„სარკე“, დეტექტიური რომანი „თოხთამიშის მახვილი“ (ავტორი მაია ბურჭულაძე)
რომანის გაგრძელება (დასაწყისი იხილეთ აქ)
ვოვა, როგორც შეეძლო, დაპატარავდა. საერთოდ, შიში აპატარავებს ადამიანს, იმდენად – არა, რომ სრულებით გააქროს, მაგრამ თვალშისაცემად ნამდვილად კუმშავს.
შეუძლებელია, ხაკისქურთუკიანმა ვოვა იცნოს, ამაზე მეტ კონსპირაციულობას შტირლიციც ვერ მოახერხებდა. ერიჰაა, შეფ! დიდ ხათაბალაში გააბი საწყალი მძღოლი, არ ჯობდა, სახაზინო მანქანაში მჯდარიყო და რადიოსთვის ესმინა? უნდა დაუკავშირდეს შეფს, ვინ იცის, რა ავი ზრახვებით მოირწევა ეს ხაკისქურთუკიანი მაიმუნი? ხელებიც რამსიგრძე აქვს. ნამდვილი ავსტრალოპითეკის შთამომავალია, ტვინიც თუ იმ მოცულობის აქვს, როგორც ზემოხსენებულ პრიმატს, იმ გოგოს საქმე წასულია… და არა მარტო იმ გოგოსი… უსიამოვნო ჭვალმა ვოვას მუცელში ტაიფუნის სისწრაფით ჩაიქროლა და სადღაც კუდუსუნის მიდამოებში გაიჭედა.
უცნობმა გულგრილად ჩაუარა ვოვას მანქანას, არც შეუხედავს საკუთარ პიჯაკში ჩაკარგული კაცისთვის.
– „პარლამენტი” თუ გაქვს? – ჩამოწეული ფანჯრიდან მოისმა მისი ხრინწნარევი ბარიტონი.
ვოვას გულზე მოეშვა. გაზად ქცეულმა ჭვალმა, როგორც იქნა, გამოსავალი იპოვა და ქშუტუნით გამოხტა მზის სინათლეზე. უცნობი სულ რაღაც მეტრში იდგა და „ვობლით” დამშვენებულ მაღაზიაში სიგარეტს ყიდულობდა.
– კი, გენაცვალე, – გაუხარდა კლიენტის მოლოდინში გაბეზრებულ გამყიდველს.
უცნობმა სიგარეტი იყიდა, მაგრამ წასვლას არ აპირებდა. კოლოფს თხელი პარკი მოაძრო, კოხტად ამოაგდო ერთი ღერი და იქვე გააბოლა.
– აცივდა, – დაასკვნა უკმაყოფილოდ.
– ეჰ, ადრე სიცივეს არ ვუშინდებოდი, – ლაპარაკის საღერღელი აეშალა ქალს, – ახლა ზამთრის დადგომას შიშკანკალით ველოდები. რა გამაჩერებს ამ ფარღალალა გარაჟში მთელი ზამთარი?
– ძნელია, კი… – მდგომარეობაში შევიდა უცნობი, – საათის გადაწევამ ხომ ბოლო მომიღო, რვა საათზე უკვე მაყვინთავებს.
„მეც”, – გულში დაეთანხმა ვოვა. ამჯერად სულ სხვა თვალით გახედა უცნობს, შეიძლება ითქვას, სიმპათიით.
– შეკითხვა მაქვს, ქალბატონო, შეიძლება?
ვოვამ მოწოლილი მთქნარება უკან ჩააბრუნა და სმენა დაძაბა.
– კი, გენაცვალე! – მზადყოფნით შესძახა ქალმა.
– ამ სახლის ბინადრებს თუ იცნობთ?
– როგორ არ ვიცნობ?! დავბერდი ამ სახლში, პირველ სართულზეა ჩემი ბინა. რა გინდა, რა გაინტერესებს?
– ამას წინათ ერთი ქალიშვილი მივაცილე თქვენს სახლამდე. ძალიან მომეწონა, სამწუხაროდ, მარტო სახელი ვიცი, ხომ ვერ დამეხმარებით?
– მაგაზე ადვილი რაა?! რა ჰქვია?
– სესილი, – პოეტურად წაიმღერა კაცმა.
„სესილი…” – ექოსავით გაჟღერდა ვოვას გონებაში.
– სესილის როგორ არ ვიცნობ, გადასარევი გოგოა!
– მეც ასე მგონია.
– წყალი არ გაუვა, – დაბეჭდა ქალმა.
– რომელ სართულზე ცხოვრობს?
– მესამეზე.
– გვარს ხომ ვერ მეტყვით?
– არჩაბაძეა გვარად.
– აფხაზია? – უკან დაიხია კაცმა.
