„სარკე“, ლიკა ოსაძე
მომღერალი ირმა სოხაძე თავის 70-ე წელს შეხვდა უამრავი ემოციით, საინტერესო ამბებით, მოგონებებითა და იმ ძალით, რომელსაც ადამიანებს მადლიერების უნარი და ხალხისგან დამსახურებული სიყვარული ანიჭებთ.
მომღერლი მრგვალი თარიღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, მის აღნიშნვას გრანდიოზულად აპირებდა _ დიდი მუსიკალური დღესასწაულით, მრავალფეროვანი რეპერტუარით, ლამაზი კოსტიუმებით… მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა. ამის შესახებ მან ექსკლუზიურად „სარკეს“ უამბო.
__ ქალბატონო ირმა, როგორ გეგმავდით თქვენი მრგვალი თარიღის აღნიშვნას და რატომ შეცვალეთ თქვენი ჩანაფიქრი?
_ სულ სხვანაირად მქონდა ჩაფიქრებული ჩემი 70 წლის საიუბილეო საღამო. ძალიან მინდოდა, საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტი შემეთავაზებინა ჩემი მსმენელისთვის. სამწუხაროდ, დღეს ის სიტუაცია არ არის ქვეყანაში, რომ იუბილე გავმართო და გრანდიოზული კონცერტი ჩავატარო.
დღეს არავის ეკონცერტება. სიმართლე გითხრათ, ვინც დღეს კონცერტებს ატარებს, მათი ძალიან მიკვირს, ამიტომ ჩემი ჩანაფიქრის განხორციელება გადავდე იმ დროისთვის, როცა ქვეყანაში სიმშვიდე და სიწყნარე იქნება. მჯერა, ეს მძიმე პერიოდი აუცილებლად გადაივლის და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. შინაგანად ამ ყველაფრის მჯერა.
2014 წელს როცა ვარსკვლავი გამიხსნეს, მაშინ მინდოდა გრანდიოზული კონცერტის ჩატარება და მართლაც გავაკეთე ისეთი, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა. ორი-სამი წლით ადრე ყველაფერი გაწერილი და მოფიქრებული მქონდა, დეტალურად ვიცოდი, 70 წლის იუბილეზე რა ფერის კაბები უნდა ჩამეცვა, როგორი რეპერტუარი უნდა ყოფილიყო, ვინ უნდა მყოლოდა მოწვეულ სტუმრებში და ასე შემდეგ, მაგრამ რას ვიზამთ, ასე მოხდა.
__ ყველა ქალი განიცდის ასაკის მატებას. თქვენ როგორ შეხვდით 70-ე წელს, როგორია თქვენი განწყობა?
_ საერთოდ არ მქონდა ის განცდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, პირიქით, ძალიან ჩვეულებრივად შევხვდი ამ ფაქტს. ასაკთან დაკავშირებული დეპრესია გაცილებით ადრე დამემართა, როცა 40 წლის გავხდი.
იმ დროს ხასიათში რაღაც დეპრესიული ნოტები შემეპარა, ღმერთო ჩემო, რა მოვასწარი, რა გავაკეთე-მეთქი, ვფიქრობდი. საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილების შეგრძნება მქონდა. თითქმის მართლა ჩავიქნიე ხელი მომავალზე. დამთავრდა ცხოვრება და აწი რაღა უნდა გავაკეთო-მეთქი, ვფიქრობდი. მერე მივხვდი, რომ არც ასე იყო საქმე. ბევრი საინტერესო საქმე მქონდა, ბევრი პროექტი _ გასაკეთებელი. კვარტეტ „თბილისში“ სიმღერას თავი დავანებე და სულ სხვა რეპერტუარი შევქმენი, სოლო კარიერის კეთება დავიწყე.
დიდი კარიერა იმიტომ არ გავიკეთე, რომ ოჯახს ვერ ვტოვებდი, დიდი ხნით გასტროლებზე წასვლა არ მინდოდა. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე, მოსკოვში რომ არ გადავედი და სერიოზული კარიერა იქ არ გავიკეთე.
__ რუსეთიდან გქონდათ სერიოზული შემოთავაზებები?
_ კი, უამრავი შემოთავაზება მქონდა. ბევრი მეგობარი მყავდა იქ, მაგრამ დღეს აღარ მყვანან, რადგან დიდი იმედგაცრუებაა ჩემთვის მათი იქაური ცხოვრება. როცა მათგან შემოთავაზება მქონდა და არ დავთანხმდი, კარგად მოვიქეცი. თანხმობის შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნე, ოჯახი უნდა მიმეტოვებინა _ მეუღლე, შვილები. ჩემი ქმარიც არ გამიშვებდა თუნდაც მცირე ხნით. უფალმა დამიფარა, მოსკოვში რომ არ გადავედი და კარიერა იქ არ გავიკეთე.
