,,სარკე”
სამყაროში მრავალი, ჯერ კიდევ შეუცნობელი მოვლენა არსებობს, რომელთა ახსნას კაცობრიობა დღემდე ცდილობს და ასე იბადება მეცნიერული თეორიები, ჰიპოთეზები თუ ხალხური გადმოცემები და თქმულებები. ასეთ შეუცნობელ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველური ნახატები. ბევრ ცნობილ მხატვარს აქვს შექმნილი ისეთი ტილო, რომელმაც მასზე გამოსახულ ადამიანს ან თავად შემოქმედს უბედურება მოუტანა. ერთ-ერთი ახსნით, ფატალურ შედეგს თავად ტილოში ჩადებული უარყოფითი ენერგეტიკა იწვევს. რაც უფრო ნიჭიერია მხატვარი, თავის ქმნილებაში მით მეტ ენერგეტიკას დებს, რომელიც შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც.
მხატვარმა გია ბუღაძემ ცნობილი მხატვრების იმ ქმნილებებზე მოუთხრო ,,სარკეს”, რომლებიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. ასეთი ნახატები მას თავადაც აქვს შექმნილი.
გია ბუღაძე: ეს უცნაური მოვლენა არა მარტო მხატვრობაში, ხელოვნების ყველა სფეროში ხდება – ლიტერატურაში, მუსიკაში… ადამიანის შემოქმედებითი პროცესი პირდაპირ არის დაკავშირებული ინტუიციასთან და ინტუიტიურ წინასწარჭვრეტასთან. როცა შემოქმედი საკუთარ სულში ღრმავდება, ემოციების დახმარებით ზოგჯერ ახერხებს, რომ მოვლენებს გაუსწროს და სათქმელი წინასწარ თქვას.
არსებობს წინასწარმეტყველური სიზმარი. ზოგჯერ მხატვარს ინტუიტიურად ტილოზე გადააქვს სიზმრისეული ზმანება, ფანტაზია, თავისი სულის გამოძახილი, რომელიც ზოგჯერ მართლაც სასწაულებრივად ცხადდება. სიზმრის ფენომენის სრულყოფილი ახსნა შეუძლებელია. ამიტომ არც ისაა ცნობილი, როგორ ხდება, რომ ტილოზე ასახული მოვლენები რაღაც პერიოდის შემდეგ ცხადდება.
მხატვრობაში არსებობს სიურრეალიზმის მიმდინარეობა, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული სიზმრისეულ ზმანებებთან, ხილვებთან. სიურრეალიზმის მიმდევრებს მეორე სახელად დიად გამჭვირვალეებსაც უწოდებენ. მათ ჰალუცინაციური ხილვებისას გარკვეულ დეტალებს საკუთარი ორეული კარნახობდათ.
– სხვა მიმდინარეობებიდანაც ცნობილია ასეთი შემთხვევები თუ მხოლოდ სიურრეალიზმის მიმდევრებს ჰქონდათ წინასწარმეტყველური ნახატები?
– არა მხოლოდ. პიკასომ ცნობილ ტილოზე “ქალის პორტრეტი” 30 წლის ქალი დახატა, მაგრამ 80 წლისას დაამსგავსა. როცა ქალმა ჰკითხა, ასეთი რატომ დამხატეო, პიკასომ უთხრა, 50 წლის შემდეგ ზუსტად ასეთი იქნებიო. მართლაც, როცა ის 80 წლის შესრულდა, ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორიც პიკასომ დახატა.
ვან გოგს წინასწარმეტყველური ნახატი ბევრი ჰქონდა. ერთ-ერთი იყო მისი მკურნალი ექიმის, დოქტორ კაშის, პორტრეტი. როცა მხატვარმა ის ტილოზე გადაიტანა, ახალგაზრდა კაცი იყო, მაგრამ სიკვდილის წინა დღეებში სწორედ ისე გამოიყურებოდა, როგორიც ვან გოგმა მანამდე წარმოიდგინა.
