„ციხეში ქორწინება რომანტიკული – არა, მაგრამ გააზრებული ნაბიჯი იყო” – დეა აფციაურის ბრძოლა ბედნიერბისთვის
„ფრაზა, რომ სიყვარული წლებთან ერთად ნელდება, მე არ მესმის"

„ციხეში ქორწინება რომანტიკული - არა, მაგრამ გააზრებული ნაბიჯი იყო" - დეა აფციაურის ბრძოლა ბედნიერბისთვის„სარკე“, ირინე მჭედლიძე

დეა აფციაური აქტიური სახეა სოციალურ პლატფორმებზე. ორი შვილის დედა თავისი ოჯახური ცხოვრების ქრონიკებს გამომწერებს მუდმივად უზიარებს. ის სულ ლაღი და ბედნიერია, თუმცა ამ რთული და დრამატული პერიოდიც გამოიარა. მან თავისი საყვარელი ადამიანისთვის, ოთო აბესაძისთვის, გაბედული ნაბიჯები გადადგა. როდესაც ოთო ციხის კედლებში იმყოფებოდა, დეა შეყვარებულისთვის ციხის გარედან იბრძოდა. სწორედ ციხეში შედგა მათი ქორწინებაც, რომელიც ალბათ წყვილს სულ სხვა გარემოში წარმოედგინა. ახლანდელი გადმოსახედიდან, სწორედ ამ სირთულეებმა ისინი უფრო გააძლიერა.

9-წლიანი ოჯახური ცხოვრების გამოცდილებას დეა აფციაური “სარკის” მკითხველებს უზიარებს.

– დეა, როგორ ახერხებთ, იყოთ საჯაროდ ძალიან აქტიური, მოტივირებული, მომხიბვ-ლელი იმ ფონზე, რომ ოჯახი და ორი მცირეწლოვანი შვილი გყავთ?

– ვთვლი, რომ ცხოვრებაში დისციპლინა, პრიორიტეტების სწორად დალაგება და დროის სწორი მენეჯმენტი ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს უნარები მეხმარება, რომ სწორად დავგეგმო ჩემი თითოეული დღე.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახლში ყოველთვის ყველაფერი იდეალურად იყოს დალაგებული, მოწესრიგებული, მაგრამ, როდესაც გყავს ორი შვილი და მათთან გატარებული დრო პრიორიტეტია, მაშინ შეიძლება ჯერ ჩემს უფროს შვილს ვეთამაშო, დრო დავუთმო მას და შემდეგ მოვაწესრიგო, სამზარეულო იქნება თუ საძინებელი. სახლის საქმეების გამო შვილთან ურთიერთობაზე უარის თქმა სწორ გადაწყვეტილებად არ მიმაჩნია.

საბედნიეროდ, მე არ ვარ გამონაკლისი, რომ ოჯახსაც ვუძღვები და ბევრ საქმესაც ვაკეთებ. ჩემ გარშემო ბევრ დედას ვხედავ, ვინც ერთნაირად წარმატებულია ოჯახშიც და კარიერაშიც.

– ფაქტია, რომ ბავშვების გამო სახლში არ “ჩაჯექით”.

– შეიძლება არაპოპულარული გამონათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ვთვლი, თავად დედები აკეთებენ ამ არჩევანს, რომ სახლში დასხდნენ. ბავშვების გარეშე მეც ვერ დავდივარ აქტიურად, მაგრამ სამაგიეროდ ბავშვები დამყავს ყველგან, სადაც შესაძლებელია.

ასეთი მიდგომა ბავშვების ადაპტაციისთვისაც კარგია საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თავადაც ბევრად აქტიურ პიროვნებებად ყალიბდებიან.

– ორი შვილის დედობამ ძალიან შეგცვალათ?

– ზოგადად, სანამ პირველად გახდები დედა, ერთი დღე მაინც უნდა გამოსცადო ორი ან სამი შვილის დედის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. იმას ვგულისხმობ, რომ მეორე შვილის შემთხვევაში ბევრად მშვიდი და ნაკლებად შფოთიანი ხარ. კირა რომ დაიბადა, აივანზეც კი არ ვფენდი მის სარეცხს, რომ მტვერი არ დასდებოდა. გიოსთან ასეთ დეტალებზე შფოთი და ნერვიულობა ბევრად ნაკლებია. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ორი შვილი კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლო-ბაა და ბევრი სირთულეც არსებობს, მაგრამ ცხოვრებაში კარგი ადვილი არასდროს არის.

– როგორი ოჯახი გამოგივიდათ, საბოლოო ჯამში?

– ჩვენ ძალიან ხმაურიანი ოჯახი ვართ. კომფორტს ქაოსში უფრო ვპოულობთ. ყველა ყველაფერს ვინაწილებთ და ვაკეთებთ, რაც ჩვენს ოჯახს სჭირდება.

– სოციალურ ქსელში თქვენი ფოტოებით თუ ვიმსჯე-ლებთ, მეორე მშობიარობის შემდეგ ადვილად ჩადექით ფორმაში. ეს ბუნებრივად მოხდა თუ რადიკალურ ზომებს, დიეტებს, ვარჯიშებს მიმართეთ?

– ალბათ ეს კარგი რაკურსით გადაღებული ფოტოების შედეგია. ზოგადად, მე არასდროს არ ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი. ფიზიკურად ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვარ ჩემს საუკეთესო ფორმაში, თუმცა ამის გამო დათრგუნული ნამდვილად არ ვარ. როგორც აღვნიშნე, ყველგან პრიორიტეტებია მთავარი. ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს და ამიტომ ინტენსიურად ვარჯიშს ვერ ვახერხებ.

