ეთერ თათარაიძეს და ამირან არაბულს ჯვრისწერა 18 წლით დააგვიანდათ
„ჩვენ ერთმანეთს არასოდეს ვეუბნებით - „მიყვარხარ!" „შენზე ვგიჟდები!"... ყველაფერი უსიტყვოდ ხდება“

ეთერ თათარაიძეს და ამირან არაბულს ჯვრისწერა 18 წლით დააგვიანდათ„სარკე“, ირინე მჭედლიძე

ფოლკლორისტების ცნობილი წყვილის, პოეტ ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის სიყვარულის ამბავი 30 წელზე მეტს ითვლის. ქორწილი ვარდობისთვეში, მთაში შემონახული ყველა რიტუალის დაცვით გადაიხადეს. თამადა ვახუშტი კოტეტიშვილი გახლდათ. მათი შეუღლება მთელმა თუშეთმა, ხევმა და ხევსურეთმა იზეიმა. ახლა სამი შვილი ჰყავთ – მინდია, ანანო და მარიამი (თუთიკო).

ბატონი ამირანი და ქალბატონი ეთერი სოფელ-სოფელ, მთა-მთა დადიან და ხალხში გაბნეულ მარგალიტებს აგროვებენ, რომ შთამომავლებს შემოუნახონ ქართული სიტყვის საგანძური. ამას უჩუმრად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე აკეთებენ. თავად ამ სუფთა ადამიანების ცხოვრებაშიც საოცარი, ზღაპარივით ამბები მომხდარა.

– უამბეთ „სარკის“ მკითხველებს თქვენი სიყვარულის ამბავი, რომელმაც ამდენ წელს გაუძლო.

ეთერ თათარაიძე: მთის ხალხი ამ თემაზე მორიდებულად საუბრობს, მაგრამ ფაქტია, რომ სიყვარულია ყველაფრის საფუძველი. ჩვენ ერთმანეთს არასოდეს ვეუბნებით – „მიყვარხარ!” „შენზე ვგიჟდები!”… ყველაფერი უსიტყვოდ ხდება.

24 წლის ვიყავი, როცა ვიქორწინეთ. ახლა სულ ვფიქრობ, თურმე მაშინ რამდენ რამეზე არ გვიფიქრია. ამირანს ცოლად ისე გავყევი, მისი თვისებები ბოლომდე არც კი ვიცოდი. რომ ვთქვა, ამირანზე ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა-მეთქი, ასე ნამდვილად არ იყო, მაგრამ მას ხალხში გამოვარჩევდი. გუმანი თუ გული მეუბნებოდა, რომ საოცრად სუფთა იყო.

ამირან არაბული: ამაზე ლაპარაკს დუმილს ვამჯობინებ, რადგან ეს თემა მთაში სულ თუ არა, ნაწილობრივ მაინც ტაბუდადებულია. ყველაფერი შიგნით, შენს არსებაში უნდა ტრიალებდეს. ამ საზღვრებს თუ გასცდება, ის კარგავს ხიბლს, იდუმალებას და იმასაც, რასაც სამუდამოდ შენახული საიდუმლო ჰქვია.

– ბატონო ამირან, ეთერ თათარაიძე, როგორც პოეტი, ვახუშტი კოტეტიშვილის აღმოჩენა იყო. ის პირველად საზოგადოებამ გასული საუკუნის 70-იან წლებში გაიცნო ფოლკლორის საღამოზე, როცა ჯერ კიდევ გოგონა იყო. თქვენ როდის შეხვდით პირველად მომავალ მეუღლეს?

ამირანი: იმ დღეს მეც დარბაზში ვიყავი. შემდეგ უნივერსიტეტში გვიწევდა შეხვედრები. მის აუდიტორიაშიც ხშირად შევდიოდი.

ეთერი: მაშინ შენ ასპირანტი იყავი და ჩემს აუდიტორიაში ყოფნა არ გევალებოდა. ერთხელ ლექტორმა ამირანი და მისი მეგობრები აუდიტორიიდან დაითხოვა. ზოგჯერ იმალებოდნენ, მერხებში თავს ყოფდნენ, რომ ლექტორს არ დაენახა.

– როგორი ქორწილი გადაიხადეთ?

ეთერი: მთაში გადავიხადეთ და ამას ქორწილი არც ერქვა, ეს იყო პოეზიის დიდი საღამო. თამადა ვახუშტი კოტეტიშვილი იყო. ქორწილს ლამის მთელი საქართველო ესწრებოდა. ჯერ ალვანში, თუშური რიტუალებით გადავიხადეთ. მერე ყაზბეგში, ამირანის სოფელ ჯუთაში წავედით. გზა და გზა ხევსურები, მთელი ხევი გვეგებებოდა. ჩემი მამამთილი, დავით არაბული, გამორჩეული ადამიანი იყო, მთელი ხევი და ხევსურეთი პატივს სცემდა. სუფრები ქუჩაში ჰქონდათ გაშლილი და ისე გვეგებებოდნენ. ბევრი ოჯახი გულდაწყვეტილი დარჩა, რადგან ყველგან გაჩერებას ვერ ვასწრებდით. სანამ ჯუთაში მივედით, ლამის დაგვაღამდა.

