„სარკე“
„სარკის“ ოქროს არქივში ინახება ინტერვიუ იმ მსახიობთან, რომელსაც ყოველ ახალ წელს ტელეეკრანზე გურამ პატარაიას გენიალურ კინოკომედია „კუჩხი ბედინერში“ ვუყურებთ. საქართველოში ახალი წელი ისე არ დგება, ეს ფილმი არ აჩვენონ. მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი, ცუცა, ფილმის გასვლის დღიდანვე პოპულარული გახდა. შემდეგ კი ფილმში „სიყვარული ყველას უნდა” ქეთო ყარაულაშვილის როლი ითამაშა. მუსკომედიის სცენაზე კი 200-მდე როლი აქვს შესრულებული.
კომიკოსი მსახიობის, ციალა გურგენიძის, დანახვაზე ყველას ეღიმებოდა, ქუჩაში აჩერებდნენ, ესალმებოდნენ. თუმცა მაყურებლებმა არ იცოდნენ, რომ მისი ცხოვრება არცთუ იღბლიანად წარიმართა. მას ბევრი გულისტკივილი ჰქონდა, რაზეც „სარკეს“ უამბობდა:
_ ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანები ჩემს ცხოვრებას ცვლიდნენ. საერთოდ, ცხოვრება დეტალებითაა სავსე. ჩემს ცხოვრებაში ასეთი დეტალი ბევრია. ახლა რომ ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ხელს ბევრი რამ მიშლიდა. ყველაფრის მიუხედავად, ჩემს ცხოვრებას რომ გადავავლებ თვალს, სირცხვილისგან არ ვიწვი, რადგან ცუდი არასოდეს მიკადრებია…

