მსახიობმა გია ბურჯანაძემ, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, 8 ოქტომბერს თურქეთში ოპერაცია გაიკეთა. იმედი აქვს, რომ 2 ნოემბერს ისე იქნება, სპექტაკლ „იდუმალ ვარიაციებში” თამაშსაც შეძლებს. ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ მსახიობი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა:
–ოპერაციის შემდგომი სამი დღე კრიტიკული მქონდა. ვჭიდაობ, რა. მოძრაობა მიჭირს, მუცელზე მაქვს დიდი ჭრილობა. მალე გადაწყდება, როდის გამომიშვებენ თურქეთიდან სახლში. საქართველოში სამი კვირის შემდეგ მსუბუქ ქიმია თერაპიას დავიწყებ. თებერვლამდე თავისუფალი ხარ, სახლში მკურნალობა გააგრძელეო…
ძლიერი ექიმები ჰყავთ. ჩემი თურქი ექიმი, აბდულ ჯაფარ ქარტალი, ისეა შეშინებული, რადგან ოპერაციების შემდეგ სულ გართულებები მაქვს. ახლა მითხრა, მოდი, შევთხოვოთ უფალს, რომ გართულებების გარეშე გადაიტანოთ ეს ოპერაციაო. მე ამ სიტყვებზე პირჯვარი გადავიწერე და ამ მუსულმანმა ექიმმა, აჰა, მეც გადავიწერ პირჯვარსო და მანაც გადაიწერა! წარმოიდგინეთ! ოღონდ შენ გართულებები არ გქონდესო და ადგა და მანაც გადაიწერა პირჯვარი. ახალგაზრდა კაცია, 45 წლის იქნება. ძალიან მეფერება. ძალიან ყურადღებიანი ხალხი აღმოჩნდა ამ საავადმყოფოში. დიდი სიკეთეები დავინახე მათგან.
