„სარკე“
მომღერალი დოდონა ნამორაძე „ევროვიზიის“ კონკურსისთვის ემზადება, მაგრამ არ იცის, შეძლებს თუ არა, საქართველოს სახელით გამოვიდეს სცენაზე.
დოდონა ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა მაშინ გაიცნო, როდესაც საბერძნეთის „ვოისში“ მიიღო მონაწილეობა და თავისი უნიკალური ნიჭით ყველა აალაპარაკა. უცხო ქვეყანაში ქართველმა გოგონამ მეორე ადგილი დაიკავა, არადა პირველ ადგილს რომ იმსახურებდა, ამაზე ფაქტობრივად ყველა თანხმდებოდა.
მომღერალმა საბერძნეთში წასვლამდე ქართულ მუსიკალურ შოუებშიც სცადა ბედი, მაგრამ აქ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, შეუმჩნეველი დარჩა. მომღერალი „სარკის“ მკითხველებს ახალ გეგმებსა და წარსულში მიღებულ გამოცდილებაზე უყვება.
დოდონა: ორი წელია, ბრიტანელი კომპოზიტორი, ჯოში, აგზავნის ჩემს სიმღერებს „ევროვიზიის“ შესარჩევი ტურებისთვის. შარშან ჩავერთე და წელსაც გავაგზავნე ორი არაჩვეულებრივი სიმღერა. ეს არის ინგლისური, პოპ ჟანრის სიმღერები, რაც „ევროვიზიას“ უხდება. ორივე ძალიან მაგარია. იმედი მაქვს, ამ სიმღერების განხილვა იქნება და შევძლებ საქართველოს წარდგენას „ევროვიზიაზე“. ძალიან დიდი იმედი მაქვს და, ვფიქრობ, მაგარი შედეგი დაიდება ამ სიმღერებით…
ყველაზე მთავარი მოტივი ის არის, რომ საქართველო კარგად წარდგეს და ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი ნიჭი და ა.შ., სწორად წარვადგინოთ. მქონდა შემოთავაზებები, სხვა ქვეყნის სახელით გამეგზავნა ჩემი სიმღერები, მაგრამ… ძალიან მინდა, საქართველოს წარმომადგენელი გავხდე და არა რომელიმე სხვა ქვეყნის, მაგრამ, თუ სხვა გზა არ მექნება, ალბათ მერე სხვაგვარად მოვიქცევი…
ბოლოს 12 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვცემე ჩემი ფილიპინელი კლასელი და, იცით, რატომ? დროშების დღე გვქონდა სკოლაში და ყველას თავისი ქვეყნის დროშა ჰქონდა მოტანილი. მე საქართველოს დროშა მივიტანე. მან კი არ იცოდა, როგორ გავემწარებინე… ამ ასაკში ხომ ასე ხდება გრძნობის გამოხატვა. აიღო ჩემი დროშა, მიწაზე დააგდო და დააბიჯა.. ისეთი ვცემე, საავადმყოფოში მოხვდა, რადგან ცხვირი გავუტეხე. დედაჩემი დაიბარეს სკოლაში და რომ მოუყვნენ, დედამ სახლში იმ დღეს ხინკალი გამიკეთა, ყოჩაღო…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
