პოეტი თორნიკე ნაროზაული ხევსურეთში სიკვდილს გადაურჩა. ამ შემთხვევაზე თავად ყვება:,,გასულ ზაფხულს, ხევსურეთში ყოფნისას, სოკომ მომწამლა. შუაღამით გულის რევის შეგრძნებამ გამაღვიძა, ძლივს მოვასწარი კარვის კარის გახსნა („კარვის კალთა ჩახლართული, ჩავჭერ ჩავაკარაბაკე…“)…
ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ვინც ყოფილა, ეცოდინება, რომ მზის ჩასვლის შემდეგ ზაფხულს ზამთარი ცვლის. შეციების გამო რამდენჯერმე ადრეც გავმხდარვარ ცუდად და პირველ რიგში ეს გავიფიქრე, ალბათ, სიცივის ბრალია მეთქი. საათს დავხედე, დაახლოებით ღამის სამი საათი იყო. ავდექი, წყლისკენ წავედი, მოსაწესრიგებლად. გზაში ისევ ამერია გული. საათი იმიტომ დამამახსოვრდა, მეორედ რომ დავხედე მობილურს, უკვე დილის ექვსი ხდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, თითქმის განუწყვეტლად ვაღებინებდი.
ძალიან დავსუსტდი, თვალებს ძლივს ვახელდი, ყელი ისე შემიშუპდა, ნერწყვსაც ვეღარ ვყლაპავდი, წყლის დალევაზე ფიქრიც ზედმეტი იყო… ვეღარც კარავში ვბრუნდებოდი, იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ცხოვრებაში პირველად დავრეკე სასწრაფოში, თან საიდან… უახლოეს საავადმყოფომდე მანძილი, დაახლოებით, 70 კილომეტრი იყო.
სანამ სასწრაფოში დარეკვას საბოლოოდ გადავწყვეტდი, რამდენჯერმე გადავიფიქრე, იქნებ ტყუილად ვაწუხებ იმ ხალხს და როგორმე ჩემით გამოვკეთდე-მეთქი. ვფიქრობდი, იმხელა გზაზე, როგორია, არაფრის გამო ამოიყვანო ადამიანები, რომელთა დახმარებაც იმ დროს, შესაძლოა, სხვას უფრო სჭირდება.
მხოლოდ მაშინ დავრეკე, სკამიდან წამოდგომის ძალაც რომ აღარ მქონდა… ძლივს ამოვილუღლუღე ორი სიტყვა და გავაგებინე, სად ვიყავი…
სანამ სასწრაფო მოვიდოდა, რაღაცნაირად გული დამწყდა ჩემს ცხოვრებაზე, ზოგადად ყველანაირ პანიკურ სიტუაციაშიც სიმშვიდეს ვინარჩუნებ, მაგრამ მაშინ გავიფიქრე, იქნებ ჩემი ბოლო წუთებია-მეთქი.
გული დამწყდა, ჩემს მშობლებსა და საყვარელ ადამიანებს რომ ვერ ვემშვიდობებოდი, ვერ ვეხუტებოდი, ვერ ვასწორებდი დაშვებულ შეცდომებს… ვერ გამოვხატავდი იმ სიყვარულს, რომელსაც სინმადვილეში ვგრძნობდი მათდამი.
ჩემს თავზეც მწყდებოდა გული, ცხოვრების ერთადერთ გზად პოეზია რომ ავირჩიე და ამ გზასაც ვერ ვუერთგულე (იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ჩემი პირველი კრებული გამოცემული), ვერ გავამრავლე ჩემთვის მოცემული ტალანტები თუ ტალანტი. ვერ გავუმართლე ღმერთს იმედები.
სადღაც ღრმად ყრუ სიხარულსაც ვგრძნობდი, იქითაც ხომ ბევრი ჩემიანი მელოდებოდა, ნათესავები, ძმაკაცები და ა.შ. მაგრამ ძრითადად – გულდაწყვეტა იყო.
რაც მართალია, მართალია, შიშით არ შემშინებია, თუმცა მასზე ბევრად საშინელს – დაგვიანებულ სინანულს ვგრძნობდი. ვერმოსწრებულ სინანულს.
გაგიკვირდებათ და, გადავრჩი, მომისწრო სასწრაფომ.
მახსოვს, იმ მომენტში ის გავიფიქრე, რა კარგია, მობილური რომ არსებობს, რა კარგია, დარეკვა რომ მოვახერხე, რა კარგია, გზა რომ მოდიოდა ჩემამდე და რა მძიმეა იმათი ყოფა, ვის სოფლამდე თუ სახლამდეც გზა არ მიდის-მეთქი.
საბოლოოდ, დუშეთის საავადმყოფოს შესასვლელში მოვედი გონს. ძალიან კარგი და კეთილი ადამიანების გარემოცვაში…
რატომ მოვყევი ეს ამბავი? საკუთარ თავს რომ გავახსენო მომავლის წარსულში.
იმ დღეებში სულ კრისტოფერ მაკკენდლისზე ვფიქრობდი, იგივე ალექსანდრე სუპერმაწანწალაზე, (ამერიკელ ბიჭზე, რომლის ცხოვრებაზეც დაიწერა წიგნი „ველურ გარემოში“ და შონ პენმა ამავე სახელწოდების ოსკაროსანი ფილმიც გადაიღო.) კრისტოფერი ალიასკაზე ყოფნისას კენკრამ მოწამლა და იქვე გარდაიცვალა. მისი ბოლო სიტყვები, რომელიც უბის წიგნაკში ჩაწერა, ეს იყო – „ბედნიერება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა მისი გაზიარება სხვებთან შეგიძლია.“
მეც სულ ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში და ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მასავით ტრაგიკული აღსასრული მქონოდა. სწორედ, მას შემდეგ აღვადგინე ჩემი პოეზიის გვერდი, რომელიც წლების მანძილზე უმოქმედოდ იყო.
მას შემდეგ დავსრულე პირველ კრებულზე მუშაობა და გამოვეცი.
მას შემდეგ ვცდილობ, უფრო ახლოს ვიყო ჩემს ადამიანებთან და მაქსიმალურად გამოვხატო მათდამი სიყვარული.
მას შემდეგ ვცდილობ, უფრო ახლოს ვიყო ღმერთთან და გამოვასწორო ჩემი შეცდომები.
მას შემდეგ ვცდილობ, ვიქცე უკეთეს ადამიანად და განვავითარო საკუთარი თავი.
მას შემდეგ ვცდილობ, დრო უქმად აღარ დავხარჯო.
მას შემდეგ ვცდილობ, უპასუხოდ არ დავტოვო არც ერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი დახმარება სჭირდება, რომელიც გვერდში მიდგას, რომელიც თუნდაც აქ მწერს – პირად შეტყობინებებსა თუ კომენტარებში.
მას შემდეგ აღარ მინდა, ვინმეს მიმართ ოდნავ წყენას მაინც ვგრძნობდე.
მხოლოდ სიყვარულისთვის მინდა, ვიცოცხლო და მხოლოდ სიყვარულით ვიცოცხლო.
სიკვდილი კი ადრე თუ გვიან ისედაც მოვა და ჩვენც კაცურად დავხვდებით”.