მიქელანჯელომ საკუთარი თავი გატყავებული, ბარნაბას სახით დახატა. მას ისეთივე გამომეტყველება აქვს, როგორიც სიცოცხლის ბოლო დღეებში ჰქონდა. სიმბოლისტი მხატვრის, კუბინის, ნახატებში პირველი მსოფლიო ომის პირდაპირი წინასწარმეტყველებაა. სალვადორ დალის კი სამოქალაქო ომის წინასწარმეტყველი ტილო აქვს შექმნილი. ერთ-ერთ ტილოზე ასახულია ის დრო, როცა მოგვიანებით თავად მხატვარი გარდაიცვალა – საღამო ხანი.
მხატვარ არნოლდ ბიოკლინს იმ დროს აქვს დახატული შავი ჭირის ეპიდემია, როცა ის გავრცელებული არ იყო. სურათზე საშინელი დრაკონი მოფრინავს და აპარტახებს ყველაფერს. ნახატის შექმნიდან ცოტა ხანში ეპიდემია ,,ესპანკა” გავრცელდა და უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. ბიოკლინი ხშირად ხატავდა ბაღში მოთამაშე ბავშვებს. ამ მხატვარს ძალიან ცუდი ბედი არგუნა ღმერთმა. ნახატის შექმნის შემდეგ 6 შვილი შეეძინა და 5 – პატარა ასაკში გარდაეცვალა. გამოდის, რომ გაუცნობიერებლად მომავალი შვილების სამკვიდრებელს ხატავდა.
ავსტრიელი მხატვარი, ეგონ შილე და მისი მეუღლე ესპანურ გრიპს შეეწირნენ. შილე ამ დროს 28 წლის იყო. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თავისი ოჯახი დახატა – ცოლი და მის მუცელში ჩვილი. იმ დროს მას ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა და მისი ფეხმძიმობის ამბავი არ იცოდა. როცა გარდაცვლილები შეამოწმეს, მისი ცოლი ფეხმძიმედ აღმოჩნდა.
გარდაცვალების წინ ცოლისდა დაიბარა და სთხოვა, მისი ყველა ნახატი შეეგროვებინა და 10 წელი არავისთვის ეჩვენებინა. ამის შემდეგ კონკრეტულ კოლექციონერთან მისულიყო, რომელიც ყველაფერს შეიძენდა და მიხედავდა. ცოლისდამ ზუსტად შეასრულა სიძის დანაბარები. სწორედ ამ კოლექციონერის დამსახურებაა, რომ ამჟამად შილეს ნახატები არა მარტო ავსტრიის, მსოფლიოს სიამაყეა.
– ასეთი წინასწარმეტყველური ნახატები ქართველ მხატვრებსაც აქვთ?
– წინასწარმეტყველური ქმნილებები აქვს შალვა ქიქოძეს. ერთ-ერთ ტილოზე, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დახატა, იგი სიკვდილს ბანქოს ეთამაშება და სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლის. ცნობილია, რომ ბატონი შალვა პარიზში, მარტოობაში დაიღუპა.
მხატვარი ნუკრი ხუციშვილი მშვენიერ პეიზაჟებს ხატავდა. ბოლო ნამუშევარში მას დახატული აქვს ხის ტოტები, საიდანაც ელვა ანათებს. ექვსი თვის შემდეგ მას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
წინასწარმეტყველური ნახატები ძირითადად სიმბოლისტ ან რომანტიკოს მხატვრებს აქვთ. ისინი ფორმალური პრინციპებით არ მუშაობდნენ, ძირითადად შინაგან განწყობასა და განცდებს ასახავდნენ, რომლებშიც წინასწარმეტყველებებიც დევს.
– თქვენ თუ დაგიხატავთ შინაგანი განწყობით ისეთი რამ, რაც შემდეგ მომხდარა?
– წინასწარმეტყველური ნახატები, რომლებიც პოლიტიკას და საქართველოში მიმდინარე გრანდიოზულ მოვლენებს შეეხება, მეც მაქვს. თვენახევრით ადრე, სანამ ვარდების რევოლუცია მოხდებოდა, ბანკის კედელზე მოვხატე ფრესკა “ოცნების საქართველო”, რომელზეც რევოლუციის ზუსტად ის ეპიზოდებია გადმოცემული, რომლებიც შემდგომ აცხადდა. ფრესკაზე გამოსახულია ხალხით სავსე რუსთაველი და მცხეთის ცენტრალურ სამანქანო გზაზე შუქებანთებული მანქანების კოლონა, რომელიც თბილისისაკენ მოემართება. შემდეგ, როცა ასეთი რამ სინამდვილეში მოხდა, თავადაც გავოცდი.
