,,სარკე”, თეონა კენჭიაშვილი
70 წელზე მეტი ხნის წინ გამოვიდა ფილმი, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო, პირიქით, რაც წლები ემატება, მით უფრო ედება ფასი, მით უფრო ძვირფასი ხდება. ,,ქეთო და კოტე” თაობების კინოკლასიკად იქცა, მისი რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი – კლასიკოსად, მაგრამ ეს გზა არ იყო იოლი და არც თანამედროვეებისგან დაფასებული.
გასული საუკუნის 50-იან წლებში საქართველოს ცკ-ის ბიუროში თეატრების საკითხებს განიხილავდნენ. მარჯანიშვილის თეატრის რამდენიმე მსახიობი ფეხზე ადგა და თქვა, წინსვლა გვინდა, მაგრამ ხელს გვიშლიანო. ჰკითხეს, ვინ გიშლით ხელსო. ვინ და ვახტანგ ტაბლიაშვილი, ზედმეტად ეროვნულიაო, უპასუხეს…
ვახტანგ ტაბლიაშვილმა თავისი ცხოვრების უმთავრესი წლები თეატრს დაუთმო. მხოლოდ სამი ფილმი გადაიღო – ,,ქეთო და კოტე”, ,,დიდოსტატის მარჯვენა” და ,,ლევან ხიდაშელი”.
მისთვის უპირველესი თემა საქართველოს ისტორია იყო. 88 წლის ასაკში, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, აქტიურად წერდა კინოსცენარს თამარ მეფის ცხოვრების შესახებ. ეს სცენარი დღეს თაროზეა შემოდებული.
ვახტანგ ტაბლიაშვილი ერთ-ერთი ბოლო საგაზეთო ინტერვიუში ამბობს:
,,ხელოვნება რას შევადარო, არ ვიცი, რელიგიაა იგი. მე არასოდეს მაინტერესებდა მატერიალური მხარე. ჩემი საუკეთესო ნამუშევრები მშიერმა გავაკეთე, მაგრამ არ მაწუხებდა, იმიტომ, რომ მე ვხედავდი ისეთ სახეებს, მე ხორცს ვასხამდი ჩემს ოცნებას და ისინი ცოცხლდებოდნენ და ეს მე მიხაროდა. როდესაც ყარაჩოღელთა სცენა ეკრანზე ვნახე, ამქვეყნად აღარ ვიყავი სიხარულისაგან.
არ დაგიმალავთ ერთ ეპიზოდს. საჯარო ბიბლიოთეკაში გადავიღეთ ერთი ჩვენი ეპიზოდი – ხანუმას რომ გამოაძევებენ. მშიერი ვიყავი იმ დღეს და ვიყვირე. ცოტა ბავშვურად მომივიდა. იქვე ჩვენი სურათის დირექტორი შალვა ქურდიანი იმყოფებოდა და მას დავუძახე, ან მაჭამეთ, ან კიდევ სურათს აღარ გადავიღებ-მეთქი. ბატონი შალვა წავიდა და საიდანღაც ყარაბაღის გამხმარი ქადები მომიტანა. ქადები ვჭამე და ის ცნობილი სცენა მერე გადავიღე”.
,,ქეთო და კოტეს” შექმნის ამბავს კი რეჟისორი ასე იხსენებს:
,,ქეთო და კოტეზე” მუშაობა აზრადაც არ მომსვლია. მანამდე დიდხანს ვფიქრობდი ნიკოლოზ ბარათაშვილის პიროვნებაზე, მის ტრაგიკულ ბედზე და ფილმის გადაღება მინდოდა. სამამულო ომი ახალი დამთავრებული იყო, ამიტომ ჩათვალეს, რომ მძიმე განცდებზე მეტად ხალხს მხიარული ფილმი ესაჭიროებოდა.
კინოსტუდიის იმდროინდელმა დირექტორმა თავისთან დამიბარა და ,,ქეთო და კოტეს” გადაღება შემომთავაზა. მე ვიუარე, მაგრამ შემდეგ მაგიდის უჯრა გამოსწია და დადგენილება მომაწოდა. იქ იყო იმ ფილმების სია, რომლებიც საბჭოთა კავშირის მასშტაბით უნდა გადაეღოთ იმისთვის, რომ ხალხს ომის ტრაგიკული ამბები შემსუბუქებოდა. სიის მერვე ნომრად ეწერა: “ქეთო და კოტე”, რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი”. დადგენილებას ხელს იოსებ სტალინი აწერდა.
უარის თქმა აღარ მიფიქრია და სცენარს ხელი მოვკიდე. ასე რომ, ფილმი გადავიღე და, მგონი, გამომივიდა. ახლაც კი, როცა დავიღლები, მეუღლეს ვთხოვ, ,,ქეთო და კოტე” მაჩვენე-მეთქი. მისი ნახვა მე თვითონაც მსიამოვნებს.
გადაღებების მომენტში ხელისშემშლელი ფაქტორებიც საკმაოდ იყო. რატომღაც კინორეჟისორები დამიპირისპირდნენ, განსაკუთრებით ყარაჩოღელების ეპიზოდი არ მოსწონდათ. მეუბნებოდნენ, წარმატება არ ექნება ფილმსო.
მუშაობის გაგრძელების საშუალება რომ მომცემოდა, კინოსტუდიის დირექტორის რჩევით, ცკ-ის მაშინდელ მდივან კანდიდ ჩარკვიანთან წავედი. მან ყურადღებით მომისმინა და შემდეგ სცენარი წამაკითხა. კითხვისას ვამჩნევდი, რომ რამდენჯერმე გაეღიმა. ბოლოს მითხრა, ამ სურათს თქვენ გადაიღებთ და თანაც ისე, როგორც თქვენ გინდათო”.
ვახტანგ ტაბლიაშვილის შვილი, გივი ტაბლიაშვილი ,,სარკესთან” ყვება:
– სხვათა შორის, არსებობს აზრი, რომ ,,ქეთო და კოტე” სტალინს არ აჩვენეს. მასზე იტყვიან, რომ სტალინი კინტოების ქვეყნიდან არის და განრისხდებაო. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მან ფილმი ნახა და მოეწონა კიდეც.
ნიკოლოზ ბარათაშვილი წერდა იმ სენის შესახებ, რომლის გამოც ქართველი თავისიანს არ გამოადგება. ზუსტად ესაა ქართველების პრობლემა – ერთმანეთისთვის ცუდის კეთება და გვერდში არდადგომა. მამაც სწორედ ამაზე წუხდა. ამბობდა, კარგი ისტორია გვაქვს, მაგრამ ეს საშინელი თვისება ჩვენი მინუსია, ქართველი ქართველს სულ ხელს უშლისო. ასაკში მყოფი მამაჩემი ამას დიდი სინანულით აღნიშნავდა.
თუნდაც ის, რაც კოტე მარჯანიშვილის შემთხვევაში მოხდა… მთელი ცხოვრება სტანჯავდა იმაზე ფიქრი, თუ რა საშინლად მოექცნენ დიდ რეჟისორს. არ უყვარდა, როცა ქართველების შესახებ რამე ცუდს გაიგებდა, ყურსაც კი არ უგდებდა. გული შესტკიოდა იმ უარყოფით მხარეებზე, რაც ჩვენს ხალხს ან ჩვენს ქვეყანას ეხებოდა. რაც უნდა ცუდი გაეგო ადამიანზე, მაინც კარგს ეძებდა მასში. რომ იტყვიან, ადამიანში ადამიანს ეძებდა.
