დღეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, რომ გარდაიცვალა შაშიანელი ზოია წიკლაური, რომელიც თბილისის კოლორიტად იქცა. „არ მინდა, წარსულში ვისაუბრო შენზე. ძალიან დააკლდები ქალაქს. როგორ უხდებოდი თბილისის ქუჩებს… უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. შენს დაბადების დღეზე ვაპირებდით სიურპრიზის მოწყობას. ხომ დამპირდი, 17 ნოემბერს აქ ჩამოიარე, ყვავილებს და საჩუქარს დაგახვედრებოოო… სასწრაფოს გადაუყვანია, ცუდად გამხდარა და სასწრაფო მანქანაში გარდაცვლილა“, – წერს ლია ლოლაძე, რომელიც ზოია წიკლაურის თბილ ვიდეოებს აქვეყნებდა და ადამიანებს მას სხვა კუთხით აჩვენებდა.
ზოიას 20 ნოემბერს ჰქონდა დაბადების დღე, ოღონდ არ ამბობდა, რამდენი წლის ხდებოდა.
ზოიას შესახებ ამბები ნინო კვარაცხელიამ მოიძია და მან დაწერა ისტორია, რომელიც ძალიან ჰგავს მარიტას ამბავს „ნატვრის ხიდან“.
„ეგ ქალი ჩვენი შაშიანელი ზოია წიკლაური გახლავთ, რომელიც ახალგაზრდობაში ჩვენს შაშიანს ალამაზებდა. მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ თითქოს ახლაც ვხედავ, სოფლის გზაზე ზოიას გამოჩენისას ხალხი ფანჯრებს რომ აღებდა და აშტერდებოდა, უი, ქა, რა ლამაზიაო! სწორედ მარიტასავით ლამაზი იყო და მასთან დაკავშირებული მომენტები მეც თითქოს მარიტას ჩაქოლვის კინოკადრებივით მიდგას თვალწინ, ოღონდ ეგ არის, ჩვენი ზოია ჩაქოლვას კი გადაურჩა, მაგრამ ფსიქიკა შეერყა….
ასეთი ლამაზი რომ არ ყოფილიყო, ამდენ ავ თვალსაც არ მიიკარებდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი თაყვანისმცემელი ეყოლებოდა! თავად კი მხოლოდ ერთი უყვარდა და ცოლადაც მას გაჰყვა – სოფელ მუკუზანში გათხოვდა თავისავით ლამაზ ბიჭზე, თამაზ ანჩაბაძეზე. ულამაზესი წყვილი იყო და რომ არა ის დაწყევლილი შემთხვევა..
გამოჩნდა კაცი, რომელიც ზოიას ხელში ჩაგდების სურვილს ვერ მოერია და ამ ორს ცხოვრება დაუნგრია.ზოია ვეტერინარი იყო, ის კაცი კი მის გვერდით მუშაობდა და ქალი ისე უყვარდა, მის ხელში ჩასაგდებად ყველა საშუალებას იყენებდა… ერთ ღამეს, როდესაც ზოიას ქმარი შინ არ იყო, ეს კაცი დათვრა და შუაღამისას მძინარე ქალს მიადგა, მაგრამ, რადგან სახლის კარი დაკეტილი დაუხვდა, ფანჯარაში დააპირა გადაძრომა. სწორედ იმ დროს ზოიას ქმარი შინ დაბრუნდა და კაცს თავზე დაადგა…
ზოიას ქმარს „სტუმარი” კინაღამ ცემისას შემოაკვდა, თუმცა ცოლისათვის თითი არ დაუკარებია, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა – ახლავე შენს მშობლებთან წადიო და იმ ღამესვე მუკუზნიდან შაშიანში ქალიშვილი და შვილიშვილი თავადვე გადმოუყვანა ზოიას დედ-მამას, რომლებიც ელდით მალევე დაიხოცნენ. ბავშვი სულ ორი წლის იყო, როდესაც ეს ამბავი მოხდა.
