გიორგი კეკელიძე: ,,არასოდეს გაიმეოროთ ჩემი შეცდომა!” – როგორ დაუბრუნდა მწერალი ცხოვრებას უმძიმესი განსაცდელის შემდეგ – ,,დედაჩემისთვის ეს ძალიან დიდი ტრავმა გამოდგა”

გიორგი კეკელიძე: ,,არასოდეს გაიმეოროთ ჩემი შეცდომა!" - როგორ დაუბრუნდა მწერალი ცხოვრებას უმძიმესი განსაცდელის შემდეგ - ,,დედაჩემისთვის ეს ძალიან დიდი ტრავმა გამოდგა",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი – ამ და კიდევ რამდენიმე ტიტულის მქონე გიორგი კეკელიძეს რამდენიმე ხნის წინ რთული პერიოდი დაუდგა, გადაწყვიტა, რომ ამქვეყნად ცხოვრება აღარ ღირდა. ამ სულიერი მდგომარეობის პროვოცირება კი, როგორც ამბობს, გარკვეულწილად დღევანდელმა ყველასთვის ხელმისაწვდომმა სივრცემ განაპირობა, სადაც ნებისმიერს შეუძლია, მეორე ადამიანი განიკითხოს, განსაჯოს, გალანძღოს…

გადარჩა და ახლა სხვების გადარჩენაზე ფიქრობს. ამბობს, რომ რომანს წერს, სადაც საკუთარ და მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების ამბებზე მოგვითხრობს.

– გიორგი, როგორ ხართ და, თქვენი აზრით, ახლა ცხოვრების როგორი ეტაპი გაქვთ?

– ახლა მაქვს პოსტდეპრესიული ეტაპი, რომელიც გულისხმობს გარკვეული ძნელი ინერციების ნელ-ნელა დაძლევას და ახალი ამბების დაწყებასაც. შფოთვითი აშლილობების ნაწილი ჯერ კიდევ შემორჩენილია, მაგრამ ამ ყველაფრის მართვა ვისწავლე და, შესაბამისად, ცხოვრების ყოველდღიურ რუტინაში ხელს ძნელად მიშლის, მიუხედავად პერიოდული მცირე ჩავარდნებისა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს არის რაღაც ახალი და იმედი მაქვს, დიდი აღმართის დასაწყისი.

– მსგავსი შფოთვები ერთბაშად დაიწყო თუ უცებ მოვიდა?

– ნელ-ნელა. მე ისედაც აკვიატებული ფიქრების ადამიანი ვიყავი, როგორც ყველა ჩემი პროფესიის წარმომადგენელი. მე ვარ ადამიანი, რომელიც ცდილობს, პატარა და უმნიშვნელო ამბებსაც დიდი და ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი, ვიღაცისთვის კი გაუგებარი ინტერპრეტაციები შესძინოს. ეს ზოგადად მწერლის ხელობაა და შემოქმედებითი ადამიანის მდგომარეობა.

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ძალიან კონკრეტული სტრესებით იყო ყველაფერი განპირობებული, რამაც გააძლიერა ეს მიდრეკილებები. ამას თან დაერთო დეპრესია. შფოთვითი აშლილობისას დეპრესიები, როგორც წესი, მძიმე და სერიოზულ მიმდინარეობას გულისხმობს, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ არის არც სათაკილო.

მეორე მხრივ, ბუნებრივია, აუცილებელია, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ემპათია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დაახლოებით 30-40%-მდე ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობას ადრე თუ გვიან გაუვლია მსგავსი ეტაპი, თუ უფრო მეტს არა.

თანამედროვე სამყარო რაღაც თვალსაზრისით სრულიად უკონტროლოა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. იქ კი უკვე ნებისმიერი ადამიანი ასრულებს მედიის როლს და შეუძლია ნებისმიერივე ტკივილის, წყენის მოყენება, რომელიც, თავის მხრივ, რიგ შემთხვევაში საფუძვლიანი და რიგ შემთხვევაში უსაფუძვლო შეიძლება იყოს, მაგრამ საზღვარი არ გვაქვს ხოლმე ამ მიმართულებით და მერე უკვე ძალიან მძიმედ არის ეს ყველაფერი გამოხატული ადამიანის ემოციებში.

– რას ურჩევთ მათ, ვისაც მსგავსი პერიოდი უდგას?

