,,სარკე”, ირინე მჭედლიძე
არიან ადამიანები, რომელთა ერთხელ ნახვაც კი საკმარისია იმისთვის, სამუდამოდ დაგამახსოვრდნენ. ასეთი გახლდათ მსახიობი ლამზირა ჩხეიძე, რომელიც წელს, 2023 წლის 6 იანვარს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მწერალ დავით თურდოსპირელის ქალიშვილი და პოეტ გიორგი ქუჩიშვილის ძმისშვილი ცხოვრობდა სახლში, სადაც მის მიერ განსახიერებული გმირები, საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟებიც ცოცხლობდნენ. ყველაზე დიდი ადგილი იმ მიკროსამყაროში მის წინაპრებს ეკავათ. კედლებზეც მათი სურათები ეკიდა და მათზე ხშირად ფიქრობდა. თითქოს მათ სამყაროში ვტრიალებ, მათი და ჩემი ცხოვრება ერთმანეთზეა გადაჯაჭვულიო, გვითხრა მაშინ ქალბატონმა ლამზირამ.
ნახატი – ბედისწერა
ლამზირა ჩხეიძის საძინებელში ერთ-ერთი მხატვრის რეპროდუქციას განსაკუთრებული ადგილი ეკავა – უმხედროდ დარჩენილი თეთრი, უნაგირიანი ცხენი, რომელსაც ქარი ფაფარს უწეწავდა, ირგვლივ კი მხოლოდ რუხი ფერები ჩანდა. ეს ნახატი მსახიობს ცუდ განწყობაზე აყენებდა, მაგრამ მაინც ვერ ელეოდა, რადგან მის ცხოვრებას ჰგავდა.
– ბაბუა, დედაჩემის მამა, ალექსანდრე კლიმენსკი, ეროვნებით პოლონელი გახლდათ. რუსეთის მეფის, ნიკოლოზის, არმიაში მსახურობდა. ერთი პერიოდი პოლონეთის ჯარები თელავში იდგნენ. დედის დედა, სოფიო ზახაშვილი, ულამაზესი ქალი იყო. ალექსანდრეს დანახვისთანავე შეუყვარდა და ცოლობა სთხოვა. სოფიოს ოჯახმა პოლონელ ოფიცერს უარი უთხრა. ალექსანდრეს თეთრი ცხენი ჰყავდა. სოფიოსთვის უთქვამს, თუ ცოლად არ გამომყვები, ჩემი ცხენით ალაზანში გადავვარდებიო.
ბებია ულამაზეს ვაჟკაცს ცოლად გაჰყვა, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. ბაბუა ყაჩაღებმა მოკლეს. სოფიო 4 თვის ფეხმძიმე დარჩა. თურმე პანაშვიდზე ის თეთრი ცხენი მის კუბოსთან იდგა. ცხენს შავი არშია ჰქონდა გაკეთებული. ამ სცენას ისე მკაფიოდ აღწერდა ხოლმე ბებია, რომ მეგონა, ყველაფერს ცხადში ვხედავდი.
ბავშვობაში ამ სურათს რომ ვუყურებდი, მას ბაბუას ცხენთან ვაიგივებდი. რამდენად დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, ამ ცხენს ვუყურებდი და ვტიროდი. ვფიქრობდი, მეც ამ ცხენივით მარტოხელა ვიქნები, მეც ასეთი ცხოვრება მექნება-მეთქი.
ეს ნახატი ჩემს ბედისწერად იქცა. თითქოს წინასწარ განვჭვრიტე ჩემი მომავალი. რეპროდუქცია დღემდე ცუდ განწყობაზე მაყენებს, მაგრამ მაინც მიკიდია კედელზე, რადგან ჩემი ცხოვრებაც ასეთია – მოსაწყენი, რუხი ფერების სამყაროში დარჩენილი, მარტოხელა, – გვიამბობდა ქალბატონი ლამზირა.
მომხიბვლელმა მსახიობმა რუსთაველის თეატრში მრავალი წელი გაატარა. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1952 წლიდან 2003 წლამდე სცენაზე იდგა. ბევრი გმირი განასახიერა, ბევრი წარმატებული როლი ჰქონდა, თუმცა, როგორც ყველა მსახიობს, მასაც დარჩა საოცნებო როლები, რომლებიც ვერ ითამაშა.
