,,კარს რომ შევაღებ და გამიღიმებს, ეს ღიმილი ქვეყანას მირჩევნია” – მანანა გეგიძის და ელგუჯა მარღიას ბედნიერების და წარმატების საიდუმლო

,,კარს რომ შევაღებ და გამიღიმებს, ეს ღიმილი ქვეყანას მირჩევნია" - მანანა გეგიძის და ელგუჯა მარღიას ბედნიერების და წარმატების საიდუმლო,,სარკე”, ია ქუთათელაძე

საგურამოდან 15 კილომეტრში ბურიანის ხშირი, დაბურული ტყე იწყება, სადაც ბუნებას პირველყოფილი ხიბლი ჯერაც არ დაუკარგავს. შეყვარებული წყვილი, რომლის ოჯახური თანაცხოვრება საიუბილეო 30-ე წელს ითვლის, პანდემიის დასაწყისში, სამი წლის წინ, საცხოვრებლად ტყეში გადავიდა. ჟურნალისტს, ,,ქართული ბრენდის დღის” დამფუძნებელ მანანა გეგიძეს და პოეტ ელგუჯა მარღიას ბურიანში სააგარაკო სახლი, დიდი ხანია, ჰქონდათ. იქვე, ტყეში კი ქოხის აშენების სურვილი მანანას გაუჩნდა. უნდოდა, ქმრისთვის პოეტის ქოხი ეჩუქებინა. ყველაფერი საკუთარი ხელებით გააკეთეს. შემდეგ ელგუჯამ გადაწყვიტა, საყვარელი ქალისთვის აეშენებინა ისეთივე ქოხი, ოღონდ უფრო ფაქიზი, ჰაეროვანი, როგორიც ფრანგული მაქმანი და ასეც დაარქვა ,,მაქმანის ქოხი”.

დღეს ეს ორი ქოხი, ერთმანეთის პირისპირ მდგარი, უამრავ სტუმარს მასპინძლობს, რომელთა უმრავლესობა ხელოვანები არიან. ტყეში მოგროვილი კენკრისა და ყვავილების სურნელოვანი ჩაის თანხლებით იქ პოეზიის საღამოები იმართება.

თანაცხოვრების ბედნიერ წლებზე, სიყვარულის გაუხუნარ ფერებსა და საერთო მიზნებზე, რამაც მათი ჰარმონიული თანაარსებობა განაპირობა, ოჯახური წყვილი ,,სარკეს” ეუყვება.

– ქალბატონო მანანა, რა ხდებოდა 30 წლის წინ, სად გაჩნდა პირველი ნაპერწკალი თქვენ შორის?

მანანა: ყველაფრის სათავე პოეზია იყო, რომელიც ძალიან მიყვარდა და თავადაც ვწერდი ლექსებს. იმ დროს გამოდიოდა ჟურნალი ,,მესამე გზა”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ ელგუჯა.

ჩემი ლექსების დაბეჭდვა გადაწყდა. როდესაც რედაქციაში მივედი, გავიგე, რომ სწორედ მას უნდა შეეფასებინა ჩემი ლექსები და დასაბეჭდად გაშვებისთვის ხელი მოეწერა. შემხვდა ახალგაზრდა კაცი, მოშვებული წვერით. მაშინ, 90-იან წლებში, ეროვნული იდეებით გამსჭვალული ახალგაზრდები წვერით დადიოდნენ და ელგუჯაც მათ რიგებში იყო. მომიწონა ლექსები, აზრის მხატვრული გადმოცემა, ფორმა, სულ რამდენიმე წინადადება გავცვალეთ და წამოვედი.

შემდეგ გრიბოედოვის თეატრში ელგუჯას მეგობრის, ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც მეც ვიყავი და ისევ შევხვდით ერთმანეთს. პატარა საბანკეტო სუფრასთან ერთად აღმოვჩნდით და ვიგრძენი მისგან განსაკუთრებული ყურადღება, რასაც თავშეკავებულად შევხვდი. სიმართლე გითხრათ, ცოტა მკაცრი, უხეში მომეჩვენა. ურთიერთობებში ძალიან ფრთხილი ვიყავი, ამიტომ თავი შევიკავე.

