,,კაკაჩა რომ ცოცხალი ყოფილიყო, დღეს წარმატებულ მხატვრებს პირველობის შანსი აღარ ექნებოდათ” – მხატვარ თამაზ კაკაბაძის ოჯახის ტკივილი

,,კაკაჩა რომ ცოცხალი ყოფილიყო, დღეს წარმატებულ მხატვრებს პირველობის შანსი აღარ ექნებოდათ" - მხატვარ თამაზ კაკაბაძის ოჯახის ტკივილი,,სარკე”, ნანა კობახიძე

თამაზ კაკაბაძე (კაკაჩა) გასული საუკუნის 80-იანელთა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ქართულ მხატვრობაში. მისი ფერწერის განსაკუთრებულობა სახელოვნებო წრეში ცნობილი და აღიარებული იყო მის სიცოცხლეშივე. მის პიროვნულ სიმაღლეს, ბუნებით სილაღეს და ადამიანურ მადლსაც გამოარჩევდნენ. იგი სათავეში ედგა ახალგაზრდა მხატვრების კლუბ “ფიროსმანს”.

სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე გასული საუკუნის ბოლოს, ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში შეწყდა. მხატვრის ნამუშევრების მეტი წილი ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში ინახება.

თამაზის ძმა, დავით კაკაბაძე და ძმისშვილი, ქეთევან კაკაბაძე, მათი ოჯახის გენეალოგიურ პორტრეტზე, კაკაჩას შემოქმედებით გზაზე, პიროვნულ შტრიხებზე, ტრაგიკულ ბედზე, ოჯახის ტკივილსა და ამჟამინდელ საწუხარზე ,,სარკეს” ესაუბრნენ.

დავით კაკაბაძე (კაკაჩას ძმა): კაკაჩამ სულ 42 წელი იცოცხლა. როგორც ამადეო მოდილიანის საფლავზე წერია, “დიდების კართან წამოეწია სიკვდილი”. კაკაჩას აღიარება დიდი ხანია დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მისი შემოქმედება ბევრისთვის, ეტყობა, ჯერაც მიუწვდომელი რჩება. ეს არც არის გასაკვირი. მისი ქმნილებების უმეტესობა ჩაკეტილია კერძო კოლექციებში, არსებობს მრავალი შესანიშნავი ტილო თუ ნახატი, რომლებიც არასდროს გამოუტანიათ ყველაზე ფართო თვალსაჩინო გამოფენებზეც კი.

მისი დანატოვარი სხვადასხვა ქვეყანაშია გაფანტული. ბევრი მუზეუმი თუ გალერეა ბედნიერად ჩათვლის თავს, გამოფინოს კაკაჩას ნაწარმოებები: “თეთრი ქალაქი”, “და მიცურავს გემი”, “თეთრი ნატურმორტი”, “ტაჯმაჰალი”, “ზინგერი”, “გრამაფონი” და სხვა.

უდიდესი უსამართლობაა მისი შემოქმედებითი აღმაფრენის კატასტროფულად შეწყვეტა. ვინ იცის, საით ან რომელი უხილავი სიღრმისკენ წარიმართებოდა მისი დაუცხრომელი ტალანტი.

ყველამ, ვისაც მეტ-ნაკლები შეხება ჰქონდა თამაზთან, თავისებურად შეიყვარა იგი, იმ მცირე გამონაკლისის გარდა, რომელმაც ვერ გაიგო, არ აღიარა მისი ხელოვნება და ახლა ცდილობს, მდარე ფორმით გამოხატოს მისდამი უპატივცემულობა. მრავლად არიან სურათებით გაქნილი მოვაჭრეები. მათ კარგად უწყიან, რა ხელსაყრელია მხატვრის უდროო, ტრაგიკული სიკვდილი, რადგან დღეს-ხვალ დაიწყებენ ძებნას და ყიდვას იმისას, სულ ახლახან დანახვა რომ არ უნდოდათ. იყიდიან, რათა საჭირო დრომდე შეინახონ და მერე მოგებით გაყიდონ ტილოები. ამიტომ გვტკივა ასე გული.