– ბავშვობისდროინდელ დღიურებს რომ ვკითხულობ, მიკვირს, ასე პატარა ასაკიდან ცხოვრებაზე ამდენს რატომ ვფიქრობდი… რაც უფრო მეტი დრო გადის, ხშირად ვფიქრობ, რომ რაღაცით ვიყავი შეპყრობილი. ბევრჯერ გადამიდგამს ჩემ საზიანოდ, საწინააღმდეგოდ ნაბიჯი. ახლაც ვერ ვხვდები, ასე რატომ ვიქცეოდი. ვფიქრობდი, მე უკეთ მესმის, უკეთ ვიცი-მეთქი. ჩემდაუნებურად მფარველი ანგელოზის წინააღმდეგ მივდიოდი, ანუ იმას ვაკეთებდი, რაც ჩემთვის სასარგებლო არ იქნებოდა, – გვითხრა ქალბატონმა ლამზირამ წლების წინ.
მსახიობმა ერთი შემთხვევა გაიხსენა, რომელზეც მუდამ ფიქრობდა და საკუთარ თავსაც მუდმივად ეკითხებოდა, ასე რატომ მოიქცა.
– რუსთაველში ,,ვეფხისტყაოსანი” უნდა დაედგათ კითხვით. მსახიობებიდან ყველაზე პირველად მე შემიკერეს კოსტიუმი. იმ პერიოდში ბატონმა სერგო ზაქარიაძემ ,,ჯარისკაცის მამა” ითამაშა. ამ როლმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მეც განსაკუთრებით მიყვარდა. რუსთაველის თეატრში ბატონი სერგო უნდა დაეჯილდოვებინათ.
ერთ დღეს დირექტორის კაბინეტში გამომიძახეს. “ვეფხისტყაოსნისთვის” შეკერილი კაბა ამოიტანეს და მითხრეს, ეს კაბა უნდა ჩაიცვა და ბატონი სერგოს ჯილდო გამოაცხადოო. მეგონა, ამას ვერ შევძლებდი, ვერ გამოვაცხადებდი. ერთ-ერთ მსახიობზე ვთქვი, ჩემი კაბა მასაც მოერგება, იქნებ მან გამოაცხადოს-მეთქი. არც ჩემ მიერ ,,არჩეულ” მსახიობს გამოაცხადებინეს და არც – მე. სხვა მსახიობმა გამოაცხადა.
იმ დღის შემდეგ ვგრძნობდი, რომ ბატონ სერგოს ჩემი დანახვა არ უნდოდა. მივხვდი, რომ ძალიან ეწყინა, არადა საწყენად არ მითქვამს, ასე კი გამოვიდა. ახლა ვფიქრობ, ასე რატომ გავაკეთე და დიდ მსახიობს გული რატომ დავწყვიტე, – იხსენებდა მსახიობი.
ბნელ ოთახში გატარებული ბავშვობა
ლამზირა ჩხეიძის ბებია, მამის დედა, სალომე ბაქრაძე, ახალგაზრდა დაქვრივდა. ოჯახის სიმძიმე მხრებზე დააწვა. მძიმე ცხოვრებამ ორი შვილი შეიწირა. ამის მიუხედავად, მაინც ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილებს, დავითს (ქალბატონი ლამზირას მამას) და გიორგის შესაფერისი განათლება მიეღოთ. დავითმა უმაღლესი განათლება კიევში მიიღო.
შრომით გადაღლილი ქალი ცხოვრებამ გატეხა. ერთ დღეს სახლიდან გავიდა და… გამვლელებმა დაინახეს, ჭაღარათმიანი, სანდომიანი სახის ქალბატონი ვერის ხიდიდან მტკვარში როგორ გადაეშვა. დავით თურდოსპირელსა და გიორგი ქუჩიშვილს დედის ასე დაღუპვა სიცოცხლის ბოლომდე დიდ ტკივილს აყენებდათ.
