„სარკე“, რუსუდან ადვაძე
„იმ პერიოდში როდესაც მამუკას საშინელი ამბავი მოხდა, დედა ამბობდა, ალბათ ამქვეყნიდან მივდივარ, რადგან სამი დღეა, სიზმარში ჯანსუღი მოდის და საწოლთან ზის. რატომ მოდის, ვერ გავიგე?! თავზე ხელს მისვამს და მეფერებაო… მე მჯერა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დიდი და უზარმაზარი კოსმიური ძალა არსებობს და ეს ყველაფერი ამის დამსახურებაა… ერთი წლის წინ, თავის დაბადების დღეზე მამაუკამ თქვა, 70 წლის ვერ გავხდებიო. რას ლაპარაკობ-მეთქი… მისმა ერთ-ერთმა ექიმმა მომიყვა, მდგომარეობიდან მორიგი გამოყვანის შემდეგ, ბატონო მამუკა, როგორ ხართო, რომ ვკითხე, ჟანგბადის ნიღაბი მოიძრო და მიპასუხა: „მე კარგად, შენ?!“. ეს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მოხდა… არადა თითქოს გამოძვრა, სახლში წამოყვანას ვაპირებდი, მაგრამ ვერაგმა დაავადებამ თავისი გაიტანა…“, – ყვება პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ამბები.ჯი-სთან ძმაზე, მუსიკოს მამუკა ჩარკვიანზე.
მანამდე ქალბატონმა თაკომ „სარკეს“ დაწვრილებით უამბო თავის დიდ ტკივილსა და იმ ყველაფერზე, რამაც მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობა დაამძიმა. მუსიკოსი 24 აგვისტოს 70 წლის გახდებოდა. ის სწორედ ამ დღეს დაკრძალეს…
თაკო ჩარკვიანი: საშინელი ზაფხული გვქონდა… ჯოჯოხეთივით მახსენდება ეს პერიოდი. ბოლო სამი თვე კლინიკაში იწვა მამუკა და მეც ფაქტობრივად არ გამოვსულვარ იქიდან.
მხოლოდ სულ ის მესმის, მამუკას ხომ ოპერაცია გაუკეთა ამ მთავრობამო, არადა სახელმწიფომ, მისმა საავადმყოფომ დაგვაზარალა თავის დროზე.
– ოპერაცია, რომელიც ავსტრიაში დაუფინანსეს, ფეხის გამო დასჭირდა… რა მოხდა მანამდე, რატომ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა?
– მამუკას ფეხი მოტყდა, ეს მანამდე, სანამ „ოცნების” ხელისუფლება მოვიდოდა ქვეყნის სათავეში. პირველად მოვყვები, რაც მოხდა მამუკას თავს და რაც დაგვმართეს…
ფეხი რომ მოტყდა, ერთი ოპერაცია კარგად გაუკეთეს. მეორე ოპერაციის შემდეგ კი ამბობდა, კოჭთან რკინა მერჭობაო. ასე გრძნობდა, თუმცა ჩვეულებრივად დადიოდა. რკინები ჩაუდგეს მაშინ ფეხში.
მაშინ ქუთაისში ჩაატარა საოცარი კონცერტი და ბევრჯერ გამოიძახეს ბისზე. სკანდირებდა მთელი დარბაზი, ისეთი ამბავი იყო. კულისებში რომ გამოვიდა, მითხრა, ისე მერჭობა რკინა, გულზე მირტყამსო. როგორც ჩანს, მოშვებული ჰქონდა იმ რკინას რაღაც. მაშინ თქვა, ერთმა კარგმა ქირურგმა მითხრა, მოდი ჩემთან, ჩაგიკეტავ სახსარს, ძალიან არ იკოჭლებ, მაგრამ ისე ივლი, თითქოს ცოტა ზოგავ ფეხსო. მაშინ მამა ცოცხალი იყო და ყველამ ვუთხარით, რომ აუცილებლად უნდა გაეკეთებინა ეს ოპერაცია.
