,,სარკე”, ავთო ჩიტიძე
ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. 4 შვილის დედა, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, თავის მიმდევრებს ხშირად უზიარებს თავის შეხედულებებს – ჩაცმაზე, თავის მოვლაზე, იდეალურ სხეულსა და ბევრ საჭირბოროტო საკითხზე. როგორც თავად აღნიშნავს, გამომწერებს მისი სჯერათ და ყოველთვის ენდობიან.
სოციალურ ქსელში ნაჩვენები გლამურული ცხოვრების მიღმა სალომე, 13 წელია, ოჯახური ცხოვრების რუტინაშია ჩაბმული, საშინაო საქმეების კეთება არ ეთაკილება. შვილების აღზრდის შესახებაც საკმაოდ ტრადიციული შეხედულებები აქვს. დანარჩენს უფრო დაწვრილებით კი ,,სარკეს” უამბობს.
– სალომე, სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური ხართ. რეალურ ცხოვრებაში კარიერულ განვითარებაზე არ ფიქრობთ?
– ჩემს ცხოვრებაში აქტიური პერიოდია. მართალია, კარიერაში მნიშვნელოვანი სიახლეები არ მაქვს, მაგრამ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავხდი აქტიური და მყავს ჩემი მიმდევრების დიდი არმია, ეს უკვე საშუალებას მაძლევს, ყოველდღე ვიფიქრო, რა ინფორმაცია მივაწოდო ჩემს გამომწერებს.
– რა არის თქვენი მთავარი პრინციპი აუდიტორიასთან მუშაობისას, რა თემები სჭირდებათ მიმდევრებს თქვენგან?
– ჩემთვის მთავარია, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში ვიყო ბუნებრივი. ბუნებრიობა ტელეეკრანზეც და სოციალურ ქსელშიც ყველაზე მნიშვნელოვანია აუდიტორიასთან მუშაობისას. რაც შეეხება რჩევებს, ჩემგან ელოდებიან ჩაცმულობის სტილის მიმართულებით, ასევე ცნობილია ჩემი დიეტები. დიეტა და ჩაცმა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს ჩემს აუდიტორიას.
სხვათა შორის, ყოველთვის ვგრძნობ, რომ ძალიან მენდობიან. ადამიანს ყოველთვის ვაძლევ რჩევას, რაც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.
– თავად რამდენად ხშირად გეცვლებათ ჩაცმასთან დაკავშირებით გემოვნება და მიდგომები?
– გამოპრანჭული ჩაცმის სტილის ერთგული ყოველთვის ვრჩები. ბოლო დროს შევიყვარე სპორტული სტილი, რაც ადრე ჩემთვის მიუღებელი იყო. ყოველთვის მაღალ ქუსლებზე შემდგარი გოგონა ვიყავი. ბოლო დროს ქუსლი ჩაანაცვლა სპორტულმა ფეხსაცმელებმა. მართლა იმდენად დატვირთული მაქვს მთელი დღის გრაფიკი, რომ შეუძლებელია, ამდენი საქმე მაღალ ქუსლებზე ვაკეთო.
სხვათა შორის, ბოლო პერიოდში დავაკვირდი, რომ მუქი ფერი უფრო ჭარბობს ჩემს გარდერობში. როგორც ჩანს, წლებთან ერთად სხეულის ფორმებიც იცვლება და გემოვნებაც, ამიტომაც მუქ ტანსაცმელს უფრო ვიცვამ.
– ცოტა ხნის წინ 40 წლის გახდით. არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი საეტაპო ასაკი თუ მხოლოდ ციფრებია?
– საერთოდ ვერ აღვიქვამ ჩემს ასაკს. უფროსი შვილი სულ მეუბნება, ოდესმე თუ დადგება ის ასაკი, როდესაც შენ დასერიოზულდებიო. გულწრფელად მგონია, რომ ჩემი 20 წლის შვილისხელა ვარ, იგივე ენერგიით მინდა გართობა, იგივენაირი ცხოვრების ხალისი მაქვს. ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის ასეთი კითხვა: ,,როდის შეიძლება დავღვინდე?”. ალბათ არასდროს. არადა, როცა მართლა 20 წლის ვიყავი, 40 კი არა 30 წელიც მეგონა, რომ ამაზე დიდი ასაკი რა უნდა ყოფილიყო.
ასაკის შეგრძნებას ისიც ვერ მიმძაფრებს, როდესაც ამხელა შვილებს ვხედავ. ასე მგონია, რომ ერთი არის ჩემი და, მეორე – ჩემი დისშვილი და ასე შემდეგ.
– და როდის ეჯახებით იმ რეალობას, რომ უკვე 40 წლის ხართ?
– როდესაც ბავშვებზე ვბრაზდები, როდესაც რაღაცას ვუკრძალავ და სადმე არ ვუშვებ. ამ დროს ვხვდები, რომ ზუსტად იმ პრობლემებს ვეჯახები, რომლებსაც ჩემი მშობლები აწყდებოდნენ ხოლმე. რაც უნდა თანამედროვე დედა ვიყო, არის რაღაც თემები, რაშიც ვეღარ მივყვები. კიდევ კარგი, ჩემი შვილები ყოველთვის მომყვებიან და ითვალისწინებენ ჩემს აზრს.
– მაგალითად, სად არის თქვენთვის წითელი ხაზები შვილების თავისუფლებაში?
– სახლში დროულად მოსვლა. ვთვლი, რომ არსებობს გარკვეული საათები, რის შემდეგაც გოგონა გარეთ აღარ უნდა იყოს. შეიძლება ეს შეხედულება ძალიან ძველმოდურია, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ყოველთვის ვაკონტროლებ ჩემი შვილების ზრდილობას და სულ მაინტერესებს, როგორი ურთიერთობა აქვთ ადამიანებთან.
