„უტაქტო“ – ავტორი ლელა ცუცქირიძე
„სარკის“ სერიიდან „ქალური მოთხრობები“

„უტაქტო“ - ავტორი ლელა ცუცქირიძე„სარკე“, ლელა ცუცქირიძე

ორი მეგობარი მყავს, მაკა და თინათინი. სხვებიც მყავს, მაგრამ ეს ორი გამორჩეულად მიყვარს. ორივე მხიარული, უპრობლემო, დადებითი, თბილი… ჰგვანან ერთმანეთს, სხვათა შორის, გარეგნულადაც. ის კი არა, ქმრებიც თითქმის ერთნაირები ჰყავთ.

მათი ოჯახები იმ გასაფერადებელ ნახატებს მაგონებს, განსხვავებები რომ უნდა იპოვო. დიდი თავისტეხა არ დაგჭირდება. ჰა და ჰა, სულ ხუთიოდე განსხვავებაა.

1-ლი განსხვავება: მაკას ქმარი, ნოდიკო, თინათინის ქმარზე, ლევანზე, მაღალია;

მე-2 განსხვავება: თინათინს ღია ფერებში უყვარს ჩაცმა, მაკას – მუქ ფერებში;

მე-3 განსხვავება: ლევანმა ამ ბოლო დროს წონაში მოიმატა;

მე-4 განსხვავება: თინათინმა თაფლისფერ თვალებში ლურჯი ლინზები ჩაიდგა;

მე-5 – და ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება – დედამთილი, რომელიც ჰყავს მაკას და არ ჰყავს თინათინს.

– მაგას შემოვევლე, – ეცინება მაკას, როცა დედამთილზე ჩამოვარდება სიტყვა, – ცოტა უტაქტოა, თორემ ისე არაა ცუდი ქალი.

– მართლა ამას შემოვევლე, წარმოიდგინე, როგორ უყვარს ქმარი, ამას რომ ამბობს, – ეცინება თინათინსაც, ოღონდ ირონიულად და თვალს მიკრავს.

მე თინათინის მხარეზე ვარ, იმიტომ, რომ ამას წინათ მაკასთან გადავბარგდი დროებით და ცოტა უტაქტოო?! არა, გენაცვალე, არა. გვარიანად უტაქტო!

მაკასთან კი იმიტომ გადავბარგდი, რომ თავზე ჭერი ჩამომემხო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მივლინებაში წასულ ზედა მეზობელს ონკანი დარჩა მოშვებული და ეს ჩემი თაბაშირ-მუყაოს ჭერი პირდაპირ იატაკზე გამიშოტა.

კი ვთათხე და ლამის მეც დავამხე ჭერი თავზე (ოღონდ ეს უკვე გადატანითი მნიშვნელობით, თორემ აბა, ისე როგორ, ის ზევითაა, მე – ქვევით), მაგრამ, შეწუხებულმა რომ მითხრა, არ ინერვიულოთ, ერთ კვირაში ყველაფერს გავაკეთებო, ბედს შევეგუე. მერე, სანამ ჭერის გაკეთებას დაიწყებდნენ, მომკიდა მაკამ ხელი და თავისთან მიმაბარგა, პატარა ოთახიც მომიწყო სასტუმროსავით.

ჰოდა, აი, გავიცანი კარგად ციცინო, მაკას დედამთილი და მის ყოველდღიურ, არცთუ ტაქტიან შეკითხვებსაც ცხვირ-პირით შევენარცხე.

გამოვიდოდი ოთახიდან და „რატომ არ თხოვდები?” – მკითხავდა მოულოდნელად. მოჭუტავდა ერთ თვალს და „შენ ცხვირის ოპერაცია გაქვს გაკეთებული?“ – გაოცდებოდა.

დავჯდებოდი სუფრასთან და „სულ ასეთი მსუქანი იყავი?” – ახლა მეორე თვალს მოჭუტავდა.

– მარტო რატომ ცხოვრობ?

– ხელფასი რამდენი გაქვს?

– საყვარელი ხომ არ გყავს?

არ ელეოდა შეკითხვები.

„დაწყნარდი, ლია, ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი…, ნოდიკოს და მაკას ხათრით არაფერი უთხრა. ბოლოს და ბოლოს დროებით ხარ აქ და აიტანე როგორმე”, – ვაწყნარებდი საკუთარ თავს გულში და ვიტანდი. თანაც მარტო ამ შეკითხვებს კი არა,  ციცინოს გაუთავებელ ლაპარაკსაც. მთავარი იყო, ხელში ჩაეგდე და დაწვრილებით მოგიყვებოდა ყველაფერს, ღრმა ბავშვობიდან დაწყებული, აგერ, ბოლო დღეებით დამთავრებული.

– ვაიმე, გააჩუმე ეს ქალი როგორმე, არ შეგიძლია? – ვეცი ერთ საღამოს მაკას, ციცინოს მორიგი „შემოტევის” შემდეგ.

– ნუ აქცევ ყურადღებას, – გაეცინა მაკას.