– თქვენი ჟურნალის მკითხველს, მინდა, ვუთხრა, რომ ბრძოლას არა მხოლოდ აზრი აქვს, აუცილებელია, რადგან ნებისმიერი ბრძოლა ნებისმიერ მენტალურ დაავადებასთან, საბოლოო ჯამში, სრულდება გამარჯვებით, თუ ჩვენ გვყავს სწორი მმართველი ექიმები და გვაქვს სწორი დანიშნულება, რამაც ფონს უნდა გაგიყვანოს. ამის მერე უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ნებელობა, ანუ საკუთარ თავში ძალების მოძებნა, რომელიც, თავის მხრივ, უნდა შეერწყას სწორი მკურნალობის კურსს.

მე მესმის ბევრის ნიჰილიზმის, მესმის მათიც, ვინც ვერ იპოვა სწორი ექიმი და იმედგაცრუებულია, მაგრამ ბევრი ძებნის შემდეგ რეალურად საქართველოშიც შეგიძლია მიაგნო ისეთ სპეციალისტებს, რომლებსაც შეუძლიათ სწორად გიმკურნალონ და ფონს გაგიყვანონ.

– ერთია, რომ ძნელად მოსაძებნია კარგი სპეციალისტი ჩვენს რეალობაში და მეორეა, რამდენად ხელმისაწვდომია მისი მომსახურება მოსახლეობის უმრავლესობისთვის.

– ეს ძალიან საჭირბოროტო საკითხია. როდესაც მე მიკავშირდებიან ადამიანები, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან რთულია, ურჩიო ფსიქიატრთან თუ ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს ყველაფერი სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს სპეციალური, კარგად გამართული სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მოემსახურებიან ასეთი პრობლემების მქონე ადამიანებს. ასეთი ადამიანები საზოგადოებაში სრულიად უსამართლოდ არიან სტიგმატიზირებულნი…

მე და ჩემი მეგობრები ახლა ვაპირებთ, დავაარსოთ ფონდი, რომელიც ამ ადამიანების ექიმებთან პირველ ვიზიტებს მაინც დააფინანსებს.

უამრავი ადამიანი მომმართავს, ვისაც იდენტიფიცირებულიც არ აქვს საკუთარი პრობლემა. არ აქვთ შესაბამისი ცოდნა. მე კი ვცდილობ, ავუხსნა, რომ ეს მდგომაროება დროებითია და მათ ექიმი სჭირდებათ. ჩემი მათთან საუბარი შემოიფარგლება დამშვიდებით და ექიმებთან გადამისამართებით.

კვირის განმავლობაში ასობით ადამიანი მწერს და მათი უმრავლესობა სასოწარკვეთილია. ეს განპირობებულია სოციალური პრობლემებით, გაჭირვებით, დაძაბული ცხოვრებით და არ აქვს ასაკობრივი ზღვარი, ნებისმიერი ასაკის ადამიანი იტანჯება. 14-15 წლის ბავშვების მშობლებიც კი მომმართავენ.

– ექიმები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანების მდგომარეობა, რამდენად ემპათიურები არიან? მაგალითად, როცა პაციენტს ფული არ აქვს და იცი, რომ ხვალ შეიძლება თავი მოიკლას, მაგრამ მის დახმარებაზე უარს ამბობ, რადგან ვერ გადაგიხდის…

– გვყავს კარგი და ემპათიური ექიმები. შეხვდებით ისეთებსაც, ემპათიის განცდა საერთოდ რომ არ აქვთ. საბედნიეროდ, ქვეყანაში გვყავს 7-8 კარგი ფსიქიატრი, რომლებსაც სწორი დიაგნოზის დასმა შეუძლიათ, მაგრამ ამ 7-8 სპეციალისტის მიღმა არსებობს ასობით სპეციალისტი, რომლებსაც დიაგნოზის დასმაც უჭირთ და მაინცდამაინც დიდი ემპათიით არ არიან განმსჭვალული პაციენტის მიმართ, რაც სერიოზული პრობლემაა.

სანამ საკუთარი თავზე მკაცრ გადაწყვეტილებას მიიღებდით, მიმართეთ ამ დარგის სპეციალისტებს?