– ჯვარი სად დაიწერეთ?

ეთერი: ჯვარი ანანურში უნდა დაგვეწერა. მაშინ ეს ტაძარი მოქმედი არ იყო. ამირანის მეჯვარე გოდერძი ჩოხელი გახლდათ, ჩემი – გუგა კოტეტიშვილი და ნატო მირზაშვილი. გოდერძი თბილისში მოძღვარს მოელაპარაკა, რომ ანანურში ამოსულიყო და ჯვრისწერის რიტუალი შეესრულებინა. გოდერძი მთელი გზა საოცრებებს აკეთებდა. გზადაგზა მინდვრის ყვავილებს კრეფდა და ჩვენს მანქანას აყრიდა. მთელი გზა არ ისვენებდა. ამიტომ ანანურში დავიგვიანეთ. თურმე მოძღვარი გველოდა. მერე იფიქრა, ალბათ აღარ მოვლენო და თბილისში გაბრუნდა.

– ჯვარდაუწერლები დარჩით?

ეთერი: კი და ჯვრისწერა დიდხანს ვეღარც მოვახერხეთ. ჩვენი უფროსი შვილი, მინდია, 17 წლის რომ გახდა, სასწავლებლად ამერიკაში უნდა წასულიყო. აი, მაშინ შევფიქრიანდით. შვილის შორს წასვლამ შეგვაშინა და ქორწინებიდან 18 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჯვარი ისევ ანანურში დაგვეწერა. ერთ დღეს მე და ამირანი სახლიდან გავიპარეთ. შვილებს ვუთხარით, ვინც არ უნდა გვიკითხოს, უთხარით, სახლში არ არიან-თქო.

მინდიას გავანდეთ, რომ ჯვრის დასაწერად მივდიოდით. ჩვენი საეკლესიო მეჯვარეები არაჩვეულებრივი წყვილი – ვაჟა და მარინე ჯინჭარაულები არიან. ჯვრისწერისას გვირგვინები დაგვადგეს. მოულოდნელად ფრთხიალის ხმა გავიგონეთ და უცებ გვირგვინებსა და თავზე სკლინტები დაგვედინა. მაღლა რომ ავიხედეთ, თავზე მტრედების მთელი გუნდი დაგვტრიალებდა. მოძღვარმა თქვა, ასეთ რამეს არასოდეს შევსწრებივარო.

– თქვენმა ჯვრისწერამ ასე უხმაუროდ ჩაიარა?

ეთერი: არა, ეკლესიიდან რომ გამოვედით, ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები ვნახეთ. ავტობუსით ექსკურსიაზე იყვნენ ამოსული. ჩვენმა მეჯვარეებმა უთხრეს, ჯვარი დაიწერესო. არც მინდიას შეუნახავს საიდუმლო, ჩვენი მეგობრებისთვის უთქვამს, ანანურში ჯვარს იწერენო და მათაც ამოგვაკითხეს… ის დღე ძალიან ბედნიერი და დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო. რაღაცნაირად სულმა დაისვენა.

– ქალბატონი ეთერ, ვიცი, რომ ბავშვობაში ცის გახსნა ნახეთ. მთაში ბუნების ამ მოვლენას როცა შეესწრებიან, ნატვრას ჩაუთქვამენ. თქვენ რა ინატრეთ ან როგორი იყო გახსნილი ცა?

ეთერი: თუშები ამას ცის გახევას ეძახიან. ამბობენ, ცა გაიხიაო. მაშინ 7-8 წლის ვიქნებოდი. თუშეთიდან კავკასიონის უღელტეხილზე გადმოვდიოდით. უცებ უცნაურად მჩხეფარე ხმა გავიგონეთ. დედამ დაგვიძახა, ბალღებო, დეიჩოქეთა, ღმერთს მადლობა, ლოცვა უთხარითაო. ჩვენ თავზე კამკამა, ლურჯი ცა გადაიხა და შიგნით თითქოს ცეცხლი გამოჩნდა. მერე ისევ გაიკერა, შეიკრა. სანამ ცა დაიხურება, მანამდე ნატვრის თქმა უნდა მოასწრო. მაშინ ვერაფრის თქმა მოვასწარი. ამ სანახაობით გაოგნებული მარტო იმას ვამბობდი, ღმერთო, გვიშველე-მეთქი. დედა პირჯვარს იწერდა და ლოცულობდა. სხვათა შორის, დედაჩემი ახლა 85 წლის არის. მისი ასაკის თუშ ქალებს მანდილები არ მოუხდიათ. დედა ხილაბანდის გარეშე არ დაწვება. ძილის წინ კი ყოველთვის ლოცულობს. დილით რომ ვიღვიძებთ, ისევ დედის ჩურჩული გვესმის, უფალს მადლობას ეუბნება.