ლამზირა ჩხეიძის მამას საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქვს მოწერილი. სიკვდილამდე ნოე ჟორდანიას ერთგული გახლდათ. დახვრეტას გადაურჩა, მაგრამ კომუნისტები დამოუკიდებელი მთავრობის ერთგულს ავიწროებდნენ. ერთ-ერთ წერილში დავით თურდოსპირელი წერს:
,,ყველაფერს მიეჩვივნენ ბოლშევიკები, ყოველგვარ სისაძაგლეს… ალბათ სულთა გადასახლება მართლა არსებობს, ესენი ოდესღაც ნერონის ჯილაგისანი ყოფილან და დღეს რუსის კომუნისტებში გადმოსახლებულან. ასე იმოგზაურებენ მათი სულები დიდხანს, ასე შეაწუხებენ მრავალ ერს… მაგრამ ადრე თუ გვიან დამარცხდებიან… ტყუილია, ვითომ მარტო ერთი დაკვრა იყოს საჭირო, მაგრამ დიდი ბრძოლის შემდეგ იგი დამარცხდება… კანონია ცხოვრების, რომ ჭეშმარიტებამ ბოროტებას უნდა ძლიოს”.
დავითმა კომუნისტურ რეპრესიებს ცოცხალმა დააღწია თავი, მაგრამ მისი დევნა არ შეუწყვეტიათ. მას სამუშაოდ თბილისიდან შორს – სვანეთში, ფშავში, კახეთში აგზავნიდნენ. დავით თურდოსპირელზე მძიმე ცხოვრებამ იმოქმედა და პარკინსონით დაავადდა. იგი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. 20 წლის ლამზირა დედასთან და ბებიასთან დარჩა. მშობლების, ბებიის გარდაცვალება ბოლომდე მის ტკივილად დარჩა.
– ბებია პეტრე-პავლეს სასაფლაოზე იყო დაკრძალული. ყოველთვის მინდოდა, იქიდან გადმომესვენებინა და თავის შვილთან ერთად დამემარხა. მერე სურვილი ავიხდინე, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. მეორე დღეს ცუდად გავხდი და დიდხანს ვიავადმყოფე, – აღნიშნავდა ქალბატონი ლამზირა.
,,შენ ვერასოდეს გათხოვდები”
მსახიობი მშობლებზე მოგონებებით ცხოვრობდა. მამის წერილებს, რომლებიც ცოლს უძღვნა, ყოველდღე კითხულობდა. დიდი სიყვარულით გაჯერებული წერილები 600 ფურცელს შეადგენს.
დავითი მეუღლეს, სანიკო კლიმენსკაიას, დღეში ზოგჯერ ორ წერილს სწერდა. ქალბატონმა ლამზირამ ინტერვიუს დროს მისთვის ძვირფასი წერილებიდან რამდენიმე ამონარიდი წაგვიკითხა:
,,მინდა მწუხრისაკენ დაქანებულ მზესავით დაჩოქება სანიკოს ფეხებთან და ლოცვა სანიკოზე. ერთხელ კიდევ ანთება სანიკოს მკერდზე, მასზე სულის დასალევად. შემოდგომის სხივებივით ისე ჩაქრობა, რომ სანიკოს ენანებოდეს დათიკო! სანიკოს ხელიხელგაყრილი ჰქონდეს ლამზირასთვის, იცინოს და ეს ორი ადამიანი ცრემლიანი თვალებით ფიქრობდნენ – რა კარგი იყო, ახ, რა კარგი იყო ამ ჩვენი მეგობრის შემოდგომის უკანასკნელი გამონათება…
ზღვა მოლაჟვარდო მარმარილოს რიყეს მიაგავდა… სანიკო ბანაობდა… მის თვალებში, როგორც ზღვაში, აღბეჭდილიყო ლაჟვარდი ცის ციაგი… მის ტანს ჰკოცნიდა უშველებელი გოლიათი ზღვა… ჰკოცნიდა ჭავლების უამრავი ბაგეებით და მე მიპყრობდა… მესმის, როგორ ჰკოცნის მზის სხივი სანიკოს. როგორ ეალერსება მთის ნიავი, როგორ უთამაშებს მოოქროვილ თმის კულულებს. ღიზიანობა მიპყრობს, ლამის შევუტიო: როგორ უბედავენ სანიკოს ტრფიალს!..