გაიკეთა ეს ოპერაცია მაშინ ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში. გაუკეთა იმ ძალიან კარგმა ქირურგმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ოპერაციით დავიღუპეთ!
თავიდანვე შევშფოთდი, რადგან, რომ გამოიყვანეს, დავინახე, ე.წ. ელიზაროვის აპარატი ჰქონდა ჩადგმული. რკინებს რომ შემოავლებენ ხოლმე ფეხზე, ის აპარატია. არ გვესიამოვნა არც მე, არც მამუკას მეუღლეს… არ ვიცოდით, რომ ამ აპარატის ჩადგმაზე იყო საუბარი. გაგონილი მქონდა, რომ მისი ჩადგმის შემდეგ ინფიცირდებოდნენ ადამიანები და იმიტომ შევშფოთდი.
3 თვეში უნდა მოეხსნათ აპარატი, მაგრამ გავიდა 3 თვე და არ ხორცდე-ბა… 2012 თუ 2013 წელი იყო უკვე. არაფრით შეხორცდა და თან სიცხეები დაეწყო. ანტიბიოტიკებსაც სვამდა, ყველაფერს იკეთებდა, მაგრამ არ ხორცდებოდა. მაღალი სიცხეები ჰქონდა, დაიტანჯა ბიჭი. ასე გავიდა 8 თვე.
ერთ დღეს, დილის 6 საათზე დამირეკა. გადავირიე, ამ დროს რომ მირეკავდა. მითხრა, ფეხის მოკვეთა შემომთავაზესო. შოკში ჩავვარდი. ავტეხეთ ერთი ამბავი… მივიყვანეთ ექიმ ირაკლი გოცაძესთან, რომლის უზომოდ მადლიერიც ვარ. ნახა თუ არა, მაშინვე თქვა, რაც იყო. გვითხრა, ძალიან ცუდ რამეს ვხედავო…
დაგვღუპეს! აღმოჩნდა, რომ ბაუმანის ბაქტერია შეუყვანიათ აპარატით ოპერაციის დროს. ზუსტად იმავე პერიოდში დააინფიცირეს ასევე 15 წლის გოგონა. ის ახალგაზრდა იყო და, როგორც ვიცი, რეაბილიტაცია მოხერ-ხდა. მამუკა კი უკვე ისეთ ასაკში იყო, ვეღარ მოხერხდა რეაბილიტაცია.
ბაუმანი არის უმძიმესი, მომაკვდინებელი ბაქტერია, რომელიც პნევმონიას და ათას უბედურებას იწვევს. ჩვენთან კი ვერ ხდება ამ ბაქტერიის მკურნალობა. აქ შესთავაზეს ფეხის მოკვეთა! ავსტრიაში ექიმი გვეხუმრა, კი მაგრამ თავსაც ხომ არ მოაჭრიდნენო. პირ-ხახაში ჰქონდა უკვე ბაქტერია და ფეხის კვეთა რას უშველიდა?!
ერთი სიტყვით, დავუკავშირდით ქართველ ექიმ სოსო ნანობაშვილს, რომელმაც გერმანელ ქირურგთან ერთად გააკეთა 4 მცირე და 4 დიდი ოპერაცია. წარმოგიდგენიათ, რა გადაიტანა მამუკამ?!
– ეს ოპერაციები დააფინანსა „ქართუმ”?
– ამხელა თანხა, რა თქმა უნდა, არ გვქონდა. რომ არ გვქონდა, ეს ცალკე ამბავია, რადგან იცით, რა მდგომარეობაშიც ჩააგდეს ჩემი მეუღლის ბიზნესი! გარკვეული თანხა მოიძია ჩემმა ქმარმა, მაგრამ არ გვყოფნიდა. ჯანსუღმა დაიწყო თანხე-ბის მოკითხვა, ხან ვის ვეტაკეთ და ხან – ვის. 8 ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო, რომ ეს უბედური ბაქტერია ამოეფხიკათ ორგანიზმიდან. შიგ ძვალში შეუყვანეს ბაქტერია და ოსტეომიელიტი მიდიოდა, ძვალი აღარ ხორცდებოდა.
