ვახუშტი კოტეტიშვილი: „ღვთის მადლობელი ვარ, ამდენი ტანჯვა რომ განმაცდევინა”

ვახუშტი კოტეტიშვილი: „ღვთის მადლობელი ვარ, ამდენი ტანჯვა რომ განმაცდევინა"„სარკე“, ირინე მჭედლიძე

„ცხოვრებაში ყველას ჩვენი ფუნქცია გვეკისრება. ზოგს – წამებულის, ტანჯულის, ზოგს კი ბედნიერი კაცის ფუნქცია აქვს. უფალმა ბიბლიური იობის ბედი მარგუნა, მასავით ვიტანჯები. ეს არის ერთგვარი გამოცდა – ღვთის საგმობი სიტყვა წამოგცდება თუ პირიქით, უფალს მადლობას შესწირავ, რომ ამ გამოცდის ღირსი გაგხადა. ღვთის მადლობელი ვარ, ამ გამოცდის ღირსად რომ ჩამთვალა და ამდენი ტანჯვა განმაცდევინა”, – გვითხრა ქართული ფოლკლორის მამად წოდებულმა ვახუშტი კოტეტიშვილმა გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე. წელს 90 წლის იუბილე უნდა ჰქონოდა…

მაშინაც კი, როცა უკვე მძიმე ავადმყოფი იყო, სიამოვნებით გვმასპინძლობდა მამისეულ სახლში, რომლის ისტორიაც ისეთივე მძიმე იყო, როგორიც მისი პატრონის ცხოვრების ამბავი.

– თბილისის ომის დროს სახლი განზრახ დაგვიწვეს, – ყვებოდა ვახუშტი კოტეტიშვილის ვაჟი, გუგა კოტეტიშვილი, ჟურნალისტ ია ანთაძესთან, – მამაჩემს მოსდევნენ და ესროდნენ. პაპაჩემის ქანდაკებები, ნახატები… – აღარაფერი დარჩა. ეს ძალიან მძიმეა…

ზალიკო ქიქოძე ცხოვრობდა არსენას ქუჩის ბოლოში. მოვიდა, რომ გაიგო, ვახუშტის სახლი იწვისო. ვახუშტი ამ დროს იქ აღარ იყო, გამოაპარეს. ზალიკო და გია ნადირაშვილი შევიდნენ. გიამ, როგორც ძველმა ბიჭმა, უთხრა, ოჯახია და შემიშვით, რამეს გამოვიტანო. „შეაბა” და შეუშვეს ხუთი წუთით. რაც იცოდნენ – პაპაჩემის ნახატები, ქანდაკებები, ყაზბეგის სავარძელი პაპაჩემისთვის ნაჩუქარი – ეს ნივთები გამოიტანეს და მეზობლებმა დაინაწილეს. მერე ყველაფერი დაგვიბრუნეს. გია ნადირაშვილი კი შემდეგ ლევან აბაშიძესთან ერთად დაიღუპა აფხაზეთში.

იმ ტრაგიკულ დღეს სხვა ფასდაუდებულ არქივთან ერთად ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსებიც დაიწვა. ლექსები, რომლებიც წლების შემდეგ მის პატარა კრებულში შევიდა, ზოგი მეგობარი ქალების უბის წიგნაკებმა შემოინახა, ზოგიც ავტორის მეხსიერებას შემორჩა. დის, ლეილას, მიერ სათუთად გადაწერილი ლექსების 22 სქელი რვეულის აღდგენა კი შეუძლებელი გახდა.

ესეც ბედის ირონია იყო. ვახუშტი კოტეტიშვილი კლდე-ღრეებში დადიოდა, ქართული ფოლკლორის მარგალიტებს იწერდა, რომ არ დაკარგულიყო. სხვისი ლექსების შემგროვებელს კი საკუთარი ცეცხლში დაეწვა.

– ამბობენ, ვახუშტი კოტეტიშვილმა ააღორძინა ფოლკლორი, ქართული საქმე გააკეთა. სინამდვილეში მე არაფერი გამიკეთებია. დილიხორის კაცი ვარ, რაც მინდოდა და მიყვარდა, იმას ვაკეთებდი. არ შემეძლო შირაქში, არხილოსკალოში მცხოვრები ივანე წიკლაურის „რამ დამაბერა” მომესმინა და არ გავგიჟებულიყავი, – გვითხრა ბატონმა ვახუშტიმ.

