსაც და კაცსაც. მისი გარდაცვალების შესახებ რომ დავდე ინფორმაცია, ქალბატონები წერდნენ, ერთხელ კლინიკიდან გამოდიოდა და ისეთი ლამაზი იყო, რომ შევხედეთ, ხელიდან ჩანთები გაგვივარდაო.

– მის ოჯახურ ცხოვრებაზე რა იცით?

– არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავდა – დათო ნაჭყებია. როცა ისინი შეუღლდნენ, მე ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა ყვებიან, რომ საოცარი წყვილი ყოფილა. მათი გამოჩენა თურმე საოცრება იყო ქალაქში!

მაიას ჰყავს არაჩვეულებრივი ქალიშვილი, ნინო ნაჭყებია, რომელიც პიარის ცნობილი სპეციალისტია და თბილისში თუ სადმე ცნობილი რესტორანია ან სადმე კარგი სიტუაციაა, ყველა ადგილი მისი აწყობილი გა-ხლავთ.

ქუთაისში ბევრი ქალბატონი მაია გოგოლაშვილობდა – როგორც ის იცვამდა, ისე იცვამდნენ, როგორც ის საუბრობდა, ისე საუბრობდნენ, იმ მიმიკებით, ტონით, მანერებით, არტისტულობით. ყველა მას ბაძავდა და ყველა ცდილობდა, მაია გოგოლაშვილი ყოფილიყო.

გამოთქმასავით იყო მთელ ქალაქში – ვინმე ლამაზი ქალი რომ გაივლიდა, მასზე იტყოდნენ ხოლმე, ძალიან ლამაზია, ოღონდ მაია გოგოლაშვილის შემდეგო.

ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი ლამაზი და საოცარი ქალი წავიდა ამქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ცხოვრობდნენ ბევრი წელი, მაია გოგოლაშვილს არასოდეს გაუწყვეტია კავშირი ქუთაისთან და ჩვენს ქალაქში მისი ჩამოსვლა ყოველთვის ზეიმი იყო. მაია რომ ქუთაისში ჩამოვიდოდა, მთელი ქალაქი იგებდა და ყველა ცდილობდა, მასთან ერთად ყოფილიყო.

მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მასთან მქონდა ურთიერთობა. ვერ შევბედავ და ვიტყვი, რომ საუკეთესო მეგობრები ვიყავით, მაგრამ საუკეთესო ახლობლები კი ვიყავით და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.

– ხომ არ გამოუტყდით, რომ გიყვარდათ?

– რა თქმა უნდა, სასიყვარულო გრძნობა არ მქონია. ეგ ისე ვთქვი, მიყვარდა-მეთქი და, როგორც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას, ისე არ შეხედოთ. მგონი, 72 წლის იყო… როგორც სხვებს, ისე მეც მიყვარდა!

ქუთაისში როცა ჩამოდიოდა, ვიკრიბებოდით რესტორანში, რომელიც ქუთაისში მისმა მეგობარმა, ირინა ასათიანმა, გახსნა და მასთან მოდიოდა. იქ ვიჯექი ხოლმე მათთან ერთად და უამრავ ქუთაისურ ისტორიას ვისმენდი. გული მწყდება, რომ ამ ყველაფერს არ ვიწერდი. ირინა მირეკავდა ხოლმე, მაიაა ჩამოსულიო და მეც მივდიოდი. მიხაროდა, მის გვერდით რომ ვიყავი, თორემ რაიმე განსაკუთრებული კვეთა არ მქონია.

ქუთაისი ისეთი ქალაქია, რომ ადამიანები თავისი სახელებით და გვარებით შთაბეჭდილებას ტოვებენ ქალაქზე, თავიანთი სახელებით და გვარებით მის გარკვეულ ისტორიას ქმნიან. მაია გოგოლაშვილის პერიოდი კი ნამდვილად გამორჩეული ეპოქა იყო ქალაქისთვის და დასანანია, რომ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ აღარ ცხოვრობდა ქუთაისში, ის მაინც დააკლდა და დაკარგა ქუთაისმა, ნამდვილად მოაკლდა მისი სილამაზე! ყველას დასწყვიტა გული მისმა წასვლამ, მათაც კი, ვინც არ იცნობდა.

– გარდაცვალების მიზეზი რა გახდა?

– სიმსივნეს ებრძოდა მთელი ერთი წელი.

მაია გოგოლაშვილის მეგობარი, ირინა ასათიანი ყვება:

– ნამდვილად ულამაზესი ქალი იყო მაია. ვისაც სილამაზის აღქმის უნარი ჰქონდა, ყველასთვის საოცარი ქალი იყო. თავისი გარეგნობით, განსხვავებული სტილით ყველასგან გამოირჩეოდა. იყო ძალიან გულღია ადამიანი საუკეთესო თვისებებით. კარგ ოჯახში გაზრდილი, კარგი თვისებების მატარებელი ქალი გახლდათ. მამაჩემის მეგობრის შვილი და ჩემი ბავშვობა იყო..

ჩვენ შორის ასაკში სხვაობა იყო, მაგრამ, როდესაც ზრდასრული გავხდი, დავმეგობრდით. მაიას შეეძლო, პატარასთანაც ემეგობრა და დიდთანაც. საოცრად ბევრ სითბოსა და სიყვარულს აფრქვევდა. თუკი რაიმე კარგი თვისება არსებობს, მაია გოგოლაშვილის ყველა ეს თვისება ჰქონდა. სიცოცხლით სავსე სიცოცხლეზე შეყვარებული ადამიანი გახლდათ.

