„სარკე“, ლიკა ოსაძე
„კი, მე ვარ”, – ასე წარადგინა თავისი ახალი იმიჯი მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ სოციალურ ქსელში და სრულიად შეცვლილი საკუთარი თავის ფოტოც გამოაქვეყნა. გარეგნული ტრანსფორმაციის პარალელურად, ახალგაზრდა მომღერალი მსმენელს შემოქმედებით სიახლეებსაც მუდმივად სთავაზობს.
ბარბარა საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან” გაიცნო, დღეს კი საკუთარი სტუდიის საშუალებით სხვადასხვა ასაკის ადამიანებს მუსიკალური გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს. უკვე შეხვდა თავის მოსწავლეებს და სწავლებასაც შეუდგა. თავისი ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპზე ახალგაზრდა მომღერალი „სარკესთან” საუბრობს:
– ჩავწერე ახალი კლიპი, რომლის მოსმენას ჩვენი მსმენელი ოქტომბრის ბოლოს შეძლებს. სრულიად განსხვავებული სიმღერაა, ჟანრობრივად – არა, მაგრამ მაინც განსხვავებულად ითვლება. ეს სიმღერა თავად დავწერე და თავად ვასრულებ. ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ვუსმენ.
– სულ რამდენი სიმღერის ავტორი ხართ?
– ეს ჩემი მეოთხე საავტორო სიმღერაა. რისი თქმაც მსურდა, ის ვთქი. ახლა მთავარია, როგორ მიიღებს ამას ჩემი მსმენელი. სიმღერას დავარქვი „ეს დასრულდა”, რაც ნიშნავს, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც გავაანალიზე და დავასრულე. დასრულდა რაღაც ეტაპი და ახალზე გადავედი.
– პარალელურად თქვენი გარეგნობაც მნიშვნელოვნად შეიცვალა. მაყურებელმა სხვანაირი ბარბარა გაიცნო, ახლა კი აბსოლუტურად სხვანაირი ხართ. თვენ თავად როგორ გრძნობთ თავს ახალ სხეულში?
– როგორც იცით, ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე და ამით საკმაოდ კარგად დავიკელი. რეაბილიტაციის გზა იოლი არ არის. მარტივი არ არის იმ სხეულიდან გადმოწყობა ამ სხეულში. ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მაშინ ვერ წარმომედგინა. ახლა თავისუფალი ვარ და უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. მაშინ თავად ვზღუდავდი საკუთარ თავს, რადგან კომპლექსები მქონდა.
– ოპერაციის შემდეგ წონის შენარჩუნება რთული პროცესია. მოგვიყევით, როგორ გადიხართ ამ გზას, როგორ ინარჩუნებთ ფორმას?
– მართლაც რთულია, წონა რომ არ გაგექცეს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ექიმები მირჩევენ. ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ, ვვარჯიშობ. არ ვიღებ ისეთ საკვებს, რომელიც ჩემს ჯანმრთელობას ვნებს, თუმცა ყოფილა მომენტები, როცა ეს წესი დამირღვევია რაღაც მიზეზის გამო. ადამიანები ვართ და ხშირად ვდგებით ცდუნების წინაშე. სწრაფი კვების საკვებიც მიმიღია, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება. მთავარია, ძილის რეჟიმი იყოს მოწესრიგებული და შინაგანი ჰარმონია მქონდეს.
ვინც ექიმთან თავის დროზე მიდის, ისინი არ იმატებენ. წონის მატება ხშირად ჰორმონული დის-ბალანსის ბრალიც არის, ხანდახან ვიტამინების ნაკლებობის ან მეტობის. როცა ადამიანი ყველაფერს გააკონტროლებს, კილოგრამების მომატების აღარ უნდა ეშინოდეს.
– რამდენ ხანში ერთხელ გადიხართ ექიმთან კონსულტაციას?
– ოპერაცია რომ გავიკეთე, ერთი წლის განმავლობაში სამ თვეში ერთხელ დავდიოდი. ახლა ექვს თვეში ერთხელ მივდივარ. სულ ბოლოს რამდენიმე კვირის წინ ვიყავი და მითხრა, სამი თვის მერე მოდიო. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ანალიზის პასუხებზე, ანუ ექიმების რჩევები უნდა გაითვალისწინო. ისე არ არის, თქვა, ოპერაცია გავიკეთე და მორჩაო. თუ ყურადღებას არ მიაქცევ, შეიძლება ყველაზე დიდი პრობლემა დაიწყოს, წონა გაგექცეს და კვლავ მოიმატო.
– რამდენი ხანი უნდა იყოს ადამიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ?
– ეს ინდივიდუალურია. ექიმთან ვიზიტი იმისთვის არის საჭირო, რომ გაკონტროლდეს, ოპერაციის შემდეგ ორგანიზმი რას იღებს და რას – ვერა. ოპერაციის შემდეგ ორგანიზმს საკვების ათვისების უნარი ეკარგება, რადგან კუჭში არ ჩერდება საკვები.