მის ცხოვრებაში გამორჩეული დღე 1979 წლის 14 აპრილი იყო, როცა ფილარმონიის დარბაზში პირველი ფოლკლორული საღამო გამართა. ივანე წიკლაურის ლექსის წაკითხვაც იმ დღეს თავად მოუხდა, რადგან ხალხური მთქმელის ჩამოყვანა ვერ მოხერხდა. წიკლაურს ვახუშტისთვის უთქვამს, კიდევ კარგი, ვერ ჩამოვედი, ჩემს წაკითხულს ხომ ასეთი მადლი არ ექნებოდაო.

იმ საღამოს ფილარმონიის დარბაზი გადაჭედილი იყო, კიბეებზეც კი ისხდნენ მაყურებლები და ხალხურ მარგალიტებს უსმენდნენ.

– ქალებს ღაწვებზე ცრემლის ზოლები ჰქონდათ. ვხედავდი, როგორ ადნებოდათ ტუში თვალებზე. მერე ჩემმა მეგობარმა მურაზ ჯაფარიძემაც რომ ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოაცოცა და ცრემლები მოიწმინდა, მაშინ ვთქვი, მურაზიც რომ ატირდება, ესე იგი მართლაც კარგ საღამოს ვატარებ-მეთქი. მაშინ 43 წლის ვიყავი. იმ დღეს ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგონა, – უამბობდა “სარკეს” ვახუშტი კოტეტიშვილი.

სიკვდილის შვილი

ვახუშტი კოტეტიშვილს დაბადებისთანავე უცნაური ბედი დაჰყვა. ფოლკლორისტის, კრიტიკოსის, მოქანდაკის, ვახტანგ კოტეტიშვილის, ცოლს, პოლონელ ნინო დილევსკის, ბავშვის გაჩენა ექიმებმა სასტიკად აუკრძალეს. ქალმა იფიქრა, ვახტანგს ვაჟი უნდა და იქნებ ბიჭი იყოსო. ექიმების რჩევას ყური არ დაუგდო და ქმარს გვარის გამგრძელებელი აჩუქა, თავად კი ნაოცნებარი ვაჟის გაჩენას შეეწირა. ამ ამბის გახსენებისას ვახუშტი კოტეტიშვილმა გვითხრა:„მე სიცოცხლის კი არა, სიკვდილის შვილი ვარ, დედაჩემის სიცოცხლის ფასად გაჩენილი”.

ორი წლის შემდეგ ოჯახს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს. 1937 წელს ვახტანგ კოტეტიშვილი დააპატიმრეს და დახვრიტეს.

– მამა რომ გვერდით მყოლოდა, შესაძლოა, ბედის ნებიერას ნაკლები გამეკეთებინა, მაგრამ პოეზია ნაკლებად არ მეყვარებოდა. მთელი ცხოვრება სხვა ტვირთი მაწვა – მამაჩემის შვილობის ტვირთი. უფლება არ მქონდა, სხვანაირი ვყოფილიყავი.

უფალს მადლობას ვწირავ, რომ ბოროტება, სიძულვილი არ ჩადო ჩემში. მტრისთვისაც კი არასოდეს გადამიხდია სამაგიერო. ტკივილიც არავისთვის მიმიყენებია. ერთხელ მთელი ჰონორარი თაღლითებს მივეცი. რაღაც საქმე უნდა გაეკეთებინათ და მომატყუეს. ისინი შემდეგ სხვა საქმეზე დააპატიმრეს. სასამართლოზე მეც დამიბარეს. მოსამართლემ მკითხა, როგორ ენდეთო. ხომ ასეთი რამ გამიკეთა, მაგრამ ხვალ რომ მოვიდეს, კიდევ ვენდობი, სხვანაირად ცხოვრება არ შემიძლია-მეთქი, ვუპასუხე გაკვირვებულ მოსამართლეს.

