,,დაქალი მეუბნება, შეყვარებული იარების გამო დაგიწუნებსო”

,,დაქალი მეუბნება, შეყვარებული იარების გამო დაგიწუნებსო",,სარკე”

გამარჯობა! ამ წერილს 16 წლის გოგო გწერთ. ცხოვრებაში პირველად ვარ შეყვარებული. მიყვარს ბიჭი, რომელიც ჩვენს თანატოლებში საუკეთესო მგონია. მასაც ძალიან ვუყვარვარ, დიდი პატივისცემით მექცევა და, როგორც ჩანს, ზოგ-ზოგიერთებს სწორედ ეს არ მოსწონთ. ჩემი ოჯახიც იცნობს, მათთვის არაფერი დამიმალავს. შეიძლება დიდად არც ესიამოვნათ ჩემგან ამის თქმა, მაგრამ არც დაუშლიათ. იციან, რომ კარგი ბიჭია და ძალიან ენდობიან.

ჩემი დაქალი ძალიან გაღიზიანებულია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. არ ვიცი, რა ბზიკმა უკბინა, მაგრამ ცდილობს, შეყვარებულს დამაშოროს. ჯერ რაღაც ამბების მოყოლა დაიწყო, რომ არც ისეთი კარგი ბიჭია, როგორიც მე მგონია. მოიგონა, რომ უყვარდა გოგო, რომელსაც გული ძალიან ატკინა.

ამ გოგოს სოციალური ქსელით მივაგენი და ჩემი შეყვარებულის სახელი რომ ვუხსენე, ძალიან გაუკვირდა. მას შეყვარებული ჰყავს, ბედნიერია და გულნატკენს სულაც არ ჰგავს. დაქალმა ამით რომ ვერაფერს მიაღწია, ახლა ძალიან მტკივნეულ ადგილზე დამაჭირა ფეხი.

მე ორჯერ გავიკეთე ოპერაცია და ბარძაყთან და მუცელთან დიდი იარები მაქვს, რადგან დიდი ჭრილობები მქონდა. დაქალმა მითხრა, შენმა შეყვარებულმა რომ იცოდეს, ასეთი იარები გაქვს, დაგიწუნებდა, ბიჭებს ასეთი რაღაცები გულს ურევსო.

ტირილი დავიწყე, ანუ შეიძლება ჩემზე გული აერიოს-მეთქი. კიო, ისე მიპასუხა, რომ ამაში, მგონი, დარწმუნებულიც არის. მეშინია, ჩემს შეყვარებულს არ უთხრას, რომ ტანზე დიდი იარები მაქვს. მე კი ვუთხარი, რომ ორჯერ მაქვს ოპერაცია გაკეთებული, მაგრამ ნამდვილად არ მითქვამს, ისეთი დიდებია, შეიძლება გული აგერიოს-მეთქი. აქამდე არც მიფიქრია, რომ იარების დანახვით ვინმეს მსგავსი რამ მოსდიოდეს.

მოკლედ, არ ვიცი, ჩემს შეყვარებულს როგორი რეაქცია ექნება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ დაქალის ნდობა არ ღირს. ძლივს ბედნიერი ვარ და ჩემი ესეც კი შეშურდა.

სარკის მკითხველი