რას აბრალებდნენ და გაჰყვა თუ არა წყენა იმქვეყნად აკაკი ბაქრაძეს – „ჩემს ძმას აღარც წერილებს უბეჭდავდნენ”
საზოგადოებისგან გარიყული ეროვნული მოღვაწის უკანასკნელი წლები

რას აბრალებდნენ და გაჰყვა თუ არა წყენა იმქვეყნად აკაკი ბაქრაძეს - „ჩემს ძმას აღარც წერილებს უბეჭდავდნენ"„სარკე“, ირინე მჭედლიძე

ქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და მწერალი აკაკი ბაქრაძე ერთ-ერთ წერილში იხსენებს – ვიხვეწებოდი, ეკონომიკის პრობლემებზე გვეფიქრა, დარბაზიდან კი პათეტიკურად წამოიძახეს, ოღონდ დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ და ბალახს შევჭამთო. ბალახის ჭამა არა, მაგრამ ერთმანეთის ჭამა მართლაც დავიწყეთ. გაბოროტებულებმა ბატონ აკაკისაც მოღალატე უწოდეს და ქვების სროლა დაუწყეს. როცა ტელევიზიიდან მისი გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, მაშინღა ვიკითხეთ, აკაკი ბაქრაძე რატომ აღარ ჩანდა. ის 1999 წლის 6 დეკემბერს 71 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები უმცროსი დების, დოდო და ნათელა ბაქრაძეების, გარემოცვაში გაატარა.

„სარკეს” დებმა საოცარი რამ უამბეს – მათ დედას, მარიამ ჩხაიძეს, ძალიან უნდოდა, მისი ვაჟი წიგნიერი ყოფილიყო, ამიტომ ახალშობილის გამხმარი ჭიპლარი წიგნში ჩადო. მერე თურმე ხშირად ამბობდა, ღმერთმა ვედრება შემისრულა, აკაკი მართლაც წიგნიერიაო. სახელი აკაკი დიდი მგოსნის, აკაკი წერეთლის, პატივსაცემად დაურქმევიათ, სახლში კი ახლობლები ტატუს ეძახდნენ.

აკაკი ბაქრაძე ოჯახის ნებიერა იყო. ქალბატონი დოდო ,,სარკესთან” ძმის ცხოვრების ყველა ეპიზოდზე დიდი სიყვარულით ყვება:

– ჩემი ძმა ფეხებზე ტყუპი თითებით დაიბადა. დედაჩემს ძალიან შეშინებია და ექიმისთვის ოპერაციის გაკეთება მოუთხოვია. სამშობიაროს მთავარ ექიმს მისთვის უთქვამს, ეს იშვიათი შემთხვევაა და კარგს ნიშნავს, დიდი ადამიანების უმრავლესობას ფეხზე ტყუპი თითი აქვს, მათ შორის სტალინსაცო. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში მრავალ გამოჩენილ ადამიანს ფეხებზე მართლაც ჰქონდა ტყუპი თითი…

მე როცა დავიბადე, დედას რატომღაც შეშინებია, სამშობიაროში ბავშვი არ შემიცვალონო და პირველივე დღეს კარგად დავუთვალიერებივარ. თურმე მეორე დღეს მართლაც სხვა ბავშვი მიუყვანეს. დედა მიმხვდარა, რომ მე არ ვიყავი. დიდობაში, როცა აკაკის რაიმე არ მოეწონებოდა ჩემი, დედას ეტყოდა ხოლმე, ეს შენი შვილი არ არის, ბავშვი, ეტყობა, სამშობიაროში ნამდვილად შეგიცვალესო.

რა არ მოსწონდა ყველაზე მეტად ადამიანის თვისებებიდან თქვენს ძმას?

– იშვიათად, რომ ადამიანის პირადი ცხოვრებიდან რაიმე არ მოსწონებოდა, ყოველთვის პოულობდა გამოსავალს. ამბობდა, ადამიანში მეტი მარცვალი სიკეთისაა, ვიდრე ბოროტებისაო, მაგრამ ვერ იტანდა ტყუილს – სიმართლე როგორი მძიმეც უნდა იყოს, აუცილებლად უნდა თქვა. თუ სიმართლეს იტყვის ერი, ის არასოდეს გაუბედურდება და ყოველთვის ბედნიერი იქნებაო. ისე გარდაიცვალა, არასდროს არავინ მოუტყუებია, რასაც ამბობდა, ჭეშმარიტებად მიაჩნდა.