– არჩაბაძეები აფხაზები არიან? – თავის მხრივ დაინტერესდა გამყიდველი.
– მგონი, კი, პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, გოგო იყოს კარგი.
– გოგო მართლა კარგია, მაგრამ არ გაუმართლა, მშობლები ადრე დაეხოცა, ქმარიც ვერ გამოადგა.
– განათხოვარია?
– ჩვენში დარჩეს – კი.
– უჰ, ეს რა მითხარი, მე პატიოსან ქალს ვეძებდი, – ეწყინა კაცს.
– რავა, განათხოვარი არ შეიძლება იყოს პატიოსანი?!
– როგორ არა, მაგრამ საჩემოდ არ ივარგებს.
– უყურე შენ! პროფესორის ნაცოლარია, ვიღაც ოხერის და მუდრეგის გამონაცვალი არ გეგონოს.
„შეფის ყოფილი ცოლია!” – კიდევ ერთხელ გაჟღრიალდა ვოვას გონებაში.
– მაინც მეწყინა, – თავი მოისაწყლა კაცმა, – რა გვარი იყო მაგის ქმარი?
– გვარი არ ვიცი, პროფესორი რომაა, კოჭებში ეტყობა.
– ვითომ, კოჭებში ეტყობათ ეგ ამბავი? – კაცის ხმაში ირონიული ნოტი გაკრთა.
– ჰო, სულ გალსტუკით დაიჯგიმებოდა, – საინტერესო არგუმენტი მოიყვანა ქალმა.
– და რატომ გაშორდნენ? – თვალსა და ხელშუა გათავხედდა აყლაყუდა.
ვოვამ, ცოტა დააკლდა, ტაში შემოკრა უფასო ინფორმაციისთვის. მგონი, იჩქარა თავდაპირველი შეფასებისას, გრძელხელება უცნობი ისე ტექნიკურად აწარმოებდა დაკითხვას, პრიმატზე დიდი ზომის ტვინი ნამდვილად ექნებოდა. რასაც ვერ ვიტყვით გამყიდველზე, რომელისთვისაც ჰალსტუხის ჩამოკონწიალება იყო ინტელიგენტობის ერთადერთი დამადასტურებული ნიშანი. ჰალსტუხი ვოვასაც ეკეთა საკუთარ ქორწილში, მართალია, დღის ბოლოს ისე შეაწუხა, ცოტას დააკლდა, იმავე ჰალსტუხზე თავი ჩამოიხრჩო, მაგრამ რამდენიმე საათი ხომ ეკეთა?! სხვათა შორის, არავითარი ინტელექტუალური ძვრები არ უგრძვნია, ისევ ის ავლაბრელი ბიჭი იყო, ოღონდ – ცოტა მთვრალი და ცოტა ცოლიანი.
– მაგდენი არ ვიცი. სესილს არაფერი უთქვამს, მე ხომ არ ვკითხავ?
კაცმა გამყიდველს მადლობა გადაუხადა და იქაურობა დატოვა. ვოვას კი ახალი თავსატეხი გაუჩნდა. გამოდის, ეს სპორტულად ჩაცმული ქალი პარტიული მუშაკი კი არა, შეფის ყოფილი ცოლია. ნუთუ შეფს ისევ უყვარს ეს გაჩხინკული გოგო?! მაშინ იმ კაქტუსისმაგვარ ქალთან რაღას დაძვრება? და თუ დაძვრება, რატომ ცოლად არ მოიყვანს? უპასუხოდ დარჩენილმა კითხვებმა თავი აატკივა. აფთიაქში შევიდა კეტანოვის საყიდლად, იქვე გადაყლაპა და არჩილს დაურეკა.
…
არჩილ ჩიქოვანი პეკინის ქუჩაზე, სტალინისდროინდელ კოლონებიან სახლში ცხოვრობდა. სახლის გარე ფასადი მემორიალური დაფებით იყო მოფენილი, მათ შორის გამორჩეულ ადგილზე ეკიდა არჩილის მამის, აკადემიკოს გულბაათ ჩიქოვანის მემორიალური დაფა. ვრცელ სადარბაზოში გამომშრალი ფსიტისა და გარდასული დიდების ჩამყაყებული სუნი იდგა, მაგრამ ვოვას ყურადღება არ მიუქცევია, „ოსკარზე” წარდგენილი კინოვარსკლავივით აიარა საფეხურები, პიჯაკიდან არარსებული მტვერი ჩამოიბერტყა და მოწიწებით შედგა ორგანყოფილებიან მუხის კართან.