გადავწყვიტეთ, მარათონი ჩაგვეტარებინა. ალბათ მოგეხსენებათ, მამუკა ჩარკვიანს მარათონი რომ დიდ თანხებს მოუტანდა, რადგან ხალხს ძალიან უყვარდა. მარათონისთვის მზადება რომ დავიწყეთ, მივაკითხეთ ეკა ხოფერიას, რომელმაც გვითხრა, რომ წინა დღეს ჩაატარა სხვისთვის მარათონი და ორი კვირის შემდეგ შეძლებდა. ორი კვირა კი ჩვენ აღარ გვქონდა, კვდებოდა ადამიანი. მადლობა ვუთხარი ხოფერიას, მაგრამ ფიზიკურად არ გვაქვს დრო-მეთქი.
„რუსთავი 2″-მა ნიკა გვარამიას და ნანუკა ჟორჟოლიანის ჩართულობით ერთ დღეში მოგვიმზადა სტუდია. უამრავი ადამიანი აპირებდა ამ მარათონში მონაწილეობას – მაია ჯაბუა, მერაბ სეფაშვილი, გიო ხუციშვილი, დათო გომართელი… ყველას მე ჩამოვურეკე. მთელი თბილისის მომღერლები ფეხზე დადგნენ, რომ მამუკას დახმარებოდნენ.
ფულს რომ ვეძებდით და მამუკა კვდებოდა, ხელისუფლებიდან არავინ შეგვხმიანებია. საღამოა, ვემზადებით მეორე დღის მარათონისთვის და დამირეკა ნინო კობახიძემ, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილის პრესცენტრში იყო, მითხრა, მარათონის რეკლამა ვნახეთ და, თუ შესაძლებელია, მოხსენით ეგ მარათონი, რადგან პრემიერის ფონდი “ქართუსთან” ერთად სრულად დააფინანსებს მამუკას ოპერაციებსო. მადლობის მეტი რა მეთქმოდა?!
პატიოსნად მოვხსენით მარათონი, რადგან ჩვენ ადამიანების გატყავება კი არ გვინდოდა, რომ მარათონიც გაგვეკეთებინა და იქიდანაც ფული აგვეღო. იმავე წამს ვესაუბრეთ ნანუკას და ავალაგეთ სტუდია. მადლობა ვუთხარით გვარამიასაც.
გვყოფნიდა ის თანხა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტმა გაიღო. არასოდეს მიკადრებია და არ მითქვამს, მაგრამ ახლა ვიტყვი – დიდი ბოდიში, მაგრამ მამუკა ჩარკვიანი სახელმწიფომ, მისმა საავადმყოფომ ხომ არ დაღუპა?! ეს არის კლინიკის ბაქტერია, რომელიც მათ შეჰყარეს! საავადმყოფოს კედლებში ცხოვრობს ეს ბაქტერია.ახლა იმის გამო გვლანძღავენ, რომ თურმე დაგვიფინანსეს ოპერაცია.
– 8 ოპერაციის გაკეთების შემდეგ კი მამუკას ეტლში ჩაჯდომა მოუწია…
– დიახ, ამ 8 ოპერაციას მოჰყვა ეტლი და უამრავი რაოდენობის ანტიბიოტიკის მიღება. ამან გაანადგურა მამუკას ჯანმრთელობა და იმუნური სისტემა.
მოგეხსენებათ, მამუკას სასმელის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ან თვითონ გვირეკავდა და თავს ჩაგვაკეტვინებდა ხოლმე, ან ჩვენ ვეუბნებოდით, აბა, ჩქარა, უნდა შეწყდეს ეს ამბავიო. იმდენი სიმღერა, 100-ზე მეტი ჰიტი რომ აქვს ჯანსუღის ლექსებზე, მაშინაა შექმნილი. თვეების განმავლობაში არ სვამდა. ერთხელ იხუმრა, მე საკუთარ თავს თუ დავუშავე, თორემ არავისთვის არაფერი დამიშავებიაო.