უნდობლად ცხოვრება საშინელებაა. მირჩევნია, რამდენჯერმე მოტყუებული ვიყო. იქნებ ჩემმა მიტევებამ რაღაც სიკეთე გამოიღოს. შესაძლოა, ჩემი მიამიტობა ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ სხვანაიარად ცხოვრება არ შემიძლია, – გვიყვებოდა ვახუშტი კოტეტიშვილი.

ლეილას და ტატოს ტკივილი

მამის დახვრეტის შემდეგ ობლად დარჩენილ ბიჭს უფროსი და, ლეილა, შვილივით ზრდიდა. ტკივილს ტკივილი ცვლიდა. ყველაზე ახლობელი ადამიანები თანდათან გვერდიდან ეცლებოდნენ. გამზრდელი დის გარდაცვალება აუტანელ ტანჯვად ექცა.

– კოშმარები ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ღამე მეღვიძებოდა და ლეილას ხმა მესმოდა. ვერ გავიაზრე, რომ ლეილა აღარ იყო, – გვიყვებოდა ვახუშტი კოტეტიშვილი დაზე.

თითქოს ეს უბედურებებიც არ იკმარა ბედმა და უფროსი ვაჟის, ტატოს, სიკვდილით გამოწვეული უდიდესი ტკივილიც განაცდევინა. იგი გულის ინფარქტით 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

– ბევრი ტანჯვა ვნახე. ღმერთმა ბევრჯერ მომიწყო გამოცდა. ახლა არავითარი გამოცდისთვის აღარ ვვარგივარ, რადგან სულთმობრძავ მდგომარეობაში ვარ. უძლურებისგან ყოველდღე კომპიუტერს ჩავბღუი… – ეს სიტყვები გმინვასავით მოაყოლა ფოლკლორისტმა.

„თქვენს გვარში სახელი ვახტანგი არ უნდა მოიშალოს!”

ყველაზე დიდი სიხარული 23 წლის ასაკში განიცადა, როცა უფროსი ვაჟი, ტატო, შეეძინა. ზემელის დაღმართზე გახარებული მირბოდა, როცა პოეტები ნიკო სამადაშვილი და თამაზ ჩხენკელი შეხვდნენ. პოეზიით “დაავადებულ” ახალგაზრდებს განსაკუთრებით უყვარდათ ნიკო სამადაშვილი, მას ძია ნიკოს ეძახდნენ.

გახარებულ ვახუშტის მათთვის მიუხარებია, მამა გავხდიო. ნიკო სამადაშვილს უკითხავს, ქალია თუ ვახტანგიო. ვაჟია, მაგრამ ვახტანგს არ დავარქმევ, არ ვიცი, როგორი გამოვა, მამაჩემის სახელი შეუბღალავი დარჩეს, მან კი თავისი სახელით აკეთოს საქმეო, უთქვამს ახალბედა მამას.

– რას გეტყვი, იცი? შენა შენს შვილსა ვახტანგი უნდა დაარქვა, იმანაც თავის შვილსა – ვახტანგი, იმან კიდევ თავის შვილსა – ვახტანგი და თქვენს გვარში სახელი ვახტანგი არ უნდა მოიშალოს, – ძია ნიკოს ასე დაუმოძღვრავს გახარებული მამა.

მერე ახალგაზრდები რესტორან “გემოში” (ახლა იმ ადგილას მეტრო “რუსთაველია”) შეიყვანა და პატარას ნათლობაც იქ შედგა. ახალგაზრდა მამამ პირველ ვაჟს მართლაც ვახტანგი დაარქვა, თუმცა მას ყველა ტატოს ეძახდა.

მეორე შვილის, გუგას, დაბადებას კი „სარკესთან” ასე იხსენებდა:

– გუგა ჯერ დედამისს არ ჰყავდა ნანახი. მაშინ უკვე ცნობილი კაცი ვიყავი, ამიტომ გამონაკლისი დაუშვეს და შვილი მაჩვენეს. საოცარი გრძნობა დამეუფლა, როცა საფენებში გახვეული პატარა გამომიყვანეს და მაჩვენეს. ძალიან ლამაზი იყო.