ხუმრობა საქმეა? შეფმა პირველად დაპატიჟა თავის სახლში, ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა. ე. ი. ენდობა, ურთიერთობა სურს… ნეტავ, ბავშვის მონათვლაზე უარს ეტყვის? არა, ჯერ არ ივარგებს შეწუხება, კაცმა ძლივს ნაბიჯი გადმოდგა, პირდაპირ ნათლობით ხომ არ დაეტაკება? გამორიცხული არაა, უარით გაისტუმროს… არადა პატარა ალიკას დაამშვენებდა პარლამენტარი ნათლია. ვოვამ წარმოიდგინა სუფრის თავში, სურენასა და სუსანას შორის გამოჭიმული პროფესორი, მუხლებზე ახალმონათლული ალიკა უზის, თამადა ნაღდი თბილისელების სადღეგრძელოს ამბობს, სვეტა ფოტოაპარატს აჩხაკუნებს…
– ზარს რატომ არ რეკავ? – მოულოდნელად გამოფრიალებულმა კარმა ვოვას ოცნების კულმინაციაში მოუსწრო.
– ისა… რაღაცაზე შევფიქრიანდი და… – წაილუღლუღა ვოვამ.
– შემოდი, შემოდი.
არჩილი მაღალჭერიან სასტუმრო ოთახში შეუძღვა. კედლები ბოთლისფერი შპალერით იყო დაფარული. ფანჯარასთან თავს იწონებდა თეთრი როიალი, კუთხეში იდგა ადამიანის სიმაღლე ჩინური ქოთანი მომინანქრებული ილუსტრაციებით. მოჩუქურთმებული დესაუს გასწვრივ ძვირფას ჩარჩოში ჩასმული ნახატები ეკიდა, სადაც ერთი და იგივე ქალი ფიგურირებდა, ოღონდ – სხვადასხვა ასაკში.
– ეს მანდილოსანი ვინ არის, შეფ?
– დედაჩემია, – წარბი გაშალა შეფმა, – მოგწონს?
– მომწონს რომელია! ქალიც მომწონს და ნახატიც, ყველაფერი თავის ადგილზე აქვს – თვალი, ცხვირი, ნიკაპი, ხელები… აბა, დღეს რომ ვნახე, ის იყო ნახატი?! წელს ზევით კაცი, ქვევით – ცხენი. ნამდვილი ცხენი, შეფ, ფეხებით, კუდით, რამე-რუმეებით. ეგეთი რამე გაგიგიათ?
– კენტავრი იქნებოდა.
– ვინა?
– მითოლოგიური პერსონაჟი, – განუმარტა არჩილმა, – არ ვიცოდი, გამოფენებზე თუ დადიხარ, – დაამატა თავშეკავებული ირონიით.
– თქვენი საქმის გადამკიდე მომიწია… – თავი მოიფხანა ვოვამ.
– ჰო, მთავარია საქმე. დაჯექი და მომიყევი, სანამ დედაჩემი მოსულა.
ვოვამ მრავალჭირნახული კაცივით გამოსწია მაგიდასთან მიდგმული ანტიკვარული სკამი. მოულოდნელად რყევა იგრძნო, წონასწორობის შესანარჩუნებლად მაგიდის გადასაფარებელს ჩააფრინდა და განწირული ხმით შესძახა:
– მიწისძვრაა, შეფ! ჩქარა, ბალკის ქვეშ შევძვრეთ!
არჩილმა თვალი შეავლო ჭერში ჩამოკიდულ თეატრალურ ჭაღს. მსხლის ფორმის სამიარუსიანი კონსტრუქცია უძრავად ეკიდა ჰაერში.
– ნუ გეშინია, სკამი იქნება მორყეული, – დაამშვიდა თვალებგადმოკარკლული მძღოლი და სკამი გამოუცვალა, – ამ სკამებს რომ უყურებ, საუკუნეს ითვლიან, ჯერ კიდევ ჩემმა დიდმა ბაბუამ გამოიწერა საფრანგეთიდან, აი, ამ მაგიდასთან და ამ წიგნის კარადასთან ერთად. რესტავრაციას საჭიროებენ, მაგრამ ვერ მოვიცალე… – მზრუნველად გადაუსვა ხელი გობელენის გაქექილ ზედაპირს.
მოცისფრო ძარღვებით დასერილი თეთრი თითები ჰქონდა, ნაზი, გამჭვირვალე კანით, რომ არა ფალანგებზე ამომხტარი ხორბლისფერი ბეწვები, იფიქრებდი, ქალის ხელი ასვენია სკამის მოყვითალო ქსოვილზეო.
– მე რისთვის ვარ, შეფ?! – ხასიათზე მოვიდა ვოვა, – ავლაბარში ერთი გიფსკარდონშჩიკი ცხოვრობს, ვასია. იმის სიმამრი, მელს პეტროვიჩი, ანტიკვარის რესტავრაციაზე მუშაობს. მაგარი ვინმეა, ნაღდი პროფესიონალი. მთელი თბილისის დიდკაცები მაგასთან დაათრევენ ავეჯს, თუ მეტყვით, ხელად მივურბენინებ.