– გვიამბეთ თქვენს მშობლებზე. ვინ იყვნენ ისინი?

– განათლებული და ღვთისნიერი ადამიანები იყვნენ. მამა კბილის ექიმი იყო, დედამ რევოლუციის გამო სასწავლებლის დამთავრება ვერ მოასწრო. მან ზეპირად იცოდა სახარება და ჩვენ სახარებისეულად გვზრდიდა, ერთმანეთის სიყვარულს, პატივისცემას გვინერგავდა. მამა სამუშაოდ ოზურგეთში გადავიდა და შემდეგ საცხოვრებლადაც იქ დამკვიდრდა.

– ბატონი აკაკი როგორი ბავშვი იყო?

– ძალიან უყვარდა კითხვა. მამასაც უყვარდა კითხვა და კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა. სახლში დიდი მაგიდა გვედგა, რომელზეც დიდმუცლიანი ლამპა იდგა. მამა და ტატუ შუაღამემდე ისხდნენ და წიგნებს კითხულობდნენ. მამამ ჩემს ძმას პირველად “ვეფხისტყაოსანი” წაუკითხა. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ტატუმ ორჯერ წაკითხვის შემდეგ პოემა უკვე ზეპირად იცოდა. როცა “ვეფხისტყაოსნის” კითხვას მორჩნენ, მამამ ალბომი უყიდა და პირველ გვერდზე შოთა რუსთაველი დაუხატა, თან უთხრა, დიდი რომ გახდები, ასე უნდა დახატო ის დიდი მწერლები, ვინც მოგეწონებაო. ტატუ ასეც იქცეოდა.

ოჯახში ჩემი ძმის კულტი იყო, მისი ფასი ვიცოდით. ჩემი და პატარა იყო, როცა ტატუ უნივერსიტეტში სწავლობდა. თბილისიდან გამოგზავნილ მის ყველა წერილს სასოებით ინახავდა. ერთხელ ვკითხე, რად გინდა-მეთქი. მიპასუხა, როცა ტატუ დიდი კაცი გახდება, მის წერილებს დავბეჭდავო. ასეც მოიქცა. დედა სულ გვეუბნებოდა, კაკო ჩვეულებრივი ბავშვი არ არის, ამიტომ ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც მას ესიამოვნებაო.

– ორატორობის ნიჭით ვის ჰგავდა?

– ბაქრაძეები კარგი მოსაუბრე ხალხი იყო. ჩემს ძმას კარგი საუბარიც შეეძლო და კარგი მოსმენაც. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: როცა საბჭოთა კავშირის დეპუტატად აირჩიეს, მოსკოვში ვიღაც ტიტულოვანი ქიმიკოსი ქალი მასთან სასაუბროდ მისულა. იგი რამდენიმე საათი ყვებოდა თავის ცხოვრებაზე და ლამაზად საუბრობდა ქიმიაზე. ბოლოს უთქვამს, შიზოფრენია მჭირს, 6 თვე მაინც საავადყმოფოში დაწოლა აღარ მომიხდება, თქვენ მიმკურნალეთ იმით, რომ მომისმინეთო. ადამიანს სიტყვას არასდროს გააწყვეტინებდა. ცუდადაც რომ გამხდარიყო საუბრის დროს, არ დატოვებდა.

– ბატონი აკაკის მოღვაწეობის დროს ისეთი წყობა იყო, რომ პატიოსან ადამიანად დარჩენა ჭირდა. თქვენს ძმაზე კი ამბობდნენ, კრისტალურად სუფთა ადამიანიაო.

– ზომიერების დიდი უნარი ჰქონდა, ასეთი პატიოსანი ამიტომაც იყო. ყველაფერს თავისი ნიჭით მიაღწია და მასთანაც არანაირი თხოვნა ჭრიდა. რუსთაველის თეატრის დირექტორი როცა იყო, სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთები ძალიან ჭირდა. ერთხელ მოლარესთან მივედი და ვუთხარი, აკაკის და ვარ და ბილეთები მომეცი-მეთქი. რა თქმა უნდა, მოლარემ მაშინვე მომცა. ეს რომ ჩემმა ძმამ გაიგო, მოლარე გააფრთხილა, ჩემი შვილიც რომ მოვიდეს, უჩემოდ ბილეთები არ მისცეო. ამის შემდეგ მოლარე რომ დამინახავდა, მხრებს იჩეჩავდა, დახმარება არ შემიძლიაო.