გარკვეული დროის შემდეგ ჩემი ლექსები უნივერსიტეტის ალმანახ “პირველ სხივში” დაიბეჭდა. ელგუჯას მიზეზი გაუჩნდა და ამ ალმანახით მოვიდა ჩემთან სახლში. მე სამსახურში ვიყავი, ჩემ მეზობლად მეგობარი გოგონა ცხოვრობდა, რომელმაც იცნო, რადგან უკვე საკმაოდ პოპულარული პოეტი იყო ახალგაზრდებში. სწორედ მან მთხოვა, შენთან ელგუჯა მარღია იყო მოსული, იქნებ შემახვედრო, მისი ლექსების თაყვანისმცემელი ვარო.

საღამოს ელგუჯამ სახლის ტელეფონზე დამირეკა. მოვიპატიჟე, დავხვდი მეგობართან ერთად და ბევრი ვისაუბრეთ. ორიოდე დღის შემდეგ კი ერთად წავედით სოფელ არღუნში, სადაც სტუდენტობისას ექსპედიციაზე ვიყავით კურსელები. იქაურ ქალბატონებთან საუბრის შემდეგ ,,ფიქრები დაუბეჭდავ ლექსებზე” გამოქვეყნდა ,,პირველ სხივში”. სწორედ ეს ალმანახი მომიტანა მაშინ ელგუჯამ. ასე ნელ-ნელა დავახლოვდით, აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი საერთო გვქონდა და სიყვარულიც გაღვივდა. 1993 წელს შევქმენით ოჯახი.

,,კარს რომ შევაღებ და გამიღიმებს, ეს ღიმილი ქვეყანას მირჩევნია" - მანანა გეგიძის და ელგუჯა მარღიას ბედნიერების და წარმატების საიდუმლო– პოეტი კაცი შეძლებული არ იქნებოდა, მით უმეტეს, გასული საუკუნის 90-იან წლებში გაჭირვებას გამოივლიდით.

მანანა: მოგეხსენებათ, 90-იანი წლები რა მძიმე იყო, სიბნელეში ნავთქურასთან ვისხედით და საღამოებს ლექსების კითხვაში ვატარებდით. მაინც ბედნიერი დრო იყო, ახალგაზრდები ყველაფერს ვუმკლავდებოდით. ორივეს გვქონდა პირველი ოჯახის დანგრევის გამოცდილება, ამიტომ ძალიან გავუფრთხილდით სიყვარულს, სული ვუბერეთ და არ ჩავაქრეთ.

სამწუხაროდ, საერთო შვილი არ შეგვეძინა. ორივეს გვყავს შვილები, რომლებიც დიდი მზრუნველობით გავზარდეთ. საკუთარი თავი კი ერთმანეთს მივუძღვენით და ამით ორივე ბედნიერი ვართ.

– თქვენ შექმენით პირველი პიარკომპანია, ატარებთ ყოველწლიურ დაჯილდოებას ,,ქართული ბრენდის დღე”. არსებობს ანალოგიური დაჯილდოების ცერემონიალები, კონკურენციას როგორ უმკლავდებით?

მანანა: მე და ელგუჯამ საქართველოს ტელევიზიის “პირველ არხზე” დიდხანს ვიმუშავეთ, შემდეგ მე წამოვედი და გავაკეთე სააგენტო “პროფილი”, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და სხვადასხვა კომპანიებს პიარმომსახურებას ვუწევდი.

იდეა, რომ ,,ქართული ბრენდის დღე” დაგვეარსებინა, ქართული კომპანიების განვითარებასთან ერთად მოვიდა. დიახ, არის კონკურენცია, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს, რადგან მთლიანად ორიენტირებულები ვართ ეროვნული წარმოების წარმოჩინებაზე, იმ ადამიანებზე, ვინც ამ საშვილიშვილო საქმეს აკეთებენ. არ ვერევით პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია ,,ქართული ბრენდის დღე” და ყველა ხელისუფლება დადებითად არის განწყობილი.