– თამაზი, როგორც უმცროსი ძმა, თქვენს ხელში გაიზარდა. მის ბავშვობას, პიროვნული და შემოქმედებითი განვითარების გზას როგორ გაიხსენებთ?

– თამაზი დაიბადა 1954 წლის 1 სექტემბერს მხატვარ პეტრე კაკაბაძის ოჯახში. კაკაჩა აბსოლუტურად თავისუფალ და წინააღმდეგობებით სავსე პიროვნებად ჩამოყალიბდა, თავისი ალალმართალი ბუნების მიუხედავად, შეეძლო სრულიად უბრალო მიზეზით წაჩხუბებოდა მეგობარს და მისდამი უზენაესი გრძნობებიც გამოევლინა, უაღრესად ზრდილობიანი და მოყვასი ყოფილიყო ადამიანის მიმართ და უკიდურესად მკაცრი და უხეშიც. მის ხასიათში გამუდმებით ენაცვლებოდა თავმდაბლობა და სიამაყე, მშვიდობიანობა და შფოთიანობა, ოპტიმისტური აღტაცება და პესიმისტური სასოწარკვეთა.

სწავლობდა თბილისის 51-ე სკოლაში. სწავლა დიდად არ უყვარდა, სამაგიეროდ, ხატვით იყო გატაცებული. შემდეგ ხატვას დაეუფლა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1972 წლიდან სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ დიმიტრი თაყაიშვილის კლასში.

აკადემიაში სწავლის პერიოდში დაუახლოვდა ყარამან ქუთათელაძეს, ნიკუშა შენგელაიას, გიორგი ბადურაშვილს, მიშიკო იაშვილს, ირაკლი სუთიძეს, ვახო თოფურიძეს, ლეონიდ სემეიკოს, ჯემალ კუხალაშვილს, გელა ზაუტაშვილს, ბესო არბოლიშვილს, რომლებთან მეგობრობამაც, მისივე აღიარებით, გაცილებით მეტი სარგებლობა მოუტანა მას შემოქმედებითად, ვიდრე მანამდე სამხატვრო სკოლამ.

მოსწონდა და უდიდეს მხატვრად მიაჩნდა ფრანგი იმპრესიონისტი მორის უტრილო. მონაწილეობდა 25-ზე მეტ ჯგუფურ და 5 პერსონალურ გამოფენაში.

– როგორც ამბობენ, კაკაჩამ უღალატო მეგობრობა იცოდა.

– შეეძლო, ყოფილიყო ნამდვილი მეგობარი – მოსიყვარულე, უღალატო, გულისხმიერი, ერთგული. იცოდა მეგობრის გატანა და არა მარტო მეგობრისა, ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანისაც კი. ყველანაირად – მორალურად თუ ფინანსურად, გვერდში ედგა მათ. ყოველთვის განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიდა სხვის მწუხარებას, რაც მრავალჯერ დაადასტურა თავის მეგობრებთან.

განსაკუთრებულია თამაზის წვლილი ახალგაზრდა მხატვრების კლუბის – “ფიროსმანის” შექმნასა და ჩამოყალიბებაში. სიცოცხლის ბოლომდე მისი უცვლელი ხელმძღვანელი იყო. კლუბის ცენტრი განთავსებული იყო აბანოთუბანში საგამოფენო და შეხვედრათა დარბაზებით.

ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების მრავალ გამოფენა-გაყიდვას გაუწია ორგანიზება თბილისში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, აწყობდა შეხვედრებს. დღეს, ბედის უკუღმართობით, ეს კლუბი აღარ არსებობს.

ქეთევან კაკაბაძე (კაკაჩას ძმისშვილი): ბებიაჩემი, თამაზის დედა ვალია დოლიძე, პროფესიით იურისტი, მოსამართლე გახლდათ. ბაბუაჩემი, თამაზის მამა პეტრე კაკაბაძე, ნიჭიერი მხატვარ-გრაფიკოსი იყო, მეორე მსოფლიო ომში კანტუზია მიიღო, თვალი დაკარგა და სამხატვრო კარიერა აქტიურად ვეღარ გააგრძელა, თუმცა მაინც ამ სფეროში მუშაობდა.