– ქართული კინოსა და თეატრის აღორძინება ბატონი აკაკის სახელს უკავშირდება. რას იტყვით იმ წლებზე?

– რუსთაველის თეატრში მოღვაწეობის წლები მის ცხოვრებაში უბრწყინვალესი პერიოდი იყო. ეროვნული მოძრაობა დაწყებული არ იყო, მაგრამ ეროვნული სული სპექტაკლებში ყოველთვის იგრძნობოდა. ბრეხტის პიესა “კავკასიური ცარცის წრე” ქართული ცხოვრების შესაბამისად გადააკეთა, გვარებიც კი ქართულია.

– ბოლო წლებში აღარც ტელევიზიით გამოდიოდა და არც მისი წერილები იბეჭდებოდა. მისი დუმილის მიზეზი რა იყო?

– ტელეეკრანს აღარ უთმობდნენ, აღარც წერილებს უბეჭდავდნენ. ალბათ საზოგადოებასაც აღარ სჭირდებოდა მისი ნათქვამი, თორემ სხვა შემთხვევაში მოითხოვდნენ. ეს ალბათ საქართველოს ბედი იყო, რატომღაც ყველას ასეთი აზრი დაებადა – მე ჭკვიანი ვარ და ვიცი, რასაც ვაკეთებ.

– საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას რითი ხსნიდა?

– მითხრა, რადგან საშუალება მაქვს, თუნდაც ნახევარი საათით მივმართო ჩემს ხალხს, ვეტყვი, რა უნდა გააკეთონ და როგორ იცხოვრონო. არასდროს უთქვამს, ამირჩიეთ და კარგ ცხოვრებას შეგიქმნითო. ტყუილ დაპირებებს არ აძლევდა, ჰქონდა კლასიკური პროგრამა.

– პირველ პრეზიდენტთან უთან-ხმოება რატომ ჰქონდა?

– ამაზე ვერაფერს გეტყვით, როცა რამეს ამბობ, უნდა დაამტკიცო…

– საზოგადოება უკმაყოფილო დარჩა, როცა ბატონმა აკაკიმ ჯაბა იოსელიანი დაიცვა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

– წარსულით არავინ უნდა დაისაჯოს… ჩემმა ძმამ განათლებული ადამიანი დაიცვა.

– ყოველგვარი ომის წინააღმდეგი იყო. როგორ ეგუებოდა შეიარაღებული ,,მხედრიონისძძ არსებობას?

– ომის წინააღმდეგი იყო. სულ ამბობდა, საქართველოს აღორძინება ეკონომიკით უნდა დავიწყოთო. როცა ასეთი განცხადება უნივერსიტეტში გააკეთა, საზოგადოება ყვირილით შეხვდა, ათასი რამ დააბრალეს. რაც შეეხება “მხედრიონს”, იქ ბევრი კარგი ყმაწვილი იყო და მისი ხელმძღვანელიც სამშობლოს მოყვარული და მისთვის მებრძოლი ადამიანი გახლდათ.

– ქართული ენის დასაცავად 1978 წლის სტუდენტთა გამოსვლებს ხელმძღვანელობდა. რისი იმედი ჰქონდა?

– სტუდენტთა გამოსვლა საოცრად ორგანიზებულად მოაწყო. ძალიან ეშინოდა და განიცდიდა. ამბობდა, ერთი ტყვია რომ გავარდეს და თუნდაც ერთ სტუდენტს რამე დაუშავდეს, თავს არ ვიცოცხლებო. თეატრის კარი გააღო და სტუდენტებს უთხრა, თუ რამე მოხდება, ყველანი თეატრში შედითო. იმ დღის შემდეგ ნერვიულობისგან დიაბეტი დაემართა.

– მის ოჯახზე რას გვეტყვით?

– ორი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს – ნიკოლოზი (მამუკა) და ლაშა.