– გმადლობ ყურადღებისთვის. სხვა დროს უსათუოდ შეგაწუხებ. ახლა მომიყევი, რა ქარმა გადაგაგდო გამოფენაზე?
ვოვამ დაწვრილებით უამბო ყველაფერი, განსაკუთრებული ყურადღება ხაკისქურთუკიანზე გაამახვილა, მარტო შემთხვევით მოსმენილი ლაპარაკის ზოგიერი დეტალი დაუმალა, მაგალითად, გამყიდველის მონაყოლი ობიექტის პროფესორ ქმარზე, არ ჩათვალა მიზანშეწონილად შეფის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება. ეგონოს, რომ მძღოლმა არაფერი იცის მისი ყოფილი ცოლის შესახებ.
ვოვას მონაყოლმა არჩილი ცუდ ხასიათზე დააყენა. ნერვულად გამოწიწკნა გობელენის მოყვითალო ძაფი.
– მაღალი, გამხდარი, ხაკისფერი ქურთუკით… – შეეცადა წარმოედგინა ინკოგნიტო მდევარი.
– მობუზული, ჯიბეში ჩაწყობილი ხელებით, – დააზუსტა ვოვამ.
– რამდენი წლის იქნება?
– ორმოცის ან მეტის.
– დარწმუნებული ხარ, არ იცნობს იმ ქალს?
– სახელიც არ იცოდა, – ხელისგულები ამოიტრიალა ვოვამ, – პოლიციას ხომ არ შევატყობინოთ? ძაან ფინთი თვალი ჰქონდა იმ ტიპს.
– ღირსია, – თავისთვის ჩაილაპარაკა არჩილმა, – მეტის ღირსია.
– ვინ? – თავი მოისულელა ვოვამ.
მაგრამ შეფმა წაუყრუა, ცოცხალი თავით არ უნდოდა ობიექტის ვინაობის გამხელა. ვოვას კი იმედი ჰქონდა, გულს გადაუხსნიდა.
– მოკლედ, ასე, – დაასკვნა არჩილმა, – შენ დაკვირვება განაგრძე. არ გავალებ, მთელი დღე ფანჯრებთან უყარაულო, მაგის არც დრო გექნება, არც ნერვები. დაახლოებით შეისწავლე მისი დღის განრიგი. დააკვირდი, ვის ხვდება, როდის ბრუნდება სახლში…
– ის ტიპი რომ გამოჩნდეს?
– გამოჩნდეს და გამოჩნდეს! „ტიპი” შენ არ გეხება. და საერთოდ, მოეშვი ამ ქუჩურ სლენგს!
– რა?! – ვერ გაიგო ვოვამ.
– აი, ძველბიჭურ ლაპარაკს.
– მე არ ვლაპარაკობ ძველბიჭურად, – იუარა ვოვამ, – მე ავლაბრულად ვლაპარაკობ.
– ხომ არ გეწყინა, ბიჭო? – არჩილმა შერიგების ნიშნად მხარზე ხელი დაჰკრა, – ჭკუის დარიგება ნუ გეწყინება, ისევ შენთვის მსურს სიკეთე. თუ ქართულ წიგნებს წაიკითხავ, გამართულ ლაპარაკს ისწავლი, ოღონდ ხმამაღლა იკითხე, გამოთქმით.
– წიგნის კითხვა რომ მყვარებოდა, შოფერი კი არ გამოვიდოდი, – ჩაიცინა ვოვამ.
– რატომ, შოფერი არ შეიძლება განათლებული ადამიანი იყოს?
– განათლებული კაცი ამბიციურია, შეფ, ყველა რომ განათლებული იყოს, თქვენ ვინ მოგემსახურებოდათ?
– შეიძლება ასეცაა, – არჩილი ფეხზე წამოდგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აუდიენცია დამთავრებულია.
ვოვას გული დასწყდა, ეგონა, ერთ ჭიქა ყავაზე მაინც მიიპატიჟებდნენ.
– წავალ მაშინ, – წამოიმართა უხალისოდ.
– ხვალ ცხრა საათზე.
– როგორც თქვენ იტყვით.
მოწყენილი ჩადიოდა კიბეებზე. ყავაზე არ სწყდებოდა გული, ყავას სახლშიც დალევდა, უბრალოდ, ზრდილობის ამბავია – სახლში პირველად მოსულ კაცს რაიმე შესთავაზო, ვოვას ოჯახში ასე იყო მიღებული. ეტყობა, აკადემიკოსებთან სხვანაირადაა ანდა მარტო თავისი წრის ხალხს ეპატიჟებიან.