მეუღლე დაახლო-ებით 9 წლის წინ გარდაეცვალა და უზომოდ განიცდიდა ამ ამბავს. ცდილობდა, არ შეემჩნია, ჩუმად ტიროდა, რადგან თავისი ემოციების გამოხატვა ხალხში დიდად არ უყვარდა, თუმცა თავის საყვარელ ადამიანებთან გახსნილი იყო. ძალიან დასანანია, რომ ეს ულამაზესი ადამიანი აღარ დაამშვენებს აქაურობას.

ბოლოს აღარ ვნახე, რადგან ვიცოდი, ცუდად იყო. მისი დიაგნოზი რომ გავიგე, მაშინ გავიარე ყველა განცდა და შოკი. ვინც გაიგო, რომ მაიას ეს დაავადება აღმოაჩნდა, ყველა შოკში იყო, თუმცა თვითონ ისე ეჭირა თავი… სულ ამბობდა, მორჩა, ყველაფერი კარგად მაქვს, აღარაფერი მაქვსო.

მერე კი გართულდა და დამძიმდა. ისეთი შეცვლილი იყო ფიზიკურად, არ უნდოდა, ვინმეს დაენახა.

იცით, როგორი იყო? თეთრი, ქუთქუთა, ძალიან ლამაზი თვალებით, სულ ფორმაში, გაპრანჭული… გიჟდებოდა წითელ ტუჩსაცხზე. რაღაც პერიოდი მათთან ვიყავი და დილით როგორც კი გაიღვიძებდა, წითელი პომადა რომ არ გადაესვა, არ შეეძლო. ამბობდა, წითელი პომადა ჩემთვის ყველაფერიაო. თვალებზე ისვამდა ტუშს და წითელ ტუჩსაცხს ხმარობდა, სხვას არაფერს. არასოდეს ჰქონია რუჯი. უყვარდა ის ნატურალური ფერი, რომელიც თავად ჰქონდა. მარმარილოსავით სხეული და კანი ჰქონდა.

ბავშვი ვიყავი, პირველად რომ ვნახე. მათ სახლში მივედით. ბავშვების გონებაში ხომ რაღაცები იბეჭდება და არასოდეს დამავიწყდება ბაცი პენუარი, საიდანაც თეთრი, მარმარილოსავით სხეული მოუჩანდა. ჩემი თვალებით რომ დაანახა ვინმეს მაია, ყველა მოხიბლული იქნებოდა. ვინც კი ნახავდა, ყველა ინუსხებოდა.

არავის ჰგავდა. შეიძლება სხვას სდომოდა, რომ მაიასნაირი ყოფილიყო, მაგრამ ის არასოდეს იყო სხვისნაირი. მაია მაია იყო თავისი განსაკუთრებული შარმით, განსხვავებულად იცვამდა და გადაპრანჭვა სულაც არ სჭირდებოდა. მინახავს, როგორ იქცეოდა ხოლმე მოდად ის, რასაც მაია იცვამდა.

ძალიან კარგი გარეგნობის მეუღლე ჰყავდა და ქუჩაში რომ მოდიოდნენ, არ შეიძლებოდა, ვინმეს ყურადღება არ მიექცია. უხდებოდნენ ერთმანეთს და ყველასგან განსხვავებულებიც იყვნენ. მაია იყო დიდ სითბოსა და სიყვარულში გაზრდილი და თან კომპლექსების გარეშე. თავისუფალი, ხალასი, ძალიან პატიოსანი და მოსიყვარულე დაამახსოვრდება ყველას. ალბათ ამიტომ დასწყდა გული მთელ ქუთაისს და არა მხოლოდ ქუთაისს, რადგან ასეთი მანათობელი, მზესავით კაშკაშა იყო ჩვენი მაიკო.

– მაიასა და მისი ქმრის სიყვარულის ამბავიც ალბათ ცნობილია ქუთაისში.

– უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი. იმდენად განებივრებული ჰყავდა ქმარს ჩვენი მაიკო… ფეხი მოიტეხა და სულ ყვებოდა, ასე და ასე მივლიდა ჩემი დათუნიკოო. ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ცოლ-ქმარი იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს ავსებდნენ ყველანაირად. პატარა ბავშვივით უვლიდა ქმარი მაიკოს. ეფერებოდა, ყველაფერს უკეთებდა. ჩემი თვალითაც მინახავს და მაიასაგანაც ვიცი, როგორ უსრულებდა ყველა ნატვრასა და სურვილს.

თბილისში გადავიდნენ, მაგრამ ჩვენი ქალაქი უსაზღვროდ უყვარდა. მშობლები აქ ჰყავდა დაკრძალული და ხშირად ჩამოდიოდა მათ გამოც. ქუთაისში საავადმყოფოში მუშაობდა, თუმცა თბილისში რომ გადავიდნენ, იქ აღარ უმუშავია. როცა რამე ხდებოდა ქალაქში, მაშინაც აუცილებლად ჩამოდიოდა, რადგან ბევრ სითბოსა და სიყვარულს გრძნობდა. იმდენად მეგობრული და საოცარი ქალი გახლდათ, ყველას ემეგობრებოდა. მისი ქალიშვილის მეგობრები მასთანაც მეგობრობდნენ.

ერთი ცუდი არაფერი მაგონდება, მხოლოდ დადებითი და კარგი მოდიოდა მისგან ყველას მიმართ.