,,სარკე”
სასწაული რაღაც მჭირს. გავთხოვდი, ქმარი მამწარებდა, გამოვთხოვდი და ახლა მისი ცოლი მამწარებს. მეჩხუბება, ჩემს დედამთილს შენ რატომ უყვარხარო. არავისგან გამიგონია აქამდე, რომ ყოფილი ქმრის ცოლი ასე ერეოდეს ვინმეს ცხოვრებაში.
20 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ახლა ვხვდები, რომ ოჯახის შესაქმნელად არანაირად ვიყავი მზად. მე დედისერთა ვარ და მიჩვეული ვიყავი, ჩემ ნაცვლად სხვებს ეკეთებინათ საქმეები. ოჯახური ცხოვრება სხვანაირი აღმოჩნდა. ამ პერიოდს მამის ავადმყოფობაც დაემთხვა და დედა ყურადღებას ვეღარ მაქცევდა. ამ დროს დედის როლი დედმთილმა იკისრა. ეს არის ქალი, რომელსაც, ძალიან მინდა, ვგავდე. ერთი ბიჭი მყავს და სულ ვეკითხები საკუთარ თავს, ნუთუ ჩემს რძალს იმის ნახევარს მაინც გავუკეთებ, რაც ჩემმა დედამთილმა გამიკეთა. შვილივით მიმიღო. მოწყენილს, განერვიულებულს რომ მხედავდა, მუხლებზე დამისვამდა და შვილივით ჩამიხუტებდა ხოლმე.
ნათესავებს ჩემი თანდასწრებით ხშირად უთქვამთ, ნუ ატუტუცებ ამ გოგოსო. ის კი ეუბნებოდა, ჩემი ასაკის რომ გახდება, მერეც ეყოფა შრომაო. ხელიდან მაცლიდა საქმეს და თვითონ აკეთებდა. ისე მხეცურად კი არ იქცეოდა, ზოგმა დედამთილმა რომ იცის, უცებ შევარდება რძლის ოთახში, გადაუძრობს თეთრეულს და ყველაფერს თავდაყირა დაუყენებს, აქაოდა, გეხმარებიო. არა, ჩემი დედამთილი ამ ყველაფერს ძალიან დელიკატურად აკეთებდა, ისე, რომ მე არ შევწუხებულიყავი და არც დამცირებულად მეგრძნო თავი.
უნივერსიტეტში საუკეთესო სტუდენტი რომ ვიყავი, ისიც დედამთილის დამსახურება იყო. სულ ინტერესდებოდა, რა საგნებს გავდიოდი, ჩემი ლექტორების ვინაობაც აინტერესებდა. რამდენჯერ ჯგუფელების კონსპექტები მომიტანია და მას გადაუწერია ჩემთვის. რამდენიმე წიგნიც დამიკონსპექტა. თვითონ სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, მაგრამ 17 წლის ასაკში გათხოვდა და ოჯახმა სწავლა აღარ გააგრძელებინა. სულ იმას ამბობს, ჩემი ცოდვა მიეცათ, რომ არ მასწავლესო, ამიტომ თითქოს ჩემით ინაზღაურებდა განათლების დეფიციტს.
ბავშვი წიგნის კითხვას რომ არ მაცდიდა და არც ბებოსთან მიდიოდა, დადგებოდა ჩემი დედამთილი და ხმამაღლა მიკითხავდა. დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, ეს ამ საოცარი ქალის დამსახურებაა.
7 წელი ვიყავი იმ ოჯახში და, თუკი რამე ბედნიერად მახსოვს, ეს დედამთილთან ურთიერთობაა. ჩემს ქმარს რომ მართლა ვყვარებოდი, ახლაც ოჯახი მექნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, ქმარს არ ვუყვარდი. ცოლი სახლში ვყავდი და სხვა გოგოების მოსანადირებლად დადიოდა. კონფლიქტები სულ ამის გამო გვქონდა და ჩვენი გაშორების მიზეზიც ეს გახდა.