შემოდგომაა ჩემს ცხოვრებაშიც, ღრმა შემოდგომა… ვიცი, მალე მოვკვდები, შემოდგომის ზუზუნი იქნება ჩემი პროლოგი. მე არა მინდა რა არავისგან. მხოლოდ ერთადერთი გვირგვინი, შემოდგომის ყვითელი ფოთლებისგან დაწნული, გვირგვინი, სანიკოს ხელით დაწნული”.
დავითმა სანიკო თელავში მუშაობის დროს გაიცნო. ლამაზი გოგონა მისი მოსწავლე გახლდათ. ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. დავითს ცოლი და ორი შვილი – დალი და მზია – ჰყავდა. ასაკით სანიკოზე ბევრად დიდი იყო. მათ სიყვარულს ბევრი რამ უშლიდა ხელს, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, იქორწინეს.
– ჩემი მშობლების სიყვარული ბევრისთვის ტრაგედია აღმოჩნდა, მამას ცოლ-შვილი ჰყავდა. მათ შეუღლებას ახლობლები ეწინააღმდეგებოდნენ. დედა მამას ნაადრევ სიკვდილს ძალიან განიცდიდა. დიდი გრძნობით უყვარდათ ერთმანეთი, – გვიყვებოდა ქალბატონი ლამზირა.
ერთ-ერთმა ხელოვნებათმცოდნემ დავით თურდოსპირელისა და სანიკო კლიმენსკაიას სასიყვარულო ბარათები რომ წაიკითხა, თურმე ლამზირა ჩხეიძეს უთხრა, თქვენ ვერასოდეს გათხოვდებოდითო. მართლაც, მსახიობს ოჯახი არ შეუქმნია. მე მშობლების დიდი სიყვარული მქონდა მაგალითად, ასეთი დიდი გრძნობის პოვნა კი ცხოვრებაში ძალიან ძნელიაო, გვითხრა.
– ჩემს ბებიებს, ყველას, რაღაცნაირი ბედი ჰქონდათ. ბოლომდე ბედნიერები არ იყვნენ. დედაც ახალგაზრდა დაქვრივდა, დიდი სიყვარული დაკარგა. თითქოს ამ ქალების ბედისწერა ჩემზეც გადმოვიდა. დედაჩემის ბებიას, მარგალიტა ზახაშვილს, ქმარი გაუციმბირეს, საიდანაც ცოცხალი არ დაბრუნებულა. მას ორი შვილი დარჩა. ყვარელში ცხოვრობდნენ.
დედის დედა ძალიან ლამაზი იყო. იმ პერიოდში ყვარელში ლეკიანობა იყო. თურმე მარგალიტა თოფით ხელში იძინებდა. ეშინოდა, ლამაზი ქალიშვილი ლეკებს არ მოეტაცათ. საოცარი ის იყო, რომ მარგალიტა ძალიან ნაზი, აღნაგობით სუსტი ქალი ყოფილა. ამის მიუხედავად, შვილების დაცვა შეძლო, – იხსენებდა მსახიობი.
გაუბედავი გოგონას თამამი გადაწყვეტილება
ლამზირა ჩხეიძის ოჯახში გაოცებულები დარჩნენ, როცა გაუბედავმა, მორცხვმა გოგონამ განაცხადა, თეატრალურ ინსტიტუტში უნდა ჩავაბაროო.
– მისაღებ გამოცდაზე რომ მივედი, ვერ ამალაპარაკეს, მაგრამ პირობითად ჩამრიცხეს, რადგან ოქროს მედალი მქონდა. გამოცდაზე გაკვირვებულებმა მკითხეს, ოქროს მედალოსანი აქ რატომ მოხვედიო. ჩემთან ერთად ჩააბარეს პიონერთა სასახლიდან მოსულმა ბავშვებმა, რომლებიც უკვე მსახიობები იყვნენ. მათ შორის იყვნენ – რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, თათია ხაინდრავა…
ბატონი დოდო ალექსიძე როცა შემოვიდა ჩვენს ჯგუფში, ვიფიქრე, ეს ხომ ინსტიტუტიდან აუცილებლად გამაგდებს-მეთქი. დერეფანსა და აუდიტორიაში ლანდივით დავდიოდი. ინსტიტუტის ფანჯრებიდან მამადავითის ეკლესია მოჩანდა. ყოველდღე ღმერთს ვეხვეწებოდი, ოღონდ დღეს არ გამომიძახოს ეტიუდზე-მეთქი. რა თქმა უნდა, გამომიძახეს, ეტიუდი გავაკეთე და ხუთიანიც მივიღე, – ამბობდა მსახიობი.