– რაღაც მომენტში ხვდებით, რომ თქვენს მშობლებსაც ბევრს ანერვიულებდით ამ ასაკში?
– ჩემი უფროსი შვილის ასაკში უკვე გათხოვილი ვიყავი და შვილიც მყავდა. სხვათა შორის, მშობლებთან მიმართებაში ძალიან დამჯერი გოგო ვიყავი, ჩემთვის ,,არა” ნიშნავდა ,,არა”-ს და აღარ უწევდათ ამის განმეორება. ბუნტის მოყვარული ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ძალიან ადრე შევქმენი ოჯახი და ძალიან ადრე დავიწყე დიდის თამაში.
შვილებს სულ ვეუბნები, რომ ეს არ გაიმეორონ. საუკეთესო წლები უნდა გაატარონ მეგობრებში, სწავლაში და საკუთარი თავის შეცნობაში. ჩემნაირად 19 წლის ასაკში ბავშვით ხელში არ უნდა დასხდნენ სახლში. სხვათა შორის, ჩემი 20 წლის გოგონა ბევრად სერიოზულია და ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებისგან. უნდა სწავლა, ფიქრობს საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად წასვლაზე. რომ ვუყურებ, მართლა მშურს, რადგან ჩემსა და მის თინეიჯერობას შორის ძალიან დიდი სხვაობაა.
– საზოგადოება გლამურულ ქალად გიცნობთ. როცა გარეშე ადამიანები არ გხედავენ, მაგალითად, სახლში, ქმარ-შვილთან, დიასახლისიც ხართ თუ ეს როლი თქვენთვის უცხოა?
– სოციალურ ქსელში არასოდეს ვდებ ჩემი პირადი სივრცის დეტალებს, არასოდეს ვაჩვენებ საზოგადოებას ჩემი ოჯახური ცხოვრების რუტინას, ბავშვებს, ქმარს, რადგან ვთვლი, რომ რაღაცები შენთვის უნდა დაიტოვო. ვინც სოციალურ ქსელში მიყურებს, შეიძლება ფიქრობდეს, ამას რა ენაღვლება, მხოლოდ საკუთარი თავის მოვლაზე ფიქრობსო. რეალურად კი საჭმელებსაც ვაკეთებ, ოთხ შვილსაც ვუვლი.
დილით საწოლიდან ადგომისას, რა თქმა უნდა, თავის მოწესრიგებას ვიწყებ, შემდეგ ჩვეულებრივი დიასახლისივით ვიწყებ ზრუნვას ბავშვების სკოლაში წაყვანაზე, საჭმლის მომზადებაზე. უბრალოდ, არ ვაკეთებ აფიშირებას, როგორ ვუვლი ჩემს ოჯახს. როდესაც ჰარმონიაა ოჯახში, არ არის იმის საჭიროება, რომ ეს გამოიტანო და გააპიარო. ალბათ იმიტომ, რომ მჯერა ცუდი თვალის და არ მინდა, ნეგატიური ემოციები მოვიზიდო. მირჩევნია, მათ იცოდნენ, სად ვიკეთებ ფრჩხილს, სად ვუვლი თმას, სად დავდივარ საყიდლებზე, ვიდრე ის, თუ როგორი ვარ ოჯახურ გარემოში.
– თქვენს პირად ცხოვრებაში ბევრი იმედგაცრუებისა და ქარტეხილის შემდეგ იდილიამ და ჰარმონიამ დაისადგურა?
– ჩვენ, უკვე 13 წელია, ერთად ვართ და ნამდვილად შევძელით, რომ ურთიერთობაში ჰარმონია აგვეწყო. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ოჯახური ცხოვრება სირთულეების გარეშე, მაგრამ ყოველთვის გვახსოვს, რომ, ჯამში, გვყავს 6 შვილი (სალომეს წინა ორი ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს, ამჟამინდელ ქმართანაც – 2, თავის მხრივ, მის ქმარსაც წინა ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს. რედ.) და ჩვენი კინკლაობის გამო მათ ტრავმებს აღარ მივაყენებთ. ჩვენ ვისწავლეთ, რომ კამათი სერიოზულ უთანხმოებაში არ უნდა გადავზარდოთ.
– ყოველთვის ჩანს, რომ ძალიან განებივრებული ხართ ქმრისგან.
– არ ვიცი, ეს როგორ ჩანს სოციალურ ქსელში, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვანებივრებთ, ჩვენ-ჩვენი ხასიათებით ერთმანეთს ვავსებთ. ხშირად აღუნიშნავს, შენ რომ არ მყავდე, ჩემს საქმეში პატარ-პატარა წარმატებებს ვერ მივაღწევდიო.
– პოპულარობას შური და არაკეთილმოსურნეობაც ახლავს. როგორ უმკლავდებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ უარყოფით კომენტარებს თქვენი მისამართით?
– ჩემზე რასაც წერენ, რეაქცია მართლა არ მაქვს. ამ დროს ძალიან ადვილია, შეხვიდე იმ ადამიანის გვერდზე, ვინც შენ გლანძღავს და როცა ნახულობ, რომ ერთი შეუმდგარი არარაობა წერს, მაშინვე გიჩნდება სურვილი, რომ საერთოდ აღარაფერს მიაქციო ყურადღება. ჩემთვის მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და მეგობრების აზრი. ვისაც შეუძლიათ, პირდაპირ გული მატკინონ, ეს ძალიან ახლობელი ადამიანები არიან.