ქუჩაში გამოსულმა ვოვამ აღმოაჩინა, რომ თავი აღარ სტკივა, რომ სახლში ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ელოდება, რომ ცხოვრება შეფის ქეციანი ყავის გარეშეც მშვენიერია.
…
ჟურნალისტი დიმიტრი ძნელაძე კომპიუტერთან იჯდა და იმეილზე მოსულ წერილს პასუხობდა. წერილს ალენ ნოგარე სწერდა, ფრანგული ყოველკვირეულის, „ექსკლუზივის” მთავარი რედაქტორი, ყოფილი კოლეგა და მეგობარი.
ერთი წლის წინ დიმიტრიც ითვლებოდა „ექსკლუზივის” წამყვან ჟურნალისტად, მანამ, სანამ პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსემ არ მიატოვა მაღალანაზღაურებადი სამსახური და სამშობლოში არ გამოქუსლა…
ზარის ხმა გაისმა. უკმაყოფილოდ ახედა საათს. ცხრას აკლდა ხუთი წუთი. რა დროს დაუპატიჟებელი სტუმარია? დოდო ხურციძე იქნება, კრიმინალური ვირუსით შეპყრობილი დიმიტრის მეზობელი. კვირა არ გავიდოდა, მოსაკითხით არ დასდგომოდა თავზე, სინამდვილეში მარტოხელა ჟურნალისტის კუჭის პრობლემებზე მეტად ცხელ-ცხელი ჭორები აინტერესებდა.
გაურკვეველ ვითარებაში მოკლული ჟურნალისტი ბაჩა ქორქია გაახსენდა, „კრიმინალური ქრონიკის” ავტორი და წამყვანი. ისინი პირადად არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბაჩას პროფესიონალიზმზე მის მიერ გაკეთებული გადაცემა მეტყველებდა. დიმიტრის გეგმაში ჰქონდა, თავის ტელეკომპანიაში გადმოებირებინა ნიჭიერი ახალგაზრდა. არ დასცალდა, სამწუხაროდ, ბედისწერას სულ სხვა გეგმები აღმოაჩნდა. დოდომ ალბათ წარმოიდგინა, რომ სწორედ დიმიტრი იძიებდა ბაჩას მკველობის საქმეს. როგორც გენეტიკურმა გურულმა, ღომი მოათუხთუხა და ხელდამშვენებული ჩამობრძანდა.
ზარი განმეორდა. დიმიტრიმ თვალებით გაბურღა ეკრანზე აკრეფილი სათაური, მაგრამ სულგუნიანი ღომის წარმოდგენაზე პირი ნერწყვით გაევსო ექვსი თვის ჩვილივით, მშიერმა კუჭმა კი მორიდებულად შეჰყმუვლა.
– ჯანდაბას! – წამოიძახა ხმამაღლა და კარის გასაღებად გაემართა.
შეიძლება ითქვას, ინტუიციამ სანახევროდ გაუმართლა. ზღურბლზე მართლა იდგა მონუმენტური აღნაგობის დოდო, გვერდს ოცდაათი-ოცდათორმეტი წლის შავტუხა მამაკაცი უმშვენებდა, გადაფსკვნილი წარბების ქვეშიდან კომკავშირული შემართებით უყურებდა წყვილი შავი თვალი. ღომი არსად ფიგურირებდა.
– კაი გამარჯობა შენი! – გურულად მოუქცია დოდომ, – ვოვას არ იცნობ, პირველი სადარბაზოდან?
– არა, – ცოტა არ იყოს უკმეხად უპასუხა დიმიტრიმ.
– დედაია, რა ბზიკმა გიკბინა, ჩემო ტკბილო მეზობელო?!
– ბზიკმა კი არა… – თავი გააქნია დიმიტრიმ. ხომ არ ეტყოდა, თქვენს დანახვაზე ცხელი ღომი მახსენდებაო, ანდა უარესი – ხელცარიელი რომ დაგინახე, იმიტომ დავიბოღმეო. არა, ბატონებო, მშიერ კაცზე უარესი მარტო მშიერი მგელია ან დორბლიანი როტვეილერი.
– რა ვიცი, გენაცვალე, ისეთი „არა” მთხლიშე, ვიფიქრე, აქლემმა შემაფურთხა.
– როგორ გეკადრებათ, დოდო, მოგეჩვენათ ალბათ.
– ეჰ, ასეთები ხართ ქალაქელები, ყველა თქვენს-თქვენს სოროებში ხართ შემძვრალი, მინდვრის თაგვებივით. მეზობელი არ იცით და მოყვარე. ბიჭო, ნატანებში ყველა ძაღლს და მამაძაღლს ვიცნობდი, ქათამი ვერ გაძვრებოდა ორღობეში ჩემი ნებართვის გარეშე, – დოდომ მონოლოგი დაამთავრა და დადარაჯებული სახე მიიღო, – რავა გახერილხარ მაგ კარებში ხონთქარის დაცვასავით, არ შემოგვიშვებ ოჯახში თუ?!