ზოია სულ ოთახში იყო ჩაკეტილი. მახსოვს, როგორ გავიგონე ერთხელ მეზობლების ჩურჩული, ზოია შეიშალაო, რაც ჩვენთვის, ბავშვებისთვის, საშინელი ამბავი იყო…
როცა დამამშვიდებელ წამლებს სვამდა, არავის ვნებდა, პირიქით, ბავშვებს სულ გვეფერებოდა. ერთხელ მახსოვს, გზაზე გამოგველაპარაკა – ნახეთ, თონის პურის რა კარგი სუნია, ნეტავი ვინ აცხობსო. ჩვენც სასწრაფოდ გავიქეცით ცხელი პურის მოსატანად, მაგრამ უკან ცხელი პურით რომ დავბრუნდით, ზოია უკვე აგრესიულად დაგვიხვდა. სხვა ბავშვებმა გვითხრეს, თქვენ რომ პურისთვის წახვედით, გზაზე ორმა ქალმა ჩამოიარა, ერთმა ჩაილაპარაკა, ვაიმე, ეს უბედური რა ლამაზი იყო და რას დამგვანებიაო. ეს გაიგონა და გაგიჟდაო…
ზოგი ამბობდა, ქალმა თუ არ მისცა საბაბი, კაცი მასთან ახლოსაც ვერ მივა, ესე იგი, იმ კაცს საბაბი ჰქონდა, იმიტომაც მიადგა შინო, მაგრამ სხვები ხომ ხედავდნენ, რომ ზოია გათხოვებამდეც ასკეტივით ცხოვრობდა და გათხოვების შემდეგაც. ზოგიერთი ამ ამბავს ასე „ხსნიდა”: საწყალს თავისმა ვეტერინარმა თანამშრომლებმა პირუტყვის აღსაგზნები წამალი დაალევინეს, რომ ქმრის გარდა სხვაც შეჰყვარებოდაო…
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი უბედურება დაემართა, მაინც ჰქონდა ის ენით აუწერელი მიზიდულობა თუ პეწი, რითაც ხალხს აოცებდა…
ჩვენს სოფელში ბიძა-ბიცოლა ჰყავდა, რომლებიც მის შვილსაც პატრონობდნენ. ულამაზესი ბიჭი დადგა, მაგრამ ბედისწერა მასაც დაეწია და არია. მხედრიონობის დროს მოუკლეს. ულამაზესი და უკარგესი ვაჟკაცი იყო. ისე დაკრძალეს, ზოიას არც გაუგია – უკვე გამქრალი იყო სოფლიდან და ყველას, მათ შორის – შვილსაც გარდაცვლილი ეგონა. უბრალოდ, ადგა და წავიდა. ისეთი დრო იყო, მედიკამენტებიც კი აღარ იშოვებოდა და აღარც ზოია სვამდა, ამიტომაც დაავადება გაუმძაფრდა და წავიდა. სოფელმა ყველგან მოიკითხა, მაგრამ ალიკვალი ვერ გაიგო. ამ ბოლო წლებში სოციალურ ქსელში გამოჩნდა მისი ფოტოები და ასე მივხვდით, რომ ცოცხალი იყო. მერე ხალხმა მოიკითხა და ეკლესიაში აღმოაჩინეს. ერთ-ერთ ტაძარშია შეფარებული..
ერთმა შაშიანელმა მოინახულა და გაოცებული დაბრუნდა, მგონი, ჩვენს ზოიას სალოსის თვისება შეუძენია, ისე გესაუბრება, თითქოს სარკეში გხედავს და ყველაფერი იცის, არ მითქვამს, რომ შაშიანიდან ვიყავი, მაგრამ დაიჟინა, შენ ჩემთან შაშიანიდან მოხვედიო…
ის კაცი, რომელიც ზოიას ცხოვრების დამხობის მიზეზად იქცა, ისე გარდაიცვალა, სიხარული არ ღირსებია, ყველა თავისი საყვარელი ადამიანის სიკვდილს მოესწრო. ზოიას ქმარმა მოგვიანებით ცოლი შეირთო, მაგრამ ცხოვრება ვერ ააწყო, პირიქით, სმას მიეძალა და ცოლთან გამუდმებული კონფლიქტი ჰქონდა… ბოლოს საკუთარ სახლში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს. თავში რაღაც მძიმე საგნის კვალი ჰქონდა… ყველას ცოდვის კალო დაუტრიალდა, ვისაც ზოიას უბედურებაში ოდნავ მაინც ხელი ერია…“, – მოუყვა ნინო კვარაცხელიას შაშიანელი ქალბატონი, ნარგიზა.