მამაშვილობა, ისევე როგორც დედაშვილობა, საოცარი გრძნობაა. მამაშვილობასაც ნიჭი უნდა. საერთოდ, კოტეტიშვილებს შვილებისადამი გიჟური სიყვარული გენეტიკურად მოგვდევს. გუგაც საოცარი მამაა, ისიც თავის შვილზე, ვახტანგზე, გადაყოლილია. შვილიშვილზე აღარ მალაპარაკოთ, თორემ ტრაბახი მაშინ ნახეთ!

არაგვისპირში ნაპოვნი დედა

ხალხური სიტყვიერების ძიებაში უამრავი მეგობარი შეიძინა და საინტერესო ადამიანი გაიცნო. არაგვისპირში მომხდარ ამბავს იხსენებდა: მეგობარ გოგი წიკლაურთან ქეიფობდა. მეგობრის დედამ, 90 წელს მიღწეულმა ხოშია გოგოჭურმა, რომ გაიგო, ვახუშტის დედ-მამა არ ჰყავსო, ძალიან შეწუხდა და მოთქმა-ტირილი დაიწყო. ბატონ ვახუშტის უთქვამს, ხოშია დედი, მოდი, ბარემ დედა-შვილად გავიფიცნოთ და მიშვილეო. მართლაც, იმ დღეს, როგორც ფიცვერცხლით ძმებად იფიცებოდნენ, ხოშია და ვახუშტი დედა-შვილად გაიფიცნენ.

რიტუალის შემდეგ დაუნახავთ, რომ მოხუცი ხოშია ზის და ტირის. შვილს უთქვამს, დედი, რაღაზე ტირი, მოხუცებულობაში უშრომ-უზრუნველად პირდაპირ პროფესორი შვილი დაირტყიო. მოხუცს უთქვამს, არა, შვილო, მე უკვე 90 წელს ვარ მიღწეული, სადაცაა მოვკვდები და ვახუშტი ისევ ობლად რომ დარჩება, სწორედ იმაზე ვტირიო.

– საწყალი დედა ხოშია გარდაიცვალა და ისევ ობლად დავრჩი. ახლა მეეჭვება, რომ ვინმემ მიშვილოს, – ასე დაასრულა ამ ამბის მოყოლა ფოლკლორისტმა.

„ქალის თვალები არასოდეს იტყუებიან”

ვახუშტი კოტეტიშვილს ქალებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. მათთან ურთიერთობასაც ხელოვნება და განსაკუთრებული ნიჭი სჭირდებაო, ამტკიცებდა ახალგაზრდობაში ცნობილი მოარშიყე.

ვახუშტი კოტეტიშვილი:

– არა მხოლოდ წიგნის ჭია, კარგი მომლხენიც ვიყავი, კარგი თამადაც და კარგი მოარშიყეც. ლამაზად უნდა იარშიყო. ქალისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია. მას ყოველთვის ვანიჭებდი იმ ღირსებებს, რომლებიც შეიძლება არც ჰქონდა. ამით უფრო ვაკეთილშობილებდი.

ყოფილა შემთხვევა, რომ უზნეო ქალიც კი ასეთი მოპყრობით თავის ყოფაზე დაფიქრებულა და უკეთესი გამხდარა. ადამიანური ურთიერთობა ყველას სიამოვნებს. ნურცერთ კაცს ნუ ეგონება, რომ ამგვარი მოპყრობით თავს დაიმცირებს. ქალის წინაშე თავის დამცირება არ არსებობს. უნდა დაფიქრდე, იქნებ ამ დროს უფრო მაღლდები კიდეც…

ქალის სხეულიდან ყველაზე მთავარი თვალებია. მათში ყველაზე კარგად ჩანს ადამიანის სულიერება. ქალის თვალებს იშვიათად მოვუტყუებივარ. ერთადერთხელ არ ვენდე “სულის სარკმელს” და ვინანე. ჩემი ბრალი იყო. მინდოდა თავის მოტყუება და კიდეც მოვიტყუე. გარეგნულ, მიწიერ და ბიწიერ ამბებს ავყევი და არა – სულიერს. მერე ვინანე. იმ ნაბიჯმა ჩემი ცხოვრება არია…

ბევრი სულელი ქალი მინახავს და მათთან ურთიერთობა საშინელებაა. სულელი ქალი მხოლოდ სულელ მამაკაცს შეიძლება მოეწონოს.

