„სიზმარში ჩემი გარდაცვლილი ტყუპისცალი მომდევს”

„სიზმარში ჩემი გარდაცვლილი ტყუპისცალი მომდევს"„სარკე“
მინდა, მოგიყვეთ ამბავი, რომელიც შეიძლება ძალიან უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენ ხომ იმაზე წერთ, რაც ადამიანებს აწუხებთ, ჰოდა, მეც ჩემი პრობლემით გაწუხებთ.

დავიბადე 16 წლის წინ, აპრილში. ვარ გოგონა, ტყუპისცალი. ჩემი ტყუიპისცალიც გოგონა იყო, მაგრამ მან მხოლოდ 2 დღე იცოცხლა. ვიღაცებისგან რამდენჯერმე მოვისმინე ასეთი რამ, რომ თითქოს მე შევუშალე ხელი განვითარებაში, ანუ დედისგან მე მივიღე ყველაფერი, მე განვვითარდი, ჩემს ტყუპისცალს კი ზრდაში ხელი შევუშალე.

ერთხელ დედას კითხვა დავუსვი, ეს სიმართლე იყო თუ არა და მიპასუხა, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი. ამიხსნა, რომ მას დროზე ადრე დაეწყო მშობიარობა, საბედნიეროდ, მე ძლიერი აღმოვჩნდი, ვიბრძოლე და გადავრჩი, ჩემი და კი სუსტი იყო და ვერ გადაარჩინეს, ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ მე დავჩაგრე.

მიუხედავად იმისა, რომ დედის ძალიან მჯერა, მაინც ვფიქრობ, ჩემი ბრალია, ტყუპისცალმა რომ ვერ იცოცხლა. უცნაური კი, იცით, რა არის? კვირა არ გავა, ჩემნაირი გოგო რომ არ დამესიზმროს. სულ უკან მომდევს, მე კი მისი მეშინია და გავრბივარ. ღამით ოფლში გაწუწულს და შეშინებულს მეღვიძება. მერე ვაცნობიერებ, რომ სიზმარში ნანახი ჩემი ტყუპისცალია, მაგრამ ვერ ვხვდები, მისი რატომ მეშინია ასე ძალიან.

მე და დედა ეკლესიურად ვცხოვრობთ და ჩემს გარდაცვლილ ტყუპისცალს ლოცვებში ყოველთვის ვიხსენიებთ. საბედნიეროდ, მისი მონათვლა მოასწრეს. დედაჩემის ბიძა მღვდელია და თურმე დები სამშობიაროშივე მოგვნათლა. მის სახელზე სანთლებს ყოველთვის ვანთებ, მაგრამ ეს კოშმარი არა და არ მთავრდება. დედას რამდენჯერმე ვუთხარი, რომ დამესიზმრა, მან კი ისე ძალიან განიცადა, ვეღარაფერს ვეუბნები, მეცოდება.

არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, მისი ნახვა სიზმარში ასე რატომ მაშინებს. ძალიან ცუდია, ახლა რასაც დავწერ, მაგრამ არ მინდა, რომ დამესიზმროს. ვიტანჯები და მინდა, რომ ეს კოშმარი დასრულდეს.

„სარკის“ ერთგული მკითხველი