ერთი სიტყვით, არავითარი კავშირი არ ჰქონია ალკოჰოლს იმ ინფექციასთან, რომელიც ამ დაბალი განვითარების სახელმწიფომ შეჰყარა ბიჭს! არა მხოლოდ მამუკას, ძალიან ბევრს დამართეს იგივე. ამ ტიპის ოპერაციების შემდეგ ძვლის ავადმყოფობა, ოსტეომიელიტი იწყება და ზოგი გერმანიაში მიდის, ზოგიც იღუპება.
ამ ინფექციამ ცენტრალური ნერვული სისტემა დაუზიანა მამუკას, ტრემორი დაეწყო და ხელი ნაკლებად ემორჩილებოდა. წარმოგიდგენიათ, რა იყო ეს მუსიკოსისთვის, რომელიც გიტარაზე ბრწყინვალედ უკრავდა და საოცარ მუსიკას ქმნიდა?! ამ ყველაფერმა მძიმე დეპრესია გამოიწვია, ამის გამო რეაბილიტაცია ვერ გაიარა და ეტლში დარჩა.
ამ ყველაფერს პირველად ვყვები, რადგან ყელში ამომივიდა იმის ძახილი, რომ მამუკას ოპერაცია გაუკეთეს! ჩვენს ოჯახს არავინ შეთანხმებია, რომ ოპერაციას გაუკეთებდნენ და ჩვენ რუსეთს უნდა მივსალმებოდით. მამუკა ჩარკვიანი ჯანსუღთან ერთად თავისუფლების ჰიმნის ავტორია და როგორ წარმოგიდგენიათ, რა პოზიციაზე ვიქნებოდით?! სხვა მხრივ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია, მადლობის მეტი არაფერი გვითქვამს აქამდე, მაგრამ პოზიციის შეცვლა რუსეთის სასარგებლოდ, ნურას უკაცრავად! ამას ვერასოდეს ვიკადრებდით!
ინფექცია ხერხემლიდან შევიდა და პარკინსონის ჯგუფის რაღაც დაავადება გამოიწვია. ასეთ წამებაში გაატარა 12 წელი. პნევმონია ემართებოდა ხშირად, რაც ამ ბაუმანის რიკოშეტია თურმე, მისი გვერდითი მოვლენაა. ოთხჯერ იწვა კლინიკაში.
ბოლოს რომ იწვა, გადაგვყვნენ თან “კავკასიის მედიცინის ცენტრში” და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. 3 თვე იწვა და ორჯერ გამოიყვანეს მდგომარეობიდან, პალატაშიც გადაიყვანეს ორჯერ… ბოლოს კი სეფსისი განვითარდა და თავისი ქნა. ფილტვებმა უმტყუნა.
ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ცარიელი დავდივარ მეც და ოჯახის ყველა წევრიც. მამუკას ენერგეტიკის გარეშე ყოფნა ძალიან ძნელია. ეტლში იჯდა, მაგრამ თავს ერეოდა და მაინც მღეროდა, რადგან ეს მისთვის ორგანული იყო, ვერ ძლებდა მუსიკის გარეშე. რომ გაუმწვავდებოდა ტრემორი, ხელის პარკინსონული კანკალი, საშინლად განიცდიდა. მუსიკოსს, კომპოზიტორს ამაზე მეტი საშინელი რა უნდა დაგემართოს?!
– რას ამბობდა, როგორ აღიქვამდა ამ მწარე რეალობას?