წელს პირველად ბათუმში ჩატარდება აღნიშნული ღონისძიება. ყველაფერი მოსაყოლად არის ადვილი, ამის მიღმა კი უამრავი დაძლეული სირთულეა, უამრავი პროექტი, თავდაუზოგავი შრომა, რასაც მე და ელგუჯა ერთად ვაკეთებთ ერთნაირი ჟინით, გემოვნებით, გატაცებით და, ვფიქრობ, კარგადაც ვაკეთებთ.

,,კარს რომ შევაღებ და გამიღიმებს, ეს ღიმილი ქვეყანას მირჩევნია" - მანანა გეგიძის და ელგუჯა მარღიას ბედნიერების და წარმატების საიდუმლო– პოეტს სჭირდება მუდმივად მუზა, ინსპირაციის წყარო. პოეტები ბოჰემურები არიან, უყვართ ბახუსი, ლამაზი ქალების საზოგადოება. როგორი იყო ელგუჯა, ხომ არ გაეჭვიანებდათ თავისი ცხოვრების წესით?

მანანა: არა. არ ვიქნები მოკრძალებული და ვიტყვი, ნამდვილად მოხდენილი, სიმპათიური იყო და დიდ მოწონებასაც იმსახურებდა საპირისპირო სქესში. ჩვენ სულ ერთად ვიყავით. რომც არ ვყოფილიყავით, მაინც არ გამომეპარებოდა, ვინმეთი გატაცებული რომ ყოფილიყო. ცოტას მაინც ვეჭვიანობდი, მაგრამ ხელჩასაჭიდი არასდროს არაფერი მქონდა. ზოგჯერ ვეხუმრები, შენი ფანკლუბი როგორ გყავს-მეთქი. უყვარს ქეიფი, მოლხენა, მცირე დოზებით სასმელი. იმდენად დიდია ჩვენი სიყვარული, ერთობა, სულთა კავშირი, რომ ამის დარღვევა შეუძლებელია.

,,კარს რომ შევაღებ და გამიღიმებს, ეს ღიმილი ქვეყანას მირჩევნია" - მანანა გეგიძის და ელგუჯა მარღიას ბედნიერების და წარმატების საიდუმლო– როგორ აშენდა პოეტის ქოხი?

მანანა: დიდი ხანია, აგარაკი გვქონდა ბურიანში, სადაც მთელ თავისუფალ დროს ვატარებდით, მუდმივად ვალამაზებდით, ვაშენებდით, ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს და ფერებს ვუბრუნებდით. მიყვარს ყვავილები და რისი საშუალებაც კლიმატმა მომცა, იმაზე მეტი შევძელი, ნამდვილი წალკოტი გავაშენე. ახლა იქ სასტუმრო ,,თორო” ფუნქციონირებს.

ყოველთვის მინდოდა, შუაგულ ტყეში მეცხოვრა, მძაფრად მეგრძნო ბუნების სიდიადე. ბურიანს ხშირი ტყე ეკვრის. ელგუჯას გავუზიარე ჩანაფიქრი და ტყეში პატარა ქოხის აგება დავიწყეთ. იმ დროს დაიწყო პანდემია, დავტოვეთ ქალაქი, გადავსახლდით და მთელი ჩვენი ენერგია ჩავდეთ ამ ქოხის აშენებაში. მხოლოდ ელგუჯას ერთი მეგობარი მხატვარი გვეხმარებოდა. ასე აშენდა “პოეტის ქოხი” ნატურალური მასალით, ზამთარში შეშის გუზგუზა ღუმელით, ზაფხულში ხეების ჩრდილში გამართული სარწეველებით. ნელ-ნელა ჩვენმა მეგობრებმა დაიწყეს მოსვლა, შემდეგ ტურისტები, მნახველები მომრავლდნენ.

