ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მისი შვილის ფოტოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას აპროტესტებს. საუბარია ფოტოზე, რომელიც უცნობს სარეკლამო ბანერად აქვს გამოყენებული,,ჩემი მეუღლის სტატუსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საჯაროდ ნაკლებად დავაფიქსირო ჩემი სუბიექტური მოსაზრებები სხვადასხვა თემებზე და მხოლოდ იმ საკითხებზე გამოვთქვა აზრი, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის საერთო, სასიკეთო მიზნებს, ღირებულებებს, აუცილებელ პრინციპებს ეხება. ვცდილობ, ჩემი პოზიციებით ისეთი შეხედულებები გამოვხატო, რომლებიც არ დატოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას და არ დაემთხვევა რომელიმე საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს.
მიმაჩნია, რომ მით უმეტეს, არაა მიზანშეწონილი, ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები, თუნდაც ირიბად, მათგან დამოუკიდებლად ჩართოს რაიმე პოლიტიკურ დღის წესრიგში. არ ვფიქრობ სწორი იყოს კონკრეტულად ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში.
დღეს მათ არ აქვთ და ვერ ექნებათ ყველა ფაქტსა და მოსაზრებაზე საკუთარი შეხედულება, ამიტომ ჩემი მოვალეობაა სხვათა მოსაზრებებისგან მათი დისტანცირება მანამ, სანამ თავად არ ექნებათ სრულყოფილი საშუალება, გადაწყვიტონ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია სხვადასხვა თემებზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ბავშვების უფლებები და ჩემი დამოკიდებულება. იმედი მაქვს, ეს საჯარო თხოვნა მიაღწევს ადრესატამდე, კონკრეტული ფაქტებისა და ადამიანების დასახელების, ზედმეტი განხილვების გარეშე” – წერს მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში.
