21 000 ასანთის ღერით აწყობილი თვითმფრინავი – ,,ჩემი ნამუშევრის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს”

21 000 ასანთის ღერით აწყობილი თვითმფრინავი - ,,ჩემი ნამუშევრის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს",,სარკე”, ნანა კუკულავა

19 წლის ალექსანდრე აბუსელიძეს ბათუმში ასანთის ღერების არქიტექტორს ეძახიან. 2 წელია, რაც ასანთის ღერებით ურთულეს კონსტრუქციებს ქმნის, ტექნიკას კი უფრო და უფრო ხვეწს. ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომელსაც დიდი ნებისყოფით აკეთებს. ის სამართალმცოდნეობის სტუდენტია, მუშაობს მშობლიური ქალაქის მერიაში, მეტეოპროგნოზებითაა გატაცებული და სერტიფიცირებული კულინარია.

ალექსანდრემ ყველანაირ წარმატებას ერთი ფორმულა მიუსადაგა – საკუთარი თავის მუდმივი ძიება. დანარჩენს ამ საინტერესო ახალგაზრდაზე მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ალექსანდრე, სანამ ჰობიზე ვისაუბრებთ, თქვენ შესახებ გვიამბეთ, გაგვაცანით ოჯახის წევრები.

– 19 წლის ვარ. ვცხოვრობ ბათუმში, რომელიც სითბოსა და სიყვარულის ქალაქია ბევრი შესაძლებლობითა და პერსპექტივით. სამართალმცოდნების ფაკულტეტის მეორე კურსზე ვსწავლობ, ასევე ვარ ბათუმის მერის მრჩეველი, ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ორგანიზატორი. პარალელურად საერთაშორისო კოლეჯში კულინარიის სფერო შევისწავლე და სერტიფიცირებული მზარეულიც ვარ. მოკლედ, ეს საქმეც მაინტერესებს.

დედაჩემი, სოფო სანიკიძე, ხელოვნებათმცოდნეობისა და ისტორიის დოქტორია. ბებია, ნანა შალაძე, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, პიანისტია. მამა ერთ-ერთი კომპანიის მფლობელია.

– როდის დაიწყეთ კონსტრუქციების აგება?

– 2 წლის წინ ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე შევუდექი ამ საინტერესო საქმეს. ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ მასწავლა, თვითნასწავლი ვარ. ყველაზე რთულია ზუსტი ფორმების შექმნა, ამავდროულად სიმეტრია და სისწორე უნდა იყოს აბსოლუტური სიზუსტით დაცული, რომ სხვა რამე არ მივიღოთ.

– როგორ გაჩნდა იდეა და რატომ მაინცდამაინც მაკეტების შექმნა?

– მინდოდა, თავისუფალ დროს საინტერესო ხელობით ვყოფილიყავი დაკავებული. პირველად იუთუბარხზე ვნახე, როგორ ქმნიდნენ პატარ-პატარა მაკეტებს. მე კი ვიფიქრე, რომ უფრო რთულს, მრავალფეროვანსა და მასშტაბურს შევქმნიდი და დავიწყე.

პირველი ნამუშევარი მეგობრებმა ნახეს და შეაფასეს. სწორედ მათმა დადებითმა გამოხმაურებებმა მომცა მოტივაცია, მშენებლობა გამეგრძელებინა. რა თქმა უნდა, ყოველი მაკეტის შექმნისას სამშენებლო ტექნიკას ვავითარებ და ყოველი მომდევნო ნამუშევარი უფრო რთული ხდება. მაკეტებს ნახაზის გარეშე ვაგებ, მხოლოდ ფოტოთი. წინასწარ ვიცი, რისი აწყობაც მინდა.

– პირველად რა შექმენით?

– საზაფხულო სახლი, რომელსაც 15 000 ასანთის ღერი დასჭირდა და მუშაობის პროცესი 2 თვე გაგრძელდა. ერთ დღესაც გადავწყვიტე, მსოფლიოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ამეგო – ლონდონის ბიგ ბენი და ჩვეულებრივად, თვალის წარმოსახვით ავაწყვე და არის ზუსტი მაკეტი. მას 10 000 ასანთის ღერი დასჭირდა. აქაც იგივენაირად 2 თვე ვმუშაობდი. მასში ჩასმულია საათის მექანიზმი და ფუნქციონირებს კიდეც.

მასშტაბურია სკოლა “ნიკეს” მაკეტი, რომელიც დღეს სკოლის ბიბლიოთეკას ამშვენებს. მას 41 000 ასანთის ღერი დასჭირდა და ზუსტად 5 თვე ვაწყობდი. ოთახების და დერეფნების განლაგება თითოეულ სართულზე სკოლას სრულად შეესაბამება და იმის თქმა მინდა, რომ იდენტურია. ძალიან მიყვარს ის სკოლა, სადაც მე ვსწავლობდი და მიხარია, რომ ამ სკოლის ბიბლიოთეკაში დგას და უყურებენ მოსწავლეები, მასწავლებლები. ეს ჩემთვის საამაყოა.

– გაქვთ გამორჩეული ნამუშევარი?

