„ცოდვებისგან გათავისუფლებულმა ყველაფერს სხვანაირად შევხედე“ – რას უყვებოდა ბესო მეგრელიშვილი „სარკეს“

„ცოდვებისგან გათავისუფლებულმა ყველაფერს სხვანაირად შევხედე“ - რას უყვებოდა ბესო მეგრელიშვილი „სარკეს“,,სარკე“

რამდენიმე თვის წინ, 11 აპრილს მოზარდ მაყურებელთა თეატრმა მძიმე ინფორმაცია გაავრცელა – 58 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ბესო მეგრელიშვილი. „უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი, ბესო მეგრელიშვილი! 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა, რაღაც ვერ ვარ კარგად, წნევა შემომეჩვიაო…”, – დაწერა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა. „ჭორიკანა ქალები” ბესო მეგრელიშვილის უკანასკნელი სპექტაკლი აღმოჩნდა…

„სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ბევრჯერ ვყოფილვარ და უფალმა ყოველ ჯერზე გადამარჩინა. ხომ სასწაულია?!” – უთხრა ბესო მეგრელიშვილმა „სარკეს” ერთ-ერთ ინტერვიუში. ის გულახდილი რესპონდენტი გახლდათ. არასოდეს დაუმალავს ის პრობლემები და სირთულეები, რომელთა გადალახვაც მოუხდა, მათ შორის – პირად ცხოვრებაშიც.

– ახმეტელის თეატრში სპექტაკლს ვთამაშობდი, როდესაც ძალიან ცუდად გავხდი, – გვიყვებოდა მსახიობი, – ბოლომდე ვიდექი სცენაზე და შემდეგ საავადმყოფოში წამიყვანეს. სასწრაფო ოპერაცია გამიკეთდა… კუჭის ოპერაცია ორჯერ გამიკეთეს, ნაღვლის ბუშტიც ამოჭრილი მაქვს. ექინოკოკი მქონდა და ფილტვზეც ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ამიტომ ძალიან იშვიათად თუ დავლევ ღვინოს, არაყს საერთოდ არ ვეკარები. მინდა დალევა, მაგრამ, როცა შვილებთან, შვილიშვილებთან პასუხისმგებლობა მაქვს, ჩემს თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევ. ასაკსაც თავისი მოაქვს.

ადამიანები, ალკოჰოლთან დამოკიდებულების მიხედვით, 4 ტიპად იყოფიან: პირველი, როცა ადამიანი საერთოდ არ სვამს, მეორე – მოქეიფე, მესამე – ლოთი და მეოთხე – ალკოჰოლიკი. მე ოთხივე მაქვს გავლილი. ალკოჰოლიზმს, ღვთის წყალობით, ეკლესიის დახმარებით მოვერიე.

– რამ გადაგაწყვეტინათ ტაძარში მისვლა?

– ცოდვებმა დამამძიმა. იმ დროს ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი იდგა. დეპრესია მქონდა. ოჯახური მდგომარეობა, უმუშევრობა და კიდევ ბევრი რამ გახდა ჩემი ცუდად ყოფნის მიზეზი. მაშინ ძალიან მომინდა, ეკლესიაში მევლო და ამით გამოვსულიყავი რთული მდგომარეობიდან.

ღმერთი ამბობს, შენ წამოდგომა მოინდომე და მე მოგეხმარებიო. ზუსტად ასე დამემართა. სურვილი გამიჩნდა და მაშინვე მივედი ტაძარში. მანამდეც მინდოდა მოძღვრის ყოლა, აღსარების ჩაბარება, ზიარება, მაგრამ დროში გაიწელა. ბოლოს ყველა წინაღობა დავძლიე და ეკლესიის წიაღში მივედი.

2-3 თვეში უკვე თავს კარგად ვგრძნობდი. ჩემი ცხოვრების წესიც შეიცვალა. ნორმალურ რეჟიმში ჩავდექი, სამსახურიც გამომიჩნდა და ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. ეს იმიტომ, რომ ცოდვებისგან გათავისუფლებულმა ყველაფერს სხვანაირად შევხედე. ამაში კი უფალი და მისი სახლი დამეხმარა. მე, როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ყველას ვურჩევ, ღმერთთან იმდენად ახლოს მივიდნენ, რამდენადაც შეძლებენ.

