„სარკე“
გოგი დოლიძე – ის გარეგნულად ლამაზი ადამიანი იყო და ამასთან, უაღრესად განათლებული, საოცრად პოზიტიური, საზოგადოებრივად აქტიური მოღვაწე. მას ეკუთვნის არაერთი სამეცნიერო და კრიტიკული წერილი ქართული კინოს ისტორიის საკითხებზე. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. იყო ათამდე წიგნის ავტორი. მათ შორის ერთ-ერთს, „აკაკის მოგზაურობა 90″-ს, თავისი ცხოვრების წიგნს უწოდებდა. წერდა ლექსებსაც, ისე, თავისთვის.
ბოლო წლებში წიგნების პოლიგრაფიული დონის ამაღლებისათვის იღვწოდა, სტილისტურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს ასწორებდა, ქართული ენის სიწმინდეს იცავდა… ბატონი გოგი რამდენიმე დღის წინ შეუერთდა იმიერს 91 წლის ასაკში…
გთავაზობთ ამონარიდებს ბატონი გოგის ინტერვიუებიდან, რომლებიც „სარკის“ ოქროს არქივში ინახება.
_ ჩემი მეგობრებისგან ხშირად მესმოდა _ უწმინდესს შევხვდით და დაგვლოცაო. მე კი 70 წლის ისე შევსრულდი, პატრიარქი პირისპირ არ მენახა. გული მწყდებოდა, თუმცა არ გამოვხატავდი.
ერთ მშვენიერ დღეს უწმინდესმა დამიბარა და მითხრა, ჩოხოსან რაინდთა დასი უნდა ჩამოაყალიბოო. ეს ჩემთვის გამაოგნებელი იყო! უცბათ ვერ გავიაზრე, რას ნიშნავდა. მან ჩვეული ლაკონურობით ამიხსნა, რომ რაინდობა არ ნიშნავს ხმლის ტრიალს, არამედ ესაა ზრუნვა გვერდით მყოფ ადამიანზე… მეორე დღესაც დამიბარა, ბევრი ვისაუბრეთ და ჩამოვაყალიბე ჩოხოსან რაინდთა დასი, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობისაა…
მას შემდეგ პიროვნულად დავიხვეწე, თითქოს ხელახლა დავიბადე. საოცარია, უწმინდესმა როგორ დაინახა ჩემში ის კაცი, ვისაც ეს საქმე უნდა ეკეთებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში არაფერი იკარგება…
ოჯახში უპირველესი ცოლია, რადგან ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ჩემი მეუღლე ყოველთვის ამბობდა, გოგი ფულს რომ მოიტანს, აღარ კითხულობს, სად წავიღეო. ყველაფერს ის ანაწილებდა და უვლიდა.
მისი გარდაცვალების მერე მხოლოდ ერთი რამით ვარ ბედნიერი, ჩემს მაგიდაზე სულ წიგნები და ქაღალდებია გაშლილი. ამას ასე გამიჩერებდა?! არავითარ შემთხვევაში!..
სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