დიმიტრი გვერდზე გადგა. დოდოზე არანაირი არგუმენტი არ გაჭრიდა, მიზანდასახული იყო კოსმოსში აჭრილ რაკეტასავით. ასაკი ხელს რომ უწყობდეს, მისგან ბრწყინვალე ჟურნალისტი დადგებოდა. რომ დაგევალებინა, ქვას გახეთქავდა.
– აგი ახალგაზრდა კაცი ვოვა აზნაუროვია, წარმოშობით ავლაბრელი, ლამარა რომ ცხოვრობს პირველ სართულზე, იგი ლამარა ვოვას სიდედრია. გადასარევი კარგი ქალი, ჩემს კახუნას ამზადებდა რუსულში. ლამარასაც არ იცნობ, ბიჭო?
– არა.
– შეგირცხვა ულვაში, – ხელი ჩაიქნია დოდომ და ახლა ვოვას მიუბრუნდა, – ჰო, გაიცანი. აგი გრძელთმიანი კაცი ცნობილი ჟურნალისტი, დიმიტრი ძნელაძე გახლავს. ახლაც ვერ იცანი? კარგად დააკვირდი, ბიჭო, ტელევიზორშიც მასეთი გასაპარსი ჯდება. ჰა, არ გეცნობა?
– რას გადაეკიდეთ ამ კაცს, ყველა კი არ უყურებს ტელევიზორს?! – დიმიტრის შეეცოდა ტყუილის სათქმელად მომართული კაცი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა „ცნობილ ჟურნალისტზე”.
– არა, რატო, ვუყურებ ხოლმე, – თავი იმართლა ვოვამ.
– კარგი, კარგი, – დოდო სასტუმრო ოთახში, ხავერდის სავარძელში ჩაიფუშა, – ახლა საქმეზე გადავიდეთ. დაჯექი აგერ, ჩემო ვოვა და მოუყევი ამ პატიოსან კაცს შენი გაჭირვება.
ვოვამ ჩაახველა.
– ჰო, ახლა, ამოღერღე, არ უნდა მაგას ხი-ხი.
– პირადად მე არაფერი მიჭირს, – ბორძიკით დაიწყო ვოვამ, – რაღაც-რაღაცეების გასარკვევად ჩასნი დეტექტივს ვეძებდი. ქალბატონმა დოდომ მითხრა, ჩასნი კანტორა საქართველოში არ არსებობსო, მაგ საქმეში ჩვენი მეზობელი დიმიტრი დაგეხმარებაო.
„ესენი გიჟები არიან”, – გაიფიქრა დიმიტრიმ, ხმამაღლა კი თქვა:
– პოლიციას არ მიმართეთ?
– არ შეიძლება პოლიციის ჩართვა ამ საქმეში, ის კი არა, რომ გაიგონ, დასახმარებლად მოგმართეთ, სამსახურს დავკარგავ.
– უყურე შენ! – დოდომ ლოყაზე შემოირტყა პუტკუნა თითები, – სამსახურის დაკარგვა რავარია ჩვენს დროში?!
– დაიწყეთ, ყურადღებით გისმენ, – დიმიტრიმ შეაგულიანა უცნობი მეზობელი, მაგრამ ის ჯიუტად დუმდა, ერთიორჯერ დოდოს ესროლა მორიდებული მზერა, მერე ფეხსაცმლის წვერებს ჩაუღრმავდა.
– შენ დაგაფსა კატამ, ვოვა აზნაუროვო, არ მენდობი ხომ? – მიუხვდა დოდო. ვინაიდან ვოვა ხმას არ იღებდა, ადგომა იკადრა და მძიმე ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ. – ჯანდაბას შენი თავი, წავალ მე.
ბოლო წუთამდე ეგონა, რომ უმადური მეზობელი შეაჩერებდა, სულ ცოტა, ბოდიშს მოუხდიდა, მაგრამ არა, ვოვას პრინციპულობასთან მისი მიზანდასახულობა უძლური აღმოჩნდა.
– ხომ ჩამაყენებ საქმის კურსში? – კართან არმისულმა ჩასჩურჩულა დიმიტრის.
„ეჭვიან ცოლზე უარესი ცნობისმოყვარე მეზობელია”, – დაასკვნა დიმიტრიმ და ოთახში შებრუნდა.
– კიდევ ერთხელ გისმენთ, – მიმართა დივანზე ჩამომჯდარ ვოვას, თან შეფარული მზერა ესროლა კომპიუტერის ეკრანს, სადაც გამომწვევად ციმციმებდა საფრანგეთში გასაგზავნი სტატიის სათაური.
