მსოფლიო ბალეტის სცენებზე კიდევ ერთი ქართველი ბალერინა კაშკაშებს – სალომე ლევერაშვილი. ის რამდენიმე წელია, რაც ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის დასის წევრია, დღეს კი ის თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა.
სალომე ცეკვით ბავშვობიდან დაინტერესდა. ბალერინას დედა, მარინა ბერიკაშვილი, ქართული ხალხური ცეკვის შემსრულებელი გახლდათ, მამა – ტანმოვარჯიშე. როგორც თავად იგონებს, პატარაობისას სათამაშოებით ნაკლებად ერთობოდა. საკუთარი ფანტაზიით ქმნიდა სპექტაკლებს, ასევე – საცეკვაო მოთხრობებს პრინცებსა და პრინცესებზე და სახლში მოწყობილ პატარა თეატრში დაუღალავად ცეკვავდა მშობლებისა და ბებია-ბაბუის წინაშე. მშობლებმა თავიდან ქართულ ცეკვაზე შეიყვანეს, მაგრამ შემდეგ ბალეტის სიყვარულმა დაძლია და საბალეტო სკოლაში დაიწყო სწავლა.
სალომემ 2016 წელს დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი, იმავე წელს ნიდერლანდების ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდულ დასში ჩაირიცხა.
ქართველი ბალერინა თანამშრომლობს თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფებთან, ცეკვავს სპექტაკლებში: „ბაიადერა“, „კოპელია“, „მძინარე მზეთუნახავი“, „დონ კიხოტი“, „მატა ჰარი“, „ტრისტანი და იზოლდა“ და სხვა.
