„სარკე“, ია ქუთათელაძე
რეჟისორმა ციცინო კობიაშვილმა მარჯანიშვილის თეატრში ვოდევილის ტრადიცია გააცოცხლა. პიესებზე მუშაობა პანდემიამდე დაიწყო. შემოქმედებითი პროცესის ზენიტში იყო, როცა იძულებული გახდა, მუშაობა შეეჩერებინა. ორწლიანი პაუზის შემდეგ განახლებული ენერგიითა და ახალი იდეებით სპექტაკლში გარკვეული ცვლილებები შეიტანა.
თავდაპირველად ვოდევილები ერთ წარმოდგენად უნდა ყოფილიყო, მაგრამ “უჩინმაჩინის ქუდის” ხანგრძლივობა ერთ საათს რომ გადასცდა, გადაწყვიტა, დამოუკიდებელ სპექტაკლად ექცია. ასე დაიბადა ორი სპექტაკლი, მხიარული, მუსიკალური და შთამბეჭდავი, რომელიც ყველა თაობის მაყურებელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
გარდა იმისა, რომ საყვარელ საქმეს უდიდესი ერთგულებით ემსახურება, კიდევ ერთი გატაცება აქვს – წლებია, ხელსაქმით არის დაკავებული. გეკუპაჟის საშუალებით სხვადასხვა საოჯახო ნივთებს, საახალწლო აქსესუარებს და სააღდგომო კვერცხებს ამზადებს. მისმა ნახელავმა არაერთი სააღდგომო სუფრა დაამშვენა ქართულ ოჯახებში. ამ ყველაფერზე ციცინო კობიაშვილი ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა.
– ქალბატონო ციცინო, კარგა ხნის წინ დაწყებული თქვენი შრომა წარმატებით დაგვირგვინდა, ვოდევილები მაყურებელმა იხილა. რა გზა გაიარა სპექტაკლმა, სანამ მაყურებელს შეხვდებოდა?
– ვოდევილების დადგმა ჩემი ოცნება იყო. მუშაობა პანდემიამდე დავიწყე, თითქმის გასული ვიყავით ბოლომდე, როცა პანდემია დაიწყო. კოვიდი ორჯერ შემხვდა და საკმაოდ რთულად გადავიტანე. ისედაც ჩაკეტილები ვიყავით, ამიტომ დიდი ხნით მომიწია მუშაობის შეწყვეტა.
იმ დროის განმავლობაში ბევრი რამ გადავაფასე. როცა შესაძლებლობა გაჩნდა თეატრში დაბრუნებისა, “უჩინმაჩინის ქუდით” განვაახლე მუშაობა. ჩაფიქრებული მქონდა, სამი ვოდევილი ერთ სპექტაკლად გამეკეთებინა, მაგრამ “უჩინმაჩინი” ყველაზე დიდი ვოდევილია, მისი ხანგრძლივობა საბოლოოდ საათი და ორმოცი წუთი გამოვიდა. ეს ფაქტობრივად არის ერთი სრულყოფილი სპექტაკლი და ასეც მოვიქეცი, ცალკე სპექტაკლად დავტოვე. გასული სეზონის ბოლოს ვითამაშეთ მისი პრემიერა.
კოვიდის შემდეგ ძალიან სუსტად, უღონოდ ვიყავი, მიჭირდა ყურადღების მოკრება, კონცენტრაცია. ჩემი პროფესიისთვის ეს დამღუპველია. არ დაგიმალავთ, ძალიან შემეშინდა. მაშინ ფასანაურში ვიმყოფებოდით. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, ჩვენს მეზობელს, რომელიც სკოლის დირექტორია, ,,ვეფხისტყაოსანიძძ გამოართვი, უნდა წავიკითხო-მეთქი. ცოტა კი შეშფოთდა, მაგრამ მომიტანა.
დავიწყე ყოველ დილით თითო თავის კითხვა, შემდეგ მოვუმატე და რაც იქ ვიყავი, მთელი ,,ვეფხისტყაოსანიძძ, როგორც ერთი გაბმული ლოცვა, ისე ჩავაბულბულე. მართლაც დალოცვილი, უდიდესი მადლის მატარებელი წიგნია. სასწაული მოახდინა, არათუ გამომიკეთა, მთლიანად გამინათა გონება, ახალი ძალები შემმატა.
შემდეგ “უჩინმაჩინის ქუდი” მთლიანად ავაგე “ვეფხისტყაოსანზე”. უფრო ზუსტად, მთავარი გმირი მამაკაცი არის სომეხი ვაჭარი, მისი ცოლი კი – ქართველი, რომელსაც უყვარს თავისი ქმარი, მაგრამ მისთვის საშინლად მოსაწყენია ის სამყარო, სადაც ქმარი ტრიალებს თავისი დახლით, ვაჭრობით, ანგარიშებით, ფულით. შვებას კი პოულობს “ვეფხისტყაოსანში”, ცხოვრობს პერსონაჟების აფორიზმებით. ისეა გატაცებული, ქმარი შოთა რუსთაველზე ეჭვიანობს.
– დანარჩენი ორი ვოდევილი როგორ აარჩიეთ?
– პირველი გახლავთ ნეკრასოვის “არტისტი”, რომლის თარგმნა და ადაპტირება გამიკეთა მაია ჯაფარიძემ. არის მხიარული, სახასიათო. მესამე გახლავთ აკაკი წერეთლის “ბუტიაობა”, დაწერილი ფანტასტიკური ენით. მე მოვარგე ჩვენს დროს. ოჯახი – დედა საბერძნეთშია, ერთი ქალიშვილი იტალიაში, მეორე – საფრანგეთში, იქიდან დაბრუნებულები როგორი ენით საუბრობენ, როგორ ურთიერთობენ ნაცნობებთან და ასე შემდეგ.