ადამიანი რომ ვეღარ იღებს იმდენ საკვებს, რამდენსაც ადრე, ორგანიზმი ვიტამინებს სხვადასხვანაირად ითვისებს, თუმცა ბევრსაც ვერ აითვისებს. აქედან გამომდინარე, საჭიროა ექიმთან ვიზიტი, რომ გაკონტროლდეს ეს ყველაფერი, გამოვლინდეს, რა არის საჭირო, ორგანიზმს რითი უნდა დაეხმარო – საკვებით, მედიკამენტებით თუ გადასხმებით. ამ ყველაფერს ექიმი ანალიზის პასუხების მიხედვით გეუბ-ნება.
– ყველა ოპერაციას ახლავს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. თქვენს შემთხვევაში რა იყო უარყოფითი?
– განსაკუთრებული არაფერი, რადგან წინა საოპერაციო პერიოდში გართულებები არ მქონია. როცა წონის სწრაფი კლება მიმდინარეობს, ნაღვლის პრობლემები იჩენს თავს. მეც მქონდა მსგავსი პრობლემა, მაგრამ მკურნალობით ყველაფერმა ჩვეულებრივად ჩაიარა.
ოპერაციიდან რამდენიმე ხანში თავს იჩენს თმის ცვენა. თმა მეც მცვიოდა რაღაც პერიოდი, მაგრამ მალევე შემიჩერდა. ადამიანი პანიკაში არ უნდა ჩავარდეს მსგავსი ცვლილებების გამო. არაფერია უსაშველო, მთავარია განწყობა, მობილიზება და სწორად შერჩეული მკუნალობა.
ამ ოპერაციას თან ახლავს კანის ჩამოწევა, ჩამოკიდება, რადგან თავის ელასტიკურობას კარგავს, მაგრამ მე მსგავსი რაღაც არ მომსვლია.
– ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ხართ.
– დიახ, ამანაც იმოქმედა. ყველა ასაკის ადამიანი თავისებურად განიცდის ამ ოპერაციას. სხვადასხვა ასაკში შეიძლება სხვადასხვა პრობლემები წარმოშვას. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ლამაზად და კარგად აეწყო.
– თუ არის ისეთი რაღაც, რასაც ჭარბი წონის დროს თავს უფლებას არ აძლევდით და ახლა აძლევთ?
– კი, ძალიან ბევრი რამ იყო ასეთი. მაგალითად, ადრე გარეთ გასვლა არ მიყვარდა და ახლა შემიყვარდა, ფეხით ბევრს დავდივარ. მაშინ ხალისი არ მქონდა. კომპლექსები მაწუხებდა, დაბალი თვითშეფასება მქონდა.
– ახლანდელი წონა თქვენთვის მისაღებია თუ კიდევ გინდათ, დაიკლოთ?
– გენეტიკურად მაქვს ისეთი აღნაგობა, რომ ჩემი ახლანდელი წონა მისაღებია. ისევ ჭარბწონიანად ვითვლები, მაგრამ ეს კილოგრამები ჯანმრთელობის პრობლემებს აღარ მიქმნის. ოპერაცია რომ გავიკეთე, მესამე თვიდან დავიწყე ვარჯიში. სამი თვე მხოლოდ სარბენ ბილიკზე დავდიოდი, მერე ექიმის ნებართვით დავიწყე უფრო აქტიური ვარჯიში, რომელიც მკვეთრ მოძრაობებს მოითხოვდა.
– ოპერაციის შემდეგ წყლის მიღება შეგეზღუდათ,თუ ჩვეულებრივად იღებთ?
– წყალზე შეზღუდვა არ მაქვს, უბრალოდ, საკვების მიღების წინ, 15 წუთით ადრე უნდა დავლიო და ჭამის შემდეგ მაშინვე არ უნდა მივაყოლო, რადგან კუჭი ელასტიკურია და არ უნდა გაიწელოს.
ვისაც ოპერაცია აქვს გაკეთებული, გაზიან სასმელებს უნდა მოერიდოს. ორწელიწადნახევარია, რაც გაზიანი სასმელები არ მიმიღია, არც მინერალურ გაზიან სასმელებს ვიღებ. ტკბილეული და ცომეული არ ამომიღია, მაგრამ ვიღებ მცირე რაოდენობით, პატარა ულუფებით. მთავარია, არ დამავიწყდეს, საიდან მოვდივარ და სად მინდა წასვლა.
– წარმატებეს გისურვებთ. პირად ცხოვრებასაც დაეტყო ცვლილებები?
– პირადზე საუბარი არ მინდა. ყველაფერს დავტოვებ ისე, როგორც არის.
– შეყვარებული არ ხართ?
– არც “კი”-ს გეტყვით და არც “არა”-ს. მოდით, პირადი ხელშეუხლებლად დავტოვოთ.
– თქვენი ნებაა. სამომავლო გეგმებზე რას გვეტყით?
– ჩემს სტუდიაში ახალი სასწავლო წელი დავიწყეთ. ძალიან ბედნიერი ვარ და არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს. უფრო მეტი ენერგიით ვარ, მეტი განწყობით. ერთი სული მაქვს, როდის გამოვა ჩემი ახალი სიმღერა და როდის მოისმენს მსმენელი. ვნახოთ, რა იქნება და როგორ იქნება.