ცდუნებები არის და ცოდვებსაც ისევ იდებ, მაგრამ ამისგან პერიოდულად უნდა განიწმინდო. ბევრჯერ მაქვს მიღებული ზიარება და, სამწუხაროდ, ზოგჯერ ერთსა და იმავე ცოდვას მაინც ვიმეორებ. ხანდახან ცოდვები გროვდება. ჩვენ ხომ ყოველ წუთს ვცოდავთ, ფიქრებშიც კი… ისეთი გრაფიკი მაქვს, ყოველდღიური საეკლესიო ცხოვრება ძალიან მიჭირს. დილა-საღამოს ლოცვებს ვკითხულობ.

ბესო მეგრელიშვილს სამი ქორწინებიდან სამი შვილი დარჩა. დიდი სიყვარული მსახიობ ეკა თვაურთან იპოვა, რომელთანაც გოგონა შეეძინა. ორი ოჯახის დანგრევის მიზეზებზე მსახიობი “სარკესთან” ყვებოდა:

– ეს ალბათ ჩემი ბრალიც იყო და ჩემი ცოლებისაც. პირველი ოჯახი 17 წლის ასაკში შევქმენი. შეიძლება მართლა მიყვარდა ან მეგონა, რომ მიყვარდა. ბოლოს მაინც აღმოჩნდა, რომ ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს და გავშორდით. 7-8 წელი ვიცხოვრეთ ერთად. პირველ ცოლთან გოგო მყავს, ის უკვე 3 შვილის დედაა. მერე თეატრმცოდნე მერი გურგენიძესთან ვიცხოვრე 9 წელი. მეორე ცოლთან ბიჭი მყავს. მეორე ცოლის შვილიც ჩემს ხელში გაიზარდა და მასზე სიტყვა “გერს” ვერ ვამბობ, შვილივით მიყვარს. მეორე ქორწინებაში ჩემი შეცდომა უფრო მეტი იყო.

– მესამედ რომ ქმნიდით ოჯახს, შეცდომები თუ გქონდათ გაანალიზებული და განვლილი წლები – შეფასებული? არ გაგიჭირდათ ამ ნაბიჯის გადადგმა?

– არ გამჭირვებია, რადგან ეკა ძალიან შემიყვარდა. ის კარგი ადამიანია. გარეგნობით და ინტელექტით დაიმსახურა, რომ მისკენ ეს ნაბიჯი გადამედგა. ჩემი და ეკას ურთიერთობამ ბევრ რამეს გაუძლო – ცუდსაც და კარგსაც. ადამიანი თუ ეძებს, პოულობს კიდეც. მე ვიპოვე… ჩემს ყოფილ ცოლებთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს და არა მხოლოდ შვილების გამო, ისედაც გვაქვს მისვლა-მოსვლა ოჯა-ხებში.

პირველ ცოლს როცა გავშორდი, ჩემი გოგო 8-10 წლის იყო. ამ საკითზე რომ მელაპარაკა, უკვე დიდი იყო. უბრალოდ კითხვა დამისვა: “რატომ?”. მე კი ავუხსენი, რომ მე და დედამისი ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ და ამიტომაც გავშორდით. უფროსი ქალიშვილი ალბათ გულში მსაყვედურობს კიდეც, მაგრამ არ მეუბნება. ამას კარგად ვხვდები, ბევრჯერ მისი სევდიანი თვალებიც დამინახავს. ალბათ ჩემს ბიჭსაც აქვს სასაყვედურო.

– როგორ გგონიათ, რას შეუძლია ოჯახის გადარჩენა?

– მყარი ოჯახისთვის დიდი სიყვარული ყოფილა საჭირო. ამ შემთხვევაში წყვილი ერთმანეთის მხარში დგომით ყველა გაჭირვებას გადაიტანს. ასეთი სიყვარული კი იშვიათია და ახალშექმნილი ოჯახები ამიტომაც ინგრევა პანტაპუნტით. გავიმეორებ, ამის მიზეზი ნაკლები სიყვარულია.

ბესო მეგრელიშვილი 15 აპრილს მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან გაასვენეს. მსახიობი მახათას მთის პანთეონში დაკრძალეს.