__ მეუღლესთან ერთად რომ წასულიყავით?
_ არა. ჩემი მეუღლე განა მართლა მომღერალია, ჩემი ხათრით დაიწყო სიმღერა. რეზო პროფესიით ინჟინერია, მშენებელი. ძალიან კარგი სპეციალისტია, თავისი საქმის დიდი პროფესიონალი. მეცნიერების და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.
ახალგაზრდობაში რეზოს და მის მეგობრებს კვარტეტი „თბილისი“ ჰქონდათ. მე რომ მივედი ამ კვარტეტში და რეზომ გამიცნო, ყველაფერი მაშინ დაიწყო.
__ ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული?
_ კი. გერმანიაში მიდიოდნენ და პირველი ხმა დასჭირდათ, ამიტომ მე მიმიწვიეს. მაშინ 16 წლის გოგონა ვიყავი, რეზო კი 21 წლის ბიჭი იყო. ჩემზე ზუსტად 5 წლით უფროსია. რეზო დანახვისთანავე შემიყვარდა. ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული.
16 წლამდე ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ სიყვარულისთვის არ მეცალა, სულ მუსიკით და სწავლით ვიყავი დაკავებული. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და სად მეცალა ბიჭებთან ფლირტისთვის. არც მაინტერესებდა, მაგრამ რეზო უცებ შემიყვარდა და ყველაფერი შეიცვალა ჩემში. მთელი ჩემი ყურადღება რეზოზე გადაერთო.
__ ორივეს ერთ თვეში გაქვთ დაბადების დღე, ბატონი რეზო 7 ნოემბერს გახდა 75 წლის. თუ მომხდარა ისე, როცა დაბადების დღეები 7-დან 28 ნოემბრამდე შუალედში აღგენიშნათ ორივეს ერთად?
_ ამაზე ბევრჯერ გვიფიქრია, მაგრამ არ გამოდის. არ მიყვარს დაბადების დღის წინასწარ აღნიშვნა, ამიტომ ის თავის ძმაკაცებთან აღნიშნავს დაბადების დღეს, მე _ ჩემს მეგობრებთან ერთად. წელს არც მისი დაბადების დღე გამოვიდა და არც ჩემი. 7-ში ქალაქიდან გავედით და 28-შიც თბილისიდან გავდივართ.
__ ბავშვობიდან სცენაზე დგახართ. ამ წლების განმავლობაში ყოველთვის გყავდათ თქვენი მსმენელი, არასდროს „დაკარგულხართ“, როგორც ზოგიერთი მომღერალი იკარგება წლებთან ერთად. როგორ ფიქრობთ, ეს რამ განაპირობა, რისი დამსახურებაა?
_ ეს მეც ძალიან მიკვირს. ყოველთვის მარტო ვიყავი, არასდროს არავის გუნდში ვყოფილვარ. 3 წელი რომ არ გამოვჩნდე, ქუჩაში მაინც ყველა მცნობს და ყველა თბილად მხვდება, ყველას ვახსოვარ და ვუყვარვარ. ეს დიდი ბედნიერებაა.
ახალგაზრდობაში ყოფილა მომენტები, როცა კონცერტიდან ამოუღიათ ჩემი სახელი და გვარი. ამაზე გული მწყდებოდა, მაგრამ ხალხს მაინც არ ვავიწყდებოდი. ჩემი სიმღერები ყოველთვის განსხვავებულია. ძალიან ბევრი ჩემი სიმღერა ჩემს ლექსებზეა შექმნილი.
საბჭოთა კავშირში მხოლოდ მე ვიყავი ბავშვი, რომელიც დიდ სცენაზე მღეროდა. საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრი, ეკატერინე ფურცევა, სულ იმას ამბობდა, ირმაჩკა არის ჩვენი პასუხი დასავლეთსო. 10 წლის ვიყავი, როდესაც პარიზში საბჭოთა კავშირის მიუზიკჰოლში ვიმღერე. 1960 წელს მე გამოვჩნდი სცენაზე, 1970 წელს კი _ „მზიურის“ პირველი ნაკადის გოგონები, მაგრამ ისინი ჩემს გზას გამოჰყვნენ.
