„სანგარში ვიყავი, ცოლმა რომ დამირეკა, მამა გახდები, ამიტომ თავს გაუფრთხილდიო“
როგორ გარდაქმნეს კახა ბასილია უკრაინელმა ცოლმა და 60 წლის ასაკში შეძენილმა გოგონამ

„სანგარში ვიყავი, ცოლმა რომ დამირეკა, მამა გახდები, ამიტომ თავს გაუფრთხილდიო“„სარკე“

კარატესა და საბრძოლო ხელოვნებათა ლიდერი, კახა ბასილია, 2022 წლის თებერვალში ბედისწერამ დროებით საქართველოდან გახიზნა… უკრაინაში ჩავიდა სემინარების ჩასატარებლად და ომმაც მოუსწრო… პირველივე დღეებში ქართული ლეგიონის ბაზაზე სათავეში ჩაუდგა ლეგიონის სპორტულ განყოფილებას და შეუდგა მოქალაქეების მზადებას თავდაცვისათვის ევროპელ და ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად.

სწორედ იქ, საწვრთნელ ბაზაზე, გაიცნო მასზე 23 წლით უმცროსი იოგას ინსტრუქტორი, კიეველი ახალგაზრდა ქალი, მარინა კარიმოვა, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. მათი პატარა მია ქვეყანას ამა წლის 11 მაისს მოევლინა. 60 წლის ასაკში მამობის უჩვეულო შეგრძნებაზე კახა ბასილია „სარკის“ ახალ ნომერში საუბრობს:

_ არასდროს დამავიწყდება 2024 წლის 9 სექტემბერი. ნაწვიმარი იყო. მორიგეობის დროს სამხედროებმა ღამე სანგარში გავათიეთ ტალახში, ჭუჭყში… პესიმისტური აზრები მომეძალა…

დავხედე ტელეფონს, მეუღლის ზარები იყო შემოსული. ასეთ დროს ცუდი აზრები გიტრიალებს თავში: რამე ხომ არ შეემთხვა, დაბომბვებია, დენი არ არის… დავურეკე, ხომ მშვიდობაა-მეთქი. მშვიდად მიპასუხა, კი, ყველაფერი კარგადაა, ერთი რამ მინდა, გითხრა, ორსულად ვარ, ჩვენ ბავშვს ველოდებით, მამა გახდები, ამიტომ თავს გაუფრთხილდი და გელოდებიო…

უფალთან არასდროს ვყოფილვარ ისე ახლოს, როგორც ახლა. უფალმა დამანახა, რა არის ცხოვრების არსი _ ეს სიყვარულია. ადამიანი მისდევ ცრუ რაღაცებს და გგონია, რაღაც სასწაულს აკეთებ, სამყარო უნდა გადაარჩინო… თურმე უნდა მიხედო შენს ცხოვრებას, სიყვარულით და ბედნიერებით გადაარჩენ სამყაროს. ერთი სიყვარული შექმნის სხვას… ამით გადარჩება სამყარო _ სიყვარულით.

ინტერვიუ სრულად ნახეთ ჟურნალ „სარკის“ მიმდინარე ნომერში