მარტოობაში ნაპოვნი სიყვარული

სახლი როცა დაეწვა, სულიერად, ფიზიკურად და მატერიალურად ძალიან უჭირდა. შვილის მეგობარმა გოგონამ მეიდანზე თავისი სახლი დაუთმო, სადაც მარტოობაში ცხოვრობდა. თავად რეცხავდა და ალაგებდა.

– მარტოხელა, უბედური ვიყავი. საჭმელი ხან მქონდა, ხან – არა. სწორედ მაშინ “გამეჩითა” მზეო, – გვითხრა ცოლზე, თავის ნასტუდენტარ მზეო გოგოჭურზე. ისინი ერთმანეთს პოეზიის სიყვარულმა დააახლოვა. ვახუშტი კოტეტიშვილი 30 წლით უმცროს ცოლს უბედობაში გამოჩენილ ღვთის საჩუქარს ეძახდა:

– მზეო ცოტა ნერვებს მიშლის. როგორც იქნა, მიაღწია და სიგარეტი გადამაგდებინა. სასმელიც ამიკრძალა. ახლა გახდიო, მეუბნება და საჭმელსაც მიკრძალავს. მე, როგორც უზნეო ბავშვი, ვუძალიანდები, მაგრამ ხშირად არაფერი გამომდის, – გვიყვებოდა ,ბატონი ვახუშტი.

ერთად 15 წელი იცხოვრეს. „ეს იყო სამოთხე დედამიწაზე”, – იხსენებს მზეო გოგოჭური „სარკესთან”.

– ვახუშტი სულ მეუბნებოდა, მთელი ცხოვრება შენ გელოდებოდი და გული მწყდება, ასე გვიან რომ შეგხვდიო. მამაჩემის თანაკურსელი იყო და ამბობდა, მამაშენმა შენი თავი მანამდე რატომ არ გამაცნოო. მთელი ცხოვრება ის მე მელოდა და ახლა მთელი ცხოვრება მასთან მისვლას უნდა ველოდო…

აბსოლუტურად მორღვეული ჰქონდა ასაკი. ვახუშტი ვერ დაბერდა. ის იყო ახალგაზრდა, რომელსაც ფიზიკურად რაღაცები ასტკივდა, თორემ ბუნებით ვერ დაბერდა, – ამბობდა მზეო გოგოჭური მეუღლის გარდაცვალების შემდეგ.

ვახუშტი კოტეტიშვილი 2008 წლის 4 აგვისტოს 73-ე დაბადების დღეს შეხვდა. 3 დღის შემდეგ კი გარდაიცვალა. იმ დღეებში საქართველო ომის ცეცხლში იყო გახვეული, ამიტომ ბევრმა მეგობარმა უკანასკნელ გზაზეც ვერ გააცილა.

„ასე მგონია, ძალიან დასწყდებოდა გული, რომ 2008 წლის ომმა წაართვა მისი ბოლო დიდი სანახაობა – იმქვეყნად გაცილება. ვახუშტი კოტეტიშვილის ცხედარს თურმე უფრო ნაკლები ადამიანი აცილებდა, ვიდრე ერთი კვირის განმავლობაში სტუმრობდა მის ვრცელ, ძველი ხის ავეჯითა და ჩუბჩიკას პეიზაჟებით მორთულ დაუვიწყარ ოთახს.

ვერც მე გავაცილე, ვინ წარმოიდგენდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მოწყვეტილი დასავლეთი საქართველოდან ჩამოსვლა შეუძლებელი იქნებოდა”, – წერს ლიტერატორი ანი კოპალიანი.

„სიკვდილის შიში ახალგაზრდობის სენია. ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობაშერყეული კაცისთვის კი სიკვდილთან გაშინაურება და მასთან საუბარი იგივეა, რაც კარის მეზობელთან ჭიქის მიჯახუნება… ნუ შეგაშინებთ სიკვდილი. სიცოცხლე ჩვენს დროში ბევრად უფრო სახიფათოა”, – ამბობდა ვახუშტი კოტეტიშვილი „სარკესთან“.