,,სარკე”, ირინე მჭედლიძე
,,ვითამაშებთ, კიდევ ბევრ სპექტაკლში ვიჯამბაზებთ და ვიჯამბაზებთ, სანამ შეგვეძლება!” – ამ სიტყვებს სპექტაკლ ,,მოხუც ჯამბაზებში” მსახიობ ჯემალ ღაღანიძის გმირი ამბობდა. ბატონმა ჯემალმა ითამაშა, სანამ შეეძლო. მთელი გული და სული ჩადო თითოეულ როლში და 3 თებერვალს 89 წლის ასაკში დაგვემშვიდობა. 21 აპრილს ის 90 წლის უნდა გამხდარიყო…
თქვენით ვცხოვრობ, მე მაყურებლის აპლოდისმენტები და ყურადღება სიცოცხლეს მმატებსო, ეუბნებოდა ,,სარკეს” ბატონი ჯემალი და ყოველთვის გვიღებდა სახლის კარს, გვიხსნიდა მოგონებების სკივრს, რომელშიც ყოველ ამბავს, ყოველ სიტყვას ოქროს ფასი ჰქონდა და ახლა კიდევ უფრო ძვირფასი გახდა.
– ბევრი რთული როლი მაქვს შექმნილი, – უამბობდა ,,სარკეს” ბატონი ჯემალი, – ისეთ როლებსაც გავქაჩავდი და ისეთ სიმძიმეებსაც ავწევდი, რომლებსაც ოთარ მეღვინეთუხუცესი, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე სწევდნენ, მაგრამ დიდხანს ვერ დავიჭერდი, ამას ვგრძნობდი. ამიტომაც გითხარით, კაცმა საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდეს-მეთქი. ყოველთვის იმ სიმძიმეს ვეჭიდებოდი, რომელსაც მოვერეოდი. “კავკასიური ცარცის წრე” 650-ჯერ ვითამაშე, არც ერთი სპექტაკლი არ გამიცდენია, ამიტომ არავის მოსვლია აზრად, რომ შევეცვალე.
– განვლილ წლებს რომ გადახედავთ, გული არაფერზე გწყდებათ?
-თქვენს ჟურნალს ბევრი ახალგაზრდა წაიკითხავს, ,,სარკის” მეც ერთგული მკითხველი ვარ, ამიტომ მინდა, ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ თავიანთი საქმე უყვარდეთ და ერთგულები იყვნენ. როცა თამადა ვარ, ხშირად ვსვამ ერთგულების სადღეგრძელოს. თუ ერთმანეთს არ ვუღალატებთ, მტერი ვერ დაგვამარცხებს და ქვეყანა გამთლიანდება…
-მეუღლეზე, ელენე გერმესაშვილზე გვიამბეთ.
-33 წლის ვიყავი, ოჯახი რომ შევქმენი. სწორედ ამ ასაკში მივხვდი, რომ ცოლი უნდა შემერთო. ლენა, ფეხბურთი და თეატრი იყო ჩემი ცხოვრების მთავარი არსი. დღესაც მოვწონვარ, დღესაც ვუყვარვარ, დღესაც მივლის და მპატრონობს ჩემი ლენა. ისე მოვედით აქამდე, რომ მე დღესაც მისი ერთგული ვარ, ცოლისთვის არასდროს მიღალატია…
– დღეს, როცა წარსულს აფასებთ, რაზე გწყდებათ გული, რას შეცვლიდით განვლილ გზაზე?
– ჩემს ცხოვრებაში იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. ამ ორი ,,ძმის” გარეშე თეატრალური ცხოვრება არც არსებობს. მე ძალიან გამიმართლა, რადგან ბევრი როლი მხვდა წილად. თეატრს ჩემთვის გული არ უტკენია. პირად ცხოვრებაში კი ძალიან ვნანობ იმას, რომ ერთ შვილზე გავჩერდით.