ელგუჯამ კიდევ ერთი ქოხი ააშენა და მე მაჩუქა. ,,მაქმანის ქოხი” დავარქვით, რადგან იშვიათი სილამაზის უამრავი მაქმანია ამ ქოხში. სულ პირველად ,,მარი გოლდის” დამფუძნებელმა, თამრიკო ნადირაძემ, მაჩუქა უძვირფასესი ფრანგული მაქმანები. მერე მეც მოვიძიე, მეგობრებმაც შემაშველეს და მთელი ქოხის ავეჯი, ჭურჭელი თუ თეთრეული მაქმანითაა მორთული. რკინის ღუმელიც მაქმანებიანია, რკინისგანვე გამოვაჭრევინეთ ულამაზესი ორნამენტები.

3 წელი გავატარეთ ამ გარემოში. ზამთარი მკაცრია, ტყეში მგლებია, მაგრამ ჩვენ თბილად და უსაფრთხოდ ვიყავით ჩვენს ქოხში. აქ სხვა იდუმალებაა, სხვა სითბო და სიახლოვე. ისევ დაბრუნდა ახალგაზრდობის წლები. ტყეში, ქოხში, სიყვარულს სხვა ფერი და სიტკბო აქვს.

,,კარს რომ შევაღებ და გამიღიმებს, ეს ღიმილი ქვეყანას მირჩევნია" - მანანა გეგიძის და ელგუჯა მარღიას ბედნიერების და წარმატების საიდუმლო– ბატონო ელგუჯა, როგორია მანანა თქვენს პოეტურ წარმოსახვაში?

ელგუჯა: ამის აღწერა ძნელია. მანანა საქმიანი, ენერგიული, ძლიერი ქალია. პრინციპულია, რასაც დაისახავს მიზნად, აუცილებლად შეასრულებს. ოჯახის ბურჯია, ამასთანავე სუსტი, ნაზი, ფაქიზი სულის. პოეზიის სიყვარულმა შეგვახვედრა. ჩვენს ქვეყანაში დღესაც უყვართ ლიტერატურა, პოეზია, მაგრამ მაშინ სხვა დამოკიდებულება იყო. მანანას ლექსებში დავინახე არა მარტო მისი გონიერება, სიბრძნე, ამაღლებული ემოციები, არამედ თავად როგორც ეფექტური გარეგნობის ქალბატონი. მადლობა ბედისწერას ჩვენი შეხვედრისთვის. მადლობა იმ წუთებისთვის, როცა მისი თვალები პირველად შემომეფეთა და მთელი ცხოვრება გზას მინათებს.

– თქვენს პოეზიაში რობაი მოგვიანებით შემოვიდა და თქვენი შემოქმედების მთავარი მიმართულება გახდა. როდის მიხვდით, რომ ლექსის ეს ფორმა იყო ზუსტად ის, რომლითაც სათქმელს სრულყოფილად ამბობდით?

ელგუჯა: არ ვიცი, როგორი პოეტი ვიყავი. შინაგანად ისეთი მოკრძალებული ვარ, თავის მოწონება არასდროს მიყვარდა. სხვასაც რომ აწუხებს განდიდების მანია, მათ მაგივრად მე მრცხვენია. ჩვენმა დიდმა ლოტბარმა, გამოჩენილმა ანზორ ერქომაიშვილმა თქვა და მერე წიგნშიც დაწერა: “შეიძლება გენიოსი გიწოდონ და ამაში არაფერი არ არის პრობლემა, მაგრამ თუ დაიჯერე, რომ გენიოსი ხარ, ეს უკვე პრობლემაა”.

