„სარკე“
2025 წლის 5 იანვარს, გამთენიისას, საშინელი ტრაგედია დატრიალდა გალში, სოფელ საბერიოში _ ჭოლარიების სახლში 5 ბავშვი ხანძარს ემსხვერპლა. ყველაზე უფროსი 8 წლის იყო, ყველაზე პატარა კი _ 1 წლის…
მათ მშობლებს, ვიტალი ჭოლარიას და ქრისტინე სორდიას, ამ ტრაგედიამდე კიდევ ერთი შვილი სამშობიაროშივე გარდაეცვალათ.
წარმოუდგენელი ტრაგედია ბავშვების მშობლების ურთიერთობაზეც აისახა. მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს, როგორ გადაწყვიტა 26 წლის ქრისტინემ მეუღლესთან გაშორება და ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი განაცხადა… ცოტა ხნით ადრე კი წყვილი ერთად გეგმავდა, რომ ხელოვნური განაყოფიერების გზით შვილი კვლავ გაეჩინა.
ვიტალი ჭოლარიამ მეუღლესთან ურთიერთობის არევაში თურქეთში მცხოვრები სანდრა ზოიძე დაადანაშაულა. სანდრა ხელოვნური განაყოფიერების ფონდის ხელმძღვანელია. როგორც ამბობს, ფონდი იმ ქართველი წყვილებისთვის აგროვებს თანხებს, რომლებსაც ხელოვნური განაყოფიერების გასაკეთებლად ფინანსური საშუალება არ აქვთ.
სანდრა ზოიძის ფონდმა ვიტალი ჭოლარიასა და ქრისტინე სორდიასთვისაც შეაგროვა ფული, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა… სანდრა ზოიძე „სარკეს“ ექსკლუზიურად ესაუბრა:
_ იმხელა ტკივილი აქვს ორივეს, ენით აღუწერელი, ამიტომ ყველა სიტყვას ვაკონტროლებ, რომელიც მათ ეხება… ამ წყვილთან ჩემი ურთიერთობა იმით დაიწყო, რომ ვიტალის დამ დამირეკა და მითხრა, მათ ხელოვნური განაყოფიერების გაკეთებაში დავხმარებოდი. ეს იმისთვის სჭირდებოდათ, რომ გადარჩენილიყვნენ…
პირველად რომ ვნახე ქრისტი, საერთოდ არ ლაპარაკობდა, ხმა არ ამოსდიოდა. მერე კი ცოტ-ცოტა საუბარი დაიწყო. ფსიქოლოგიც სთხოვდა, გაეხსნა პირი, რადგან ის ტკივილი, რაც აქვს, თუ არ გაუზიარა ვინმეს, მას მოკლავს…
ქრისტი ჩემთან რომ იყო, როცა ცუდად ხდებოდა ან ჩხუბი ჰქონდა ქმართან, ფანჯარასთან მტრედები მოდიოდნენ. უყურებდა, ეფერებოდა და ამბობდა, ჩემი შვილები მოვიდნენო. მითხრა, იცი, როცა მე მტკივა, საშუალებას არ ვაძლევ, იმქვეყნად ბედნიერები იყვნენ, რადგან ამ ტკივილის გამო ჩემთან მოდიან და არ მინდა, ასეთ ტკივილიანს მიყურებდნენო…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