– არ ვაქცევ, მაგრამ არ მეშვება. ჯერ ხომ ლაპარაკით გამთიშა და თან ისეთ უტაქტო კითხვებს მისვამს, რომ ჭკუიდან გადავყავარ! – ავენთე.

– რა ვქნა, მე ხომ ვერ შევცვლი, გაერიდე ხოლმე, – ჩემი ჩაქრობა სცადა მაკამ.

– როგორ გავერიდო? სადაც მივდივარ, უკან მომყვება ლაპარაკით და შეკითხვებით, – ცოცხალი თავით არ ჩავქრი.

– სამაგიეროდ, როგორ ხაჭაპურებს გახვედრებს დილაობით? – სხვა თემაზე სცადა მაკამ გადასვლა.

– ჯერ ერთი, იმიტომ მახვედრებს, რომ მერე ვინმემ არ თქვას, სტუმრის მიღება არ იცისო. და მეორეც, არ მინდა, ბატონო, მაგისი ხაჭაპური, საერთოდ არაფერი მინდა! არც ის ქათმის ჩახოხბილი მინდოდა, წუხელ რომ გააკეთა და ლამის ქვაბით დამიდგა ცხვირწინ, შენ ჭამა გეყვარება, მსუქანი ხარ, ბევრი გადაიღე, არ მოგერიდოსო, – არ დავთმე პოზიცია.

– მართლა ასე გითხრა? – შევატყვე, მაკას ერთი გაცინება ყველაფერს ერჩივნა, მაგრამ თავი შეიკავა.

– ზუსტად ასე! – გავჯიუტდი.

– შენ კიდევ, წამოსულიყავი ნოდიკოს ძმაკაცის დაბადების დღეზე და აღარ გეტყოდა, – ამოიოხრა მაკამ.

– დამეზარა, – ამოვიოხრე.

– ჰოდა, რა ვქნა ახლა მე? შენ ყველგან წასვლა გეზარება და რა გიყო? – გაბრაზდა მაკა.

– რა და უთხარი, საერთოდ ხმა არ გამცეს, – არც მე დავაკელი გაბრაზება.

– გაუძელი კიდევ ცოტაც. ამასობაში შენი ჭერიც გაკეთდება და გადახვალ ისევ.  არ ღირს ახლა ორიოდე კვირისთვის კონფლიქტი და ნერვების მოშლა, – მთხოვა.

– და მე რომ მიშლის ნერვებს, ეგ არაფერი?

– ნუ იშლი შენც.

– ნუ იშლი, კარგია. მაჩერებს მერე დაწყობილი ნერვებით? – ხმას ავუწიე.

– ვაიმეე, – შემომხედა მაკამ, – შენ ნერვები რა ცუდ დღეში გქონია, სანამ გადმოხვიდოდი, ასეთი არ იყავი.

– ჰოდა, ხომ ხვდები, ვისი დამსახურებაცაა ეს ყველაფერი? რას გთხოვ ისეთს, უბრალოდ, გააფრთხილე, იდიოტობებს ნუ მეტყვის ხოლმე და ნურც ამდენს მექაქანება.

– რა იყო, რა ხდება? ჩხუბობთ? – შემოვიდა ამ დროს ოთახში ციცინო მოულოდნელად.

– არა, – მაკამ ირიბად გადმომხედა, – აი, ლია ცოტა შეწუხებულია, რომ…

– ჰმ, – გააწყვეტინა ციცინომ, – რა აწუხებს, ამ გოგოს, ვერ ვხვდები. იმიტომაც ვერ თხოვდება, სულ შეწუხებული სახე რომ აქვს.

და ოთახიდან ისევე მოულოდნელად გავიდა, როგორც შემოვიდა.

– აჰა, რას გეუბნებოდი. რა თქმა იყო ახლა ეს? – ციცინოზე გაბრაზებული მაკას ვეცი.

– ვაიმე, ბოდიში, მაგრამ მეცინება, – სიცილი აუტყდა მაკას.

– ჰო, იცინე შენ, იცინე და მე კი აღარ ვაპირებ ამ უტაქტო გამოხდომების ატანას. ისევ ჩემს ჭერჩამონგრეულ ბინაში დავბრუნდე, მირჩევნია.

– კარგი ახლა, სად უნდა დაბრუნდე, რას ამბობ? – ახლა მაკა შეწუხდა.

– მაკა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ აჯობებს, დავბრუნდე. ჭერის გაკეთებას დღეს-ხვალ დაიწყებენ, მაგაზე არ იდარდო, სამაგიეროდ, მეც კარგად ვიქნები, ეს ქალი რომ აღარ შემაწუხებს და შენც აღარ დაიწვები ორ ცეცხლშუა, – დავამშვიდე.

მერე ჩემი ნახევარი კილო ბარგი შევკარი და ისე წამოვედი მაკას და ნოდიკოს სახლიდან, რომ ციცინოს არც დავმშვიდობებივარ.

ორიოდე დღის მერე კი…

კარზე ზარია, ვაღებ, ციცინო დგას.