ვერც ვიფიქრებდი, აღმოსავლური პოეზიის შედევრები ომარ ხაიამის და სხვათა, რომლებიც ყველას ხიბლავს, ჩემთვის ისეთი ახლობელი აღმოჩნდებოდა, რომ შემებედა და მეც დამეწერა. 2015 წელს მოხდა ჩემს ცნობიერებაში გარდატეხა. აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ასე მინდოდა წერა. ვფიქრობდი, იქნებ 50 რობაია მაინც გამოვცე-მეთქი. პირველად იოსებ ჭუმბურიძეს წავაკითხე, შემდეგ როსტომ ჩხეიძე გაეცნო და მოულოდნელად “ჩვენს მწერლობაში” 70 რობაი დაბეჭდეს. ასე ზემოდან, რაღაც ძალის კარნახით ვიპოვე ჩემი თავი. ახლა მზად მაქვს გამოსაცემად, რაც 2019-2022 წლებში დავწერე.

,,კარს რომ შევაღებ და გამიღიმებს, ეს ღიმილი ქვეყანას მირჩევნია" - მანანა გეგიძის და ელგუჯა მარღიას ბედნიერების და წარმატების საიდუმლო– ადამიანები ქალაქს ვერ ელევიან, უჭირთ სოფელში ცხოვრება, თქვენ და მანანამ კი საერთოდ ტყეში გაატარეთ 3 წელი. არ იყო ძნელი?

ელგუჯა: ქართველებს ვაჟა გვყავს, გენიალური პოეტი, ბუნების შვილი; გოდერძი ჩოხელი, რეზო ინანიშვილი და კიდევ ბევრი სხვაც. ბუნებასთან სიახლოვე ჩვენთვის ორგანულია. ასევე აღმოვაჩინე ამერიკელი მწერალი ჰენრი დევიდ თორო, რომელმაც დატოვა ქალაქი, ტყეში გადასახლდა და დაიწყო იქაური ამბების თხრობა. ნობელიანტი ჯონ სტაინბეკის ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებია “მოგზაურობა ამერიკის აღმოსაჩენად ჩემს ძაღლ ჩარლისთან ერთად”. ისიც ბუნებასთან დაბრუნების მცდელობაა. ჩვენც გაგვიჩნდა ამის სურვილი და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ის 3 წელი განუმეორებელი იყო.

ერთ თოვლიან დღეს ტყიდან შეშა მომქონდა ღუმელისთვის. მანანა ქოხში მელოდებოდა. ცოტა დავიღალე, დავდე შეშის გუდურა, გავხედე თეთრ საბურველში გახვეულ ტყეს, ჩავისუნთქე ყინულიანი, მაცოცხლებელი ჰაერი და მივხვდი, რა ბედნიერი ვარ, რომ ვარ ცოცხალი, რომ ქოხში ჩემი საყვარელი ქალი მელოდება, რომ შემიძლია ავანთო ღუმელი, დავჯდე, ავიღო კალამი, ქაღალდზე გადავიტანო ჩემი ფიქრები.

მსოფლიოში სიკვდილისპირას მყოფი რამდენი მილიონერი დათმობდა თავის მილიონებს, რომ კიდევ ერთი დღე მომატებოდათ და ასეთი სიმშვიდე ეწილადებინა მათთვის განგებას.

,,კარს რომ შევაღებ და გამიღიმებს, ეს ღიმილი ქვეყანას მირჩევნია" - მანანა გეგიძის და ელგუჯა მარღიას ბედნიერების და წარმატების საიდუმლო– დღეს რა ფერები აქვს თქვენთვის სიყვარულს?

ელგუჯა: ახლა ზღვაზე ვართ და ზღვისფერია. ტყეში მწვანეა, გაზაფხულზე – ვარდისფერი, ზამთარში – თეთრი.

დიდი მადლობა თქვენს ჟურნალს, რომ ჩვენი სიყვარულის ამბით დაინტერესდით. ნება მიბოძეთ, მანანასთვის მიძღვნილი რობაიით დავამთავრო ეს ინტერვიუ.

გაზაფხულის რობაი

,,როდესაც გიყვარს, ვეღარ ახსნი, რა გემართება,

გულში შემოდის გაზაფხული, როგორც ნათება,

ყოჩივარდები დავკრიფე და ვიჩქარი შენკენ,

თითქოსდა პირველ პაემანზე მაგვიანდება”.