მუსიკის ავტორი მიშა მდინარაძეა, მხატვარი – ხათუნა მაისურაძე, ქორეოგრაფი – ბაქარ ხინთიბიძე. საუკეთესო გუნდი შეიკრა, დიდი სიამოვნებით ვიმუშავეთ და ვფიქრობ, შედეგიც კარგი მივიღეთ. ამას მაყურებლის სიმრავლე და აპოლდისმენტები ადასტურებს.
– თქვენი ხელმარჯვეობის ამბავი ცნობილია, ამ სააღდგომოდაც შექმნიდით სილამაზეებს.
– არსებობს “რეწვის ტრადიციის ასოციაცია”, სადაც მეორე წელია, მიმაქვს ჩემი ნამუშევრები. ისინი ავრცელებენ, ყიდიან. უამრავი რამ გავაკეთე და ყველაფერი მათ ჩავაბარე. როცა ტელეკომპანიებმა დამირეკეს, რომ ჩემი ხელნაკეთი სამშვენისებით მივსულიყავი სტუდიაში, აღარაფერი მქონდა. არ მინდოდა მათი გაწბილება და რამდენიმე ნივთი თავიდან გავაკეთე.
აღდგომა ჩემი საყვარელი დღესასწაულია და მზადება ადრიანად დავიწყე. ბევრი ტრადიცია ოჯახიდან მომყვება, მაგრამ პასკებს სახლში არასდროს აცხობდნენ. გულით მინდოდა, მესწავლა, თავად გამომეცხო ეს სურნელოვანი მთავარი ტკბილეული აღდგომისა, მოვინდომე და ვისწავლე. ყოველ წელს ვხვეწ და, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო გამომდის.
ჩემი პატარა საიდუმლო მაქვს, რითაც უფრო გემრიელი და მძიმე გამოდის. მოსამზადებლად მხოლოდ კვერცხის გულს ვხმარობ. როცა ცილასთან ერთად მზადდება, უფრო ფუმფულა, მსუბუქი გამოდის, რაოდენობაშიც იგებ, მაგრამ მე მირჩევნია, რამდენიმე ულუფა მოვზილო და მხოლოდ გულებით გავაკეთო. ყველა, ვისაც გაუსინჯავს ჩემი პასკა, ამბობს, რომ განსხვავებულია. არ ვიყენებ ფხვიერ საფუარს, მხოლოდ ცოცხალი საფუარით ვამზადებ. საბედნიეროდ, უკვე იშოვება.
კვერცხებს, როგორც ყველა, ენდროში ვღებავ, თუმცა სხვა მეთოდითაც ვალამაზებ. შემიძლია გასწავლოთ. მართალია, უკვე ყველას შეღებილი აქვს, მაგრამ აღდგომიდან მთელი კვირის განმავლობაში შეიძლება ისევ შეღებოთ, ამიტომ გამოგადგებათ.
ხახვის ფურცელი დაჭერით წვრილად, შეურიეთ ასევე წვრილად დაჭრილი თეთრი საწერი ფურცელი. ამ ნარევში ამოავლეთ დასველებული კვერცხი ისე, რომ ნაკუწები მიიკრას, ზომიერად გადაანაწილეთ მთელ სიმრგვალეზე, შემდეგ შეკარით სათითაოდ მარლაში.
აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ კარკადეს ჩაი, რომელიც ყველა მაღაზიაში იყიდება, ჩადეთ მარლაში გამოკრული კვერცხები, მოხარშეთ კარგად, შიგვე გააცივეთ, ამოიღეთ, მოხსენით მარლა და თქვენ გექნებათ ულამაზესი კვერცხები მარმარილოს ეფექტით.
– სააღდგომო სუფრის მშვენება – ჩაქაფული – თუ მოამზადეთ?
– არა, ჩვენ რატომღაც დიდად არ ვეტრფით ამ კერძს. აღდგომას მიყვარს ლამაზი სუფრა, ჯეჯილი, რომლის დათესვა ადრე მომივიდა და ძალიან დიდი გაიზარდა, სხვადასხვანაირად შეღებილი კვერცხები, სურნელოვანი პასკა. წელს ლამაზი სააღდგომო პატარა ხეებიც დავამზადე. რაც შეეხება კერძებს, სადღესასწაულო სადილი გავამზადე, ტოლმა, რომელიც ყველას უყვარს, შემწვარი ქათამი და ნიგვზიანი მხლები.
– თქვენ კიდევ ერთი გატაცება გაქვთ – ბაღი და ყვავილების მოვლა.
– ვცდილობ, ყველაფერი გავახარო, რაც კი შეიძლება ფასანაურის ჰავას მოერგოს. ჩვენს თბილისურ ეზოში რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ამიტომ ქალაქის მერიამ გაგვიყვანა ქირით. უკვე ოთხი წელია, ვცხოვრობთ პატარა ეზოიან საკუთარ სახლში. მართალია, ჩემი საკუთრება არ არის, მაგრამ იმდენად მიყვარს ბაღში ფუსფუსი, რომ ავაყვავე იქაურობა. გადაბრდღვიალებულია ყველაფერი. გაგიჟებით ყვავის მაგნოლია, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. სამსახურიდან დაღლილი მოსული ამ ბაღნარში რომ დავჯდები, ჩემთვის ეს განტვირთვის და დასვენების საუკეთესო საშუალებაა.