ვოვა აზნაუროვის მონაყოლმა დიმიტრი დააინტერესა. იმაში, რომ ყოფილი ქმარი ყოფილი ცოლის გადაადგილების გრაფიკით ინტერესდება, საკვირველი არაფერია, მაგრამ ვინ უნდა ყოფილიყო ხაკისფერქურთუკიანი აყლაყუდა, რომელიც კონსპირაციულად იძიებდა ქალის ვინაობას, აჩრდილივით დასდევდა უკან და, როგორც ვოვას მოეჩვენა, ხელსაყრელ მომენტს ეძებდა ქალის მოსაკლავად?
– საიდან მოიტანე რომ მოკვლა უნდოდა?
– გულმა მიგრძნო, – პატიოსნად უპასუხა ვოვამ.
– გული, სული და სხვა ორგანოები გამოძიებაში გამორიცხულია. მე მინდა ფაქტები. როდის გაიფიქრე პირველად, რომ კაცს მისი მოკვლა უნდოდა?
– გუშინ გავიფიქრე, როცა სესილი სახლიდან გამოვიდა. მე მანქანაში ვიჯექი, ის ტიპი ქვევით ელოდებოდა, სადარბაზოსთან. წავიდა ქალი არკისკენ, ეგეც გაყვა. ცუდად გაყვა, ქურდულად, ერთხელ უკანაც მოიხედა, ვინმე ხომ არ მხედავსო, – ვოვა წინ გადმოიხარა და აქტიური ჟესტიკულაციით განაგრძო. – ზურგიდან შევნიშნე, რაღაც მოძრაობა გააკეთა – ან დანის ამოღება უნდოდა, ან პისტოლეტის, თავს ვერ დავდებ. ეგრევე დავქოქე მანქანა, პირველში ჩავაგდე და სულ ღმუილ-ღმუილით შევიჭერი არკაში. ვხედავ, ხელი უკან წამოიღო, მოწმის თუ მოერიდა. ქალმა, ვითომც არაფერი, გზა განაგრძო, ტიპმა კი კინაღამ თვალებით შემჭამა. ვუთხარი შეფს, ფინთი თვალი აქვს-მეთქი, მაგრამ არ სჯერა… ან არ უნდა დაიჯეროს. მე მაგის არაფერი მესმის, კაცია თუ პრობკა?
– ქალი სად წავიდა?
– იქვე, მაღაზიაში გადავიდა, პარკი გაავსო და დაბრუნდა, მეც შორიახლოს ავედევნე, ვიფიქრე, კიდევ არ დახვდეს, რამე არ აუტეხოს. მეც ცოდო ვარ, დიმიტრი-ჯან, ორი შვილი მყავს გასაზრდელი, უფასო დაცვად ხომ არ დავუდგები იმ ქალსა?! შარის თავი მაქვს?! არადა გული მიგრძნობს, დასაბრედად დასდევენ. პოლიციას ვერ ვეტყვი. ჯერ ერთი, გიჟად ჩამთვლიან, თანაც შეფს ვერ ჩავუშვებ.
– რას ამბობს ის შენი შეფი?
– „თაყვანისმცემელი” იქნებაო. მე ვუთხარი, პაკლონიკები აგრე არ იქცევიან, თუ გაცნობა უნდა, არავინ უშლის, მივიდეს, გამარჯობა უთხრას, ტუდა-სუდა… ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, შეფმა ხომ არ იქირავა ის კაცი?
– მაშინ შენ არ დაგავალებდა თვალყურის დევნებას. მანდ სხვა ამბავია.
– რაღაც ცუდი ამბავია, ბატონო დიმიტრი, იმ ქალმა რაღაც იცის და თავიდან მოშორება უნდათ.
– დიმიტრი დამიძახე და შენობით ვილაპარაკოთ – ეს ერთი. მეორე – ის ტიპი მანქანით იყო თუ ფეხით?
– პირველად ფეხით იყო, მეორედ – მანქანა ელოდებოდა. გოგო რომ მაღაზიიდან გამობრუნდა, უკან აღარ გაჰყოლია, გასისინებულ „ჯიპში” ჩაჯდა და სულ სრიალ-სრიალით გაეცალა იქაურობას.
– რა „ჯიპი” იყო ამისთანა?
– შავი „გრანდჩეროკი”, ახალი ვიპუსკი, დიმჩატი შუშებით. ხო, რულზე სხვა კაცი იჯდა, სალიდნი კაცი, ჭაღარა თმებით… ჩაწეული შუშიდან მოვკარი თვალი. ორი წუთი იბაზრეს და წავიდნენ.
– ნომერი ხომ არ დაიმახსოვრე?
– დავიმახსოვრე, მა რა ვქენი…
ვოვამ ნომერი უკარნახა, დიმიტრიმ კი უშიშროების პოლკოვნიკთან, მიხეილ ხვედელიძესთან დარეკა.