ჩემი ქალიშვილი 1984 წელს დავხატე. იგი 1988 წელს დაიბადა. ნახატზე გამოსახულსა და ნინის შორის საოცარი მსგავსებაა. წინასწარ იმის თქმა, რომელი ნახატი იქნება წინასწარმეტყველური, ძნელი სათქმელია, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ასეთი ნახატები უბრალოდ არ იქმნება. მხატვარს მისი დახატვის იდეა კარგა ხანს უტრიალებს თავში და მისი შექმნის დაუოკებელი სურვილი უჩნდება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სხვა რამის დახატვა სურდეს და სრულიად სხვა გამოუვიდეს, ის, რაც შემდეგ მართლაც აცხადდება. ხელოვნებას ყველაზე მეტად აქვს კავშირი ამოუცნობ მოვლენებთან.
– წინასწარმეტყველური ნაწარმოებები მუსიკაშიცაა შექმნილი.
– მალერმა გენიალური ქმნილება ,,სიმღერა გარდაცვლილ ბავშვებზე” როცა შექმნა, ორივე ქალიშვილი ცოცხალი ჰყავდა. მისი ცოლი ავსტრიის ერთ-ერთი მაღალი წრის მშვენიერი ქალბატონი იყო. ბედნიერად ცხოვრობდნენ. სიმღერის დაწერიდან ცოტა ხანში ქალიშვილი გარდაეცვალათ.
მოცარტი როცა “რექვიემს” წერდა, ამბობდა, ეს ჩემი საკუთარი რექვიემიაო. სინამდვილეში ასეც მოხდა. მან ნაწარმოების დასრულება ვერ შეძლო, ისე გარდაიცვალა.
წინასწარმეტყველურ ნიჭს, როგორც უკვე გითხარით, ძირითადად მგრძნობიარე ადამიანები ავლენენ. თუ ის ხელოვანია, ამას თავისი ნამუშევრებით გადმოსცემს. სხვა პროფესიის ადამიანმა კი შეიძლება სხვაგვარად გამოხატოს ან წინასწარმეტყველური სიზმარი იხილოს. ფაქტია, რომ ადამიანს წინასწარმეტყველების უნარი ნამდვილად აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს ჯადოქრობას ან მისნობას.
– ისეთი შემთხვევებიცაა ცნობილი, როცა მხატვარმა ვინც დახატა, ყველა მოულოდნელად გარდაიცვალა. ამიტომ ერიდებოდნენ მისთვის პორტრეტის შეკვეთას.
– ასეთი რამ რეპინის შემოქმედებიდანაა ცნობილი. ვისაც დახატავდა, ყველა ერთ თვეში იღუპებოდა. რენუარის ნატურა, ანა, რომელიც საკმაოდ ჯანმრთელი გოგონა იყო, დახატვიდან ძალიან მალე გარდაიცვალა. ამ მოვლენებს ზოგი მისტიციზმს უკავშირებს. თითქოს ადამიანი დედამიწაზე როცა მთავარ მისიას შეასრულებს, იგი ამქვეყნიდან მიდის. ამ თეორიით, რეპინისა და რენუარის ნახატების გმირების მისია მხატვრის მიერ ტილოზე მათი გადატანა იყო.
– ამ ფაქტებთან დაკავშირებით არის მოსაზრება, თითქოს ხელოვანი თავის ნამუშევარში ძლიერ ენერგეტიკას დებს. ენერგეტიკა, თავის მხრივ, დადებითი ან უარყოფითია და სწორედ ის იწვევს შემდგომში დადებით ან უარყოფით მოვლენებს.
– შეიძლება ეს მოსაზრება სწორი იყოს, მაგრამ მისტიკურ საკითხებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

