,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
ქართველმა 16 წლის ძიუდოისტმა ბიჭმა, ილიკო გამეზარდაშვილმა, საფრანგეთის რეგიონულ ჩემპიონატში ძიუდოში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო, ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში კი ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.
ილიკო გამეზარდაშვილი პოპულარული ნოველისტის, დინა მირცხულავას, ვაჟიშვილია. დედა-შვილი საფრანგეთში სამშობლოდან დევნილის სტატუსით 2019 წელს წავიდა და ლტოლვილად ჩაბარდა, რადგან დინამ დაადასტურა, რომ სამსახურიდან პოლიტიკურ ნიადაგზე გაათავისუფლეს და საქართველოში თავის რჩენას ვერაფრით შეძლებდა.
დინა მაშინ განქორწინებული იყო. საფრანგეთში ჩასულმა მალევე გაიცნო ქართველი მამაკაცი, რომელსაც ერთ კვირაში ცოლად გაჰყვა და გოგონა შეეძინა, რომელსაც ილიანა დაარქვა. დინას მეუღლეც ქართველია, ბერდია ფიცხელაური, რომელმაც საქართველოში 2006 წლის ციხის ბუნტის დროს დაზიანებები მიიღო და საფრანგეთში სამკურნალოდ ჩავიდა.
თავისი ფრანგული ცხოვრებისა და სამშობლოს მონატრების შესახებ დინა მირცხულავა “სარკეს” უყვება.
– დინა, პირველ რიგში, მოგვიყევით თქვენი ვაჟის წარმატებების შესახებ, რამაც სიამაყით და ბედნიერებით აგავსოთ. როგორ მივიდა ილია ამ გამარჯვებამდე?
– ვამსხვრევთ იმ მითს, რომ ქართველები ევროპაში მხოლოდ მოსაპარად ჩამოდიან და მიხარია. რაც შეეხება ილიკოს, ჩვენ სოფელ ძეგვში ვცხოვრობდით და დედაჩემი და მამაჩემი არიან ძიუდოს დიდი გულშემატკივრები.
5 წლის იყო, როდესაც დედაჩემმა ჭიდაობაზე მიიყვანა. ბავშვური ინერციით მივიდა, რომ დაინახა, დიდები ვარჯიშობდნენ. დედაჩემი დაჰყვებოდა და მე მაშინ ამას სერიოზულად არ ვუყურებდი, დედა კი პირიქით, ძალიან სერიოზულად უყურებდა. ილიკოს მამა მოჭიდავე იყო და, ეტყობა, გენეტიკა მაინც თავისას შვრება.
საფრანგეთში რომ ჩამოვედით, აქვე, ჩვენს სახლთან ახლოს ჭიდაობის კლუბია და გადაწყვიტა, იქ მისულიყო. მაშინ 13 წლის იყო და ახლა უკვე 16 წლისაა. როცა მივედით და მწვრთნელმა გაიგო, საქართველოდან ვიყავით, ვერ აგიხსნით, რა დაემართა! გადაირია, წინ და უკან დარბოდა, ახლავე ყველაფერს მოგიგვარებთ, საბუთებს მოგიწესრიგებთო. სასწრაფოდ მოაგვარა ყველაფერი და მიიღეს ბავშვი.
– ქართველების უძლეველობის შესახებ იცოდა ალბათ ამ სპორტში.
– დიახ, ძალიან ბევრი ინფორმაცია ჰქონდა ქართველ მოჭიდავეებზე. გვეუბნებოდა, ქართველებს სისხლში გაქვთ ძიუდო და ამ ბავშვს არ დავკარგავო. ილიკო კი დღემდე მისი ერთგულია. როდესაც თამაშზე მივდივარ, 5-10 წლის სიცოცხლე მაკლდება და მთელ დარბაზში ჩემი ხმა ისმის. ილია თვითონაც მიკრძალავს მისვლას. სულ პირველად გუნდური შეხვედრა ჰქონდათ და ილიკომ 4 მოიგო, 1 წააგო. ფაქტობრივად, გუნდი გაიყვანა. ეს იყო მისი პირველი შედეგი, რომელმაც კლუბიც დააინტერესა და სხვადასხვა ორგანიზაციებიც.
მერე კი მოგვივიდა წერილი, რომ ჩემი შვილით დაინტერესებული იყო ლიონის სკოლა, რადგან მის ჭიდაობას უყურეს. რა თქმა უნდა, დავთანხმდით და ილიკო სექტემბრიდან ირიცხება იმ სკოლაში. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ცხოვრობს იქ. შაბათს მოდის სახლში და კვირას ბრუნდება.