– ჩემთვის გამორჩეულია “ვიზეარის” თვითმფრინავი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ურთულესი ფორმებითაა აწყობილი, არანაირი დამხმარე მასალა, მხოლოდ 21 000 ასანთის ღერი! ეს ის მაკეტია, რომელიც რეკორდულად სწრაფ დროში, სულ რაღაც სამ კვირაში ავაწყვე და მისი ღირებულება, როგორც მითხრეს, ძალიან დიდია, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გამიყიდია.

აქვე გეტყვით, რომ ყველაზე მასშტაბური გახლავთ 100 000 ასანთისგან აშენებული კწნფდ Cფკშიიუფტ-ის საკრუიზო ლაინერი, რომელიც მოიცავს სკვერს, რესტორანს, ვერტმფრენს, მანათობელ კონსტრუქციას. ბუნებრივია, საკმაო დრო მოითხოვა, თუმცა, ვფიქრობ, გრანდიოზული გამოვიდა.

– ყველაზე რთულად რა გეჩვენებათ ასანთის ღერებით ამ მასშტაბურ კონსტრუქციებზე მუშაობისას?

– ყველაზე რთულია, გამოიჩინო თმენის უნარი, ასევე ფორმების დამზადება ასანთისგან და სიმეტრიის დაცვა. თუ რაღაც არ გამომდის, არ ვნებდები და ვცდილობ, ხარვეზი მოკლე დროში აღმოვფხვრა.

– გქონდათ ნამუშევრების გამოფენა?

– კი, რამდენიმე თვის წინ მქონდა ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. იმ დროისთვის გემზე მუშაობა არ მქონდა დაწყებული. შესაბამისად, დანარჩენი ნამუშევრები იყო გამოფენილი.

– ისევ ჰობად თვლით ამ საქმეს თუ უკვე ჰობიზე მეტია?

– არა მხოლოდ ჰობია, ბევრად მეტია. სულ მიჩნდება სურვილი, უფრო და უფრო ლამაზი და საინტერესო მაკეტი შევქმნა. მალე დავიწყებ მუშაობას კიდევ ერთ გრანდიოზულ პროექტზე, რომლის განხორციელებისთვისაც დამჭირდება ფიზიკა-ელექტროობა. ეს მაკეტი ყველა წინამორბედზე უფრო მასშტაბური იქნება. ამ საქმეში უპირველესად ხალხი მაძლევს მოტივაციას, როგორც მათი გულშემატკივრობა, ასევე დაინტერესება. ისინი მიცნობენ, როგორც ასანთის ღერების არქიტექტორს.

გარდა ამისა, გატაცებული ვარ მეტეოროლოგიით. მაქვს ჩემი ფეისბუქგვერდიც – ამინდის პროგნოზი საქართველოში და ჩემი სანაცნობო წრე ყოველთვის მეკითხება მოსალოდნელ პროგნოზს, რადგან ვიყენებ ელექტრონულ მეტეორუკას და რადარს, რის შედეგადაც ზუსტ მონაცემებს ვიღებ. მოკლედ, ბევრი ჰობი მაქვს.

– სიყვარული თუ არის თქვენს ცხოვრებაში?

– მყავს გოგო, რომელიც მომწონს, მაგრამ სერიოზული ურთიერთობებისთვის ამ ეტაპზე მზად არ ვარ. ვფიქრობ, სიყვარული რთულად ასახსნელი გრძნობაა და მგონია, რომ დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე. ჩემთვის სილამაზე მეორეხარისხოვანია, მთავარია ზრდილობა, განათლება და ადამიანობის ხარისხი. ეს გრძნობა არ მიშლის ხელს მიზნების მიღწევაში.

 – როგორ ფიქრობთ, წარმატებისთვის რა არის საჭირო?

– სწორი მოქმედება. იმ შემთხვევაში, თუ განვიცდი წარუმატებლობას, მე არ ვცვლი მიზანს, მე ვცვლი მოქმედებას. ცხოვრება არის ველოსიპედი. იმისთვის, რომ შეინარჩუნო წონასწორობა, სვლა უნდა განაგრძო.

– რაზე ოცნებობთ?

– გაგიმხელთ, რომ ჩემი ოცნებაა ბიზნესის დაწყება.

– 19 წლის ასაკში უამრავი მიზანი გაქვთ. რას ურჩევთ თქვენს თანატოლებს, ახალგაზრდებს?

– პირველ რიგში, ახალგაზრდებს ვურჩევ, თავისუფალი დრო კომპიუტერისა და ტელეფონის ნაცვლად გაატარონ ისე, რომ აღმოაჩინონ საკუთარი თავი, ნიჭი და შესაძლებლობები. საკუთარი თავის ძიება – ეს არის წარმატების ფორმულა, რომელიც დინჯი ნაბიჯებით გაგხდით წარმატებულს.

მინდა, ეს წელი იყოს წარმატების, განვითარების, მშვიდობის, ერთიანობის მომტანი. მე კი მალე უფრო გრანდიოზული მაკეტით დავბრუნდები. მადლობა თქვენს ჟურნალს დაინტერესებისთვის.