ჩემი ძმა, გუგა კაკაბაძეც მხატვარია, თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. შემდგომ სწავლა გააგრძელა მოსკოვში, მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში კინო-ტელევიზიის მხატვრის სპეციალობით. ჩემი შვილიც ხატავს, “თავისუფალ უნივერსიტეტში” ვადსის სკოლაში დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს. თავად ექიმი ვარ.

– თამაზს საუკეთესო სამეგობრო ჰყავდა, თავად რა ადგილი ეკავა მათ წრეში?

– ვაკე-საბურთალოზე (ახლანდელი თამარაშვილის ქუჩა) მხატვრების კორპუსში ვცხოვრობდით. თამაზს იქ ჰქონდა სახელოსნო, სადაც იკრიბებოდა მისი სამეგობრო, საუბრობდნენ თანამედროვე ხელოვნებაზე, მსჯელობდნენ, ქეიფობდნენ.

თამაზი უნიჭიერესი მხატვარი იყო. თავისი სახელი, ნიშა და ადგილი სიცოცხლეშივე მოიპოვა, არა მარტო როგორც პროფესიონალმა ფერმწერმა, არამედ როგორც კაცმა და ადამიანმა სამეგობროში. შეეძლო, უკანასკნელი სამოსი, თუნდაც ძვირფასი, გაეხადა და უშურველად გაეცა სხვისთვის. ალბათ მეათედიც ვერ მოასწრო, რისი შექმნაც შეეძლო. გარემოცვაში ყველამ იცოდა, რომ კაკაჩა გამორჩეული ხელწერით და მანერით დაჯილდოებული მხატვარი იყო, ლიდერი – სამეგობრო წრეში, სიცოცხლეშივე პოპულარული.

– მის პირად ცხოვრებაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

– რამდენიმეჯერ იყო დაქორწინებული ოფიციალურად. ჰყავს 3 ქალიშვილი. სამწუხაროდ, მამის კვალს არ გაჰყვნენ.

– მხატვრის ბოჰემური ჩვევები იყო მიზეზი, რომ კაკაჩას არასტაბილური პირადი ცხოვრება ჰქონდა?

– რა თქმა უნდა. ბიძაჩემს ცოტა არარაციონალური ცხოვრების წესი ჰქონდა. სასმელს, მავნე ნივთიერებებს ეტანებოდა, რამაც ჯანმრთელობა გაუნადგურა. ოჯახი ძალიან ვიბრძოდით, რომ ეს ყველაფერი დაგვესრულებინა, მაგრამ ვერ მოვერიეთ. ხშირად ვუტარებდით თერაპიას საავადმყოფოში, მისი გადარჩენა მაინც ვერ შევძელით. სამწუხაროდ, 1996 წელს გარდაიცვალა ციროზით.

– კაკაჩას ნახატებში ჩანს სევდა, მარტოსულობა, ეული ადამიანები. ეს იმ ეპოქის გამოძახილია? როგორი იყო თავად სინამდვილეში?

– ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული თემები გამოჰქონდა. ზოგადად, ლაღი და თავისუფალი ტიპაჟი გახლდათ. სხვა დროსა და რეალობაში რომ დაბადებულიყო, გაცილებით ფართო ასპარეზი ექნებოდა და სხვა სიმაღლეებს მიაღწევდა. თუმცა სიცრუეა, რომ თითქოს არ იყო დაფასებული მხატვარი და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აღიარეს.

ჩვენს ოჯახში კედლები სავსე იყო მისი ნახატებით, პერიოდულად ჩამოხსნიდა, გაყიდდა, მერე ახლით ავსებდა ჩვენს კოლექციას. მის ნამუშევრებზე სულ იყო მოთხოვნა, 90-იან წლებში ქვეყნის ძნელბედობის ჟამსაც კი. ვერ ვიტყვი, რომ მის სიცოცხლეში არ იყიდებოდა და გარდაცვალების მერე დაედო ფასი, უბრალოდ გაძვირდა. ეს ბუნებრივია, ხელოვანის გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრის ფასი იწევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიცოცხლეში არარეალიზებული იყო.