საკმაოდ კარგი შედეგები აქვს რეგიონების ჩემპიონატებზე, გუნდურ შეხვედრებზე. თითქმის არასოდეს წაუგია, მხოლოდ ერთადერთხელ აიღო ვერცხლის მედალი, სხვა შემთხვევაში ოქროს იღებს…
საფრანგეთი ძალიან აფასებს სპორტსმენებს. როცა სპორტსმენი ხარ, აქ აბსოლუტურად ყველა გზა ხსნილი გაქვს. ჩვენ ჯერ პატარა ტურნირებზე გამოვდივართ, შეიძლება ითქვას, დამწყებები ვართ, მაგრამ არასოდეს მიგრძვნია ვიღაცისგან დაჩაგვრა, რაღაცის გამო უკან დახევა… აქ თუ გეკუთვნის, აუცილებლად გეკუთვნის და თუ გინდა, სპორტსმენი გახდე, ეს ფინანსურად არანაირად დაგაწვება.ვფიქრობ, რომ მე, დედაჩემმა და მამაჩემმა კარგი ბიჭი გავზარდეთ.
– მამასთან კავშირი აქვს?
– აქვს. მე აღარ მაქვს ილიკოს მამასთან ურთიერთობა, ილიკოს კი ყოველდღიურად აქვს. ილიკო უკვე დიდია და შეუძლიათ, ერთმანეთთან იკონტაქტონ. როცა პატარა იყო, უფრო მქონდა ურთიერთობა ბავშვის გამო. იყო თემები, რაც ერთად უნდა გადაგვეწყვიტა.
– ილიანა როგორი გოგოა?
– ილიანა 20 თვის არის. აქ ასე, თვეებს ამბობენ. ორივე ენაზე ლაპარაკობს, ურევს ქართულს და ფრანგულს. ძალიან ჭკვიანია, როგორც ამ საუკუნის ყველა ბავშვი. ძალიან მინდა, ქართული წერა-კითხვა და ენა კარგად ისწავლოს. რამდენად გამომივა, არ ვიცი.
– საფრანგეთში მუშაობაც დაიწყეთ, ეს ალბათ დიდი გამართლებაა.
– კი, ,,შანელის” ქარხანაში ვმუშაობ და მინდა გითხრათ, რომ არ მზადდება ჩვენთან სუნამოები. მეუბნებიან ხოლმე, გამომიგზავნე სუნამოო და ამ დროს მხოლოდ მინისა და პლასტმასის ბოთლები მზადდება, რაშიც ისხმება. ჩვენი ქარხნის მეპატრონეს აქვს ეს მონოპოლია 100 წელზე მეტია.
მე ამ ბოთლების ხან კონტროლს ვაწარმოებ, ხან დანადგარზე ვამონტაჟებ, რომ გაიაროს სხვადასხვა სახის შემოწმება. რთული არ არის, მაგრამ არც მარტივია. ერთსა და იმავეს რომ აკეთებ დღეში 7 საათი, ცოტა მომაბეზრებელია და საპასუხისმგებლოც. როცა კონტროლს აწარმოებ, ნაკლი არ უნდა გაგეპაროს. თუ ასე მოხდა, მერე შენი ინიციალები ეწერება და მოდის წერილი, რომ ეს პარტია არ იყო კარგი, თუმცა მხოლოდ ერთის პასუხისმგებლობა არ არის, გადანაწილებულია.
აქ აგვისტომდე ვიმუშავებ და მერე სწავლას ვაპირებ. გადავწყვიტე, სამედიცინო კუთხით წავიდე, მედდის დამხმარის პროფესია შევისწავლო და მერე, ენას რომ კარგად ვისწავლი, წინ და წინაც წავალ. ფინანსურადაც უკეთესად ვიგრძნობ თავს.
– წერდით, ბავშვობაში მაგარი ფანტაზიორი ვიყავი, დედაჩემი სულ მცემდა, ნუ იტყუებიო და ვინ იცის, რამდენი ნოველა გამაყრევინა თავიდანო. ახლა მიშვებულია თქვენი ფანტაზია?
– რამეს რომ ვყვებოდი, ყოველთვის ვაზვიადებდი, ვამატებდი. ჩემი მეგობრები ახლაც მეუბნებიან, როგორც იყო, ისე მოყევი, არ მიამატოო. ბავშვობაში, ჩვენდა სამწუხაროდ, მშობლები გვცემდნენ. ვამბობ ხოლმე, ვინ იცის, რამდენი კარგი ნოველის იდეა მქონდა და ცემისგან რამდენი გამაყრევინა-მეთქი.
უცნაურია, რომ, რასაც ვწერ, ადამიანებს ყველაფერი ჩემი ისტორია ჰგონიათ. ჩემს ილიკოსაც ჩემი ამბავი ჰგონია და უკვირს, აბა, იტყუები, რასაც წერო. ყველაფერი ჩემი ისტორია არ არის, მაგრამ თუ რაიმე ღირებულს ვწერ, ვთვლი, რომ ამას ღმერთი უშვებს. რომ ჩავთვალო, მე მაგარი ვარ-მეთქი, ალბათ მაშინვე დავკარგავ ყველაფრის უნარს.
რამდენჯერ ყოფილა, წამიკითხავს და მითქვამს, ნეტავ, ეს როდის დავწერე, მე ვარ ავტორი-მეთქი, იმდენად მომწონებია. ილიკოსაც სულ ვეუბნები, რომ ნებისმიერ წარმატებას უფალი უშვებს და როგორც კი ამას დაივიწყებ, არაფერი მოგეცემა ცხოვრებაში.