__ გაიხსენეთ ამ პატარა გოგონას პირველი ნაბიჯები დიდი სცენისკენ.
_ პატარა რომ ვიყავი, სახლში სულ ვმღეროდი. ერთხელ ჩვენთან სტუმრად მოვიდა მამაჩემის მეგობარი და თანამშრომელი, ლია მუხაძე, რომლის და, ეკა, პიანისტი იყო. ეკამ რომ მომისმინა, მოვეწონე. აკომპანიმენტი გამიკეთა და 3 დღეში ტელევიზიით გამომიყვანეს. მეორე დღეს უკვე ცნობილმა გავიღვიძე. მაშინ 4 წლის ვიყავი. რა არ მიმღერია ჩემს ბავშვობაში და მერეც, მაგრამ წარმატება და პოპულარულობა მხოლოდ სიმღერას არ მოაქვს, ეს ბედის საჩუქარია.
წარმატება არასდროს ამვარდნია თავში. ჯერ კიდევ ბავშვმა მივაღწიე იმას, რასაც ბევრი დიდობაში ვერ აღწევს. შესაძლებელი იყო, ჩემს წარმატებას გავეტეხე. იქ დამთავრდებოდა ყველაფერი, თუ ვიტყოდი, მე ვარ ვარსკვლავი და მორჩა-მეთქი. თუ რამე მაკლდა, ეს იყო ამბიცია. სხვას არასდროს გადავუჭრიდი გზას, იდაყვით გვერდზე არ გავწევდი, მაგრამ მე კი მწევდნენ. ამის მიუხედავად, თავს დაჩაგრულად არ ვთვლი. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა საკუთარ თავთან ხარ მართალი, ყოველთვის დგახარ იქ, სადაც შენი გული და სინდისი გეუბნება. ვერ ვიკადრებდი იმას, რაც ჩემთვის უკადრებელი იყო.
__ თქვენი და ბატონი რეზოს სიყვარულს ამბავს მივუბრუნდები. წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი იყო თქვენს ცხოვრებაში _ ქორწინებიდან 50 წელი შეგისრულდათ.
_ კი, 50 წელია, რაც ერთად ვართ. ზაფხულში გადავიხადეთ ოქროს ქორწილი. ძალიან კარგია, როცა წლებთან ერთად სიყვარული ევოლუციას გადის. თუ სიყვარული ნამდვილია, მეგობრობასა და ნამდვილ გრძნობაზეა დამყარებული. შეუღლებიდან 10-15 წელიწადში ვნება ნელდება და გრჩება მთავარი, რაც იძლევა სიმყარისა და ბედნიერების განცდას. მიხარია, რომ ჩემ გვერდით არის ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი. ადამიანი შენ გამო ყველაფერს რომ გააკეთებს, რაც შეუძლია თუ არ შეუძლია, ეს არის მეგობრობა, ერთმანეთის იმედი, ფასეულობებისა და ღირებულებების ერთნაირად აღქმა. თუ აქ აცდენაა, არაფერი გამოვა.
კი, რაღაცები იცვლება და თავადაც შევიცვალე, დავთმე, გადავაგდე. მინდა, უკეთესი ვიყო, მაგრამ იმიტომ კი არა, ვიღაცას უნდა, არა, ეს მე მინდა. არაფერი გამოვა, მეუღლეები თანამოაზრეები თუ არ არიან. თუ შვილებსაც სწორად აღზრდი, ისეთი კარგი მეგობარი, როგორიც შვილია, არავინ გეყოლება. არც ერთი მეგობარი ისე ახლოს არ არის ჩემთან, როგორც ჩემი გოგონები. არ არსებობს თემა, რომელზეც მე და ჩემი შვილები ვერ ვისაუბრებთ.
__ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ურთიერთობები გქონდათ ოჯახში, ალბათ მაინც იყო პატარ-პატარა გაუგებრობები და, როგორც ჩანს, მათი მოგვარების მეთოდებიც შეიმუშავეთ.
_ კი, როგორ არა. არ მესმის იმ ოჯახის, როცა ამბობენ, ჩვენ 50 წელი ისე ვიცხოვრეთ, ერთხელაც არ გვიკამათიაო. როგორ შეიძლება, რაღაც თემაზე ადამიანებმა არ იკამათონ. როცა კამათი მოგვდიოდა, ახალგაზრდობაში უფრო მე ვთმობდი, ახლა რეზო თმობს. ჩემი აზრით, თუ ქალს სურს ოჯახის შენარჩუნება, საყვარელი ადამიანის გვერდში ყოფნა, რაღაცები უნდა დათმოს, თუმცა დათმობასაც გააჩნია. მე დიდ კარიერაზე თავად ვთქვი უარი, რადგან ჩემთვის ოჯახი იყო მთავარი.