– აბა, როგორ ხარ? – საქმიანად მეკითხება და სანამ პასუხს გავცემ, უკვე შუა ოთახში დგას და აქეთ-იქით იყურება.

– კარგად, – ვეუბნები გაკვირვებული. ნეტავ, მაკამ ხომ არ უთხრა რამე?

– აქ კარგად როგორ იქნები! – ამბობს და ჩანთას მაჩეჩებს, – ეს გამომართვი. ფხალი მოგიტანე, ცხელი მჭადები და ქადებია კიდევ, ტკბილი.

ჩანთას ვართმევ უხმოდ და გაკვირვებული.

– დღეს დილას გავაკეთე ყველაფერი შენთვის, – ამბობს და ისევ აქეთ-იქით იხედება.

– ჩემთვის? – უფრო მიკვირს.

– ჰო, შენთვის, – სამზარეულოში შედის და მაგიდასთან ჯდება.

– რატომ წუხდებოდით…, – ვბურტყუნებ.

– მე იმით უფრო ვწუხდები, რომ წარმოვიდგენ, მარტო ხარ და შეიძლება მშიერი იყო…

პირდაღებული ვუყურებ, ვერ ვხვდები, ამას ირონიით მეუბნება თუ გულწრფელად.

– მე მეუბნებით ამას? – სკამზე ვჯდები გაოცებული.

– რომ დარჩენლიყავი კიდევ ცოტა ხანს, კი მოგხედავდი სათანადოდ, მაგრამ არ ინებე და გამოიქეცი და… – აგრძელებს, – მაკამ მითხრა, რაღაცები გწყენია ჩემგან.

– მმმ… – ენა მებმის უხერხულობისგან. მოვკლავ მაკას! რაღა საჭირო იყო რამის თქმა?

– მოდი ახლა და სანამ ესენი გაცივდება, ისადილე, – მეუბნება მზრუნველი ხმით. არა, არ ვაჭარბებ, ნამდვილად ასეა!

– მერე, უარესად არ გავსუქდები? ხომ ამბობთ, რომ ისედაც მსუქანი ვარ, – ვცდილობ, ვიხუმრო.

– შენ როგორი გულში ჩადება გცოდნია, – ეღიმება, – რა ვქნა, ასეთი ვარ, ხანდახან მართლა ცუდად გამომდის ხოლმე. ამას გვიან ვხვდები, თუმცა, ბევრისაგნ განსხვავებით, ჯიუტი არ ვარ და, როგორც კი ვხვდები, მაშინვე ვცდილობ, ჩემი შეცდომა გამოვასწორო.

– გამოდის, რომ შეცდომის გამოსასწორებლად მოხვედით, – ვუღიმი შერიგების ნიშნად.

– ეგეცაა, მაგრამ უფრო სხვა მიზეზია, – ეღიმება თავადაც.

– სხვა მიზეზი?

– ჰო. შენ წარმოიდგინე და ძალიან მოგეჩვიე.

– მეე?

– ოჯახის წევრივით…

ვუყურებ, აშკარად გულწრფელია. არანაირი სიყალბე, არანაირი უტაქტობა! გული სითბოთი მევსება, შეიძლება ცრემლებიც კი გადმოვყარო ახლა.

– მე… მე… დიდი მადლობა, – უხერხულად ვიშმუშნები.

– აჰ, რა მადლობა, რას ამბობ, – იცხადებს, მერე სწრაფად დგება, ისევ ათვალიერებს იქაურობას, – სანამ შენ ისადილებ, მე საქმეს მივხედავ.

კი ვუარობ, მაგრამ ვინ მანებებს?!

და ცოტა ხანში ცოცხ-ტილო-აქანდაზაკიდებული ციცინოს ხმა მესმის ოთახებიდან:

– არა, ერთი იმ შენს მეზობელს უნდა მივეჭრა. მაგას შენ უპატრონო ხომ არ ჰგონიხარ, ამდენ ხანს რომ არ მოგიყვანა ხელოსნები?

– სინათლე გასაკეთებელი გქონია საძინებელში. ცუდად ციმციმებს. ნოდიკოს ვერ უთხარი? მე ვეტყვი, გაგიკეთოს. ეს კარიც მისახედი ყოფილა. ჭრიალებს. მერე ზეთი მომეცი, მივხედავ.

„რა ბედნიერებაა, როცა შენზე ასე ზრუნავენ”, – ვფიქრობ სახეზე ღიმილგადაფენილი და უცებ:

– რომ დგები, საწოლს მაშინვე არ ასწორებ? ან ტანსაცმელს სულ ასე ყრი? რა უბედურებაა!..

აქამდე მისი ეს „არამკითხე” შეკითხვები ძალიან გამაღიზიანებდა, მაგრამ ახლა რატომღაც არ მაღიზიანებს, პირიქით, ისე მამხიარულებს, რომ ხმამაღლა ვიცინი.

მერე ვდგები და ჩემი მართლა გვარიანად არეული საძინებლის მისალაგებლად მივდივარ.