– რა თქმა უნდა. ბევრი ძებნა დამჭირდა შესაბამისი სპეციალისტის საპოვნელად. ბევრი ექიმი მოვიარე და გარკვეულწილად ჩემი ბრალიც იყო, რადგან არ მქონდა შესაბამისი განათლება. ზოგიერთ ექიმს, რომელიც კვალიფიციური იყო, არ მივყვებოდი ბოლომდე და მკურნალობასაც ნაკლები ეფექტი ჰქონდა. ასე რომ, მეც ძალიან გრძელი გზა გავიარე და არც ჩემი სოციალური სტატუსი წამდგომია ამ გზაზე და არც სხვა რამ. რეალურად, ყველა იმ სირთულეს გადავაწყდი, რა სირთულესაც ალბათ ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე გადააწყდება. ეს საკმაოდ რთული და მტანჯველი გზა იყო.

ყველას მოვუწოდებ, არასოდეს გაიმეორონ ისეთი შეცდომა, რომელიც მე დავუშვი. ყველაზე არასწორია, როდესაც შენ შენი გადაწყვეტილებით ტოვებ ყველაზე მნიშვნელოვანს და ძვირფასს, სიცოცხლეს, მაგრამ ეს მოწოდება არის სრულიად ფუჭი, თუ ადამიანებს არ აქვთ შესაბამისი სერვისები.

ჩვენ რაც უნდა მაღალფარდოვანი სიტყვებით ველაპარაკოთ და ხატოვანი ფრაზებით მოვუწოდოთ სიცოცხლეში დარჩენისკენ, ეს მიდგომა არ გაამართლებს. ჩვენ მათ სწორი მკურნალობა უნდა შევთავაზოთ და რეალურად ამით ვიხსნათ მათი სიცოცხლეები. ეს სრულიად შესაძლებელია.

ხატოვანი გამოთქმები დეპრესიის დროს არ მუშაობს. როდესაც ღრმა დეპრესიაში ხარ და შფოთვითი აშლილობები გტანჯავს, “თავს შემოუძახე”, “თავი ხელში აიყვანე” და ა.შ. პირიქით, გამაღიზიანებელია, რადგან არავის უფრო მეტად არ უნდა თავის ხელში აყვანა და იქიდან გამოძრომა, როგორც დეპრესიაში მყოფს შფოთვითი აშლილობებით. უბრალოდ, ის ვერ ახერხებს ამას და სჭირდება განსაკუთრებული მკურნალობა.

– რა განცდაა, როდესაც გადარჩები და აღმოაჩენ, რომ ყველას უყვარხარ, ყველა შენ გვერდით არის. იცვლება მოცემულობა?

– ის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს. ერთი თვე ტელეფონი არ მქონია. ორი კვირა საავადმყოფოში ვიწექი და მერე სახლშიც ტელეფონის გარეშე ვიყავი. უკიდურესად რუტინული დღეები იყო და სრულიად ამოვარდნილია მეხსიერებიდან. მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანები მოდიოდნენ ჩემს სანახავად და მათგან შესაბამის ემოციებსაც ვიღებდი, მაგრამ საზოგადოებაში რა და როგორ ხდებოდა, ფრაგმენტულად გვიან გახდა ჩემთვის ცნობილი.

დედაჩემისთვის ეს ძალიან დიდი ტრავმა გამოდგა. ამ ნაბიჯით შენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, ბევრ გარშემომყოფსაც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არასწორი ნაბიჯია, ვიმეორებ, რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ სწორი მკურნალობა ადასტურებს. ისევე, როგორც წარმოუდგენელია, ფეხმოტეხილ ადამიანს აიძულებდე, სპრინტერულ რბოლაში მიიღოს მონაწილეობა, ასევე შეუძლებელია, რომ ადამიანს, რომელსაც ღრმა დეპრესია აქვს, რაღაც ტიპის ჩვეულებრივი მოქმედებებისკენ მოუწოდებდე.

– რეალიზებული, შემდგარი ადამიანი ხართ უამრავი სამსახურით… პაუზა გქონდათ ამ საქმეებში?

