ნუცა ბუზალაძე: ,,ეგოისტურად მოვიქეცი, დედას მეორედ გათხოვების უფლება რომ არ მივეცი”

ნუცა ბუზალაძე: ,,ეგოისტურად მოვიქეცი, დედას მეორედ გათხოვების უფლება რომ არ მივეცი”,,სარკე”, ია ქუთათელაძე

,,ყველაფერს შენთვის ვაკეთებ” – ასე მიმართა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ დედას კონკურს ,,ამერიკის ვარსკვლავიდან”. ნუცა ნინო კანკავასთვის ერთადერთი შვილი და განუზომელი ბედნიერებაა. მეუღლესთან გაშორების შემდეგ პირადი ცხოვრების აწყობაზე არასდროს უფიქრია. მთელი ძალა, სიყვარული, ენერგია მის აღზრდას მოანდომა. ნუცა ბუზალაძე და ნინო კანკავა ,,სარკეს” ესაუბრნენ.

ნინო: ნუცა საკეისრო კვეთით გავაჩინე და ექიმმა მითხრა, კი არ ამოვიყვანეთ, თვითონ ამოხტაო. მუსიკალურ ნიჭს აღმოჩენა არ სჭირდებოდა, პირდაპირ ზედაპირზე იყო. სადაც კი გაიგებდა მუსიკის ხმას, იქითკენ გარბოდა. თავისთავად გამოიკვეთა, რომ ნუცას სიმღერა და მუსიკა უნდა ესწავლა.

-ძალიან ახალგაზრდა იყავით, როცა მეუღლეს გაშორდით. მხოლოდ ნუცა იყო მიზეზი, რომ მეორედ არ შექმენით ოჯახი?

ნინო: სიყვარულით გავთხოვდი. ნუცას მამა შესანიშნავი გარეგნობის იყო, სიმპათიური, კარგად მღეროდა. იმდენად მომხიბვლელი მამაკაცი იყო, რომ მუდმივად ქალების ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ჩვენ სხვა უთანხმოება არ გვქონია, უბრალოდ ჩემთვის აუტანელი გახდა მასზე შეყვარებული ქალების იერიში. ნუცა 4 წლის იყო, როცა დავცილდით. შვილი მამაჩემმა გამაზრდევინა დიდი სითბოთი, ყურადღებით და მზრუნველობით.

ნუცა ყოველთვის განიცდიდა, რომ შეიძლებოდა ვინმე შემყვარებოდა. ერთხელ ისიც კი მითხრა, დედიკო, თუ შენ გათხოვდები, მე შენთან აღარ დავწვებიო. მართალი რომ გითხრათ, არასდროს მქონია ოჯახის მეორედ შექმნის სურვილი. ვფიქრობდი, რომ ყველა მამაკაცი ქალების მოყვარული იყო. ნუცა იყო ჩემი ბედნიერება და სხვა არაფერი მჭირდებოდა.

არ ვნანობ, რომ ასე ვიცხოვრე. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვკითხულობდი ლექციებს, დისერტაციას ვწერდი, ყველაფერი მივატოვე და მთლიანად ნუცას აღზრდაზე გადავერთე. ნუცა არის უფლის საჩუქარი! ჩემი შრომა ასმაგად და ათასმაგად დამიბრუნდა.

ნუცა: მინდოდა, დედა მხოლოდ ჩემი ყოფილიყო. კატეგორიულად ვთხოვდი, არასდროს ეფიქრა მსგავსი რამ. ახლა ვიცი, ეგოისტურად მოვიქეცი, შეიძლებოდა დედა ამ მხრივაც ბედნიერი ყოფილიყო. დედა არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვერასდროს ვეტყვი ტყუილს, საერთოდაც არ მჩვევია ტყუილები.

სულ მინდოდა, დედა გამენებივრებინა, მისი ამაგი გადამეხადა. ახლა მაქვს საშუალება, რომ ვასიამოვნო, შევუქმნა ისეთი პირობები, როგორსაც იმსახურებს.

დღეს ნუცა ბუზალაძისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მას კონკურსში მხარდაჭერა სჭირდება. ამერიკაში მცხოვრები გიორგი ნიკოლაიშვილი დეტალურად უხსნის აშშ-ში მცხოვრებ ემიგრანტებს, როგორ შეძლებენ ხმის მიცემას.

„ჯგუფი „ჩვენ ამერიკაში“ იწყებს ნუცა ბუზალაძის აქტიურ გულშემატკივრობას და ძალიან მარტივი ენით გაგაცნობთ ინსტრუქციას, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა…

ნუცას გამოსვლა არის ორშაბათს, 17 აპრილს ნიუ იორკის დროით საღამოს 8 საათზე (კალიფორნიის დროით საღამოს 5-ზე) და მაგ წუთიდან იწყება ხმის მიცემაც. რას ვაკეთებთ პირველს: ჩვენ ტელეფონებში, მაღვიძარებს ვაყენებთ ორშაბათს 8pm-ზე, რათა ხმის მიცემის დაწყება შეგვახსენოს. ხმის მიცემა გაგრძელდება 18 აპრილის, დილის 6 საათამდე (ნიუ იორკის დროით)

10 ხმას ვაძლევთ საიტიდან – americanidol.com/vote

10 ხმას ვაძლევთ აპლიკაციიდან, რომელიც თქვენ ტელეფონებში უნდა გადმოწეროთ მანამდე American Idol ჰქვია აპლიკაციას და მარტივად დარეგისტრირდებით. შეიყვანეთ სახელი, გვარი, იმეილი და შექმენით აპლიკაციის პაროლი, ამის შემდეგ ქვემოთ გამოჩნდება სიტყვა Vote და ხმის მიცემის დაწყებიდან შევძლებთ ამ ფუნქციით სარგებლობას. აპლიკაციაში შექმნილ ექაუნთს ასევე გამოიყენებთ ზემოთ მითითებულ საიტზეც ხმის მისაცემად. ორჯერ რეგისტრაცია არ გჭირდებათ.

10 ხმას ვაძლევთ ამერიკული სატელეფონო ნომრებიდან, რომელიც ყველას გვაქვს – ნუცას საკონკურსო ნომერს (რომელიც ორშაბათს მიენიჭება და პოსტში შემდეგ ჩავამატებ) ვაგზავნით მესიჯით ნომერზე 21523 მესიჯში დავწერთ ნუცას ნომერს და გავაგზავნით მესიჯს ნომერზე 21523 – უმარტივესია.

ერთ ადამიანს შეუძლია ჯამურად 30 ხმის მიცემა ნუცასთვის. კომენტარებში იკითხეთ, ვინც რეგისტრაციას ვერ გაივლით, ან აპლიკაციის გადმოწერას ვერ შეძლებთ და მაშინვე დაგეხმარებით და რაც მთავარია: ამ პოსტს ვაზიარებთ ყველა იმის მიუხედავად ხართ ამერიკაში თუ არა. აბა, ჩვენ ვიცით ქართველებო,“ – წერს გიორგი ნიკოლაიშვილი.