– ძალიან მომწონს ნახატი “აღდგომის თეფში”, მოთეთრო ფონზე საოცარი ფერებია გამოყენებული, ჭაობისფერი, შინდისფერი, ასევე – სხვა ნამუშევრებშიც. ეს საკუთრივ მისი ფერებია, არა?

– ფერებს თავადვე ქმნიდა, სხვადასხვა ინგრედიენტისგან ამზადებდა. განსაკუთრებულია მისი თეთრი ფერი. მსგავს ფერებს ბაზარზე ვერ ნახავთ… ამიტომ გამოდიოდა ასეთი განსხვავებული.

– თამაზის ნამუშევრებში ჩანს ფილოსოფია, თითქოს გარკვეულწილად ლაო ძის ნააზრევსაც ეხმიანება: “რომ დაეუფლო სისავსეს, საჭიროა ფლობდე სიცარიელეს”, “არყოფნა და ყოფიერება ერთმანეთს წარმოშობენ” და ა. შ. ფილოსოფიითაც იყო გატაცებული?

– შინაგანად საკმაოდ ღრმა ნატურა გახლდათ, ჰქონდა ფილოსოფიური აზროვნება და ფსიქოლოგიური უნარები. ქმნიდა იმას, რასაც ხედავდა შიგნიდან. არასდროს იხატავდა ნატურიდან. ყოველთვის ხატავდა წარმოსახვით რეალობას, იმას, რაც გონებაში ჰქონდა. იმ მომენტში თავისი განწყობა გადმოჰქონდა ტილოზე, მაგრამ თუ როგორ წაიკითხავ ნახატს და რას აღმოაჩენ, ეს შენი განწყობის ამბავია. ვინმესთვის ის შეიძლება ფილოსოფია იყოს, ვინმესთვის – მისტიკა, ზოგისთვის – უბრალო ნატურმორტი ან სხვა რამ. ეს ადამიანზეა დამოკიდებული, ვინ როგორ უყურებს და რა სიღრმეს პოულობს მასში.

– თქვენი ძმაც, გუგა კაკაბაძე, მხატვარია. ხომ არ აღმოჩნდა ბიძის ჩრდილქვეშ, როგორც ხდება ხოლმე?

– ის სიტუაცია, რაც თამაზის ირგვლივ განვითარდა, ჩემს ძმაზე, გუგაზე, აისახა უარყოფითად. ფაქტობრივად, დაიჩაგრა, როგორც მხატვარი. სამხატვრო წრემ რატომღაც გადაწყვიტა, რომ არ უნდოდათ, მეორე კაკაჩა ჰყოლოდათ, თუმცა გუგასა და თამაზის ხატვის სტილს შორის არანაირი მსგავსებაა. მათი ნეგატიური განწყობა ალბათ გამოიწვია იმან, რომ კაკაჩა გამორჩეული და თავის დროზე საუკეთესო იყო მათ შორის, რომლებიც დღეს წარმატებულ მხატვრებად ითვლებიან და დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, მათ პირველობის შანსი აღარ ექნებოდათ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩემი ძმა რაღაცნაირად მოკვეთეს გალერისტებმა და სხვებმა, ბევრი ცუდი რამ ჩაიდინეს. იყო შემთხვევები, ჩემი ძმის ნახატებს თამაზ კაკაბაძის ხელმოწერას ასვამდნენ და ისე ყიდდნენ… ჩვენს ოჯახს არასდროს არავისზე გამოუთქვამს პრეტენზია, თუმცა ყველაფერი ვიცით, ვინ რას აკეთებდა.

– კაკაჩას რამდენი ნამუშევარი დაგრჩათ ოჯახში?

– მისი ყველა ქმნილება კერძო კოლექციებშია. კაკაჩამ მაჩუქა ნახატი “გრამაფონი”, ინსტიტუტში რომ ჩავაბარე. ბებიამ გარდაცვალების შემდეგ 2 ნახატი შვილიშვილებს დაგვიტოვა. მამას მეგობარმა, ლალი ღოღელიანმა, რომელსაც თამაზის ნამუშევრების დიდი კოლექცია აქვს, ერთი ნახატი ჩემს შვილს, ნუცას, უსახსოვრა, სტუდენტი რომ გახდა.