მსახიობებს უსამართლო კრიტიკით ხშირად სტკენენ ხოლმე გულს. გამონაკლისი არც ლამზირა ჩხეიძე იყო. ინსტიტუტში სწავლის პერიოდიდან ერთი ამბავი გაიხსენა:
– ინსტიტუტში ბატონმა დოდო ალექსიძემ ,,ფიგარო” დადგა. მე საუკეთესო როლი მერგო, სპექტაკლში სუზონი უნდა მეთამაშა. დაჭიმული ვიყავი, ძალიან განვიცდიდი. სცენაზე გასვლის წინ ორი გოგონას ლაპარაკს მოვკარი ყური. ისინი ჩემზე ცუდს ამბობდნენ.
უცებ ჩემში რაღაც გადატრიალდა, სცენაზე გავედი და ძალიან რთული ეპიზოდი ვითამაშე. ბატონმა დოდომ იყვირა, როლი გაკეთდაო. “ფიგაროში” ჩემი თამაში ძალიან მოეწონათ, თუმცა… აუდიტორიაში ერთი ქალი ისეთ რაღაცებს ამბობდა ჩემზე, რომ ლამის იქვე მოვკვდი. თავს მაღლა ვერ ვწევდი. მისთვის არც შემიხედავს, მხოლოდ ხმა მესმოდა. მეგონა, რომ გული გამისკდებოდა. უცებ ახალგაზრდა მამაკაცის ხმა გავიგონე – მე სუზონი ლამზირას შესრულებით წარმომიდგენია, როგორც საფრანგეთის დედა, დაი და მიჯნურიო. ეს ახალგაზრდა აკაკი ბაქრაძე გახლდათ. მისმა სიტყვებმა თითქოს სული შთამბერა. ის სიტყვები არასოდეს დამავიწყდება.
სცენიდან გაქცეული მსახიობი
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა რუსთაველის თეატრში დაიწყო. პირველი როლი რეჟისორმა შოთა მესხმა მისცა პიესაში “რვალი”. ისე მოხდა, რომ სპეტაკლის წინ შოთა მესხი ბათუმში გაემგზავრა. ყოფილ მოსწავლეს კი ბარათი გაუგზავნა, სადაც ეწერა, მოიცილე ეს ჩადრი და გახსოვდეს, რისთვის შედიხარ სცენაზეო. მართლაც შევიდა სცენაზე, მაგრამ გაიქცა.
– სცენაზე რომ შევედი, ვიფიქრე, ვაიმე, რა მეშველება, ვერ ვითამაშებ-მეთქი და კულისებისკენ გავიქეცი. თურმე საცოდავ დამწყებ მსახიობებს ასე სცოდნიათ, ამიტომ კულისებში სპეციალურად ჩემთვის ძველი თაობის მსახიობები იდგნენ და გამოვიქეცი თუ არა, მიყვირეს, სად მიდიხარო და მაშინვე სცენაზე დამაბრუნეს. სპექტაკლმა კარგად ჩაიარა. ჩემი ნათლობა რუსთაველის თეატრის სცენაზე ასე შედგა, – იხსენებდა მსახიობი.
პირველ სპექტაკლს ბევრი სხვა მოჰყვა – ,,მარადისობის კანონი”, ,,ჰამლეტი”, ,,კავკასიური ცარცის წრე”… გახმოვანებაზე რადიოსა და ტელევიზიაში დიდხანს მუშაობდა. მისი ხმა უამრავი სპექტაკლიდან ახსოვს მსმენელს.
– დაუჯერებელია, მაგრამ თითქოს იმისთვის ვიბრძოდი, რომ ძვირფასი რამ დამეკარგა. რუსებს აქვთ კარგი გამონათქვამი: ,,ხარაკტერ – ეტა სუდბა (ხასიათი იგივე ბედი) და ალბათ მართალიცაა, ჩემი ბუნება ბედისწერად მექცა, – გვითხრა ლამზირა ჩხეიძემ.
