ტელეჟურნალისტმა ეკა ამირეჯიბმა ტელეკომპანია „იმედი” დატოვა და მიზეზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ახსნა.
„მადლობა ტელეკომპანია “იმედს” მოცემული შესაძლებლობებისთვის – ბევრი იყო ასეთი, ამიტომ მ ა დ ლ ო ბ ა! თუმცა მიმდინარე ყოველდღიური მძიმე მოვლენების ფონზე, რამდენიმეკვირიანი ორმხრივი მცდელობის მიუხედავად, ვთვლი, რომ ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში. მოცემულ ეტაპზე ვერ ვხედავ საკუთარ თავს ვერც ერთ არხზე, ამიტომ ასე დასრულდა ეს ამბავი აქ და ახლა…
აქვე, მინდა გამოვრიცხო ყველანაირი შესაძლო არასწორი, თუ პრიმიტიული ინტერპრეტაცია. მიუღებელია! ნებისმიერი მხრიდან! ყველა ტიპის რადიკალური, ძალადობრივი, ისტერიული, ერთმანეთის უმოწყალო, უპირობო “გასამართლება-გამათრახებაზე” აგებული კამპანიები ყველგან, მათ შორის, სოცქსელში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც ქუჩებში ხდება ბოლო დღეებია. ჩვენი ემოციურობა, რაოდენ გულწრფელი პატრიოტული მოტივებიც არ უნდა იდგეს ამის უკან, არც ერთ მხარეს არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, ასეთ დროს გვესმოდეს მნიშვნელობა ყოველი სიტყვის, რომელიც კიდევ უფრო ძაბავს და აპირისპირებს ადამიანებს…
და ბოლოს, როცა გადაწყვეტილებას გააზრებულად იღებ, შეფასებებს გარედან აღარ ელი, ამიტომ უბრალოდ გიზიარებთ ამ ინფორმაციას და აქვე უდიდეს მადლობას ვუხდი მაყურებელს. მომიწევს, გავიხსენო, საერთოდ რა ხდებოდა თქვენამდე და უთქვენოდ“ – წერს ეკა ამირეჯიბი და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აქვეყნებს.