სამწუხაროდ, ოჯახში კაკაჩას მხოლოდ 3 ნახატი გვაქვს. ადამიანის სიკვდილს არასდროს ელი. რაღაცნაირად უკვდავი გვეგონა კაკაჩა. არასდროს გვიფიქრია, მისი ნახატები მოგვეხვეჭა და ბოლოს ასე გამოვიდა.

– ცნობილმა მხატვარმა ,,სარკისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: “თამაზ კაკაბაძე სიცოცხლის ბოლო პერიოდში დაცარიელებულ სახლებს ხატავდა… ზოგ სახლს კარი არ აქვს, ზოგს – ფანჯრები, შიგნით სიბნელე და სიმარტოვეა. თამაზი საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობდა. ნახატებსაც ძნელად ყიდდა. ერთხელ მისი დაცარიელებული სახლის ნახატი ათას დოლარად გაიყიდა, მაგრამ მეორე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. ფაქტობრივად, ამ ტილოდან აღებული ფულით დაკრძალეს”. ამ ნათქვამმა თქვენი ოჯახის დიდი წყენა და გულისწყრომა გამოიწვია. სინამდვილეში როგორ იყო?

– სრულებით არასწორი და არაეთიკურია იმის თქმა, თითქოს თამაზი მარტოობაში, მძიმე გაჭირვებაში გარდაიცვალა და მისივე გაყიდული ერთი ნახატის თანხით დაიკრძალა. არ ვიცი, იმ ადამიანმა არასწორი ცნობით რატომ აწყენინა ჩვენს ოჯახს, ძალიან გვატკინა გული. ბიძაჩემი არასდროს ყოფილა უპატრონო და შეჭირვებული. არც კი ვიცით, რა ნახატი გაყიდა მაშინ და რა ფული აიღო. 1996 წელს გარდაიცვალა, მაშინ ქვეყანაში საყოველთაო გაჭირვება იდგა, მაგრამ საიმისო გაჭირვება არ ჰქონდა ჩვენს ოჯახს, რომ მშიერ-მწყურვალი ყოფილიყო და სამადლოდ დაგვესაფლავებინა.

სიცოცხლის ბოლოს თამაზს დედ-მამაც ცოცხალი ჰყავდა, ძმაც გვერდში ედგა მთელი ცხოვრება, ჩვენ, ყველანი, მასთან ვიყავით. სხვათა შორის, თეა ფირცხალავა, თამაზის უახლოესი მეგობარი, სულ მასთან იყო და შემოქმედებით საქმიანობაში ეხმარებოდა… კაკაჩა ბედის ანაბარა მიტოვებული არასდროს ყოფილა. დაკრძალვის ხარჯები, ჩვეულებისამებრ, ოჯახმა გავწიეთ და, როგორც ეკადრებოდა ჩვენს ოჯახს და თამაზის სახელს, ისე დავკრძალეთ. მთელმა სამეგობრომ იცის, რა ოჯახი გვქონდა და ერთმანეთზე როგორ ვზრუნავდით. უხერხულია, რომ ამ ყველაფრის თქმა მიწევს.

– როგორ გარდაიცვალა კაკაჩა?

– ბოლოს ღვიძლის ციროზი ჰქონდა და ვმკურნალობდით. იმ საბედისწერო დღეს სახლში გახდა ცუდად. მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ვაკეში. ცუდად რომ გახდა, გადავიყვანეთ საავადმყოფოში, მაგრამ კომიდან გამოყვანა ვეღარ მოხერხდა.

თამაზის სიკვდილი დიდ ტრაგედიად იქცა ჩვენი ოჯახისთვის. საავადმყოფოში რომ მივედით და ცოცხალი აღარ დაგვხვდა, ბაბუაჩემი შოკში ჩავარდა, სუიციდის მცდელობა ჰქონდა, ფანჯრისკენ იწევდა და დავაკავეთ… ბაბუამ თქვა, ორმოცს დაველოდები და მერე აღარ ვიცოცხლებო. ასეც მოხდა: ორმოციდან მეორე დღეს ბაბუა გულის შეტევით გარდაიცვალა. ბებიამ ოთხი წელი იცოცხლა, მაგრამ ნახევარი ადამიანიღა იყო დარჩენილი.