– ჩუმად იყო და ეს სიჩუმე ისეთი იყო, მოგკლავდა. ეს სიჩუმე რომ მახსენდება, ვნადგურდები. ყველა დღე ასეთი არ იყო, მაგრამ ძირითადად ასე იყო…
ერთხელ, ჩემს დაბადების დღეზე, ეტლით სასწრაფოს მოაყვანინა თავი. გადარია ის ხალხი… მე შენ გეტყვი, ვინმე შეეწინააღმდეგებოდა.
– სასწრაფო თქვენთან წამოსასვლელად გამოიძახა?
– სასწრაფო სჭირდებოდა და გამოიძახა. პერიოდულად მაღალ სიცხეს აძლევდა და იმიტომ. სააკაძის ძეგლთან, ჩემს ოფისთან უთხრა, აქ გამიჩერეთ თუ შეიძლებაო, ჩამოუხტა, გადარია ის ხალხი და ასე მომილოცა დაბადების დღე. ჩემთვის მხოლოდ ძმა არა, ნამდვილად ჩემი სისხლი და ხორცი იყო და ჩემი დიდი მეგობარი.
– ალკოჰოლის სიყვარული რამ განაპირობა, საიდან გაჩნდა ეს მავნე ჩვევა მის ცხოვრებაში?
– ამაზე არ ვლაპარაკობ. დავიფიცე, რომ არასოდეს არაფერს ვიტყოდი. რაღაც ტრავმები იყო მის ახალგაზრდობაში, მის პირად ცხოვრებაში და 98% ამან იქონია გავლენა. ამაზე არც თავად საუბრობდა და არც ჩვენ, მისი ოჯახის წევრები.

– თქვენი დედა, ქალბატონი ირმა, როგორ არის, როგორ გადაიტანა ეს მძიმე ტრაგედია?
– დედაჩემმა არ იცის მამუკას გარდაცვალების შესახებ. 90 წლის არის და გლაუკომით სრულიად დაბრ-მავდა. მძიმე ავადმყოფია, გულზეც ოპერაცია აქვს გაკეთებული. მოძღვრიდან დაწყებული ყველამ გვითხრა, რომ არ გვეთქვა. გვითხ-რეს, ბარემ ესროლეთ, რადგან ვერ გადაიტანსო.
მეკითხება ხოლმე, ამდენ ხანს რატომ არის კლინიკაშიო. ამ ამბავში ის გვშველის, რომ იცის, მამუკას როცა პარკინსონი უმძაფრდებოდა, დაჭიმულობა დაეწყებოდა, ასეთ დროს ლაპარაკიც უჭირდა. ამიტომაც დედას არ უკვირს, რომ ვერ ელაპარაკება. ლოგინად ჩავარდნილიც რომ არის, ესეც გვიწყობს ამ ყველაფერში ხელს. მის გამოც ორ კვირაში ერთხელ გვიწევს კლინიკაში მისვლა.
დედა ჩემთან ერთად ცხოვრობს და ტელევიზორსაც ვაკონტროლებთ. ნაკლებადაც ესმის ყურში და გვიადვილდება კონტროლი, რომ ვერ გაიგოს. რომ გაიგოს, ზუსტად ვიცი, იმავე დღეს დაასრულებს სიცოცხლეს…
მამაც საშინლად, წარმოუდგენლად განიცდიდა მამუკას მდგომარეობას და დედაც. უნდა დაგენახათ მამას თვალები, მამუკას რომ მისჩერებოდა, როცა სიცხე უწევდა. მსგავსი ემოცია ალბათ არსად არავის უნახავს. ამ მამა-შვილის ტანდემი საოცარი რაღაც იყო. ხომ უცნაურია, რომ მამუკას ყველა ჰიტი ჯანსუღის ლექსზეა შექმნილი?! მამუკას ფანტასტიკური იუმორი ჰქონდა და ესეც ალბათ გენეტიკურად მოსდგამდა მამაჩემისგან.
ახლა მე ვარ ისე დაცარიელებული, გადმოცემაც აღარ შემიძლია, რასაც ვგრძნობ, ამას სიტყვებში ვერ ჩავტევ.
