„სარკე“
„ჩემს შვილებს ვუბარებ, რომ კრემაცია გამიკეთონ, არ შემინახონ და არ დამკრძალონ, გაფანტონ ჩემი ფერფლი“, _ უთხრა ჩვენს ჟურნალს ცნობილმა ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ, როცა მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ცოლი, მხატვარი, მართლმადიდებლური ხატების პროფესიონალი რესტავრატორი, ნინა ვოეიკოვა, გარდაეცვალა და მას ოჯახი და ახლობლები ქართული ტრადიციებისთვის უჩვეულო წესით გამოემშვიდობნენ _ ცხედარს კრემაცია გაუკეთეს. ამ ფაქტმა დიდი ინტერესი და განსჯა გამოიწვია და ბატონმა ნუგზარმა გადაწყვიტა ყველა კითხვისთვის პასუხი „სარკეში“ გაეცა.
ნუგზარ რუხაძე:
_ გიჟდებოდა ძველ თბილისზე, ძველ ეზოებზე, ჭიშკრებზე… სიცოცხლის ბოლო წუთამდე გადიოდა მეორე სართულის აივანზე, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულივით ჩანს. სახელოსნოც ჰქონდა მეორე სართულზე, სადაც ხატავდა და თან იმ აივანზე უყვარდა ყოფნა. ტკბებოდა ამ ხედით…
კრემაცია მისი სურვილი იყო, რომელსაც ვერ გადავუხვევდი და უნდა ამესრულებინა. იცით, შიში ჰქონდა დაკრძალვის, მიწის, საყინულის, კუბოსი… ავად რომ გახდა, მას მერე სულ მთხოვდა, არ დამაღალატო, კრემაცია გამიკეთეო… ფერფლი ფუნიკულიორის მიღმა გავფანტეთ… ვიცი, ამ სტატიას კამათი მოჰყვება…
აბა, ის არის კარგი, მთელი საქართველო მოფენილი რომ არის სასაფლაოებით?! მიწა აღარ გვაქვს სასაფლაოებისთვის. ამავე დროს, სასაფლაოებზე კაპიტალური მშენებლობები მიმდინარეობს! ამერიკაში, ნახეთ, როგორი სასაფლაოები აქვთ _ პატარა ფილებია გაკეთებული, საიდანაც ამოდის დასაკეცი ჭიქა, რომელშიც დებენ ყვავილებს. სასაფლაო არის ერთი მშვენიერი, ფერადი მინდორი…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

