
„სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია – იმიტომ, რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება.
ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე – უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებულია“, – წერს სამხედრო ბლოგერის, დრონების ინჟინრის, უჩა აბაშიძის დედა, ლია თოდუა.
უჩა აბაშიძე გუშინ დააკავეს. ბლოგერის დაკავებიდან და შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან მალევე ცნობილი გახდეა, რომ უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, რომლის ვიდეოსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, ძირითადად სათამაშოა – სათამაშო თოფები და ტყვიები. კერძოდ, ეს იარაღები “აირსოფტის” სათამაშო იარაღებია. უჩა აბაშიძე საქართველოს “აირსოფტის” ფედერაციის პრეზიდენტია და 20 წელზე მეტია ამ “აირსოფტს” თამაშობს. შესაბამისი აღჭურვილობით აბაშიძე ფოტოებსა და ვიდეოებს სოცქსელში ხშრად აქვეყნებდა.
-გვესმის ცალკეული სპეკულაციები გუშინ პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირთან დაკავშირებით, ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული პირის საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა მათ შორის არაერთი საბრძოლო ვაზნა. ამოღებულ იარაღებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც. ამოღებული ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, – აცხადებენ უწყებაში (წყარო ინტერპრესნიუსი).
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა და ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, ი. აბაშიძის #22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს, 1984 წელს დაბადებული უ.ა. დააკავეს.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