– ისიც ვიცი, რომ თქვენს გაჩენაში უფლის ხელი ურევია. დედათქვენს გამოცხადება ჰქონდა, რომ ბავშვი უნდა გაეჩინა.

ეთერი: მშობლებს ჩემი გაჩენა მაინცდამაინც გეგმაში არ ჰქონდათ. მამამ სთხოვა, მეტი შვილი არ გვინდა და ბავშვი მოიშორეო. დედას ამის გაკეთება არ შეეძლო. თურმე ახმეტაში ექიმთან ორჯერ წავიდა, მაგრამ გამობრუნდა. მერე ჩემს ბიცოლას შესჩივლა, ამის გაკეთება არ შემიძლიაო. ის მოხერხებული ქალი იყო და დაარიგა, შენს ქმარს უთხარი, ექიმმა მითხრა, მეუღლეც მოგყვესო.

თუშის კაცი რომ გინეკოლოგთან არ წავიდოდა, ეს ცხადი იყო და, რა თქმა უნდა, მამამ უარი უთხრა. ისევ სთხოვა, რაღაცნაირად მოახერხე და ბავშვი მოიცილეო. დედას მამა იმდენად უყვარდა, რომ გადაწყვიტა, მისი თხოვნა შეესრულებინა.

ერთ დღეს იმ ფიქრით დაიძინა, რომ დილით ახმეტაში წავიდოდა და აბორტს გაიკეთებდა. ძილში თეთრწვერა, თეთრ სამოსელში გამოწყობილი კაცი გამოეცხადა და უთხრა, ახლა რა ფიქრითაც დაიძინე, ოღონდ იმას ნუ აასრულებ და მშობიარობაზე 9 ქალს დაგახმარო. თურმე რომ გაიღვიძა, იფიქრა, ჩემი ქმარი, სტეფანე, სულ რომ გამეყაროს, მორჩა, ამ ბავშვს მაინც არ მოვიშორებო. სხვათა შორის, ჩემს უფროს და-ძმებზე რთული მშობიარობა ჰქონდა. მე კი მარტომ სრულიად უმტკივნეულოდ გამაჩინა, ჭიპლარიც თავად გადაჭრა, მაბანავა, თვითონაც მოწესრიგდა. დილით ჩემი და, ლელა, რომელიც ჩემზე 7 წლით უფროსია, თვალების ფშვნეტით ოთახში შემოვიდა. ამ დროს ვიჭყავლე. ლელამ იყვირა, ვაიმე, პატარაიც გაგიჩენიაო.

– თქვენი შვილები ქალაქში დაიბადნენ და გაიზარდნენ. როგორ შეუნახეთ მათ მთის ტრადიციები?

ამირანი: რა თქმა უნდა, ქალაქში შვილების გაზრდა ძნელია. საკმაოდ მკაცრი მამა ვარ. შვილებს მაქსიმუმს ვთხოვ.

ეთერი: არ მიყვარს, როცა ჯიშსა და მოდგმას უცებ კარგავენ და ძალიან ქალაქელდებიან. ნამდვილ ქალაქელებს ვეთაყვანები, ვგიჟდები თბილისზე, მაგრამ ისე მოვკვდები, რომ ქალაქელი ვერ გავხდები. მინდია მე-7 კლასში იყო, როცა შუა ზამთარში ამირანმა შვეულმფრენით ხევსურეთში, სოფელ არხოტში წაიყვანა. შვეულმფრენით იქ პროდუქტები ჩაჰქონდათ. ამირანი ღამით მარტო დაბრუნდა. მინდიამ დამალვა იცოდა, კარზე ზარს რომ დარეკავდა, იმალებოდა. ვიფიქრე, ისევ დაიმალა-მეთქი. ამირანმა მითხრა, მინდია იქ დავტოვე, არმაზს ჩავაბარე, ვუთხარი, დაიხმარე, ყველაფერი გააკეთებინე, რაც საჭიროაო. კინაღამ გული გამიჩერდა, მაგრამ რაღას ვიზამდი? ერთი თვის შემდეგ მინდია სრულიად შეცვლილი დაბრუნდა. ექსპედიციებში შვილებიც დაგვყავდა. გიჟდებიან თავიანთ თუშეთზე, ხევზე, ჯუთაზე.

ბატონო ამირან, რას ვერ აპატიებთ შვილებს?

ამირანი: საკუთარი გვარისა და მოდგმის დაუფასებლობას და იმ შესაძლებლობების კეთილად გამოუყენებლობას, რაც ყველა ადამიანში დევს.

„სარკის“ არქივი