– სულ მოწესრიგებული ხართ, მაკიაჟით, ვარცხნილობით. ალბათ დიდ დროს უთმობთ თავის მოვლას.

– რეალურად თავის მოვლას დიდ დროს ვერ ვუთმობ. მაქვს ჩემი საყვარელი პროცედურები, თავის მოვლის რუტინები, რაც არც დიდ დროს და არც დიდ ენერგიას მოითხოვს. ყველა ქალს შეუძლია, რომ საკუთარი თავის მოვლას დღეში, თუნდაც 15 წუთი დაუთმოს. მაინც ვთვლი, რომ გარეგნულად რომ კარგად გამოიყურებოდე, შინაგანად უნდა იყო ლაღი და თავისუფალი.

– ჩაცმის კუთხითაც სულ ფერადოვანი ხართ, ქალური. ეს სტილი ძალიან გიყვართ?

– ჩემი ხასიათია ასეთი. ადამიანებიც არ მიყვარს მოღუშული და მუქი ფერების მოყვარულები. მე ყველანაირად ვცდილობ, ტანსაცმელიც, ხასიათიც და ადამიანებიც, იყვნენ ფერადოვნები და ლაღები.

არადა ალბათ ბევრს ვერც წარმოუდგენია, ამ ფერადოვანმა, ქალურმა დეამ რამდენი სიძნელე, ნერვიულობა გამოიარა. ძალიან პრინციპული და მებრძოლი ქალი იყავით ურთულეს პერიოდში. დღეს როოგორ გახსენდებათ და აფასებთ იმ განსაცდელს, რომელიც ოთოსთან ერთად გამოიარეთ?

– არის ცხოვრების ეტაპები, რომლებიც რაც უნდა დრო გავიდეს, მაინც ძალიან მძიმედ მახსენდება. არასდროს ვამბობ, ნეტა, ჩემს ცხოვრებაში ეს რთული პერიოდი არ ყოფილიყო-მეთქი. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მომხდარიყო.

– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღევანდელი თქვენი ბედნიერება 9 წლის წინ ბრძოლით მოიპოვეთ.

– ასე გამოდის. არის ცხოვრებაში რაღაცები, რასაც ვერ შეცვლი, მაგალითად, ჯანმრთელობა, მაგრამ დანარჩენი ყველაფრისთვის შეიძლება ბრძოლა. ცხოვრების გარდამტეხ მომენტებში მთავარია, მოიკრიბო მთელი ძალისხმევა, რესურსი და მაქსიმუმი გააკეთო. დღევანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად ვამაყობ ყველა იმ ნაბიჯით, რომლებიც შეიძლება უცხო თვალისთვის ძალიან რადიკალურიც იყო.

– ოთომ და თქვენ ციხეში მოაწერეთ ხელი და დაქორწინდით. დღეს გახსენდებათ რომატიკულად ეს დღე?

– კი. ძალიან ძნელია, რომანტიკული დაარქვა ციხეში ქორწინებას, მაგრამ ეს იყო ძალიან გააზრებული ნაბიჯი ჩემი მხრიდან და ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი. ძალიან მიხარია, რომ 9 წლის შემდეგაც ძალიან ბე-დნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით. არ მინდა ამ თემის რომანტიზება ზედმეტად, რადგან ხშირად მწერენ ხოლმე, მეც მყავს შეყვარებული ციხეში და მეც ვფიქრობ ამ ნა-ბიჯის გადადგმასო. ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია.

მთელ ჩემს ამ-ბავში რომანტიკული ის იყო, რომ ცოლად მივყვებოდი არაჩვეულებრივ ად-ამიანს, თორემ ის, რომ ციხის კედლებში ხელს აწერ, არა მგონია, დიდი რომანტიკა იყოს.

– ალბათ ოთო მთელი ცხოვრება დააფასებს იმას, რომ ასეთ რთულ მომენტში გვერდში ედექით.

-ოთო თვითონ არის ასეთი ადამიანი, რომელიც ბევრ რამეს გაგაკეთებინებს. მე არ ვთვლი, რომ გმირული ნაბიჯები გადავდგი, შეიძლება სხვა ქალები უფრო მეტ გმირობას ჩადიან ყოველდღიურად საკუთარი ოჯახისა და ბედნიერებისათვის. მე და ოთო ყოველდღიურობაშიც ძალიან მადლიერები ვართ ერთმანეთის.

– როგორია თქვენი სიყვარული 9 წლის შემდეგ?

– წლებთან ერთად სიყვარული ტრანსფორმაციას განიცდის, რა თქმა უნდა. ბავშვები დაგვემატნენ, მაგრამ ჩვენს გრძნობაზე უარყოფითად არაფერს უმოქმედია. ფრაზა, რომ სიყვარული წლებთან ერთად ნელდება, მე არ მესმის, თუმცა სიყვარული რომ იცვლება, ეს ფაქტია. წლებთან ერთად ჩვენი სიყვარული უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე ისაა, რომ ყოველთვის გვაქვს ერთმანეთის იმედი.

– რაც შეეხება თქვენს საქმიანობას, რა მიზნები და გეგმები გაქვთ, მომავალში თქვენს კარიერას როგორ ხედავთ?

– სოციალურ ქსელებში კიდევ უფრო ვცდილობ გააქტიურებას. ამის გარდა მაქვს ბიზნესიდეაც, რომელიც განხორციელების პროცესშია და სანამ არ გამოვა, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ყოველთვის შევინარჩუნებ ბალანსს ოჯახსა და კარიერაში.

– იღბლიანი ხართ?

– კი, ძალიან. ყველაზე იღბლიანი ვარ ოჯახსა და ადამიანებში.