– წელიწადი და ორი თვე გაგრძელდა ეს ყველაფერი, თუმცა პაუზა არ მქონია ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით. საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფიც კი დავდიოდი სამსახურში, თუ არ ჩავთვლით იმ პერიოდებს, როდესაც ფიზიკურად ფეხზე დგომაც არ შემეძლო. ვცდილობდი, საქმეებს არ მოვწყვეტოდი, მაგრამ ეს პერიოდი მაინც დიდ ამოვარდნად ითვლება ჩემი ცხოვრებიდან, რადგან იმის მეასედსაც ვერ ვაკეთებდი, რასაც მანამდე და ახლა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ხელახლა ვიწყებ ცხოვრებას.

ეს არის საბიბლიოთეკო საქმეები, საგანმანათლებლო მოძრაობა “ეკვილიბრიუმი”, “გურული დღიურების” ფონდი… ამავდროულად ვცდილობ, ეს ფონდი გავაკეთო, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ვაგრძელებ სკოლაში გაკვეთილებს, ტელევიზიაში გადაცემებს და ნელ-ნელა ვუბრუნდები ჩვეულ ფორმას. ერთ-ერთ კერძო სკოლაში მაქვს წიგნიერების საათები და ვცდილობ, მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეებს წიგნი და წიგნიერება შევაყვარო.

მინდა, გითხრათ, რომ გავხსენით პრესის მუზეუმი, სადაც თქვენი ჟურნალიც არის წარმოდგენილი, როგორც თანამედროვე საქართველოს მასობრივი და პოპულარული გამოცემა. ასევე სხვა ჟურნალ-გაზეთები მე-19 საუკუნიდან დაწყებული მე-20 საუკუნის გავლით და 21-ე საუკუნით დამთავრებული, რაც კი საქართველოში გამოიცემოდა და გამოიცემა. ამავდროულად, დავიწყეთ მუშაობა დამწერლობის მუზეუმზე, რომელიც, ვფიქრობთ, ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იქნება. იმ ოთხკუთხედს, რომელიც ჩაფიქრებული გვაქვს, შეავსებს წიგნის მუზეუმი, პრესის მუზეუმი, დამწერლობისა და სტამბის მუზეუმი. ეროვნულ ბიბლიოთეკაში მალე გაიხსნება ორი სრულიად თანამედროვე სამკითხველო დარბაზიც.

– მუდმივად ასეთი დაკავებული იყავით. ბევრი საქმე უფრო ამძაფრებს იმ შფოთვებს, რაზეც ვისაუბრეთ თუ პირიქით?

– პირიქით. რეალურად საქმე არის ერთ-ერთი საუკეთესო წამალი იმისა, რომ ის თვისება, რაც გამოხატულია გადაჭარბებული ფიქრებით, რომელიც ძალიან შემაწუხებელია, განდევნო გონებიდან და გონება დააკავო ყოველდღიური წვრილმანით, რუტინით და დიდი თუ პატარა საქმეებით. ამიტომაც ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ საქმეებში დაბრუნება და ყოველდღიურობის ტვირთი.

– სიყვარული არ ითვლება ამ მდგომარეობის ერთ-ერთ წამლად მაინც?

– იცით, ეს ისეთი სირთულეა ადამიანის ცხოვრებაში, რომ ყველაფერი უკანა პლანზე იწევს, როცა ეს დაავადება პიკშია. სიყვარული, მეგობრობა და ა.შ… შენ უბრალოდ ტყვე ხდები საკუთარი გონების და ის გმართავს. ამ მმართველობისას შენი სხვა დანარჩენი მიდრეკილებები ფერმკრთალდება. ვისაც მსგავსი პრობლემა გადაუტანია, დამიდასტურებენ, რომ შვილებთანაც კი ვერ ახერხებენ კომუნიკაციას და, აქედან გამომდინარე, სიყვარულისთვისაც ძნელად სცხელათ.

– რაც შეეხება თქვენს სამწერლო საქმიანობას, რაზე წერთ ახლა?

– ახლა დავიწყე მუშაობა ერთ რომანზე, რომელიც ობსესიებს, ანუ აკვიატებულ აზრებს, ეხება და ადამიანს, რომელიც მასთან მარტოა დარჩენილი. ეს იქნება ფსიქოლოგიური ტიპის რომანი.

– და მაინც, ცხოვრება ხომ მშვენიერია?

– ცხოვრება ზოგჯერ არის კიდეც მშვენიერი, ზოგჯერ – უკიდურესად სასტიკი, მაგრამ საინტერესო ნამდვილად არის.