როგორ ცხვება ნამდვილი რაჭული ლობიანი? რა თქმა უნდა, საკმაზებისა და სუნელების გარეშე. ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს:
„ბარბარობას რაჭაში ბარბა-ლ-ობა ჰქვია. რელიგიურ დღესასწაულზე და ზოგზე განსაკუთრებით, დამატებით საერო ინტერპრეტაცია, დამოკიდებულება და წარმოსახვა არსებობს – ბარბარობა ბედობააო, ასე გვჯეროდა ბავშვობაში და ვცდილობდით, დღე მხიარულად გაგვეტარებინა, ვინც გვიყვარდა, მათ გვერდით აღმოვჩენილიყავით.
ყველა დღესასწაულს ხომ თავისი გემოც აქვს, – ფაქტობრივად ეს მშვენიერი დღე რაჭული კულინარიის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ლობიანის ზეობაა.
როგორც ორთოდოქსი რაჭველი, აუცილებლად ჩავერევი ამ საკითხში – ნამდვილ ლობიანს მარილის გარდა საკმაზი არ სჭირდება, – შავი წიწაკა, ხახვი და იმერული ლობიოს სხვა დანამატები კატეგორიულად ზედმეტია.
სამარხვო ვერსია, ქათქათა ბადექონის გარეშე გამომცხვარი ლობიანი ისედაც კოჭლადაა, სრულყოფილად ვერ წარმოაჩენს თავის ღირსეულ თავს და კიდევ ამდენ შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, – მწვანილით და უცხო სუნელით ნუ გაასუნელებთ (სუნელი რაჭულად სულელს ნიშნავს).
გილოცავთ, ჩემო ბრილიანტებო, შობამდე კიდევ ერთ საეტაპო დღეს და დაგვებედოს კარგობები“.
