„სარკე“
მომღერალ ნინი შერმადინის ცხოვრებაში, ბოლო ორი ათეული წელია, მუდმივი ძვრებია. წარმატებას და სასიამოვნო ცვლილებებს ფონად გასდევდა სიძნელეები, საყვარელი ადამიანების დაკარგვა, დეპრესია და ემიგრაციაში საკუთარი თავის პოვნის რთული გზა. ნინიმ შეძლო ყველაფერთან გამკლავება, თავიდან ააგო ცხოვრება, დაიბრუნა შთაგონება და დღეს უკვე ბევრ რამეს არის შეჭიდებული.
ნინი „სარკის“ ახალ ნომერშ მომავალ გეგმებზე, შემოქმედებით სიახლეებსა და პირად თემებზე საუბრობს:
_ ექსკლუზივს მოგცემთ და გეტყვით, რომ ძალიან მალე გამოვა ჩემი და მერაბ სეფაშვილის დუეტი, რომელიც ჩაიწერა ზაზა ხუბუკელაშვილის სტუდიაში. ტექსტის და მელოდიის ავტორია მაიკო კაჭკაჭიშვილი.
_ რა ჰქვია სიმღერას?
_ არ ვიცი… რა დავარქვა სიმღერას?.. რამდენიმე წამი მოითმინეთ, ახლავე შევურჩევ სათაურს… მოდით, „სიყვარულის ისტორია“ დავარქვათ! მაიკო კაჭკაჭიშვილმა პირადად ჩემთვის და ბატონი მერაბ სეფაშვილისთვის დაწერა ეს სიმღერა… მითხრა, არ ვიცი, რამდენად გამოვა ეს სიმღერა, მაგრამ შენი და მერაბ სეფაშვილის ხმები მესმისო. მოგეხსენებათ, მერაბ სეფაშვილი ყველასთან არ წერს დუეტს. მივსწერე და სიტუაცია ავუხსენი. სიმღერას მოუსმინა, მოეწონა და ჩაწერაზე დამთანხმდა. ასე ავიხდინე ჩემი ბავშვობის ოცნება და ბატონ მერაბთან ჩავწერე დუეტი…
_ უშვებთ შესაძლებლობას, რომ ამერიკაში შექმნათ ოჯახი?
_ არა, ამერიკაში არ შევქმნი ოჯახს, რადგან ჩემი და ამერიკული მენტალიტეტი ძალიან განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცი ინგლისური ენა, სულ ინგლისურ ენაზე ვერ ვილაპარაკებ. ვერც წარმომიდგენია სხვა ეროვნების მამაკაცი ჩემ გვერდით…
შემეძლო, კიდევ ბევრი რამ გამეკეთებინა, მაგრამ ჩემს პრინციპებს, ჩემს მორალს არ ვღალატობ და ზღვარს არ გადავდივარ. განდიდების მანია არ მჭირს. ჩემთვის პოპულარობა, ფული და კარიერა იდეაფიქსი არ ყოფილა.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
