ქუთაისელი ჟურნალისტები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ _ ტელეკომპანია ,,რიონის” ოპერატორი, თემურ ლომთაძე გარდაიცვალა. ის ოპერატორად 29 წლის განმავლობაში მუშაობდა.
,,ყოველთვის მემახსოვრები, როგორც საოცრად მშვიდი, კეთილშობილი, ბავშვური დიდი გულით შენი უბრალოებითა და ამავდროულად გონებაგამჭრიახობით, პროფესიონალიზმით, რომლითაც 29 წლის მანძილზე ემსახურე ქუთაისის მედიასივრცეს და შენი წარუშლელი კვალი დატოვე მეგობრებში, კოლეგებში და ყველაში, ვინც სალმით მაინც გიცნობდა!”, ,,ჩემო ერთგულო მეგობარო, როგორ მიჭირს, შენზე წარსულში ვილაპარაკო. როგორ არ მინდოდა, ეს დღე დამდგარიყო ასე ნაადრევად. თემუ მომენატრები, ჩემო ძმაო, მომენატრება შენთან საუბარი, შენი რჩევა-დარიგებები, შენი კეთილი და გულიანი გვერდით დგომა. გაცხონოს ღმერთმა. მშვიდობით, ჩემო ძმაო, ბედნიერ გზას გისურვებ უფლის საუფეველში. მჯერა, რომ შენ ისეთი კეთილი იყავი, იქ მოხვდები”, ,,დღეს უნდა გითხრათ – ,,ნახვამდის, ძმაო”. დღეს ყველაზე ძნელია შენთან მოსვლა, რეალობას უნდა შევეჯახოთ და დავრწმუნდეთ, რომ შენი – სიყვარული სიცოცხლის დამარცხდა… მაგრამ იმდენი ადამიანის ნაწილი გახდი, იმდენი სიყვარული დატოვე… ისევ იცოცხლებ! უბრალოდ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ უშენოდ ცხოვრება, თემო”, ,,იმედი, საყრდენი, სიკეთე, სიყვარული მიდის და გვრჩება მონატრება, რომელსაც შეუცვლელი ადამიანები გვიტოვებენ წასვლის შემდეგ. მადლობა ნათელი სხივებისთვის, ირგვლივ რომ დაუმადლებლად, არაფრის სანაცვლოდ იმეტებდი. უფალს ებარებოდე, ნამდვილო ადამიანო!”, – წერენ სოციალურ ქსელში.
თემურ ლომთაძე მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა.
