გაიცანით მარიამ კიკალეიშვილი ამომავალი ვარსკვლავი, თბილისის კონსერვატორიის სტუდენტი. 17 წელი მოსკოვში ცხოვრების მერე ოჯახი დაბრუნდა სამშობლოში. ამბობს, რომ თბილისი მისი ქალაქია და ძალიან უყვარს. „მართალი გითხრათ, თავიდან არ იყო ადვილი ახალ გარემოსთან შეგუება, ახალი მეგობრები, ახალი გამოწვევები, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ”, – ამბობს მარიამი და თავის ცხოვრებაზე გვიყვება.
_ როგორი იყო თქვენი ბავშობა?
_ მშვიდი, სიხარულით სავსე, უზრუნველი. სულ მქონდა განცდა დაბრუნების. იქ, სადღაც შორს, ჩემი ლამაზი საქართველო მეგულებოდა.
_ პირველად როდის იმღერეთ?
_ ექვსი წლის ვიყავი, თუ სწორად მახსოვს. ბაბუას ,,ვაძინებდი”, ,,იავნანა” ვუმღერე. 7 წლის ასაკში მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს. საბავშო კონკურსებში მალევე მივიღე მონაწილეობა. გამარჯვებები მეტ სტიმულს მაძლევდა.
_ ვიცი, რომ ხატვაც გეხერხებათ.
– კი, ასეა, ბავშობიდან ვხატავ. ეს ჩემი გატაცებაა დღესაც. ამიტომაც პარალელურად ვსწავლობ გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში. ვფიქრობ, ხელს არ უშლის ერთმანეთს ხატვა და სიმღერა, პირიქით, ორივე დადებითი ენერგიით მავსებს.
_ დავუბრუნდეთ მუსიკას, როგორი იყო კონსერვატორიაში პირველი სასტარტო წელი?
-კმაყოფილი ვარ. წარმატებულს დავარქმევდი. პირველ რიგში, საოცარი მეგობრები შევიძინე. პედაგოგები თბილები და პროფესიონალები არიან. არაერთ მიუზიკლში მივიღე მონაწილეობა, გავხდი კოსერვატორიის საოპერო გუნდის წევრი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს პედაგოგს, ბატონ გოჩა ბეჟუაშვილს ვუთხრა მადლობა ჩემი მხარდაჭერისთვის. მან ყველაზე დიდი სტიმული მომცა. მიწვეული ვარ არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა ჩემთვის. მინდა, წარვდგე ღირსეულად.
_ რომელ პარტიას იმღერებდით, რა არის თქვენი ოცნება?
_ ბიზეს ,,კარმენში” კარმენის პარტიის შესრულებაა ჩემი ოცნება. იტალურ ენას ვეუფლები დიდი ხანია, ეს ჩემი კარიერისთვის უმნიშვნელოვანესია. იტალიაში ვაპირებ, გავაგრძელო ჩემი მოღვაწეობა. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, იქ სხვანაირად ჟღერს, იქ სხვანაირად მღერიან.
_როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
-თავისუფალი დრო თუ მაქვს, მეგობრებთან ერთად ვარ. ხშირად ვესწრები ოპერაში გენერალურ რეპეტიციებს, ეს არ მბეზრდება. სხვა ჟანრს არც განვიხილავ. ოპერის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება.
_ ცხოვრების თანამგზავრად როგორ ადამიანს აირჩევდით?
_ ჯერ არ მიფიქრია ამაზე. რა თქმა უნდა, ხელოვნების სფეროდან უნდა იყოს. ეს აუცილებელი პირობაა. ვნახოთ.
_ ვინ არიან თქვენი ცხოვრების მთავარი ადამიანები?
– ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანია ბებია, რომელმაც ძალიან ბევრი კეთილი მაგალითი მომცა ცხოვრებაში. მამა 5 წლის ასაკში გარდამეცვლა. ბებიამ შვილის და შვილიშვილის სიყვარული ჩემში გააერთიანა. ძალიან ბევრი გააკეთა ჩემი ბედნიერებისთვის, ჩემი უზრუნველი ბავშობისთვის და მომავლისთვის. ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანად ასევე ვთვლი გოჩა ბეჟუაშვილს, ჩემს პედაგოგს.
_ დაბოლოს, რას დაამატებდით?
_ მინდა, ყველა იყოს ბედნიერი, უხაროდეთ, სურვილები და ოცნებები აუხდეთ.
