მედეა ვასაძემ ინფარქტი მიიღო – ,,იმედია, არ გაჩერდება, ვიცი, უსაშველოდ დავღალე, მაგრამ მაპატიებს”

მედეა ვასაძემ ინფარქტი მიიღო - ,,იმედია, არ გაჩერდება, ვიცი, უსაშველოდ დავღალე, მაგრამ მაპატიებს"აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მედეა ვასაძე ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაში მოხვდა და მნიშვნელოვანი სამედიცინო პროცედურების გავლა დასჭირდა.
,,ინფარქტი… კუჭი მეგონა და ოთხი დღე ,,ვმკურნალობდი”. ბოლოს მე და შალვამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტკივილის გასაყუჩებლად შევიარეთ და, ღმერთო ჩემო, ინფარქტის დიაგნოზით კატასტროფის ბრიგადის მომსახურება დამჭირდა ბაუ-ში გადასაყვანად. გზა კატეგორიულად საკაცით გამომატარეს. არც შიშს ვგრძნობდი და, მით უფრო, არც პანიკას. ასეა ალბათ უფალთან ანგარიშის დროს…
მესმოდა შეძახილები – მედეაა ვასაძე. ვიღაც გამორბის, ხელზე ხელს მიჭერს და მკაცრად მახსენებს, მაგრად უნდა იყო, ხომ იცი, სამშობლოს სჭირდებიო… ჩრდილივით ჩამომატარეს კედელთან ატუზულ ჩემიანებს, შოკის ოთახს ეძახიან, მგონი, სადაც ვარ… და კახა ექიმი თავის მოსაზრებებს მიზიარებს – იქნებ შეცდომაა!.. არ მეშველა, ინფარქტია…
კორონოგრაფიის, ანუ ფართო სადიაგნოსტიკო საშუალების გამოყენების აუცილებლობაში მარწმუნებენ… ვწევარ პირაღმა, აპარატურებით სავსე ოთახში (კეტლაპში) და მაგიდაზე გასწორებულს ორი ახალგაზრდა ექიმი (ხვიჩია, კოკაია)დამფუსფუსებს… რადგან პრემედიკაცია არ კეთდება, მელაპარაკეთ-მეთქი, ვთხოვ… და იწყება პროცედურა – მარცხენა ხელში ტკივილს ვგრძნობ, თუმცა არც ისე ხანგრძლივი დროით. დიაგნოსტიკის შემდეგ, სამწუხაროდ, შემდგომი ჩარევის აუცილებლობა ხდება – ვეთანხმები და ვცდილობ ხელის არშეშლას, იმ პასუხისმგებლობით, რომ ვიცი, თეთრხალათიანმა ,,ბიჭებმა” ჩემს გულზე ფინიგრანული სამუშაო უნდა ჩაატარონ (მოქსოვონ)…
პლავიქსი, ჰეპარინი, ტროპონინი, რაღაც ნომრიანი სამედიცინო ხელსაწყოების დასახელებები მესმის… და ბოლოს მეუბნებიან – დასრულდა, თანაც წარმატებით… და მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ გრილა, შუბლიდან ცივ ოფლს იწმენდენ…
ინტენსიურში ვარ… შუაღამეზე შემომიყვანეს, სიჩუმეა, სიცოცხლეზე მხოლოდ მონიტორზე აყვანილ ადამიანთა აპარატის ხმა თუ მიგანიშნებს… ბედზე ჰკიდია არსებობა… და შენ ფიქრით გადიხარ ამ წამლებით გაჟღენთილი გარემოდან გარეთ… უპირველესად შენს შვილთან, შენს ოჯახთან, ახლობლებთან, მეგობრებთან, ჩემი შაკოს საფლავთან…
კვლავ ვუბრუნდები სამშობლოზე, სანაპიროდან გაძევებულ ლაინერზე, სამშობლოს სიყვარულისთვის ნაცემ ბიჭებზე, სასამართლო სხდომის დარბაზებზე, შოვში, თოჯინით მოსიარულე მამაზე და ცოცხლად დამარხულ ოჯახებზე ფიქრს… არადა არ ვიცი, რადგან ეს ყველაფერი აკრძალული მაქვს, რა იქნება და რას შემაძლებინებს ჩემი ფრაგმენტულად შეკოწიწებული გული ხვალიდან, რომელმაც ამ დრომდე ჩემი არც თუ ისე იოლი ცხოვრება ჩემს ემოციასთან საპირწონედ მიიღო… ყველა დარტყმა, ტკივილი თუ სიხარული განიცადა… და მაინც, ვიმედოვნებ, რომ არ გაჩერდება… ვიცი, რომ უსაშველოდ დავღალე, მაგრამ მაპატიებს, რადგან სხვაგვარად ცხოვრება ვერ შევძელი”, – წერს მედეა ვასაძე.