– როგორი იყო ბატონი აკაკი სიცოცხლის ბოლო დღეებში?

– სიკვდილის წინაც გვამხნევებდა. როცა ვეკითხებოდით, როგორ ხარო, გვპასუხობდა, უკვე კარგად ვარო. გარდაცვალებამდე ნათელა გულში ჩაიხუტა და უთხრა, მე და შენ გავიმარჯვეთო. ჩემი და ტატუს საოცრად უვლიდა, ამიტომაც სიკვდილის წინ ამ სიტყვებით გაამხნევა. მერე კი გარდაცვლილი დედა მოიკითხა, სად არისო…

– ქართველ საზოგადოებაზე განაწყენებული არ იყო?

– წყენას ვერასდროს შეატყობდი, იგი ამქვეყნიდან განაწყენებული არ წასულა. ადამიანებთან სასაუბროდ ყოველთვის მზად იყო. ვიდრე გარდაიცვლებოდა, ვეკითხებოდი, რაიმე გვეშველება თუ არა-მეთქი. მპასუხობდა, ამდენი საუკუნეა, ცოცხლობს საქართველო და არა მგონია, კაცმა რომ გაწიროს, ღმერთმაც გაიმეტოსო. უცხოეთში წასულ ახალგაზრდებზე იძახდა, იქ ერთი ნიკო ნიკოლაძეც რომ გაჩნდეს, საკმარისია, ჭკვიან კაცს ხალხი ენდობა და ცხვარივით უკან გაჰყვებაო.

“ამას წინათ ვიღაც წერდა, რომ თურმე აკაკი ბაქრაძემ ხელი არ მოაწერა “თვითმფრინავის გამტაცებელთა” შეწყალების თხოვნას. ორთოდოქს ზვიადისტებს და კომუნისტებს მამაჩემი დღემდე სძულთ. არადა მამაჩემი ამ ხელმოწერების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. გეგა კობახიძის დედას, ნათელა მაჭავარიანს, მაინც ხომ შეიძლება ჰკითხო. ისიც კარგად მახსოვს, როგორ გამოჰქონდათ ხელმოწერები ქართული “ზეპური” საზოგადოების წარმომადგენლებს, როცა შევარდნაძემ თითი დაუქნია, და ცრემლმორეულნი როგორ ვიშვიშებდნენ – ბაქრაძემ შეგვაცდინა და ხელი მოგვაწერინაო.

“მამაჩემის ჩანაწერი ამ თემაზე – საიდან და როდიდან მოდის ეს ფეიკი:

“1991 წ. 26 თებერვალს ტელევიზიით გამოიყვანეს ვახტანგ ბოჭორიშვილი. “ამტკიცებდა” რეპრესიების აუცილებლობას. აღმაშენებლის რეპრესიებიც კი გაიხსენა. აუცილებელიაო. წაიკითხეს რუსთავის პრეფექტის, ჯანელიძის, წერილი. ბრალს მდებდა: ხელი არ მოაწერე თვითმფრინავის გამტაცებელი ბავშვების შეწყალებაზეო. რომ მოვაწერე და აქტიური ორგანიზაციაც რომ გავაკეთე, ამის მოწმეა ნ. მაჭავარიანი (დედა გეგა კობახიძის), მ. კობახიძე (მამა გეგასი), ლ. ხატისკაცი, ბუბა ხოტივარი.

თურმე მ. არჩვაძეს სამჯერ მოუტანია წერილი და სამჯერ არ მომიწერია… თურმე გამსახურდია რომ აირჩიეს თავმჯდომარედ, გარეთ გამოვსულვარ. ვალერიან ადვაძეა მოწმე, რომ არსად გავსულვარ (უნდა გავსულიყავი იმ მონობის შემყურე, რაც უზენაეს საბჭოში სუფევდა)…” – დაწერა ცოტა ხნის წინ ლაშა ბაქრაძემ სოციალურ ქსელში.

საბედნიეროდ, არსებობს წიგნებად გამოცემული აკაკი ბაქრაძის ჩანაწერები, სადაც ჩვენს უახლეს წარსულზე ბევრი ისეთი რამ წერია, რაზეც ფიქრი გვმართებს და რაც ქართველ საზოგადოებას დღემდე არ აქვს გააზრებული.