__ მამაკაცების უმრავლესობას წარმატებული ცოლების გვერდით ყოფნა აკომპლექსებთ, არ მოსწონთ. თქვენი მეუღლე როგორ ხვდებოდა თქვენს წარმატებებს?
_ მამაკაცების 95%-ს მართლაც არ უყვარს, მეუღლეები წარმატებულები რომ ჰყავთ. მათთვის სასიამოვნო არ არის, ცოლებს წინ რომ აყენებენ. არც რეზოს უყვარდა. ერთი-ორჯერ ვიღაცას წამოსცდა, ირმა სოხაძის მეუღლეაო და რეზომ ალმაცერად გადახედა. ამაზე ხუმრობდა, კოსმონავტობა მინდოდა, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, გადავიფიქრე. პირველი კოსმონავტი რომ გავხდე, ჩემზე მაინც იტყვიან, იცით, კოსმოსში ვინ გაფრინდა? ირმა სოხაძის მეუღლეო, ამიტომ ტყუილად არ ვიწვალებო.
ასეთ შემთხვევაში ცოლმა იუმორში უნდა გაატაროს ყველაფერი, რომ ქმარი არ დაისტრესოს. თვითირონიით თუ უყურებ ბევრ რაღაცას, ყველაფერს დაალაგებ. ვთვლი, რომ ჩემი ოჯახი მეტწილად იუმორმა გადაარჩინა. არ მახსოვს, რეზოსთან გაბუტული ვყოფილიყავი. ასე არ შეგვიძლია. რაც უნდა გვეკამათა, ერთი დღითაც არ წავსულვარ დედასთან. ზოგიერთი ქალი მაშინვე ჩემოდანს რომ ალაგებს, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია.
თუ ყველაფერი სერიოზულად აღიქვი და ყველაფერზე იწუწუნე, ქმარსაც მობეზრდები, შვილებსაც და შვილიშვილებსაც. თუ სიყვარულს გადაარჩენ, მერე სიყვარული თავად გადაგარჩენს.
__ სამი შვილიშვილის, სამი ბიჭის ბებია ხართ. როგორია მათთან თქვენი ურთიერთობა?
_ სალომეს ჰყავს 17 წლის მაქსიმე, რომელიც პრაღაში ცხოვრობს, ნატუკას კი _ რეზიკო და სანდრო (ალექსანდრე). რეზიკო 14 წლისაა, სანდრო _ 10 წლის. ხანდახან შვილიშვილებთან ცოტა ტვინისწამღები ბებია ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, მათ მაინც ვუყვარვარ. სანდროს ჩვენი სახლის ფოიეში ხშირად ერთი ერთზე ვეთამაშები ფეხბურთს. ხან მომთხოვნი ბებია ვარ, ხან დამთმობი.
__ დღეს რას საქმიანობთ, სადმე მუშაობთ?
_ დღეს არსად ვმუშაობ, უბრალოდ, ვარ სახლში და ჩემს ოჯახს ვუვლი. ასევე _ მაქვს ჩემი სტუდია, ვაკეთებ ჩანაწერებს, ვმუშაობ ჩემს მონო ოპერაზე. ერთი წუთითაც არ ვჩერდები, სულ ფორმაში ვარ. ახლა რომ ფორმაში ვარ, ასე 20 წლის წინაც არ ვყოფილვარ.
__ რას ურჩევდით და უსურვებდით თქვენს მსმენელს?
_ ჩემი რჩევაა, მარტივად შეხედოთ ცხოვრებას. იპოვეთ თქვენი სტილი. გქონდეთ ცხოვრების ხალისი. ყველაფერს მიაღწევთ, როცა გულში სიყვარული და სიკეთეა. ხომ ამბობენ, ყველამ თავისი საქმე აკეთოს და ქვეყანას ეშველებაო. მე კი მინდა, ჩვენს ქვეყანას ისე ეშველოს, რომ ყველამ თავისი საყვარელი საქმე აკეთოს.
დიდი მადლობა ჩემს სმენელს ამდენწლიანი სიყვარულისთვის. მიყვარხართ ყველა!
ინტერვიუ ჩაიწერა იუბილეს წინა დღეებში