– გამარჯობა, ბატონო მიხეილ.
ტრაფარეტული ურთიერთმოკითხვის შემდეგ დიმიტრიმ უფროს მეგობარს გვიანი ზარის მიზეზი მოახსენა.
– ერთი მანქანის მფლობელის ვინაობა მაინტერესებს… ჩაიწერეთ…
თხუთმეტ წუთში ფურცელზე „გრანდჩეროკის” მფლობელის გვარი და სახელი მიაწერა – სოლომონ დვალი, იგივე სოლო.
ბატონი სოლომონი ორი წლის მანძილზე მუშაობდა ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში განყოფილების უფროსად, კურირებდა საერთაშორისო პროგრამას, სახელწოდებით „პირველი კავკასიელები”, ამჟამად არის სამხატვრო გალერეის მფლობელი. ერთი თვის წინ მისი ყოფილი უწყება არასახარბიელო კონტექსტში გაჟღერდა ბაჩა ქორქიას საავტორო გადაცემაში – „კრიმინალური ქრონიკა”. მართალია, ფართო რეზონანსი არ მოჰყოლია, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, როცა ჟურნალისტი ტყეში მოკლული იპოვეს, მსგავსი ინფორმაცია სახიფათო კონტურებს იღებდა.
– გაარკვიეთ რამე? – იმედით შეხედა ვოვამ.
– ერთად გავარკვევთ, – გაუღიმა დიმიტრიმ, – ყავას დალევ?
– „ერთად” როგორ გავიგო? – ვოვამ კითხვა უპასუხოდ დატოვა და დიმიტრის სამზარეულოში გაჰყვა.
– დღეიდან, არა, დღეს გვიანაა, ხვალიდან… ხვალიდან ერთად ვუთვალთვალებთ ქალბატონ სესილს. რამდენი კოვზი შაქარი, ვოვაჯან?
– ორი კოვზი ჩამიყარეთ… – დაიმორცხვა ვოვამ, – რა ბედზე შემხვდა ქალბატონი დოდო, პირდაპირ არ ვიცი. სიდედრთან ხშირად ვრჩები, ხომ იცით ქალების ამბავი, დედა ენატრებათ, ჰი, ჰი.. მაპატიეთ, თუ ვერ გიცანით.
– ნუ მებოდიშები, გვერდით სადარბაზოში კი არა, კარის მეზობლებს არ ვიცნობ. ერთი წელიც არაა, რაც საქართველოში გადმოვსახლდი, გვიანობამდე სამსახურში ვარ, რა გასაკვირია, ერთმანეთს ვერ ვცნობდეთ, – დიმიტრიმ აქაფქაფებული ყავა ჭიქებში ჩამოასხა და ვოვას მიუბრუნდა. – დაგეხმარები, მაგრამ ერთი პირობით, იმ შენი შეფის ვინაობა უნდა გამიმხილო.
– სხვანაირად არ გამოვა? – ნაოჭები აისხა ვოვამ.
– ნწუ! – ყავა მოსვა დიმიტრიმ.
– სიტყვა რომ მივეცი? კაცური სიტყვა.
– მაშინ იმას უნდა მოჰკითხო, მე კი თავი დამანებო. მკვლელის გამოთვლა მთავარი არ არის, მთავარია, ვიცოდეთ მოტივი, რისთვის სურთ იმ გოგოს თავიდან მოშორება.
– ვაჰ, დავიბენი ხო იცი, – ვოვამ შუბლი მოისრისა, თითქოს მიცემული პირობის წაშლას ცდილობდა.
– რას იზამ, ვოვა, ჩამაყენებ საქმის კურსში თუ კარგ მეზობლებად დავიშალოთ?
– არჩილ ჩიქოვანი, პარლამენტარი, პროფესორი, მამა აკადემიკოსი ჰყავდა. სახლში, აი, ამოდენა ნახატები უკიდიათ, ბრონზოვი ჩარჩოებში.
– პარლამენტარი არჩილ ჩიქოვანი, რაღაც არ გამიგია.
– საიდან გეცოდინებოდა, ადრე ლექტორად მუშაობდა უნივერსიტეტში. ძალიან სერიოზული კაცია, სულ წარბებიდან იყურება.
– მაჟორიტარია თუ მმართველ პარტიას მოჰყვა მზითევში?
– მაჟორიტარია, – ამაყად განაცხადა ვოვამ. ეტყობა, ახლახან გაიგო ამ ტერმინის შინაარსი, რასაც დიდ მიღწევად უთვლიდა საკუთარ თავს.
გაგრძელება იქნება, დაიდება „სარკის“ ფეისბუქგვერდზე
ავტორის ნახატი