ერთხელ ჩემმა დედამთილმა შვილს ხელი წაავლო, კართან მიიყვანა, ხელი ჰკრა, გააგდო და კარი ჩაუკეტა. თან მიაძახა, სადაც გინდა, წაეთრიეო. ის ურეკავდა, ჩემი ქურთუკი და საფულე გამომაწოდეო, დედამისი ეუბნებოდა, კიდეც რომ გაიყინო, არ მადარდებსო.
განა არ ადარდებდა, ხომ შეუძლებელია, რძალი გერჩივნოს შვილს, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენი ოჯახი გადაერჩინა. მეც ვეცადე, მაგრამ ბოლოს ჩემმა ქმარმა პირდაპირ გამოუცხადა ყველას, რომ ცოლი, ანუ მე, არ ვუყვარდი. იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. ამ სიტყვების შემდეგ აღარც მე მიყვარდა.
წყენაც იყო, გაბრაზებაც, სიძულვილიც, ტრავმებიც იმის გამო, რაც ქმარმა დამმართა. დიდხანს არავის დანახვა მინდოდა, მაგრამ ერთ დღეს რაღაც შემემთხვა ქუჩაში, ფეხი დავიზიანე და ვიგრძენი, დედამთილის ნახვა როგორ მინდოდა. სახლში მისულმა მას დავურეკე და ისიც მოვარდა. ჩავეხუტე და ორივემ ბევრი ვიტირეთ. მას შემდეგ სულ მოდის ჩემთან, სახლში ტრიალებს, ჩემს შვილს ყურადღებას აქცევს და დედაჩემსაც ეხმარება მამაჩემის მოვლაში. ის არის ჩვენი სული და გული. არც კი ვიცი, მის გარეშე რა მეშველებოდა. ის შეუცვლელი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში.
ამასობაში ყოფილმა ქმარმა ცოლი მოიყვანა. დარწმუნებული ვარ, მასაც დიდი სიყვარულით შეხვდებოდა, რადგან ამ ქალს უბრალოდ სხვანაირად არ შეუძლია, მაგრამ რძალი ვერ ეგუება. მთავარი მიზეზი კი მე ვარ. ვერ მიტანს! ჩემი სახელის ხსენებაზეც ცუდად ხდება. ნათესავები მეუბნებოდნენ, შენზე ეჭვიანობსო, მაგრამ არ მჯეროდა. ბოლოს ჩემთან რეკვა და სახლში მოვარდნები რომ დაიწყო, მაშინ დავრწმუნდი, ვერ იყო დალაგებული ნერვების.
დედამთილს ეჩხუბება, ჩემი ქმრის ყოფილი ცოლი ჩემზე მეტად რატომ გიყვარსო. ის უხსნის, შვილივით მყავდა, ჩემი შვილიშვილის დედააო, მაგრამ არა, ვერაფერი შეაგნებინა. მირეკავს და მეუბნება, რომ დედამთილთან თურმე კარგად იმიტომ ვარ, მისი ოჯახის დანგრევა მინდა, ანუ ორმა ქალმა პირი შევკარით, რომ მას ოჯახი დავუნგრიოთ. იმას ვერ ხვდება, რანაირად უნდა წავართვა კაცი, რომელსაც არ ვუყვარვარ.
ყოფილი დედამთილი თავის რძალზე ცუდს არასოდეს ამბობს ჩემთან. სხვებისგან ვიცი, რა დღეშიც აგდებს, თორემ ჩემთან აუგი არასოდეს უთქვამს. გული მწყდება, რომ ასე შეუგნებელი ადამიანი ჰყავს სახლში, ამას ნამდვილად არ იმსახურებდა.
რაც შეეხება ყოფილი ქმრის ცოლს, ვიცი, როგორც უნდა მოვექცე. ჩემი შვილის ბებიის ხათრი მაქვს, თორემ აქამდეც მივუჩენდი თავის ადგილს. თუ კიდევ არ ისწავლის ჭკუას, ყველა სიტყვას სანანებელს გავუხდი! თუ ვინმე ჩვენი ნაცნობი წაიკითხავს ამ წერილს, ვიცი, ჩემს სიტყვებსაც გადასცემს. ჰოდა, აგერ ვაფრთხილებ, გონს მოეგოს!
,,სარკის” მკითხველი

